მაკა ზამბახიძე: “მინდა, შევინარჩუნო ჩემი ფორმები და არ გამომეპაროს დრო… ვცდილობ, ქმარს კომპლიმენტები ხშირად ვათქმევინო”

მაკა ზამბახიძე: "მინდა, შევინარჩუნო ჩემი ფორმები და არ გამომეპაროს დრო... ვცდილობ, ქმარს კომპლიმენტები ხშირად ვათქმევინო"მომღერალი მაკა ზამბახიძე 30 წლის შემდეგ ფიტნესით დაინტერესდა. ვარჯიში ახლა მისი ცხოვრების წესია, ასე ცდილობს სხეულის ფორმების შენარჩუნებასა და წონის კონტროლს. სასურველი შედეგიც აქვს და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცისგან – ქმრისგან, ძიუდოისტ მიხეილ ჩოხელისგან, უამრავ კომპლიმენტსაც იღებს. მაკამ ჯანსაღი ცხოვრების წესები და გამოცდილება ჩვენს მკითხველსაც გაუზიარა.

– მაკა, არსებობს ორი აზრი – ადამიანების ერთი ნაწილისთვის საუზმე აუცილებელია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე გარეგნობისთვის. ზოგის მტკიცებით, მათ შორის, ცნობილი ექიმების, დილის საუზმე კარგი სულაც არ არის. თქვენ რომელ წესს ემხრობით, საუზმობთ თუ არა?

– ჩემი დილა აუცილებლად იწყება საუზმით და ყავით. ბავშვობიდან მიყვარს დილით ჭამა და დღესაც ასე ვაგრძელებ.

– როგორია თქვენი საუზმის რაციონი?

– ბავშვობიდან მიყვარს საუზმეზე კარაქიანი პური და თაფლი. ჩემი საუზმე უმეტესწილად ასეთია.

– ვინც გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მან იცის, რომ გამოუძინებლობა ამ ორი რამისთვის ძალიან საზიანოა. თქვენ ახერხებთ კარგად გამოძინებას?

– ჩემთვის უმნიშვნელოვანესია გამოძინება როგორც ხმისთვის, ასევე გარეგნობისთვისაც.

– თავიდანვე გამოგიმუშავდათ ჩვევა, რომ თავს მოუაროთ? როგორ ზრუნავდით გარეგნობაზე 20 წლამდე?

– 20 წლამდე თავის მოვლაზე არც მიფიქრია, ვგულისხმობ სახის, თმის მოვლას და ტანის კორექციას. 30 წლიდან შემიყვარდა ფიტნესი და თავის მოვლა.

– ძალიან ხარისხიანი თმა გაქვთ. როგორ უვლით მას?

– თმას ვუვლი ნიღბებით.

– კანის შემთხვევაშიც ასეთი მარტივი პროცედურებით კმაყოფილდებით?

– კომბინირებული კანი მაქვს და, რა თქმა უნდა, გარკვეული პროცედურებით ვიტენიანებ, ეს იქნება მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია თუ პლაზმოლიფტინგი. სახეზე სხვა ჩარევები ჯერ არ დამჭირვებია.

– დღეს ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს, როგორ უნდა მივხედოთ კანს, როგორ მოვერიოთ ნაოჭებს. ბევრი ქალის მსგავსად, ალბათ თქვენც გიფიქრიათ, როცა ნაოჭები შეგეპარებათ, რა მეთოდებით გაუმკლავდებით.

– მყავს კოსმეტოლოგი, რომელიც მაძლევს რჩევებს, როგორ უნდა ვებრძოლო ასაკს და ჯერ კატეგორიულად არ მირჩევს ბოტოქსს. ვნახოთ, მერე რა იქნება, ახლა პატარა ნაოჭები დისკომფორტს არ მიქმნის. არ ვეთანხმები იმას, რომ ჩემს ასაკში ვიყო უკიდურესად გადაჭიმული.

– სარკეში ხშირად ამოწმებთ საკუთარ ვიზუალს?

– კი, ხშირად მიწევს სარკეში ყურება და, რა თქმა უნდა, ყოველთვის კრიტიკული თვალით ვუცქერ.

– გეფიქრებათ წლების მატებაზე?

– რა თქმა უნდა, წლებზე მეფიქრება. მინდა, შევინარჩუნო ჩემი ფორმები და არ გამომეპაროს დრო.

– რა გმატებთ თავდაჯერებას?

– თავდაჯერებისთვის სასურველი წონა მჭირდება.

– გამოცდილება რას გეუბნებათ, ქალის ბედნიერებისთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– ქალისთვის ბედნიერება არის მისი ოჯახი და კარიერა. ეს ორი რამ თანხვედრაში უნდა იყოს. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახისთვის ჩემი კარიერა მნიშვნელოვანია.

– რას ურჩევდით გოგონებს, რომლებიც ჯერ კიდევ სტილის ძიებაში არიან, რა უნდა გაითვალისწინონ სამოსის შერჩევისას?

– საჭიროა სწორი ხედვა და საკუთარი სხეულის კარგად შესწავლა, აღქმა, რომ ტანსაცმელი მოირგო ზუსტად და შეხამებულად.

– ის, რაც უხდებათ 20 წლამდე გოგონებს, აღარ უხდებათ 30 წელს გადაცილებულ ქალებს, მაგალითად, მინი კაბა. მოდის ექსპერტების თქმით, 30 წელს გადაცილებული ქალები მუხლზემოთ კაბებს უნდა მოერიდონ. თქვენ ხშირად ჩნდებოდით მოკლე სამოსით. ახლა როგორია თქვენი კაბის სიგრძე?

– მინიც და გრძელიც, გააჩნია სეზონს და განწყობას. ჩემი აზრით, თუ ქალი ფორმაშია და მოკლე კაბა უხდება, აუცილებლად უნდა ჩაიცვას. რა თქმა უნდა, მინი კაბებს ახლაც ვიცვამ.

– ტანსაცმელში რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?

– იმ ფერებს, რომლებიც მიხდება – თეთრი, შავი, წითელი, მუქი ლურჯი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ყავისფერი.

– როდის უფრო სექსუალურია ქალი – 30 წლამდე თუ 30 წლის შემდეგ?

– ალბათ რაც უფრო ქალობაში შედის, უფრო ლამაზდება, ბრძენდება და ეს მის ვიზუალზე აისახება კიდეც.

– რითი გამოიხატება სექსუალურობა, გამომწვევი ჩაცმულობით თუ ეს არის შინაგანი ქალური ხიბლი, რომელიც ზოგს ბუნებრივად, თანდაყოლილი აქვს, ზოგი კი წლებთან ერთად იძენს?

– სექსუალურობა არის მოხდენილობა, საკუთარი თავისა და ტანისამოსის წარმოჩინება და დახვეწილი შინაგანი სამყარო. ეს ყველაფერი მატებს ქალს ხიბლს, სექსუალურობას და მიმზიდველობას.

– ითვალისწინებთ ქმრის აზრს, როცა საქმე ქალურ ამბებს, გაპრანჭვასა და თავის მოვლას ეხება?

– ქმრის შეფასება უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ვცდილობ, დაკმაყოფილებული იყოს. მისგან შესაფერის კომპლიმენტებსაც ვიღებ.

– ხშირად?

– დიახ.

– როგორი კომპლიმენტი მოგწონთ ქმრისგან?

– მისგან მომწონს ყველანაირი საქებარი სიტყვა, ეს არასდროს მომბეზრდება და ვცდილობ, კომპლიმენტები ხშირად ვათქმევინო.

– დაბოლოს, რა უნდა გააკეთოს ქალმა იმისთვის, რომ მისი თვალები მუდამ ბრწყინავდეს?

– უმთავრესია სილაღე, რომ ქალს სხივი ჰქონდეს თვალებში. და კიდევ, საკუთარი თავი იპოვოს სასურველ საქმიანობაში და სიყვარულიც თანმდევი იქნება.

 ირმა ჭკუასელი, სარკე