,,პილოტმა გამოაცხადა, რომ ძრავა არ ირთვებოდა” – ქართველები ავიაკატასტროფას გადაურჩნენ

,,პილოტმა გამოაცხადა, რომ ძრავა არ ირთვებოდა" - ქართველები ავიაკატასტროფას გადაურჩნენმიხეილ ნონიკაშვილი ფეისბუქში წერს, ავიაკატასტროფას როგორ გადაურჩა. ის ,,ბორჟღალოსნების” საქომაგოდ გერმანიიდან იტალიაში მიემგზავრებოდა.

,,არ მიყვარს ფრენა, ჰაერში ჩემთვის დრო ჩერდება. ,,ლუფტჰანზამ” მიუნხენიდან გაურკვეველი იტალიური კომპანია გაფრენთო. შევნიშნე, რომ ზოგიერთი ნაწილი თვითმფრინავს თითქოს ,,მომენტი” წებოთი ჰქონდა მიმაგრებული.
მიუნხენის აეროპორტში სხვა თვითმფრინავებზე დაკვირვებამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ ასეთი არც ერთი იყო. აშკარად ძალიან ძველია. ავედით სალონში და ჩვენი ყვითელი ,,მარშუტკა” გამახსენდა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მაახლოებდა ღმერთთან.

როცა სველი ხელსახოცები დაგვირიგეს აფრენამდე, ქვეცნობიერში აზრმა გამიელვა რომ ეს რელიგიური რიტუალი იყო, გაწმენდილი ხელებით ცოდვების განდევნა და მამაზეციერთან შესახვედრად მომზადება. უკვე ყველაფერი გამახსენდა, რას მოვუყვებოდი. დაიძრა…

ჩემდაუნებურად სარეკლამო ჟურნალი ავიღე. პირველ გვერდზე ამ ავიაკომპანიის დირექტორი გვილოცავს, 3 ძველ რეისს ორი ახალი რომ დაემატა… ვიფიქრე, ქართულ საინფორმაციო არხებს გამოვრთავ, იქნებ ყველაფერი კარგად იყოს-მეთქი. მაგრამ ტელევიზორი არ მქონდა.

განვაგრძე კითხვა. კომპანია უპირატესობას ახალგაზრდა პილოტებს ანიჭებსო… ჟანგბადის დეფიციტი იგრძნობოდა, წინ მჯდომ 150 კილოგრამიან იტალიელს დავაბრალე – ალბათ ჩემ წილსაც ეს ისუნთქავს-მეთქი.

ჟურნალი არ ნებდებოდა და გვიხსნიდა: 23 წლის პილოტი მათეო ბედნიერია, ამ კომპანიას რომ შემოურთდა და მზადაა, მე ღმერთან უფრო დამაახლოვოს. მეგობარმა, ექიმმა, მეწარმემ, ლიდერმა ვახტანგმა კი მანუგეშა – ნახე, მარჯვნივ რომ უხვევს, ძრავა ითიშებაო… მადლობა, ვახო.

ალპებზე გადაფრენისას ვგრძნობდი, როგორ ვეხეთქებოდი მთის წვერზე, მაგრამ სიღრმეში ვაცნობიერებდი, რომ მთების ქვეყნის შვილს ამაზე ნაკლები დასასრული არ მეკადრებოდა.

მართლა გაითიშა!  პილოტმა გამოაცხადა, რომ ძრავა არ ირთვებოდა და ელოდნენ რაღაცას ან ვიღაცას დასახმარებლად. ასე ვიდექით ზეცას და მიწას შორის გამოკიდებულები. საბედნიეროდ, ძრავამ უარი მას შემდეგ ,,თქვა”, რაც პიზის გაცვეთილ, ამბროლაურის ტიპის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

ეს ჩემი მეორედ დაბადება იყო. მადლობა, ღმერთო, დაბადების დღეს კიდევ ერთხელ დაბადებისთვის…”.