“ორი მამაკაცი მიყვარდა და ორივე დავკარგე, ქმართან მოვალეობის გამო ვცხოვრობ”

"ორი მამაკაცი მიყვარდა და ორივე დავკარგე, ქმართან მოვალეობის გამო ვცხოვრობ"არიან ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, მით უფრო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, რომლებიც მათი ბედის განმსაზღვრელია. შეიძლება თუ არა, გოგოს ერთდროულად უყვარდეს ორი ვაჟი და ვერც ერთს თმობდეს? ამის მაგალითი არა მხოლოდ ლიტერატურაში, ჩვენს რეალობაშიც არსებობს. სიყვარული ორი პიროვნების მიმართ განსხვავებულია – ერთი შეიძლება უფრო მგზნებარე იყოს, მეორე – მშვიდი, ერთს შეიძლება ინტერესი განაპირობებდეს, მეორეს – შინაგანი მსგავსება, ერთს შეიძლება გრძნობა გკარნახობდეს, მეორეს – გონება…

შედეგი? შინაგანი გაორება და ყოყმანი, რომელიც ქრონიკულ სახეს იღებს. ჩვენი რესპონდენტი, შუახნის ქალი, მარინა, თავის ამბავს გვიამბობს, დასკვნების გაკეთება კი მკითხველისთვის მიგვინდვია.

მარინა:

– ორი კურდღლის მდევარი რომ ვერც ერთს დაიჭერს, ეს სიბრძნე მე გამოვცადე. სანდრო ბავშვობიდან მიყვარდა. თავისუფალი, თამამი ბიჭი გახლდათ. მე ჭკვიან, მოწესრიგებულ გოგოდ ვითვლებოდი და განსხვავებულმა ნატურამ დამაინტერესა. ცოტა თავზეხელაღებულიც იყო და ამითიც მიმიზიდა. გრძნობის გამოხატვის მერიდებოდა. ჩემს შიგნით, ფარულად მიყვარდა.

– მეგობრობდით?

– თავიდან ცალკე წრე ჰყავდა. შეხვედრა გვიწევდა, მაგრამ ურთიერთობის სურვილი არ ჰქონია, არც მესალმებოდა. ამით გულს მტკენდა, თუმცა კიდევ უფრო მიზიდავდა. მოგვიანებით დავმეგობრდით. ეს შემთხვევამ განაპირობა. ერთ მომენტს შევესწარი, რომლის გამჟღავნება მისთვის არასასიკეთო იქნებოდა. არ გავთქვი, საიდუმლო შევუნახე. ამით დამაფასა და დამიმეგობრდა.

ჩემმა დაქალმა, მაკომ, მითხრა, ტყუილად არავის დაუმეგობრდება, ალბათ შენგან რაღაც უნდაო. არ მესიამოვნა ნათქვამი. მაკო არ იყო ისეთი გოგო, გესლი ჩაეწვეთებინა ჩემთვის, გულწრფელად ფიქრობდა ასე. ვერც იმას მივხვდი, რა შეიძლებოდა სანდროს ჩემგან სდომოდა. ბოლოს დავასკვენი, ალბათ საიდუმლო რომ შევინახო, ამიტომ უნდა, ახლოს ვყავდე-მეთქი, თუმცა ყოველთვის არ ვფიქრობდი ასე, ვინაიდან ამის საბაბს არ მაძლევდა. სულ რომ ასე მეფიქრა, ვერ დავუახლოვდებოდი.

– დაქალის ნათქვამი მაინც ჩაგრჩათ გულში?

– სიტყვები არ იკარგება, სადღაც მაინც რჩება, ცნობიერებაში ილექება… თუ ეჭვი შემეპარებოდა სანდროში, მაშინვე მიტივტივდებოდა მაკოს ნათქვამი და ვცდილობდი, სანდროსთან უფრო ახლო ურთიერთობაში არ შევსულიყავი.

– სანდრომ იგრძნო თქვენი სიყვარული?

– თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მასთან საუბრისას ყოველ ჯერზე ვწითლდებოდი, უნდა ეგრძნო, თუმცა მაშინ სხვა გოგოებს დასდევდა და მეც ვცდილობდი, ილუზიების ტყვეობაში არ მოვქცეულიყავი. ის იმდენად ორგანული გახდა ჩემთვის, თითქოს დამავიწყდა, რომ ცალმხრივად მიყვარდა. სხვა გოგოებთან ურთიერთობაში ვგულშემატკივრობდი და ვერ წარმოვიდგენდი, რა შეიძლებოდა დამმართნოდა, სხვისი შეყვარებული რომ გამხდარიყო.

– შედეგად რა მიიღეთ?

– რაღაც მომენტში ყველა გოგოზე მაღლა დამაყენა და ამის შემდეგ სხვა თვალით შემომხედა. ვგრძნობდი, რომ განსაკუთრებულად აღმიქვამდა, თუმცა სიყვარულში ვერ მიტყდებოდა. ჩემი ილუზია არ გეგონოთ, ამას სხვებიც ამჩნევდნენ. გაორებული ვიყავი: ერთი მხრივ, ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი, მეორე მხრივ, ვეწინააღმდეგებოდი ჩემს თავს – რომ ვუყვარდე, ხომ მეტყოდა-მეთქი.

– ზოგჯერ ბიჭებს უჭირთ სიყვარულის ახსნა გოგოსთვის, რომელიც ნამდვილად უყვართ.

– სანდროს ჰქონდა შინაგანი სიმორცხვე, რომელსაც თამამი ქცევებით მალავდა. ეს არ აძლევდა საშუალებას, ჩემთან სიყვარულზე ესაუბრა, თამამი სხვების მიმართ იყო. მის დამოკიდებულებას ირგვლივ ყველა გრძნობდა. გვჭორავდნენ კიდეც.

– თქვენს მშობლებს ალბათ არ გამოეპარებოდათ ეს, “თავზეხელაღებულ” ბიჭთან სიახლოვეს როგორ შეხვდნენ?

– უარყოფითად. დედას ჩემი გრძნობაც არ გამოპარვია, ამიტომ აშკარა გამოწვევას თავი აარიდა და ფარულად იბრძოლა. მიქებდა ახლობლის შვილს, პაპუნას, რომელიც სანდროს ანტიპოდი იყო. ერთხელ შინ მოიწვია ოჯახთან ერთად და გამაცნო. პაპუნა იყო სიმპათიური, ნაკითხი, სასიამოვნოდ მოსაუბრე, კულტურული, პერსპექტიული ბიჭი, დახვეწილი მანერებით.

მშობლებიც თბილი და ტკბილი ჰყავდა. მამამისი თანამდებობის პირი გახლდათ, მაგრამ ამას ვერ შეატყობდით – თავმდაბლობის, უშუალობის, უბრალოების განსახიერება იყო. დედა კი სულ თაფლად იღვრებოდა. ასეთ ოჯახში გაზრდილ ბიჭს, ბუნებრივია, კარგი თვისებები ექნებოდა.

– დაახლოვდით?

– დიახ. შემდეგ მათ დაგვპატიჟეს ოჯახში. შევდგი თუ არა ფეხი, ყველაფერი იმდენად ჩემეულად მეჩვენა, მეგონა, იქ დავიბადე და გავიზარდე, თითქოს ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ბედი. ჩემებიც ამას ჩამაგონებდნენ. პაპუნას მხრიდან სიმპათია ვიგრძენი და მეც კეთილგანწყობით ვუპასუხე.

– ამ დროს კი სხვა გიყვარდათ, თანაც ეს არ იყო ცალმხრივი სიყვარული.

– დიახ, მაგრამ… 22 წლის ვიყავი. სანდროს მხრიდან სიყვარულს ვგრძნობდი, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. 3 წელი გაატარა დუმილში. ამ პერიოდში ალბათ გოგოებსაც ხვდებოდა, რადგან ბიჭი, თანაც ასეთი, ქალის გარეშე ვერ გაჩერდებოდა. ეჭვები მხრავდა, მაღიზიანებდა.

– არც თქვენ ეცადეთ, ნაბიჯი გადაგედგათ, მისი სიმორცხვე რომ დაგეძლიათ?

– გამოუცდელი ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მექნა. მეგონა, ბიჭს უნდა ეაქტიურა. თანაც მეშინოდა, არ ვიცოდი, ჩვენი თანაცხოვრება შედგებოდა თუ არა, მშვიდად ვიქნებოდით თუ არა.

– მშვიდი ცხოვრების გარანტიას პაპუნაში ხედავდით?

– ასეა. პაპუნა უფრო მისაღები აღმოჩნდა ჩემთვის. მის მიმართ გამიჩნდა სიმპათია და თან რაღაც უცნაური გრძნობაც – თითქოს ჩემი იყო, მშობლიური. ერთი სიტყვით, სანდრო და პაპუნა – ორივე მიყვარდა სხვადასხვაგვარად. პაპუნას ოჯახი ჩემთვის დასაყრდენი იყო, რასაც ვერ ვიტყოდი სანდროზე. მისი მშობლები გაყრილები იყვნენ, სანდროს მამას სხვა ცოლი ჰყავდა, დედას კი – სხვა ქმარ-შვილი. სანდრო ბებიასთან იზრდებოდა. ამ არეულ ოჯახში ვიპოვიდი კი ბედნიერებას?..

ჩემი მშობლები აქტიურობდნენ, რომ ჩემი და პაპუნას ამბავი ქორწინებით დაგვირგვინებულიყო.

– მეტოქის გამოჩენა ბიჭს ააქტიურებს. სანდრო ამ შემთხვევაში როგორ მოიქცა?

– გააქტიურდა მაშინ, როცა პაპუნასთვის თანხმობა მქონდა მიცემული. სანდრომ რომ სიყვარული ამიხსნა, ლამის გული წამივიდა ემოციისგან, მაშინ მივხვდი, რამდენად ძვირფასი იყო ჩემთვის. პაპუნასთვის მიცემული თანხმობა მაფერხებდა, არც სანდრო მეთმობოდა.

სანდროს ვუთხარი, პირობას ვერ დავარღვევ-მეთქი. ეწყინა და ჩემ გასაღიზიანებლად სხვა გოგოსთან გაიარა. ჩემს ადგილას სხვა ალბათ ზურგს შეაქცევდა და უსიტყვოდ გაჰყვებოდა პაპუნას, მე პირიქით დამემართა, დავიწყე სანდროს შენარჩუნებისთვის ბრძოლა, პაპუნას კი ქორწინება გადავუდე.

გულს და გონებას – ორივეს ყურს ვუგდებდი. გული ერთს მკარნახობდა, გონება – მეორეს. ხან ისე ვიქცეოდი, ხან ასე… სულ ავირიე.

– მსგავს შემთხვევაში გოგო იმ ბიჭს რჩება, ვინც იყოჩაღებს. თქვენი ამბავი როგორ დასრულდა?

– სანდრომ მომიტაცა, მეგობრის მანქანით სოფელში გამაქანა. თავიდან ეიფორიაში ვიყავი, ვიფიქრე, ჩემი ბედი გადაწყდა-მეთქი, მაგრამ როგორც კი სოფლის სახლში მასთან პირისპირ აღმოვჩნდი, შიშმა შემიპყრო. ეს იყო კაცთან პირველი ურთიერთობის შიში, რომელიც სხვა სახის შიშებში გადაიზარდა. ყველაფერი ერთად ამომიტივტივდა გონებაში – ჩემი მშობლების რეაქცია, პაპუნას მშობლებისაც. თვალწინ დამიდგა პაპუნას გაწბილებული სახე. ისიც კი გამახსენდა, ჩემმა დაქალმა, მაკომ, სანდრო აუგად რომ მოიხსენია წლების წინ.

– და სანდროს უარი უთხარით.

– ავტირდი. ვთხოვე, სახლში დამაბრუნე-მეთქი… კარგად დაფიქრდიო, მითხრა. მაინც დავიჩემე. უთქმელად წამომიყვანა უკან, თუმცა გზაში ისე იარა, ლამის მანქანა დაამტვრია. დაძაბული ვიჯექი და ვფიქრობდი, კიდევ კარგი, მისი ცოლი არ გავხდი, მოსვენება არ მექნებოდა-მეთქი.

ამასობაში თბილისში გაიგეს ჩვენი ამბავი. ჩემები გამწარებულები დამხვდნენ. პაპუნამ მოინდომა სანდროსთან საქმის გარკვევა, მაგრამ გავაჩერე – მთლად მისი ბრალიც არ არის, მე შევიყვანე შეცდომაში-მეთქი. შემეშინდა, ბიჭებს შორის რამე არ მომხდარიყო.

პაპუნას ეგონა, სანდროს დანაშაულს ჩემს თავზე ვიღებდი. თუ ასეა, მაშინ ახლავე ცოლად გამომყევი, ქორწილს მერე გადავიხდითო, მითხრა. ჩემი დაკარგვის შეეშინდა. ისევ გადავუვადე, ემოციურად მზად არ ვარ-მეთქი.

ჩემები მაძალებდნენ, პაპუნას გავყოლოდი. ამ ძალდატანებამ კი უარყოფითად იმოქმედა – ახლა სანდრო შემეცოდა, პაპუნას ცოლი რომ გავხდე, რა ეშველება, არც დედა უდგას გვერდით, არც მამა, გზას არ აცდეს-მეთქი…

საბოლოოდ ორივე დავკარგე. ეს მძიმედ გადავიტანე, თავს ვგმობდი – არ ვარ სიყვარულის ღირსი-მეთქი. დროთა განმავლობაში ორივემ აიწყო ცხოვრება, ორივე დაოჯახდა.

– თქვენც ხომ შექმენით ოჯახი, შვილი გყავთ…

– 30 წელს რომ გადავცდი, მარტო დარჩენის შემეშინდა და გავყევი კაცს, რომელმაც ხელი მთხოვა. შვილიც შეგვეძინა, ელენე. ჩემი მეუღლე მშრომელი, ნორმალური ადამიანია, ვუძღვებით ცხოვრებას, მაგრამ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს. სიყვარულით შექმნილი ოჯახები მაინც სულ სხვაა, თან მდევს უკმარისობის განცდა და ვცდილობ, ამ თემაზე არ ვიფიქრო. სამაგიეროდ, ჩემს შვილს შთავაგონებ, რომ უსიყვარულოდ არ გათხოვდეს.

– ოჯახის ქალისთვის ცოტა უხერხულ კითხვას დაგისვამთ: ამ გადმოსახედიდან, თავისუფალი რომ იყოთ, რომელზე შეაჩერებდით არჩევანს: სანდროზე თუ პაპუნაზე?

– პასუხი არ მაქვს. ერთი იქნებოდა თუ მეორე, სიყვარულით ვიცხოვრებდი და იმ შინაგან პრობლემებს ავცდებოდი, რის წინაშეც ახლა ვდგავარ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ. არც ერთის გაწბილება მინდოდა… საბოლოოდ რა გამოვიდა – თუ ვინმე გავაწბილე ცხოვრებაში, ეს, პირველ რიგში, საკუთარი თავია.

– თქვენი ქალიშვილი ალბათ უკვე დიდია.

– 22 წლისაა, ჭკვიანი, ლამაზი გოგოა. სამწუხაროდ, ჩემი ხასიათი გამოჰყვა. მეშინია, ბედიც ჩემნაირი არ ერგოს.

– შეყვარებულია?

– ორ ბიჭს შორის დგას, ორივე მოსწონს. გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

– თქვენ რა არჩევანისკენ უბიძგებთ?

– დედას საუკეთესო უნდა შვილისთვის, მაგრამ ორივე ბიჭი კარგია, ვერც ერთს ვიწუნებ. ელენეს ვურჩევ, არ გაწელოს დრო, რომელიც გადამწყვეტია. ერთ-ერთი უნდა დათმოს, რა ვქნათ, თუ გულს ატკენს. სამაგიეროდ, ორ ადამიანს გააბედნიერებს: საკუთარ თავს და მეორეს.

ელენე იჩემებს, რომელიმეს თუ გავწირავ, ბედნიერი ვერ ვიქნებიო. აბა, რა უკეთესია, ორივე დაკარგო და მერე უსიყვარულოდ გათხოვდე-მეთქი, ვეკითხები. ამის გააზრებაც არ უნდა, ჰგონია, დრო გადაწყვეტს ყველაფერს. მეკითხება, შენ ხომ ბედნიერი ხარ მამასთანო.

– შვილთან ალბათ არ ამჟღავნებთ თქვენს შინაგან განცდებს…

– მინიშნებებს ვუკეთებ, ვერაფრით ვეტყვი, ქმართან მოვალეობის გამო რომ ვარ. ელენეს უზომოდ უყვარს მამა, აბოდებს მასზე. რუდუნებით გავზარდეთ. ჩემი მეუღლე მეოჯახე კაცია, შვილზე ზრუნავს.

ელენეს ჰგონია, ოჯახში ყველაფერი წესრიგშია. რომ ვუთხრა, მამაშენი არ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია-მეთქი, ხომ ჩაეწვება გული, ხომ დაენგრევა 22 წლის მითი ბედნიერ ოჯახზე. ეს მის ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედებს… თანაც, უგულობა რომ შემნიშნოს, მის თვალში დავკარგავ ავტორიტეტს და მრჩევლადაც ვეღარ გამოვდგები. ამიტომ ვფრთხილობ, რომ არაფერი შემეშალოს. არ ვიცი, რა იქნება სამომავლოდ, ძალიან ვდარდობ.

 ნანა კობახიძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019