თეონა თავართქილაძე: “რეზიკოს დამსახურებაა, რომ ბედნიერად ვცხოვრობთ”

თეონა თავართქილაძე: "რეზიკოს დამსახურებაა, რომ ბედნიერად ვცხოვრობთ"დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ წლებთან ერთად ბევრი რამ გადააფასა – რაზეც წლების წინ ნერვიულობდა, ახლა ფიქრობს, რომ ის ამად არ ღირდა. ერთადერთი, რასაც ცვლილებები არ შეეხო, მისი ოჯახური ღირებულებებია, ქმართან, შვილებთან ურთიერთობაა.

– თქვენ და რეზი არველაძეს მრავალწლიანი მყარი ოჯახი გაქვთ. რა არის თქვენი ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?

– ურთიერთგაგება და სიყვარული. რეზიკოს დამსახურება უფრო არის, რომ ბედნიერად და კარგად ვცხოვრობთ, რადგან აბსოლიტურად უკონფლიქტო ადამიანია. სულ იმას ფიქრობს, ხელი შეგიწყოს და ყველაფერი კარგად იყოს. ადრე ძალიან ხშირად დავდიოდით სამოგზაუროდ. მაგრამ ახლა ჩემი საქმიანობის გამო, დიდ დროს ვეღარ ვუთმობთ ერთმანეთს. ჩემი შვილები აქ არ ცხოვრობენ და თვეობით ვიყავი ხან ერთთან, ხან მეორესთან, მაგრამ ახლა სამი დღით წასვლასაც ვერ ვახერხებ.

– რას საქმიანობენ თქვენი შვილები?

– ნიკა მუშაობს საზღვარგარეთ, ცხოვრობს მოსკოვში, ვატო ფეხბურთს თამაშობს და ცხოვრობს პოლონეთში.

– შვილებთან სიმკაცრეს იჩენთ თუ ურთიერთგაგებით ალაგებთ ყველაფერს?

– მკაცრი არ ვარ. ყველაფერში ჩემი შვილების მხარეს ვარ და მათგანაც იგივეს ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სიმკაცრე ჩემგან არ მოდის, დაჟინებულად არაფერს ვითხოვ. მათ ნაცვლად არაფერს ვწყვეტ და ყველაფერი ისეა, როგორც მათ უნდათ, მაინც ვგრძნობ, რომ ჩემი რიდი აქვთ და ჩვენს შორის ზღვარი არსებობს.

– როგორ გოგონებს ისურვებდით თქვენი შვილების მეორე ნახევრებად?

– კარგი დედამთილი ვიქნები და კარგი ხასიათის რძლებს ვისურვებდი.

– როგორც ქალს, კრიზისები თუ გქონიათ?

– გარეგნობასთან მიმართებაში კრიზისული პერიოდი არასდროს მქონია, საქმიანობაში კი ეს ჩვეულებრივი მომენტია. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით, მინდა, რომ უფრო კარგი გამოდიოდეს.

როცა ჩემს საქმეში კრიზისული პერიოდია, მშველიან მეგობრები, ოჯახის წევრები, გუნდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. მშველის ოპტიმიზმი, რომელიც ხასიათში მაქვს.

რა თქმა უნდა, როცა ადამიანი იზრდება, ეცვლება ღირებულებები და ფასეულობები. სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. რაზეც ადრე ნერვიულობდი, მერე ფიქრობ ნეტა, ამაზე რა მანერვიულებდაო.

– ნანობთ რაიმეს განვლილი ცხოვრებიდან?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე ინტერვიუში არ ვისაუბრებ. როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ცხადია, ადამიანი ფიქრობ რაღაც-რაღაცეებზე, ნეტა ისე გამეკეთებინა და არა ასეო.

სარკე, ირმა ჭკუასელი