,,ცხოვრებას მივათრევ, მენატრები…” – ირმა ჭკუასელის ცრემლიანი 26-ე დაბადების დღე

,,ცხოვრებას მივათრევ, მენატრები..." - ირმა ჭკუასელის ცრემლიანი 26-ე დაბადების დღე10 აგვისტოს ,,სარკის” ჟურნალისტს, ირმა ჭკუასელს, 26 წელი შეუსრულდებოდა. ის 29 მაისს გარდაიცვალა.

,,დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ირმაკო. 26 წელი _ პირველი დაბადების დღეა ერთმანეთის გარეშე. ვერავინ გაიგებს, რაც შენი დედის გულში ხდება. ცხოვრებას მივათრევ, მენატრები. მენატრება შენი ხმა, კისკისი, მოკითხვა, დარეკვა. შენ, ჩემო ირმაკუნა, ყველას გვაკლიხარ. უფალმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. შენთან შეხვედრის იმედით ვცხოვრობ”, – წერს ირმას დედა, ნათია ჩხარტიშვილი.

,,2 თვე და 12 დღეა, რაც ჩვენთან აღარ ხარ. როგორ მენატრები, ბეე… ჩემი ყოველი დილა შენით იწყება და მთავრდება. სიკვდილი ვერაფერს დააკლებს იმ სახელს და სიყვარულს, რაც დატოვე. ერთეულთა ხვედრია ის ზღვა ცრემლი, რაც გაიყოლე მარადიულ სასუფეველში.
ულევად გასცემდი სითბოს და სიყვარულს. დიდი პატივით და ალალი ზღვა ცრემლებით გაგაცილეთ მარადისობისკენ მიმავალ გზაზე.
დრო ქარივით დაუნდობლად მიჰქრის… და ყოველი წამი გვახსენებს ტკივილს,  რომ შენ აღარ ხარ.
თურმე რა ძნელია გაძლება, როცა სიცოცხლე ასე ღრმაა და ასე ამოუვსები.
ვერც ჩვენმა ცრემლებმა, მწუხარებით თეთრად ნათევმა ღამეებმა, ვერც ვედრებამ უფლის წინაშე, ვერაფერმა შეცვალა ტრაგედია. უფლის გზას დაადექი, ჩემო გამორჩეულო დასანატრელო ირმაკო. ასეთია ულმობელი სინამდვილე.
არ მინდა, თვალი გავუსწორო ამ შემაძრწუნებელ ფაქტს, მაგრამ ვერაფერს ვცვლი. როგორ ჰყვარებიხარ უამრავ ადამიანს, რომლებმაც გულით დაგიტირეს. რა ხანმოკლე ყოფილა შენთვის წუთისოფელი…

დრო გადის, ტკივილი უფრო ღრმავდება, მონატრება ძლიერდება. ჩვენო საფიცარო ირმაკო, გვაპატიე, რომ უშენოდ ვაგრძელებთ არსებობას.
შენ ხომ ყველას დააკლდი _ შენს ოჯახს, ბებიას, ბაბუას, ახლობლებს მეგობრებს, თანამშრომლებს. შენი სახით დაკარგეს ნიჭიერი ჟურნალისტი. ვყიდულობ ჟურნალ ,,სარკის” ახალ ნომრებს, ვეძებ შენს დაწერილ ახალ სტატიებს, მაგრამ ამაოდ….
ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ბებო, უშენოდ ყველაფერი ფერმკრთალია. დარდმა გაგვტეხა ოჯახის ყველა წევრი. ირმაკო, მძიმე და მწარე ცხოვრება გვარგუნა ბედმა. უშენოდ დავრჩი… გელოდები…  შენ კი არ ჩანხარ. ღრმა იყო შენი ფიქრები, რომლებიც ხანმოკლე აღმოჩმდა. შენ იყავი ჩემი დიდი იმედი, შენ კი უნუგეშოდ დამტოვე. უშენობა ჩემთვის აუტანელია. გაუსაძლისი დარდი და მწუხარება ტრიალებს ჩემს გულში.. ცრემლები დაშრა.
მხოლოდ ჩემი კვნესა და გოდება ისმის ეზოში. უსაშველოდ მენატრები, ჩემო სანატრელო, საფიცარო, შვილივით გაზრდილო შვილიშვილო. მხოლოდ შენ შეგიძლია შველა, შენთან ყოფნა მინდა. ჩემი ხსნა მხოლოდ ესააა.
ჩვენ ცრემლიანი თვალებით დავყურებთ შენს სურათებს, შენ კი გაღიმებული გვიყურებ… ერთადერთი, რაც დაგვრჩა, შენზე ლოცვა და სანთლების დანთებაა. განისვენე იქ, სადაც მრავალი განისვენებენ, ჩემო ღიმილიანო, სხივნათელო ირმა.. ირუ… ირმაკო… ჩემო ქეთევან ( ეს ხომ შენი ნათლობის სახელია, რომელიც ძალიან გიყვარდა და ელოდებოდი მოლოცვას 26 სექტემბერს – ქეთევანობას).
ამისთვის მიცხოვრია 65 წელი, მიბრძოლია 25 წელი… იძინე მშვიდად. შეხვედრამდე”, – წერს ირმას ბებია, რუსუდან ფირცხალაიშვილი.