ხათუნა ხოფერია ,,ოცნებას”: ,,ემანდ შემთხვევით ასანთს არ გაჰკრათ, მშვიდად გაუშვით ეს ჯალათი”

ხათუნა ხოფერია ,,ოცნებას": ,,ემანდ შემთხვევით ასანთს არ გაჰკრათ, მშვიდად გაუშვით ეს ჯალათი"დაჩი ცაგურია ყველა იმ ადამიანს მიმართავს, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დიმიტრი გვრიტიშვილს უნდა დაუჭიროს მხარი. ის 6 წლის წინ მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა 2012 წელს ნაცემი და ნაწამები ,,ოცნების” მხარდამჭერები ისე გაასამართლა, არც უკითხავს, სად მიიღეს დაზიანებები.

-დიმიტრი გვრიტიშვილმა და კიდევ რამდენიმე მოსამართლემ  სრულიად უმიზეზოდ გამასამართლა. სასამართლოებში ერთგვარი ნოტარიუსის ფუნქცია ჰქონდათ. ჩემს არაერთ დაკავებაზე ნოტარიუსის ფუნქცია იკისრეს და არ დაინტერესდნენ, როცა მოსამართლეს შეეძლო დაინტერესებულიყო რატომ ვიყავი ნაცემი, რატომ მქონდა დაზიანებები, რატომ მქონდა წამების კვალი, რომელიც მეტყობოდა იმ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც გვრიტიშვილი განიხილავდა. როცა ვთხოვე, დაინტერესდით, რატომ მაქვს ეს დაზიანებები, დიმიტრი გვრიტიშვილმა მიპასუხა, ეს ჩემი გასარკვევი არ არისო.

იმ პერიოდში ნახმარი ხელსახოცი რომ წარედგინა პროკურატურას და პოლიციას სასამართლოში, მოსამართლეები იმაზეც კი ბეჭედს დაარტყამდნენ. ესენი სააკაშვილთან ერთად იყვნენ იმ სისტემის შემქმნელები.

რა თქმა უნდა, სისტემის მთავარი შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო, მაგრამ დიმიტრი გვრიტიშვილისნაირ ჭანჭიკებს თავისი წვლილი შეჰქონდა საქართველოში ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებაში. სამარცხვინოა ასეთი მოსამართლეები კანდიდატებად რომ დასახელდნენ! უკვე შეურაცხყოფილი ვარ! – ამბობს ცაგურია აიპრესთან.

დაჩი ცაგურიას ამ განცხადებას პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია ეხმიანება.

ხათუნა ხოფერია ,,ოცნებას": ,,ემანდ შემთხვევით ასანთს არ გაჰკრათ, მშვიდად გაუშვით ეს ჯალათი",,რთული დღე დგება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გარკვეული წევრებისთვის!
ეს არ არის დაჩი ცაგურიას პოზიცია! ეს არის ჩვენი, 2012-იანელების, თავისუფალი საქართველოსთვის მებრძოლების პოზიცია! ემანდ შემთხვევით ასანთს არ გაჰკრათ….
მშვიდად გაუშვით ეს ჯალათი. დაისვენოს…”, – წერს ხათუნა ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ  მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა, რომლებსაც კენჭი პარლამენტმა უნდა უყაროს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ჯერჯერობით ვაკანტურია.

2017 წელს საქართველოს კონსტიტუაციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს.