ადა მარშანია: ,,მებრძოლი ხალხი მოგვადგებოდა და გაგვრეკავდა პარლამენტიდან”

ადა მარშანია: ,,მებრძოლი ხალხი მოგვადგებოდა და გაგვრეკავდა პარლამენტიდან",,პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს უნდა უპასუხოთ თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და ზოგჯერ უზრდელი ტონალობისა და პასუხების გარეშე, ამის შეხსენება მინდა თქვენთვის”, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, დღეს პარლამენტში ერთადერთი აფხაზი დეპუტატია, რაც ქვეყნის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

„მე იმიტომ კი არ მითქვამს და შემიხსენებია თქვენთვის ერთადერთი აფხაზი დეპუტატი ვარ საქართველოს პარლამენტში, რომ მესარგებლა თურმე ამ უნიკალურობით. ეს უნიკალური ტრაგედია და უბედურებაა ჩემს თავს, ქალბატონო თეა მინისტრო. თუ თქვენ გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? ჩვენს ნაბრძოლზე ხართ იმ თანამდებობაზე და თქვენც წაიბრძოლეთ რაღაც ერთი წელი, დარბოდით რუსთაველზე. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ახლა ნამდვილად ზედმეტად ემოციური განცხადება გამომივიდა“, – განაცხდა ადა მარშანიამ.

რაც შეეხება თეა წულუკიანის მოხსენებას, როგორც მარშანიამ აღნიშნა, მინისტრის პასუხების მოსმენისას გაურკვევლად იგრძნო თავი.

„თქვენ მე ჭკუაც რომ გასწავლოთ რაღაც საკითხებში, უნდა მიიღოთ ეს. პირველი ჭკუის სწავლება ჩემგან. მინდა, შეგახსენოთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს უნდა უპასუხოთ თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და ზოგჯერ უზრდელი ტონალობისა და პასუხების გარეშე, ამის შეხსენება მინდა თქვენთვის.

გუშინ აქ თქვენი ნარცისობა ვიხილეთ. თურმე იუსტიციის დარგში თუ რამე მიღწევა ყოფილა, თქვენი დამსახურებაა, აღვნიშნე კიდეც, თუმცა თქვენ თურმე კომპლიმენტის, შექებისა და კარგი მუშაობის შედეგის დანახვის დაფიქსირების ღირსი არც ყოფილხართ. რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს შეკითხვებს თქვენდამი, ეს არის უნამუსო ილეთი თქვენი მხრიდან. იმიტომ ხომ არა, რომ მე გუშინ თქვენ მთავარი გკითხეთ, აშკარად გამოჩნდა აქ, უკვე მერამდენეჯერ, რომ თქვენ ხელების დაბანა გინდათ და ისე გინდათ წარმოადგინოთ მდგომარეობა, რომ იმ უბედურებაში, რაც მივიღეთ ჩვენ ამ სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმით, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ და ხელებს იბანთ ჩვენს თვალწინ.

მე თქვენ დაგაბრალეთ იმ ავბედითი სიის შემოტანა პარლამენტში ახალი წლის დამდეგს? არ დამიბრალებია. ახლა თქვენ უნამუსოდ, ყოვლად უსინდისოდ თავს იქნევთ იმ სამთავრობო ლოჟიდან, ახლა რა უნდა ელაპარკო ასეთ უნამუსო ადამიანს და ეს ადამიანი იუსტიციის მინისტრი უნდა იყოს? ამ დარბაზში ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს. თქვენ პარლამენტის წევრები ხართ? მე ეს ვითარება და თქვენი დამსახურებაა, ბატონო კობახიძე, რომ პარლამენტს არავითარი ავტორიტეტი არ აქვს ქვეყანაში, რომ პარლამენტის წევრის სტატუსი განულებულია, თქვენი ბრალია და თითოეული ჩვენის, რასაკვირველია, რომ ვითმენთ ამ მდგომარეობას. პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი და საზოგადოება აქ მოგვადგებოდა ჩვენ ყველას და გაგვრეკავდა აქედან. გარეკავდა ამ უნამუსო და უსაქმურ პარლამენტს“, – განაცხდა ადა მარშანიამ.

მისივე თქმით, თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლა იყო ფარისევლური.

„გაგიმარჯოთ თქვენ იმ თქვენს მიღწევებში, ძალიან რთული და დიდი დარგი გაბარიათ ნამდვილად, ეს აღვნიშნე, ნეტავ არ მეთქვა და ის, რომ კატასტროფა მივიღეთ სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმით, თქვენი პასუხისმგებლობაა ეს და თქვენ ხართ ამ პასუხისმგებლობის თავში, შუაში და ბოლოში. რასაკვირველია, მარტო თქვენი დანაშაული არ არის. თქვენ ხართ იმ გუნდის წევრი, რომელმაც ასე უკუღმართად და არასწორად გადაწყვიტა ეს. ამ გუნდს კარგად აფარებთ ხელს და ბევრ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ გინდათ, აფარებთ ხელს. ფაქტები მაქვს და იძულებული ვიქნები, რაღაც მომენტში ეს ფაქტები გამოვამზეურო. არ გაბედოთ არასოდეს ასეთი ტონით, ასეთი მანერით, სიტყვებითა და არგუმენტაციით ჩემთან საუბარი, ქალბატონო მინისტრო, კარგად დაიმახსოვრეთ ეს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

პირველი არხი (ნახეთ ვიდეო)

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019