65 წლის ტაქსისტი ელიკო მენთეშაშვილი: “ჩემი ერთადერთი საფიქრალია, რომ დაგირავებული ბინა გამოვისყიდო”

65 წლის ტაქსისტი ელიკო მენთეშაშვილი: "ჩემი ერთადერთი საფიქრალია, რომ დაგირავებული ბინა გამოვისყიდო"ელიკო მენთეშაშვილმა 40 წლის ასაკში აიხდინა ბავშვობის ოცნება, მანქანის მართვა ისწავლა და თავისი ნაშრომი ფულით “ჟიგული” შეიძინა. მაშინ სამსახურიც ჰქონდა და სახლიც თბილისში. 14 წლის წინ კი იძულებული გახდა, თავის “ჟიგულზე” ტაქსის აბრა დაედგა და საარსებო ფული მძღოლობით გამოემუშავებინა. ახლა “ოპელის” საჭეს უზის.

65 წლის ქალი ზოგჯერ დილის 4 საათამდე მუშაობს. ფულს აგროვებს, რომ გამოიხსნას სახლი, რომელიც ვალის გამო დააგირავა. ბევრი კლიენტი უკვე მისი მეგობარია, რადგან კომუნიკაბელურ, პოზიტიურ ტაქსისტთან ურთიერთობა ყველას კარგ განწყობას უქმნის.

– ქალბატონო ელიკო, მოგვიყევით თქვენი ცხოვრების შესახებ, რა გზა გამოიარეთ აქამდე.

– ქიზიყელი ვარ. სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში დავიბადე, გავიზარდე და სკოლაც იქ დავამთავრე. თბილისში 19 წლის ასაკში ჩამოვედი. ტექნიკუმი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე. აბაშიძის ქუჩაზე, პურის მაღაზიაში თითქმის 30 წელი ვიმუშავე. შემდეგ ვიყავი ერთ-ერთ მარკეტში, მაგრამ პრივატიზაციები რომ დაიწყო, სამუშაო აღარ მოგვცეს.

იძულებული გავხდი, ტაქსის მძღოლად დამეწყო მუშაობა. ახლა ქირით ვცხოვრობ. ვალებში გადავვარდი და ჩემი ბინა, რომელიც აბაშიძეზე მაქვს, დავაგირავე.

– ქმარი, შვილები თუ გყავთ?

– შვილები არ მყავს, გათხოვილი არ ვარ. მყავს ძმისშვილებიც, დისშვილებიც, შვილთაშვილებიც, ზოგი თბილისში ცხოვრობს, ზოგი – სოფელში, მაგრამ მირჩევნია ჩემთვის, მარტო ცხოვრება.

– რამდენი ხანია, რაც ტაქსის მძღოლი ხართ?

– 14 წელია. 8 წლის წინ “ჟიგული” მყავდა და ქალი ტაქსის მძღოლი მარტო მე ვიყავი მთელ თბილისში.

– როდის ისწავლეთ მანქანის მართვა?

– დაახლოებით 40 წლის ასაკში. პატარაობიდანვე მქონდა სურვილი, რომ ჩემი ფულით “ჟიგული” მეყიდა და შევიძინე კიდეც. მანქანის მართვა ავტოსკოლაში ვისწავლე.

– მაინცდამაინც ტაქსის მძღოლობა რატომ გადაწყვიტეთ? ალბათ მართვა შეგიყვარდათ, თორემ შეიძლებოდა სხვა საქმისთვისაც მოგეკიდათ ხელი.

– მეზობლებმაც მითხრეს, შენ ისეთი ყოჩაღი ხარ, ამ საქმის კეთებას შეძლებ, ჩვენც გამუშავებთ, ბავშვებს გატარებინებთ სკოლასა და ბაღშიო.

– საზოგადოებამ როგორ მიგიღოთ, რას ამბობდნენ, როცა ქალს ხედავდნენ საჭესთან?

– ადრე ძალიან უკვირდათ, ყველას უნდოდა, ჩემს მანქანაში ჩამჯდარიყო. ახლა იმდენად აღარ აქვთ ასეთი რეაქცია, მაგრამ ვინც პირველად მხვდება, ისინი მაინც გაოცებულები მიყურებენ, უფრო იმიტომ, რომ ასაკში ვარ. ჩემი დანახვისას ქალებს სულ სხვაგვარი რეაქცია აქვთ, უხარიათ, თავს კომფორტულად გრძნობენ. ბევრი მგზავრი დამიმეგობრდა და ახლა ჩემი მუდმივი კლიენტები არიან. მირეკავენ და მეც სიამოვნებით ვემსახურები.

– ყოველდღე მუშაობთ?

– დიახ, ყოველდღე ვმუშაობ. დილით გავდივარ, პიკის საათებში ვისვენებ და საღამოს 8 საათისთვის ისევ გავდივარ. ზოგჯერ ღამის 4 საათამდეც ვმუშაობ.

– იმდენ ფულს გამოიმუშავებთ, რომ ქირაც გადაიხადოთ და თავიც ირჩინოთ თუ კიდევ გაქვთ დამატებითი შემოსავალი?

– პენსია მაქვს, მეტი არაფერი. ფული არ მყოფნის, მაგრამ სხვა რა გზაა.

– ბინა რატომ დააგირავეთ, რა შეგემთხვათ?

– ჩემი სახლია, ყველაფერი ჩემი შრომით შევიძინე. 8.000 დოლარად დავაგირავე. ისეთი არაფერი, ახლობელს ვეხმარებოდი, მეგობარს. მერე თვითონაც ვეღარ იშოვა ფული და ასე მოხდა.

– გქონიათ ავტოსაგზაო შემთხვევები?

– როგორ არა. უცებ მანქანამ გაირბინა, ჩქარა მოდიოდა და ჩემი ავტომობილი ცოტათი გაკაწრა. სერიოზული ავარია არასდროს მომსვლია.

– ყოფილა შემთხვევა, როცა მგზავრს ფული არ გადაუხდია?

– ერთმა პატარა გოგომ “გადამაგდო” 3 ლარში და ერთმა ბიჭმა – 4 ლარში. როცა დანიშნულების ადგილას მივიყვანე, თანხა აღარ გადამიხადეს.

– ალბათ ხშირად მოგისმენიათ, როგორ აკრიტიკებენ ქალ მძღოლებს. თქვენ რას ფიქრობთ, არის განსხვავება ქალებისა და მამაკაცების მართვის სტილში?

– უცოდინარი ვერც ქალი მართავს მანქანას და ვერც კაცი. გუშინ რომ დაჯდება საჭესთან, 17-18 წლის გოგო იქნება თუ ბიჭი, მან როგორ უნდა გაატაროს?! ეს პროფესია ასეთი იოლი არ არის, თან ისეთ გადატვირთულ გზებზე, როგორიც თბილისშია. რა თქმა უნდა, პრაქტიკა და დრო სჭირდება ყველაფერს. ზოგ ქალს, 40 წელი საჭესთან რომ ზის, ვერ აჯობებს კაცი, რომელმაც მართვა ერთი წლის წინ დაიწყო.

– რაზე ოცნებობთ ახლა?

– ჩემი ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ დაგირავებული ბინა გამოვისყიდო და სანამ შევძლებ, ვიმუშაო. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო.

– არ გიფიქრიათ სოფელში დაბრუნებაზე?

– ხალხი სოფლიდან ქალაქში მოდის და მე წასვლას არ ვაპირებ.

 ლელა დევდარიანი, სარკე