ნოდიკო ტატიშვილი: ,,შევწუხდი კითხვით: ,,როდის მოიყვან ცოლს?”

ნოდიკო ტატიშვილი: ,,შევწუხდი კითხვით: ,,როდის მოიყვან ცოლს?",,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა მშობლებისგან ოჯახის საქმეები გადაიბარა. მათზე ახლა განსაკუთრებულად  ზრუნავს, რომ გარეთ იშვიათად გავიდნენ (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში). ქვეყანაში შემოღებული კომენდანტის საათისა და საყო-ველთაო კარანტინის გამო სამთვიანი საკონცერტო გრაფიკი ჩაეშალა, მაგრამ ცდილობს, ამაზე არ იფიქროს და ყურადღება სხვა არანაკლებ საჭირო და საინტერესო საქმეებზე გადაიტანოს, რომლებისთვისაც აქამდე დრო არ რჩებოდა.

მომღერალი თვითიზოლაციაში დედ-მამის დიდ ურთიერთსიყვარულს უყურებს და ოცნებობს, თავადაც ასეთი ოჯახი შექმნას.

– ნოდიკო, დატვირთული, სისხლსავსე ცხოვრებიდან უმოძრაობის ხანაში აღმოვჩნდით. როგორ ეგუებით ასეთ ყოფას?

– ვეგუები, რადგან სახლში დარჩენა აუცილებელია. ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მეტი ფასეულობა არ არსებობს. ვალდებულები ვართ, გავურთხილდეთ ოჯახის წევრებს, მშობლებს, დედმამიშვილებს, მეგობრებს და მთლიანად ქვეყანას.

ცოტა უნდა გავიჭირვოთ იმისთვის, რომ მალე შევძლოთ, კვლავ გადავეხვიოთ და ჩავეხუტოთ ერთმანეთს და ბედნიერები ვიყოთ. ადამიანი ხომ ბედნიერებისთვის იბადება.

– თითქოს ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. თქვენ როგორ ებრძვით ერთფეროვნებას?

– როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო, თუ შეიძლება ამას მარგებელი ვუწოდოთ. ვგულისხმობ, რომ სკოლის პერიოდის შემდეგ ისეთი გადატვირთული რეჟიმით ვცხოვრობდი, წიგნებისთვის დრო აღარ მრჩებოდა. მხოლოდ გასტროლების დროს მიმქონდა თან, რომ თვითმფრინავში წამეკითხა, თუმცა ეს არც ისე კარგი ადგილია იმისთვის, რომ ნაწარმოებისგან სიამოვნება მიიღო. წიგნს განმარტოება და მყუდრო გარემო სჭირდება.

ახლა საუკეთესო დროა კითხვისთვის. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ბევრი საინტერესო წიგნი არ მქონდა წაკითხული. თვითიზოლაციაში ამ დანაკლისს ვივსებ.

ახლახან დავამთავრე პაოლო კოელიოს ,,ალქიმიკოსი”, სიამოვნებით ვკითხულობ დათო ტურაშვილის ,,ამერიკულ ზღაპრებს” – ეს მწერალი ძალიან მიყვარს. ისიც ვიცი, რა იქნება შემდეგი წიგნი – გაბრიელ გარსია მარკესის ,,მარტოობის ასი წელი”.

გარდა ამისა ვუყურებ ძველ, მაგრამ კლასიკად ქცეულ ფილმებს, რომლებიც წლებია აღარ მინახავს. საკუთარი ოთახის დასალაგებლადაც კი მოვიცალე.

– მშობლები ალბათ 60 წელს არიან მიახლოებული. პანდემიის დროს მათზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღეთ?

– მამა 60 წლისაა, დედას 58 წელი შეუსრულდა. რისკჯგუფთან ახლოს არიან და არ მინდა, გარეთ ხშირად გავიდნენ. ამის გამო პროდუქტებით ოჯახის მომარაგება საკუთარ თავზე ავიღე. სხვა მხრივ, ჩემი მშობლები თავსაც კარგად უვლიან და შვილებსაც.

დედა და მამა 40 წელია შეუღლებული არიან და ხშირად, როცა ვუყურებ, მგონია, ერთმანეთი ისევ ისე უყვართ, როგორც ახალდაქორწინებულ წყვილს. რაღაც განსაკუთრებულად ფაქიზი ურთიერთობა აქვთ. თუ რამეზე მათი აზრი არ დაემთხვა და იკამათეს, ორივეს მალევე ავიწყდება.

ერთმანეთს უფრთხილდებიან და პატივს სცემენ. ძალიან მსიამოვნებს ასეთი ურთიერთობის ყურება. მინდა, როცა ოჯახს შევქმნი, მე და ჩემს მეუღლეს მსგავსი იდილია გვქონდეს.

– მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაგალითი გაქთ ოჯახში, თქვენი “მარად უცოლოს” იმიჯი უცვლელია. რატომ?

– მარტო არასოდეს ვარ, თუმცა ცოლის თემას რაც შეეხება, ასეა. საზოგადოებაში არსებებოს გარკვეული სტერეოტიპი, რომ, როცა ადამიანი კონკრეტულ ასაკს მიუახლოვდები, თითქოს სავალდებულოა ქორწინება.

სიმართლე გითხრათ, ცოტა შეწუხებულიც კი ვარ კითხვით: ,,როდის მოიყვან ცოლს?”. მესმის, ჩემი ბედნიერება უნდათ, მაგრამ ბედნიერება არა მხოლოდ ოჯახის შექმნაზეა დამოკიდებული.

რამდენჯერმე მყვარებია და ვიცი, რა არის სიყვარული, თუმცა იმისთვის, რომ მზად იყო, ადამიანთან მთელი დარჩენილი ცხოვრება გაატარო, კიდევ უფრო მეტია საჭირო. ის სხვა უნდა იყოს… ისეთი, როგორიც ამ დრომდე ალბათ არ შემხვედრია. არ ვფიქრობ, რომ ადამიანმა სიყვარული უნდა ეძებოს. ცხოვრებაში არის რაღაცები, რაც თავისით მოდის.

– დროებით შეჩერებულია თქვენი გადაცემა – “რას ფიქრობს საქართველო”, რომელიც ,,რუსთავი 2″-ზე გადიოდა. საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ეთერში აღარ გავა?

– გადაცემა სპეციფიკურია, წინასწარ იგზავნება კითხვები. შემდეგ ოთხ სტუმართან, რომლებიც გადაცემაში უნდა ჩავრთოთ, მიდის გადამღები ჯგუფი და მიაქვს ჩართვისთვის საჭირო აპარატურა. ასეთ ვითარებაში კი ვერავის შეუვარდები სახლში, ვერც სტუდიაში მიიყვან სტუმარს. შესაბამისად, გადაცემა დროებით შეჩერდა.  ერთი თვე გავიდა, რაც ეთერში აღარ ვართ და სტუდიაში მუშაობა მომენატრა.

– საქმის მონატრებასთან ერთად ჩნდება ფინანსური პრობლემებიც. ალბათ ეს საკითხი თქვენც გაღელვებთ.

– ჯერჯერობით ვუმკლავდები, მაგრამ არ ვიცი, როდემდე მეყოფა რესურსი. ხელოვანებს ხშირად გვეუბნებიან, თქვენ რა გენაღვლებათო. ნეტა, ასე იყოს… კონცერტები დაგეგმილი მქონდა მარტში, აპრილში და მაისშიც, ბუნებრივია, ყველაფერი გადაიდო. თუმცა ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ, როცა ვუყურებ, რა ხდება მსოფლიოში. შოკირებული ვარ!

– არ მინდა, გვერდი ავურიოთ ქართველი მომღერლების კლიპს, რომელმაც დიდი კრიტიკა დაიმსახურა – ვგულისხმობ სოფო ბედიას ინიციატივით გადაღებულ ვიდეორგოლს კოვიდ-19-ზე. თქვენ თუ შემოგთავაზეს  მონაწილეობა?

– დიახ, შემომთავაზეს, მაგრამ მოვუბოდიშე და ჩემს კოლეგებს უარი ვუთხარი ობიექტური მიზეზების გამო.

– თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ნამუშევარს?

– ვთვლი, რომ ჯანსაღი კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია და საჭიროც, მაგრამ ვემიჯნები, როდესაც ეს ფსევდოკრიტიკაა და ემსგავსება დაცინვას, ბულინგს, ქილიკს და ადამიანის შეურაცხყოფას, ფაქტობრივად ფსიქოლოგიურ ძალადობას, რამაც შეიძლება დააზიანოს ადამიანის ფსიქიკა და ჯანმრთელობა.

ასეთი ე.წ. კრიტიკა კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯანსაღი კრიტიკა საჭიროა.