გია ხუხაშვილი: ,,ცოტა ხანში მივიღებთ უფრო დიდ ,,შავ სიას”

გია ხუხაშვილი: ,,ცოტა ხანში მივიღებთ უფრო დიდ ,,შავ სიას"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. “შავ სიაში” მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.
ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა დადებითი და უარყოფითი შეფასებები. საზოგადოების ერთი ნაწილი მიესალმება აღნიშნულ ნაბიჯს, თუმცა მეორე ნაწილში გაჩნდა პროტესტის გრძნობა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი:

– ეს ყველაფერი წინააღმდეგობრივ განცდებს იწვევს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან მწვავე სოციალური პრობლემა, ვიღაცა თუ თავის თავზე იღებს ამ პრობლემის გადაჭრას, მადლობის მეტი რა გვეთქმის და ეს ნამდვილად უნდა დავაფასოთ.

რაც შეეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლოგიკას, აქ, რა თქმა უნდა, სევდანარევი სკეპტიციზმი გვიპყრობს. ეკონომიკურად ეს პროცესის გაჯანსაღებას არ უწყობს ხელს, პირიქით, უპასუხისმგებლობის სინდრომის პროვოცირებას ახდენს და ჩვენ ცოტა ხანში მივიღებთ უფრო დიდ “შავ სიას”, ვიდრე გვაქვს დღეს.

მოხდება ძალიან მარტივი რაღაც – ადამიანები, ვისაც ვალს დაუფარავენ, მეორე დღესვე გავარდებიან, ახალ ვალებს აიღებენ და ახალი “შავი სია” გაკეთდება. პატიოსანი გადამხდელების თემა ცალკე თემაა, პატიოსან გადამხდელებს ეს აძლევს სტიმულს, რომ შეწყვიტონ პატიოსანი გადახდები და პოლიტიკურ კრიზისს დაელოდონ, შესაბამისად, ეს ეკონომიკას აზიანებს.

სახელმწიფოებრივად ეს იყო მაღალი რისკის შემცველი ქმედება, გარდა ამისა, გარკვეულწილად ეს სევდის განცდასაც მიჩენს, ეს სევდა იმასაც უკავშირდება, რომ “ქართუ“ საერთოდ ცნობილია თავისი ქველმოქმედებით. სრულიად უანგაროდ ეს ფონდი წლების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, ამაზეც შემიძლია მადლობა გადავუხადო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი ქველმოქმედება, სამწუხაროდ, დაუკავშირდა პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც ცვლის საერთოდ აღქმას ამ ქველმოქმედების უანგარობის შესახებ და ეს გულდასაწყვეტია.

– როგორ ფიქრობთ, ეს არის წინასაარჩევნოდ თავის გადარჩენა თუ დიდი ხანია ამაზე მუშაობენ,  ახლა კი “დასჭირდათ“ და გამოიყენეს?
– თუ დიდი ხანია მუშაობდნენ და ეს პოლიტიკურ დღის წესრიგს არ უკავშირდება, მაშინ უნდა გაეკეთებინათ დიდი ხნით ადრე ან არჩევნების შემდეგ. რადგან ეს ხდება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სულ რომ აზრად არ ჰქონოდათ, საზოგადოებაში მაინც ჩნდება განცდა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური ნაბიჯი და სწორედ ეს არის სამწუხარო.

ასეთი ქმედება ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი არ არის, როგორც ჩანს, ის აფექტის მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, მისი ცხოვრებისეული ფილოსიფია რადიკალურად იცვლება და ეს არის გულდასაწყვეტი.

როგორ წარმოგიდგენიათ ამ გადაწყვეტილების განხორციელება?
– ბუნდოვანება არის ამ პოლიტიკის ნაწილი. ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკას უკავშირდება რაღაც, იქ ვაშლებით და მსხლებით არ უნდა ისაუბრო. ეს საკმაოდ პრობლემური ქმედებაა ბევრი გაგებით და მეტყველებს ერთადერთ რაღაცაზე, რომ ხელისუფლება პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია, ძალიან შეშინებულია და მზად არის, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგას.

ვწუხვარ, რომ ასე და ამ ფორმით ხდება ეს ყველაფერი, თუმცა მადლობას მაინც გადავუხდი, იმიტომ, რომ თუ ეს სოციალური პრობლემა გადაწყდა, თავისთავად კარგია.

კვირის პალიტრა