თამაზ ელიზბარაშვილმა სიმსივნე დაამარცხა – ,,დედა ვუტირე ამ დაავადებას!”

თამაზ ელიზბარაშვილმა სიმსივნე დაამარცხა - ,,დედა ვუტირე ამ დაავადებას!",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

თბილისის ქუჩებში ჯიშიანი ძაღლები მომრავლდნენ. გაჩნდა განცხადებები, ამა და ამ ჯიშის ძაღლია, ალბათ დაკარგულია და პატრონს ეძებსო. ამ დროს ირკვევა, რომ პატრონმა კი არ დაკარგა, სპეციალურად გაუშვა ქუჩაში ისეთ ადგილას, საიდანაც სახლს ვეღარ მიაგნებდა (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

ადამიანების ასეთი ქცევის მიზეზი კორონავირუსია, რომელიც მსოფლიოში ცხოვრების ახალ წესს ამკვიდრებს. ძაღლების მეპატრონეები, რომლებმაც შინაური  ცხოველები გარეთ გამოყარეს, ფიქრობენ, რომ ოთხფეხა მეგობრებმა შეიძლება მათ ვირუსი გადასდონ. არადა ჯერ არსად დაფიქსირებულა მსგავსი რამ – შინაურ ცხოველებს კორონავირუსი არც შეყრიათ და არც მათგან გადასდებია ადამიანს.

ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, არცთუ დიდიხნის წინ მძიმე სენს ებრძოდა. ახლა, პანდემიის პირობებში, მისი აქტიურობა თვალშისაცემია, უპატრონოდ დარჩენილ ძაღლებზე ზრუნავს, თავისი ხელით აპურებს…  როგორც გვითხრა, ბოლო დროს უამრავი ადამიანი სთხოვს, მათი ძაღლები თავშესაფარში ჩაიბაროს.

თამაზ ელიზბარაშვილი: ყოველდღე ათეულობით ადამიანი მირეკავს, რომ ეშინიათ, ძაღლმა ოჯახში კორონა არ შეუტანოს და თავშესაფარში ჩაბარებას ითხოვენ – დაწყებული გერმანული ნაგაზით, დამთავრებული იორკშირ-ტერიერით, პატარა, ლამაზი ჯიშის ძაღლები რომ არის.

ყველას ვუხსნი, რომ ძაღლი ვირუსის გადამტანი არ არის და, შესაბამისად, არც საშიშია, მაგრამ ჩემს სიტყვას არ ენდობიან. თავშესაფრის დირექტორი გავაფრთხილე, რომ ოჯახებიდან ძაღლები არ მიიღოს, მაგრამ, იცით, რას აკეთებენ? იქვე პატარა სკვერია და იქ ტოვებენ. ვოლიერში რომ შეიყვან ოჯახში გაზრდილ ძაღლს, დეპრესიაში ვარდება და მალე კვდება.

ამ ძაღლებს ვერც ქუჩაში დავტოვებ, რადგან ასე ცხოვრებას მიჩვეულები არ არიან და დაიხოცებიან. ამიტომაც ვაკეში, ჩემს სახლსა და ოფისში გადამყავს. საკუთარი ხელით პატარა სახლი გავაკეთე პატარა ძაღლებისთვის და იქ შემყავს.

ბოლო ერთ კვირაში 35 ძაღლი მაინც შევიფარე, რომლებიც ოჯახებმა გამოაგდეს. თავშესაფარშიც გავუკეთე ცალკე ვოლიერი, სადაც ვცდილობ, შინაური  გარემო შევუქმნა და ზოგიც სახლში მიმყავს. ვეძებ ადამიანებს, რომლებსაც მათ ვაჩუქებ, მაგრამ ისეთი პანიკაა ატეხილი, აღარავის უნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ვირუსი ცხოველებიდან არ გადადის და არც პირიქით. არ შეიძლება, რომ ჩვენი მთავრობიდან ვინმე გამოვიდეს ან ექიმი, ვისაც საზოგადოება ენდობა და მოსახლეობას უთხრას, ნუ გეშინიათ, ვირუსი ასე არ გადაგედებათო?!

გამოვიდეს პაატა იმნაძე ან ამირან გამყრელიძე, ან მარინა ეზუგბაია და თქვან, არ გადაგედებათო! ხომ ამბობენ, ასეთები და ისეთები ვართო, მათ მოსახლეობაც ენდობა, გამოვიდნენ და თქვან, ტყუილია, რომ ძაღლებიდან ვირუსი ადამიანზე გადადისო.  ნუთუ ეს შეუძლებელია?!

ცხოველებს ჭამა უნდათ, ჩემი ჯიბიდან ვაჭმევ ამ საწყალ ძაღლებს და თავშესაფრის თანამშრომლებს. მთავრობა არასოდეს დამდგომია გვერდით და არც გრანტი ამიღია ცხოვრებაში.

ახლა ჩემი ყველა ბიზნესი გაჩერებულია და ძაღლებს საკუთარი დანაზოგიდან ვაჭმევ, ვმკურნალობ, ოპერაციებს ვუკეთებ და თავშესაფრის თანამშრომლებს ხელფასს ვუხდი.

ბორჯომში მე-12 სართულიდან მაკე ძაღლი გადმოაგდეს და მისი ოპერაციის ხარჯებსაც მე ვფარავ. კეთილმა ადამიანებმა ფული შეაგროვეს და ეს ძაღლი ჩვენამდე ჩამოიყვანეს. ვინც გადმოაგდო, ახალი გამოსული ყოფილა ციხიდან.

– ოჯახებიდან გამოგდებული ძაღლების ნაწილი  თქვენს ხელში ხვდება, მაგრამ ნაწილი ალბათ ქუჩაში რჩება.

– დიახ, ძალიან ბევრი. ქუჩაში არიან ქუჩის ძაღლები და ის ადგილები ათვისებული აქვთ, მათი ტერიტორიაა. იქ სხვა ძაღლს არ უშვებენ და შეიძლება მოკლან კიდეც.

მაგალითად, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, 12 ძაღლია მიკედლებული, იქ სხვა ძაღლს არ მიუშვებენ, 12-ვე დაესხმება თავს და მოგუდავენ. მათ თუ გადაურჩა, შიმშილით მოკვდება, რადგან ქუჩაში საკვების მოპოვებას მიჩვეული არ არის.

– სტატუსები დაიწერა, რომ ძაღლები ხროვად დადიან. პოსტი გავრცელდა, რომ თავს დაესხნენ მამაკაცს, რომელიც თურმე ცხოველებისგან ბავშვების დაცვას ცდილობდა.

– ამ კაცმა გული მატკინა. ძაღლი უყეფს და მისდევს ბორბალს, გინდა, მოტოციკლეტის ბორბალი იყოს, გინდა – ველოსიპედის და გინდაც – მანქანის. ამ პოსტის გამო იმ საწყალ ძაღლებს დააძინებენ, მოკლავენ. გამოვა, რომ ისინი სასიკვდილოდ გაიმეტა. იმის მაგივრად, რომ ერთი ნაჭერი პური მიეცა, სასიკვდილოდ გაწირა. ამ ძაღლებს მე ვაჭმევდი.

– რომელ უბანზეა საუბარი?

– ჭავჭავაძიდან ატენის ქუჩისკენ რომ მიდიხარ, იქ  სულ ხუთი ძაღლია. დილით ჩავივლი ხოლმე და ვაჭმე ხან პურს, ხან მშრალ საკვებს და ხან რას, რაც მაქვს.

დაწერა, 3 თინეიჯერი ჰყავდათ აყუდებული, თავდასხმას აპირებდნენ და დავეხმარეო. ძაღლს თუ თავდასხმა უნდა, მაშინვე დაგესხმება, ლოდინი არ იცის და თავს ვერ დაიცავ, კბილს მაინც გაგკრავს. ან დილის 8 საათზე თინეიჯერებს გარეთ რა უნდოდათ და ეს კაციც თურმე მოტოთი იყო გამოსული და, როგორც ჩანს, მოტოციკლეტს გაეკიდნენ. ამან გააჩერა და ამ დროს კბილი გაკრეს.

ეს პოსტი გახდა მიზეზი, რომ ხუთივე ძაღლი ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა წაიყვანა და ახლა უნდა ვემუდარო, როგორმე გამოუშვან და არ დააძინონ.

იმ კაცს მივწერე, ველოსიპედით რომ მივდიოდი, ჩემმა ძაღლმა მეც მიკბინა. ბორბლისთვის უნდა ჩაევლო, მაგრამ ფეხზე ჩამავლო, თან ისე, რომ ძვლამდე ჩავიდა. ბორბალს ერჩის და არა – ადამიანს.

– ამ პოსტში სხვა რამეზეც იყო ხაზგასმა – კაფე-ბარების მეპატრონეები იქ მიკედლებულ ძაღლებს კვებავდნენ და, ობიექტები რადგან დაიკეტა, მშივრები დარჩნენ, ახლა კი ადამიანებს ერჩიანო.

– დიახ, მშივრები დარჩნენ, ამიტომ ცხოველთა მოყვარულები დავდივართ და ყოველდღე ვაპურებთ. ყველას ვერ დავაპურებთ, მაგრამ ჯერ შიმშილი არ დაწყებულა საქართველოში. თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, მერე ნახეთ, რა მოხდება.

პატარ-პატარა საწარმოებს, რომლებიც წესრიგს დაიცავენ, უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება, თორემ შიმშილს ვერ გადავურჩებით. ჩვენი მთავრობა ბიუჯეტს ცალკე ხრავს და თან ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვს, ის გვიშველისო. მას კიდევ თავისი გაჭირვება აქვს. გინახავთ, ბიძინა ივანიშვილს ეთქვა, ხალხო, ნუ გეშინიათ, ეს ეპიდემია ჩაივლის და მე თქვენ გვერდით ვარო?!

საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება რომ სჭირდებოდა, თვალცრემლიანი გვევედრებოდა, აირჩიეთ და ნახავთ, როგორ გამოვსწორდებითო. სალომეს არჩევა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის უბედურება, რაც ახლა ხდება და ნაკლებად სჭირდება ხალხს გამხნევება?! გამოდი და უთხარი, მე თქვენ გვერდით ვდგავარ და ნუ გეშინიათო. სად არის, სად?!

– ცოტა ხნის წინ დახმარება სთხოვეთ სუპერმარკეტებს, ძველი საკვები რომ მოეცათ. აქამდე საბავშვო ბაღებიდან და სასადილოებიდან მიგქონდათ ცხოველების საკვების ნაწილი.

– დიახ და მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ,,ფრესკოს”, რომელიც გვეხმარება ნარჩენი ცომეულით – პურით, ხაჭაპურით, ლობიანით… ასევე – მადლობა “კარფურსა” და “ფუდმარტს”. დახმარების ხელი გამოგვიწოდეს და ნარჩენებს გვიგროვებენ, რაც ჩვენთვის დიდი შეღავათია. თავშესაფარში 300 ძაღლზე მეტი მყავს და მათ გამოკვებას დიდი თანხა სჭირდება.

– ბოლო დროს ძალიან მძიმე დაავადებას ებრძოდით – ფარისებრი ჯირკვალზე სიმსივნე და მერე ქიმიის კურსები. როგორია ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– თავიდანვე ვთქვი და დედაც ვუტირე ამ დაავადებას! ახლა იმაზე ჯანმრთელი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. წინააღმდეგობა მაძლიერებს. შესაბამისად, მაგრად ვარ და ბრძოლის წინა ხაზზეც ვდგავარ _ (იხილეთ თამაზ ელიზბარაშვილის ინტერვიუ, სათაურით ,,ქართველმა ექიმებმა ნევროზზე მიმკურნალეს და კიბო მქონია”).

დილაობით გავდივარ და ძაღლებს ვაპურებ, მერე მივდივარ სახლში და იქიდან  ვაკონტროლებ თავშესაფრის მუშაობას. ტრანსპორტი აღარ არის და, თავშესაფრის თანამშრომლებმა ფეხით რომ არ იარონ, დამატებითი ტრანსპორტი გამოვყავი, ჩემი მანქანები ემსახურებათ. თავშესაფარში 12 კაცი მყავს დასაქმებული.

ყველა ბიზნესი დამიხურეს და არც ვიცი, იმ ხალხს რა ეშველება, რომლებიც ჩემთან მუშაობდნენ ან რამდენ ხანს ეყოფა ჩემი დანაზოგი ცხოველთა თავშესაფარს… მარტო თავშესაფარი ხომ არ მაქვს, 11 შვილი მყავს, ოჯახი მყავს, დედმამიშვილები, მშობლები და სხვა ადამიანები, რომლებსაც ვეხმარებოდი…

– მიუხედავად გადატანილი მძიმე დაავადებისა, ძაღლებთან მაინც გაქვთ ურთიერთობა და ამით ამტკიცებთ, რომ ვირუსის გადამტანები არ არიან.

– რა თქმა უნდა, არ არიან! დღემდე დავდივარ და ჩემი ხელით ვაჭმევ ქუჩისა თუ თავშესაფრის ძაღლებს. მინდა, ამით საზოგადოებას ვაჩვენო, რომ ძაღლი არავითარ შემთხვევაში არანაირი ვირუსის გადამტანი არ არის.

ყველას ვთხოვ, თუ ამ გაჭირვების დროს ერთი ნაჭერი პური დაგრჩათ, ნუ გადააგდებთ ნაგავში, ქუჩის ძაღლებს მიეცით. მათ როცა ვაპურებ, პირდაპირ ჩართვებსაც ვაკეთებ, რომ ყველამ ნახოს და იმავეს გაკეთების სურვილი გაუჩნდეთ, თან დარწმუნდნენ, რომ ინფექციის გადამტანები არ არიან, თუმცა ეს ზღვაში წვეთია.

თქვენი ჟურნალის საშუალებით ვემუდარები ინფექციონისტებს, თქვან, რომ ადამიანებს შინაური ცხოველებიდან ვირუსი ვერ გადაედებათ. ამით უამრავ ოჯახს იხსნიან უბედურებისგან. ეს პანდემია რომ ჩაივლის, გაახსენდებათ, რაც ჩაიდინეს, რომ ქუჩაში მიატოვეს ფაქტობრივად თავიანთი ოჯახის წევრები და მთელი ცხოვრება იდარდებენ. ამქვეყნად არაფერი რჩება ჰაერში და ამის გამო აუცილებლად დაისჯებიან, რადგან უფალი ყველაფერს ხედავს.

ჩვენმა ექიმებმა ძალიან ივაჟკაცეს და დიდი მადლობა მათ, მაგრამ ეს ერთი სიკეთეც გააკეთონ. გახარიაზე 20 ივნისის მერე გული მქონდა აცრუებული, ამგრამ ახლა ვხედავ, რომ, როგორც ქვეყნის მეთაურს, ყველა თვისება აღმოაჩნდა ამ გაჭირვების დროს და მასაც მადლობას ვეუბნები.

კაცმა არ იცის, ეს ყველაფერი რამდენი ხანი გაგრძელდება და ერთმანეთს თუ გვერდში არ დავუდექით, არც ვიცი, რა გვეშველება. ამ ყველაფრისგან ისევ სიყვარული თუ გვიხსნის.