ლელა კაკულია: ,,ჩემი შვილი მსოფლიოს გააკვირვებს, მას კოლოსალური ენერგიები იცავს”

ლელა კაკულია: ,,ჩემი შვილი მსოფლიოს გააკვირვებს, მას კოლოსალური ენერგიები იცავს"ლელა კაკულიას ქალიშვილი, თამარ პატარაია, თაკო ჩარკვიანის პარტიის „კანონი და სამართლის“ წევრი გახდა. პოლიტიკაში მისმა გამოჩენამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ოპონენტებს ლელა კაკულიამ  გასცა პასუხი:

,,ჩემი თამარი პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩნდა. ეს მისთვის ჯერ მოთელვაა. მე არაფერში ვერევი.
მე ვიცი, რაც მოხდება. ვხედავ, ყველა ნაბიჯი, რომელსაც თამარი გადადგამს, გამართლებული იქნება. ის ჯერ პატარაა, ჯერ კიდევ სწავლობს, ჯერ კიდევ აგროვებს ცოდნას, მერე კი ძლიერ ნაბიჯებს გადადგამს და ხელისუფლებაშიც მოვა. აი, პენსიონერი პოლიტიკოსები კი მთლიანად გადაირეცხებიან არენიდან.

თამარი ამისთვის დაიბადა და ასეთი დაიბადა. ეს მისია აკისრია და კიდეც განახორციელებს მას.
თამარის წინააღმდეგ წამოწყებული ყველა შეტევა კრახით დასრულდება. ვერავინ ვერაფერს ვერ გახდება! მას კოლოსალური ენერგიები იცავს და სწორედ ამ კოსმიურ ენერგიებს მიჰყავს იმ გზით, რომლითაც ის მოძრაობს.

ასე რომ, ვინც რა უნდა თქვას, თამარ პატარაიას ვერასდროს ვერაფერს ვერ დაუშავებს. ის გააკეთებს იმას, რისთვისაც დაიბადა და რაც მე მისი დაბადებისთანავე ვიწინასწარმეტყველე. ვიწყებ თაკოს დაფიქსირებას. არ მინდოდა, მაგრამ არ შეიძლება. იგი ისეთი ფენომენია, მთელ მსოფლიოს გააკვირვებს!”.

ლელა კაკულია ამბობს, რომ მის ქალიშვილს წინასწარმეტყველების ძლიერი უნარი აქვს და მაგალითად წლების წინანდელი ჩანაწერები მოაქვს:

1998 წელი, 22 სექტემბერი, დღის 12 საათი, კოჯორი.
სახლში თაკო გაღვიძებული დამხვდა. „მამიკო, მამიკო!“ — დასდევდა სიმონიკოს. — „გენერატორი ჩართე, ჩართე!“ სიმონმა უპასუხა, რად გინდა გენერატორი, შუქი არის და მულტფილმს ჩაგირთავო (ძალიან უყვარს თაკოს მულტფილმები, თეატრი, სიმღერები. ბაძავს პერსონაჟებს საოცრად, დიალოგებს ყვება ზუსტად და მღერის კიდეც).
არ გასულა თხუთმეტი წუთიც კი, რომ შუქი ჩაქრა და სიმონს მოუწია გენერატორის ჩართვა.
* * *
მარო სახლს ალაგებდა და გვთხოვა, გარეთ გადითო. წავედით წყაროზე წყლის მოსატანად. თაკო მანქანაში იჯდა უკან.
„მამა“, — მიმართა სიმონს. — „მე ახლა ბახანს ვიზამ“, — ესე იგი, გადავვარდებიო. გაგვეცინა.
წყაროს რომ მივუახლოვდით, სიმონმა ცუდად იხმარა მუხრუჭი, თაკო უცებ გადმოვარდა და კისრით ჩაერჭო სკამებს შორის. მე და სიმონმა ერთმანეთს გადავხედეთ. „კაკულია“, — მითხრა სიმონმა. — „თაკო რომ ამბობს რამეს, რაღაც ძალიან სწრაფად სრულდება…“
* * *
1998 წლის აგვისტოში თაკო შევარდნაძე გვეწვია სტუმრად კოჯორში. მის მოტანილ სურათს ვათვალიერებდი. მეგობრებთან ერთად იყო გადაღებული ამერიკაში. ამ დროს ჩემი თაკო მოვიდა, სურათს ხელი დაადო, ცოტა ხანს გააჩერა პატარა ხელი და მერე თქვა: „აი, ბიჭი, თვალები ვავა (ანუ, სტკივა)“.
როცა დიდი თაკო (ასე ვეძახი შევარდნაძეს) ამერიკაში წავიდა, შეხვდა იმ ბიჭს და გაარკვია, რომ თვალების ანთება ჰქონია და სამი დღე სტკიოდა თურმე.
* * *
2000 წელი, 30 ივლისი.
თაკომ ბაღში შესვლისთანავე მიიპყრო ბავშვების ყურადღება, მაგრამ მან თავისი კალათით ხელში, გულგრილად ჩაუარა ბავშვებს და მოშორებით დავსხედით. ამოვალაგეთ სათამაშო ჭურჭელი და სკამზე გავშალეთ. მალე ყველა ბავშვი ჩვენთან მოგროვდა. მათ შორის იყო 3 წლის ვატო. თაკომ შეხედა ვატოს, მერე მე ამომხედა და მითხრა:
– ამ ბავშვს ნახველი აქვს და ლაპარაკი უჭირს.
არადა ბიჭს ხმა არც ამოეღო ჯერ. ვატო ყურადღებით შევათვალიერე, მაგრამ ის ძალიან ჯანმრთელად გამოიყურებოდა და თაკოს ვკითხე, ეგ საიდან მოიტანე-მეთქი.
მან სერიოზულად, დიდი ადამიანის მზერით შემომხედა (რაც ხშირად იცის) და გაბრაზებულმა მომიჭრა:
– ვიცი!
ცოტა ხანში ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს და სირბილი დაიწყეს. ვატოს ბებიამ რომ დაინახა შორიდან, ბიჭი დარბოდა, ყვირილით გამოიქცა: ნუ დარბიხარ, ხომ იცი გახველებს, დაიხრჩობიო. მართლაც ვატომ ხველა ატეხა და კარგა ხანს სული ვერ მოითქვა.
მსგავსი რამ თაკოსთვის ადრეც შემინიშნავს, მაგრამ დღეს რაც მოხდა, ჩემნაირი სკეპტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ნანა მასწავლებელი
* * *
მართალია, თაკოს ძალიან ვუფრთხილდები, ბევრ რამეს ვმალავ, რათა ბავშვი არ შეწუხდეს, მაგრამ მთავარია, რომ მისი ეს ღვთიური ძალა მოხმარდეს მსოფლიო ხალხებს, სიკეთეს და მხოლოდ სიკეთეს!
„ჩვენს“ გარეშე თაკოს ყოფნა არ შეიძლება, ამიტომ „ჩვენ“ ვიცავთ მას!
არ გვსურს პატარა, მომავალი უძლიერესი ფენომენის დაღლა და დაძაბვა.
პატარა თაკო (თამარ) პატარაია მსოფლიოს გააკვირვებს!
დედიკო, ლელა კაკულია

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019