კიბო ორი ინექციით დამარცხდება _ გამოგონება, რომელიც კაცობრიობას შეცვლის და შვილები ,,დამონტაჟებით”

კიბო ორი ინექციით დამარცხდება _ გამოგონება, რომელიც კაცობრიობას შეცვლის და შვილები ,,დამონტაჟებით"1980-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკა დღევანდელი რეალობა ისე გახდა, რომ ამაზე ფიქრით დიდად თავი არ შეგვიწუხებია. მაშინ ბევრისთვის დაუჯერებლად ჟღერდა, რომ სულ მალე ხელში სუპერკომპიუტერის ძალის ხუთსანტიმეტრიანი ანდროიდი ეჭირებოდა.

იქნებ სამიოდე  ათეული წლის წინ ციფრული სამყარო ზუსტად იმ ადგილას იდგა, რა ადგილზეც ახლა გენური ინჟინერია დგას. არც ახლა ვსაუბრობთ დიდად იმაზე, განვითარების თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით, რას ვაკეთებთ და რას გავაკეთებთ ისეთს, რაც დროის სვლასთან ერთად ნორმალური მოვლენა გახდება, თუმცა, ჩვენდა შეუმჩნევლად, ადამიანთა ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

მეცნიერები ზუსტ დროს ვერ ასახელებენ, მაგრამ  ვინ იცის, იქნებ 2040 წლისთვის, დღეს დაწყებული ექსპერიმენტების კულმინაციის ხანაში რომ შევაბიჯებთ, ჩვენს მეზობლად დასახლებულმა ახალგაზრდა წყვილებმა თან მოიყოლონ აბსოლუტურად სრულყოფილი, უნაკლო გენომის მქონე გენმოდიფიცირებული ბავშვები.

იქნებ მშობლების მთავარი საზრუნავი და  მიზანი შვილის მომავლის უზრუნველსაყოფად ჩანასახშივე მისი სრულყოფილი ,,დამონტაჟება” გახდეს, რის შედეგადაც ჯერ არდაბადებული შვილების დიზაინი ადამიანების ყოველდღიური საფიქრალი და საჭორაო თემა იქნება.  ან რატომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ დაპირისპირებებისა და სოციალური კონფლიქტების ათასი წყება,  რისი საფუძველიც ის გახდება, რომ  სრულყოფილად გენმოდიფიცირებულმა განახლებადი ფუნქციის მქონე „ვარსკვლავბიჭუნები“ დაცინვით წაუთაქებენ ჩვეულებრივ თანატოლს, შენ რა ყველაფერი ბუნებრივი გაქვსო.

ეს ისე, ხუმრობით, თორემ ამის უკან ათასი საფრთხე შეიძლება წარმოვიდგინოთ. ,,ვარსკვლავბიჭუნებმა” შეიძლება ისეთი ომები გამოიწვიონ, კაცობრიობა გაანადგურონ.

ასეა თუ ისე, მეცნიერებმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიიღეს ადამიანი, რომელიც სამი მშობლის გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავდა, ამას უბუმბულო ქათმები, კუნთიანი ბაყაყები თუ მანათობელი თევზები მოჰყვა. მაგრამ აქამდე გენური ინჟინერია უამრავ ფულს, დროსა და კომპლექსურ სამუშაოებს მოითხოვდა. ეს ყველაფერი კი გენური ინჟინერიის რევოლუციური მიღწევის, CRISPR-ის უახლოესმა ტექნოლოგიამ სრულიად შეცვალა და ახალ ფაზაში გადაიყვანა.

CRISPR ითარგმნება როგორც მოკლე პალინდრომული (სიტყვა, ფრაზა ან ლექსი, რომელიც წაღმა და უკუღმა ერთნაირად იკითხება. მაგალითად, ატამი ითესა _ ასეთი იმატა) განმეორებები რეგულარულად განლაგებული ჯგუფებით.  მისი დახმარებით ინჟინერიის ხარჯები 99%-ით შემცირდა.

CRISPR-ის ტექნოლოგიამ თუ განვითარება გააგრძელა და თავის მიზნებს მიაღწია, ზემოთ აღწერილ სავარაუდო სცენარებზე ფიქრი ნამდვილად მოგვიხდება.

შეიძლება ითქვას, რომ იგი  მართლაც წარმოუდგენელ პერსპექტივებს გვიხსნის. მეცნიერები აღარ დაობენ იმაზე, რომ CRISPR-ს აქვს პოტენციალი, კაცობრიობის მომავალი სამუდამოდ შეცვალოს. მისი დახმარებით შესაძლებელი ხდება, ამოშალონ, შეცვალონ და ადგილმდებარეობა შეუცვალონ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის დნმ-ს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგი მუშაობს ყველა სახის უჯრედისთვის, იქნება ეს მიკროორგანიზმის, მცენარის, ცხოველისა თუ ადამიანის.

რატომ გვაქვს საშუალება, ეს აღმოჩენა ჩვენს მიზნებს ზუსტად მოვარგოთ და ადამიანთა სასარგებლოდ გამოვიყენოთ?

მთავარი ისაა, რომ მისი დახმარებით გენებზე ზუსტი მოქმედების  ბრწყინვალე შესაძლებლობა გვეძლევა. საინტერესოა, რომ თუკი მანამდე ყველა ახერხებდა, გენების ახალი მოდიფიკაცია მიეღო უბრალო შეჯვარების გზით, ახლა იმავეს გაკეთება, თანაც სრული სიზუსტით CRISPR-ის დახმარებით იქნება შესაძლებელი.

CRISPR-ის მოქმედების სამ მექანიზმს მიაკვლიეს, ამათგან კი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული მეორე ტიპია. ის უნიკალურია სხვებთან შედარებით, რადგან ერთადერთი  პროტეინი (CAS9) ესაჭიროება გენების ამოჭრისათვის.

CRISPR-CAS9-ს აღმომჩენად იმანუელ ჩარპენტერია აღიარებული. სწორედ მისი დაფუძნებულია გენური თერაპიის ერთ-ერთი უდიდესი ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც 2013 წლიდან ამ საკითხზე მუშაობს. პირველად ამ წელიწადს მოხდა CRISPR-CAS9-ის საშუალებით გენების კორექციის დემონსტრაცია. აქედან დაიწყო შექმნა მითებისა თუ რეალური მოლოდინების, რომლებიც უამრავ ჩვენგანს ბიოლოგიისა და მედიცინის ახალი მომავლისაკენ ახედებს.

სულ ცოტა ხნის წინ, 2015 წელს ჩინელი მეცნიერები ცდილობდნენ, ადამიანის ემბრიონში ჩაენაცვლებინათ გენები, თუმცა ექსპერიმენტი ბოლომდე არ შედგა. აღმოჩენების სიახლიდან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ნამდვილი სიურპრიზები ჯერ კიდევ არ გვინახავს.

იმას, თუ რატომ არის CRISPR-CAS9 ასეთი მნიშვნელოვანი, არაერთი არგუმენტია. ვინაიდან ეს წარმოადგენს რევოლუციას გენურ თერაპიაში, შეგვიძლია ყველაზე პრობლემური დაავადებების სამკურნალოდ გამოვიყენოთ. ეს დაავადებებია ნამგლისებუჯრედოვანი ანემია, დიაბეტი, კიბო, ფიბროზი…

CRISPR-CAS9-ს შეუძლია ჩაასწოროს ჩვენი იმუნური სისტემა და გადაგვარებული უჯრედებს შეებრძოლოს. ვინ იცის, იქნებ კიბოსგან გასათავისუფლებლად უბრალოდ  ერთი-ორი ინექციაც კი იყოს საკმარისი და მორჩა, ადამიანი განიკურნოს.

CRISPR-CAS9-ით კიბოს მკურნალობის თანხმობა მხოლოდ 2016 წელს გაიცა აშშ-ში, შესაბამისად, დასკვნების გამოტანა ამჟამად ადვილი არ იქნება. ამას გარდა, ამ აღმოჩენას შეუძლია იყოს უძლიერესი იარაღი გენომურ დაავადებებთან საბრძოლველადაც.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ემბრიონებზე ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა. სწორედ ეს არის CRISPR-ზე მომუშავე მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი. გენების ცვლილებასთან ერთად შესაძლებელია,  საკუთარი დიზაინით დავაპროგრამოთ ბავშვები.

მიუხედავად ოპტიმისტური დამოკიდებულებისა, მაინც არ უნდა ავუაროთ გვერდი საფრთხეებსა და არასწორ წარმოდგენებს, რასაც CRISPR-ის ადამიანებზე (განსაკუთრებით ახალ თაობაზე) ექსპერიმენტების საკითხს შეეხება.

ზოგიერთი მეცნიერი გვეუბნება, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენებისას იძულებულები ვიქნებით, რომ დნმ დავაზიანოთ. ასევე სადაოა ისიც, მართლა სწრაფი და მარტივი მეთოდი იქნება თუ არა, ვინაიდან არაა გამორიცხული, რომ გენის ამოჭრა-მიკერებამ კვირები ან მეტიც კი წაიღოს.

არანაკლებ საშიშია ისიც, რომ CRISPR უბრალო გასართობად არ აქციონ მოყვარულებმა ან კიდევ არასწორი და ფატალური შედეგების მომტანი ექსპერიმენტები არ ჩაატარონ მასზე.

ამ ყველაფრის შემდეგ მაინც უნდა გაგვიჩნდეს კითხვა: ღირს კი ამაზე დაყრდნობა და იმედების ჩასახვა? პასუხი ალბათ ისეთივე მრვალგვაროვანია, როგორიცაა აზრები CRISPR-ის ახალ ტექნოლოგიაზე.

აშკარა მხოლოდ ისაა, რომ რადიკალური ცვლილებებისთვის მუდმივად მზად უნდა ვიყოთ.  იმისთვის, რომ გავიგოთ, რა უნდა, რას გვიმზადებს და რას გადაგვყრის სწრაფად პროგრესირებადი ბიოტექნოლოგიები ან რა გველის 2040 წლისათვის, მოთმინებით უნდა გავუწიოთ ანგარიში დროს.

თამარ ტყემალაძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019