გვანცა დარასელია: ”ერთხელაც შეიძლება ამოვაყირავო ჩემი ცხოვრება – ქმრის სიახლეებს ხშირად ფეხს ვერ ვუწყობ”

გვანცა დარასელია: ”ერთხელაც შეიძლება ამოვაყირავო ჩემი ცხოვრება - ქმრის სიახლეებს ხშირად ფეხს ვერ ვუწყობ”ავთო ჩიტიძე, სარკე

ყოფილი მოდელი, გვანცა დარასელია, უკვე 12 წელია, რაც “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი პოპულარული სახეა. ჯერ იყო დილის გადაცემა და შემდეგ “სხვა შუადღე”. მოარული ხმები, რომ ახალ სატელევიზიო სეზონზე გვანცა “კურიერის” წამყვანი გახდებოდა, ჭორები არ ყოფილა. შეთავაზებები მართლაც მიიღო, მაგრამ აქვს მიზეზები, რის გამოც არ უნდა საინფორმაციო სამსახურში გადანაცვლება.

საქმეში რეალიზებული გვანცა ქალურ ამპლუაშიც რეალიზებულია – როგორც ცოლი და დედა. მისი და ვახო მჭედლიძის ოჯახური იდილია 10 წელია გრძელდება. ზრდიან ბიჭს და გოგოს – ერეკლეს და ლილეს. თავის ქორწინებას სრულიად გააზრებულ და გამართლებულ ნაბიჯად მიიჩნევს, ყოველგვარი რისკების გარეშე.

“სარკესთან” გვანცა სწორედ ამაზე საუბრობს – 12 წლიან სატელევიზიო და 10 წლიან ოჯახურ ცხოვრებაზე.

– გვანცა, “რუსთავი 2”-ის ეკრანზე 2008 წლიდან ხართ. ტელეწამყვანობა კარგად მოირგეთ. რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამ საქმეში?

– დრომ და გამოცდილებამ ეკრანზე უფრო თავდაჯერებული გამხადა, მაგრამ არც არასდროს მქონია პირდაპირ ეთერში მუშაობის შიში. ჩემს ტელეწამყვანობაში თავისუფლების ხარისხი ყოველთვის მაღალია და ეს მომწონს. ყველა ეტაპზე მუშაობისას მქონდა კითხვის დასმის და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. არასდროს ვყოფილვარ მხოლოდ დიქტორი.

“სხვა შუადღემ” მეტი სილაღე შემძინა. ამ გადაცემაზე მუშაობისას მეძლევა საშუალება, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. ჩარჩოებში არ ვარ მოქცეული, უბრალოდ, ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. სხვათა შორის, როცა სხვა გადაცემაში ვარ ხოლმე სტუმრის სტატუსით, მაშინ უფრო ვღელავ, ვიდრე პირდაპირი ეთერის წაყვანისას. თითოეულ პატარა შეცდომასაც ძალიან განვიცდი, არადა შეცდომები ყველა ადამიანს მოსდის ყველა პროფესიაში.

ჩემთვის დიდი აზარტია, რომ ვმუშაობ გადაცემაზე, რომელიც ერთგვარად საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. იმდენს ვსწავლობ ყოველდღიურად და იმდენად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როდესაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ, რომ საბოლოოდ ეს საფუძველს მაძლევს, კმაყოფილი ვიყო ჩემი საქმით.

– ამ 12 წლის განმავლობაში, რაც “რუსთავი 2”-ზე ხართ, ალბათ ყველაზე რთული წლევანდელი ზაფხული იყო, როდესაც თქვენი გადაცემის გუნდიდანაც წავიდნენ ადამიანები და გარკვეული პერიოდი “სხვა შუადღე” ეთერში არ გადიოდა. რა იყო თქვენი მოტივაცია, რატომ დარჩით ამ არხზე?

– ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ალბათ ის შინაგანი განწყობა, რაც მქონდა ჩემი საქმის და გუნდის მიმართ. ეს განწყობა როგორიც იყო, ისეთივე დარჩა ყველა თვალსაზრისით. პირადი ემოციებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ურთულესი პერიოდი იყო ჩემთვის, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ჩვენი მაყურებელი თუნდაც ჩასაფრებული პოზიციიდან თუ შეხედავს გადაცემას, მიხვდება, რომ არაფერი შეცვლილა თავისუფლების ხარისხის მხრივ.

შევეცადეთ, საუკეთესოდ გამოგვეყენებინა ის პაუზა და კრიზისი, რაც ჩვენს გადაცემას ჰქონდა, უფრო დავხვეწეთ რუბრიკები, შემოვიტანეთ სიახლეები.

– იმასაც ამბობდნენ, რომ თქვენ “კურიერის” წამყვანად გიხილავდით. ამ ჭორებს ჰქონდა რეალური საფუძველი?

– იყო ასეთი წინადადება და შესაძლებლობაც, თან ეს პირველად არ ყოფილა. ადრეც რამდენჯერმე შემომთავაზეს საინფორმაციო სამსახურში გადასვლა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს ვამბობ. ის ფორმატი მირჩევნია, რომელიც მაძლევს ძალიან დიდ თავისუფლებას, ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ პროფესიულად განვვითარდე და მეტად ახლოს ვიყო მაყურებელთან. მოკლედ, ეს ყველაფერი ვერ დავთმე და ვერ მოვირგე ის ჩარჩოები, რომელიც საინფორმაციო გამოშვების წამყვანს აქვს.

– “სხვა შუადღის” თანაწამყვანებთან ალბათ განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოგიყალიბდათ. ვის უწოდებთ ამ გუნდიდან თქვენი სამეგობროს მთავარ შენაძენს?

– თიკა ფაცაცია ჩემი საუკეთესო მეგობარი და ყოველდღიურობის მთავარი დასაყრდენია.

– როგორია თქვენი თვალით დანახული თიკა?

– თიკა ჩემთვის ემოციური ბალანსია, ერთი გადახედვით, ერთი ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით ვხვდებით ერთმანეთის ემოციურ მდგომარეობას და უსიტყვოდ ვარეგულირებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მაყურებელი ამას ვერ ხედავს.

ჩვენი ურთიერთობა არ მთავრდება სამსახურში. თიკა და ნინო ხოშტარია ჩემი შვილის ნათლიები არიან და მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ცხოვრებაში. თიკა ემოციების, სიკეთის და სითბოს კუთხით როგორი ფეიერვერკიც არის ეკრანზე, ისეთივეა ცხოვრებაში. ჩემთვის ძალიან ბევრ საკითხში საზომია. თუ ვინმეს შეიძლება რჩევისთვის მივმართო, ერთ-ერთი პირველი თიკაა.

– რა სახის რჩევისთვის მიდიხართ თიკასთან?

– ყველანაირი – ადამიანური ურთიერთობები, სამსახურებრივი თემები, სტილი, დიპლომატია. თიკამ მასწავლა საკუთარი ინტერესების დაცვა. მასწავლა, ცხოვრებაში როგორ უნდა ვთქვა “არა” ან “კი”. ვერც ჩამოვთვლი და ალბათ ბოლომდე ვერც გამიაზრებია, თიკასგან იმდენი რამ ვისწავლე.

– აქტიური, სისხლსავსე საქმიანობის პარალელურად სრულფასოვანი ოჯახიც გაქვთ. რომელი დგას წინა პლანზე?

– საერთოდ, ცხოვრებაში გადაწყვეტილებების დროს იმდენს ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ვამცირებ რისკებს. ასეთი ბუნება მაქვს. როცა ოჯახს ვქმნიდი, მაშინაც ძალიან ბევრი ვიფიქრე და სრულად გაცნობიერებული მქონდა ეს გადაწყვეტილება. ყველა ოჯახში არის კონფლიქტი და ხასიათის შეუთავსებლობები, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს ფუნდამენტური შეხედულებები საერთო გვაქვს, ორივენი ოჯახის მოყვარული ადამიანები ვართ.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულები ვართ, ოჯახს მაინც ყოველთვის წინ ვაყენებთ. ეს ყველაფერი განაპირობებს ჩვენს ოჯახურ ჰარმონიას.

– ალბათ იქნებოდა ამ 10 წლის განმავლობაში გარკვეული კრიზისი. როგორია თქვენი რეცეპტი ამ დროს?

– უფრო ხშირად წყვილები ერთმანეთის კრიზისებს გადააყოლებენ ოჯახს. შეიძლება ცხოვრების გარკვეულ მომენტში მამაკაცს ჰქონდეს კრიზისი საქმეში, საკუთარ აზრებში, ამ დროს მეორე ნახევარმა უნდა შეძლოს, რომ ეს არ გადავიდეს მათ ურთიერთობაში, ბოლომდე გაუგოს და ბოლომდე იყოს მის გვერდით. დათმობა და პატივისცემა ამ დროს ყველაზე კარგი საშუალებაა.

მეც ვყოფილვარ სიტუაციაში, როდესაც მეორე ნახევრისგან მხარდაჭერა და გვერდში დგომა მჭირდებოდა და ამას ყოველთვის ვიღებ ხოლმე.

– როგორია თქვენი ურთიერთსიყვარული ქორწინების 10 წლისთავზე?

– ამ 10 წლის განმავლობაში ბევრად უკეთ გავიცანით ერთმანეთი. კარგად ვიცით, რა გვიხარია, რა გვაბრაზებს. ორივემ ვიცით ერთმანეთის ხასიათი და პატარ-პატარა სიხარულებს ვუკეთებთ ერთიმეორეს. სწორედ ასეთ სიხარულებზეა აგებული ოჯახური ბედნიერება.

რა თქმა უნდა, მთავარი ფაქტორია შვილები. შვილები ყოველდღიური პრობლემების დავიწყების კარგი საშუალებაა. როცა მათ უყურებ და მათ ეკონტაქტები, ხვდები, რომ ბევრი რამ აზრს კარგავს, რომ არ ღირს ყოფით წვრილმანებზე კამათი, როცა შეგიძლია შვილებს ხელი ჩაჰკიდო და ორი დღე ქალაქგარეთ წახვიდე. ამ დროს ყველაფერი ლაგდება.

ძალიან გვიყვარს ოჯახური გასვლები ქალაქგარეთ. თან მეც და ვახოსაც გვაქვს სოფლები და გვიყვარს იქ წასვლა. რომ ამბობენ, ადამიანს მოგზაურობაში გაიცნობო, მართალია. მე და ვახოს ერთმანეთში იმდენი თვისება აღმოგვიჩენია მოგზაურობისას, რომ შეიძლება სახლში კარგა ხანი ვერ მივხვედრილიყავით ამას. ასეთ აღმოჩენებს ახლაც ვაკეთებთ.

– როგორი დედა ხართ, მშვიდი, გაწონასწორებული თუ ემოციური?

– ძალიან ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ მგონია, რომ ემოციური თვალსაზრისით დიდი დოზით ვიხარჯები შვილებთან და როცა მეკითხებიან, გავაჩენ თუ არა მესამე შვილს, სულ ვამბობ, რომ შეიძლება კიდევ ერთ ბავშვს ვერ გადავუნაწილო ყურადღება და ემოციები. სულ მეშინია, შვილებს რამე არ დავაკლო.

– რომელ შვილში უფრო ხედავთ საკუთარ თავს?

– ალბათ უფრო ლილეში. ჩემი მშობლებიც ამბობენ, რომ ხასიათით ვგავართ ერთმანეთს. მეც მისნაირი ახტაჯანა, მხიარული, მომღერალი, მოცეკვავე ტიპაჟი ვიყავი. ბიჭი უფრო მამას ჰგავს ხასიათით, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს.

– რისგან გინდათ თქვენი შვილების დაცვა, რა არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრებიდან გაიმეორონ?

– მინდა, ჩემზე თამამები იყვნენ თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენაში. მე ყოველთვის მაკლდა სითამამე. მინდა, შვილები ჩემი გაუმჯობესებული ვერსიები იყვნენ და მგონია, რომ ასეც იქნება, რადგან მათ განვითარების სულ სხვა ეტაპი აქვთ.

– როგორ ხედავთ საკუთარ მომავალს?

– სულ მეშინია ცვლილების, რადგან ძალიან მიყვარს სტაბილურობა. ძნელად ვეგუები სიახლეებს და სულ მგონია, რომ ერთხელ შეიძლება რადიკალურად შევცვალო და ამოვაყირავო ჩემი ცხოვრება. შეიძლება კარიერა შევცვალო ან სულაც სხვა ქვეყანაში წავიდე საცხოვრებლად. ჩემი ქმარი სპონტანური სიახლეების მოყვარულია და ამიტომ ხშირად ვერ ვუწყობ ხოლმე ფეხს მის სიახლეებს.

მინდა, მომავალში ბევრი რამ ვისწავლო, ახალი ენა, ახალი პროფესია. მინდა, როდესაც ჩემი შვილი სასწავლებლად საზღვარგარეთ წავა, მეც მასთან ვიცხოვრო და ახალი საქმე წამოვიწყო, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებებია.