თამაზ ელიზბარაშვილი: “ქართველმა ექიმებმა ნევროზზე მიმკურნალეს და თურმე კიბო მქონია”

თამაზ ელიზბარაშვილი: "ქართველმა ექიმებმა ნევროზზე მიმკურნალეს  და თურმე კიბო მქონია"რუსუდან ადვაძე, სარკე

ცნობილ ბიზნესმენს, ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონეს, თამაზ ელიზბარაშვილს, ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი უდგას, მაგრამ სჯერა, რომ მას გადალახავს, თავისი მებრძოლი ხასიათის იმედი აქვს. გამოცდაზე, რომლის წინაშეც ის განგებამ დააყენა, თამაზ ელიზბარაშვილი “სარკესთან” საუბრობს.

ექიმებმა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ჩივილები, რაც ავთვისებიან სიმსივნეზე მიუთითებდა, ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე დიაგნოზი გახდებოდა ცნობილი, მაგრამ ექიმები ვერ მიხვდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე და წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ნევროზზე მკურნალობდნენ. მედიკამენტებმა რომ შედეგი არ გამოიღო, სხვა ექიმს მიაკითხა…

თამაზ ელიზბარაშვილი:

– სანამ დიაგნოზს დამისვამდნენ, წელიწადითა და ორი თვით ადრე ოფლიანობა, სისუსტე და უძილობა დამეწყო. ცნობილ ნევროპათოლოგთან მივედი, რომელთანაც დიდი ხნით ადრე ეწერებიან და ნაცნობობით ხვდებიან. ერთი პერიოდი საქართველოს პატრიარქის ექიმიც იყო. პატივი დამდო და მიმიღო. გამსინჯა, ჩაქუჩი მირტყა და მითხრა, ჩემი პაციენტი ხარო. წამლები გამომიწერა და ნევროზზე დამიწყო მკურნალობა. მისი გამოწერილი წამალი 4 თვე ვყლაპე.

მერე ერთმა ნათესავმა მირჩია, ფსიქოთერაპევტთან მიდი, იქნებ ის დაგეხმაროს, ცხოველთა თავშესაფარში ამდენ უბედურებას უყურებ და ალბათ შენზე მოქმედებსო. თავშესაფარში უამრავი ტრავმირებული, დასახიჩრებული ცხოველი შემოდის, ზოგი თოფით არის დაჭრილი, ზოგს დანა აქვს ჩარტყმული, ზოგს მანქანა ეჯახება, ხალხი ხაფანგებს უგებს… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემს ფსიქიკაზე მოქმედებს.

ძალიან ცნობილ ფსიქოთერაპევტთან მივედი. მითხრა, ნევროპათოლოგთან რა გინდოდა, ჩემი პაციენტი ხარო. 6 თვე მან გამჭყიპა წამლებით.

მერე ისე მოხდა, რომ კოტე მარდალეიშვილთან ერთად გავხსენით დიაგნოსტიკური ცენტრი, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც მე ვარ. კლინიკა უახლესი აპარატურით აღვჭურვეთ. ჩემივე კლინიკაში მივედი და ვუთხარი, მიშველეთ, ვკვდები, სად არ ვიყავი, წამლები მასვეს, მაგრამ არაფერი მშველის-მეთქი. მაშინვე ფარისებურ ჯირკვალზე გამიკეთეს ექოსკოპია და დაადგინეს, რომ 15 მილიმეტრიანი კვანძი მქონდა.

ექოსკოპისტს ისეთი რეაქცია ჰქონდა, ვკითხე, ხომ არ ვკვდები-მეთქი. სასწრაფოდ გამიკეთეს ბიოფსია, რომ ენახათ, კვანძი ავთვისებიანი იყო თუ არა. მარდალეიშვილს კლინიკაში გამაგზავნეს და იქ მალევე დამისვეს დიაგნოზი – ეს იყო კარცინომა, ავთვისებიანი სიმსივნე და სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა.

კოტემ მითხრა, მე გაგიკეთებო, მაგრამ ავსტრიაში ვარჩიე წასვლა, სადაც ჩემი მეგობარი ცხოვრობს. იქ 12 სექტემბერს გამიკეთეს ოპერაცია. ფარისებურ ჯირკვალს მიაყოლეს კიდევ 9 ლიმფური ჯირკვალი, სადაც მეტასტაზები იყო გასული და ქიმია დამინიშნეს. ამ პროცედურას რადიოაქტიური იოდის თერაპია ჰქვია და იმისთვის იყო საჭირო, რომ მეტასტაზები არ გავრცელებულიყო.

– ეს პროცედურაც ავსტრიაში ჩაიტარეთ?

– არა, საქართველოში, სხივური მედიცინის ცენტრში. რადიოაქტიური იოდი იქ დავლიე. ამ იოდს რომ სვამ, 21 დღე კარანტინში, ჩაკეტილ მდგომარეობაში უნდა იყო და არ უნდა გქონდეს კომუნიკაცია ხალხთან, რადგან რადიაციის მატარებელი ხარ და შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი დააავადო. თუ ეს შეთანხმება დაარღვიე, სისხლის სამართლის დამნაშავე ხდები. ხელი მომაწერინეს, რომ კანონი არ დამერღვია. ამას როგორ ვიზამდი, სხვებს როგორ დავაზარალებდი?!

ერთოთახიანი ბინა მაქვს ცალკე და 21 დღე იქ ვიყავი გამოკეტილი, არავისთან მქონდა კავშირი, გარესამყაროსთან მხოლოდ ტელეფონით და ინტერნეტით მქონდა ურთიერთობა. იცით, საჭმელი როგორ მოჰქონდათ? სადარბაზოში მაგიდა დავდგი. შეკვეთას მივცემდი და ვეტყოდი, მოიტანეთ, მაგიდაზე დადეთ და ფულიც იქ იდება-მეთქი.

იმედია, ამ პროცედურის გამეორება აღარ დამჭირდება. თვეში ერთხელ სისხლის ანალიზს მიკეთებენ. მე მებრძოლი ვარ, უამრავი სირთულე შემხვედრია ცხოვრებაში და გადამილახავს. ამასაც გადავლახავ, დედას ვუტირებ!

ოპერაცია ისე არ გამიჭირდა, ამ ქიმიურმა წამალმა დამანგრია. ყოველდღე ფრჩხილები მქონდა დასაჭრელი, საოცარი სისწრაფით იზრდებოდა. ფეხები საშინლად დამისივდა. დავლასლასებდი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. დღე-ღამეში 16 საათი მეძინა. ყურთან ზარბაზანი რომ გაგესროლათ, ვერ გამაღვიძებდით.

21 დღე რომ გავიდა, ფეხები მაინც დასიებული მქონდა. ექიმი მეუბნებოდა, დაგიცხრებაო. მე კი გარეთ გავლა და სიარული მინდოდა, მაგრამ ფეხსაცმელს ვერ ვიცვამდი. როგორც იქნა, დაცხრა. ყველაფერი გამოვცადე, რაც ამ ავადმყოფობას ახასიათებს.

ახლა მორიგი ანალიზის ასაღებად ვემზადები, რომ არაფერი გაიპაროს. ავსტრიული ჰაიდლაინის მიხედვით, 3 თვის მერე უნდა ჩამიტარდეს გამოკვლევა, შემდეგ – 6 თვის მერე. ვემზადები, რომ კიბო დავამარცხო და აუცილებლად მეტყვიან, დაამარცხეო.