მერსი სულხანიშვილი მკერდის მოშიშვლების შემდეგ სახლში ჩაიკეტა

მერსი სულხანიშვილი მკერდის მოშიშვლების შემდეგ სახლში ჩაიკეტატელე-რადიო წამყვანს, მერსი სულხანიშვილს, ძალიან ხშირად ახსენებენ, რომ კამერების წინ მკერდი მოიშიშვლა, ტელეშოუებში ბიუსჰალტერის გარეშე, გამომწვევი სამოსით მივიდა… თავისი თამამი ნაბიჯებით მან სკანდალური იმიჯი მოიპოვა და ახლა ეს სანანებლად აქვს. პირად საუბრებში გვითხრა, ნეტა, ეს დასაწვავი ზედატანები საერთოდ არ ჩამეცვაო. თავის დროზე დემონსტრირებულმა უკომპლექსობამ საბოლოოდ კომპლექსი გაუჩინა, რომელიც დღემდე აწუხებს და ვერაფრით მოერია.

– მერსი, ხშირად ექცევით ყურადღების ცენტრში, თქვენზე მუდმივად საუბრობენ. ბავშვობაშიც ასეთი აქტიური იყავით?

– როგორც ამბობენ, საკმაოდ ჭკვიანი ბავშვი ვიყავი, თავისუფალ დროს წიგნებთან ვატარებდი. თორმეტი კლასის ჩათვლით მოწესრიგებული და ბეჯითი გახლდით, ყველა საგანს ერთნაირად კარგად ვსწავლობდი. 10-11 წლის ასაკიდან ვიცოდი, რა პროფესიას ავირჩევდი.

წესრიგი განსაკუთრებულად მიყვარდა, ყველაფერი თავის ადგილას უნდა ყოფილიყო. რამდენჯერმე წიგნიც კი შევცვალე იმის გამო, რომ სხვა შეეხო.

– მასწავლებლებთან რაიმე პრობლემა ხომ არ გექმნებოდათ?

– თბილისის 51-ე საჯარო სკოლა დავამთავრე, პრობლემები არ მქონია, თუმცა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დამოკიდებულებებს ყოველთვის ჩემებურად ვუყურებდი. ერთ ინციდენტს გავიხსენებ, რომელიც შესაძლოა ადამიანების ნაწილს სითავხედედ მოეჩვენოს.

მეთერთმეტე კლასში ვიყავით, როდესაც ქიმიის გაკვეთილზე კლასი ორ ნაწილად გაიყო. ბიჭებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მასწავლებელს, რომელიც, ჩემი აზრით, შესანიშნავი ქალი იყო. როდესაც მანდატური შემოვიდა კლასში, ყველა გაჩუმდა და მე ვიყავი ერთადერთი, რომელიც წამოდგა და მასწავლებელს პირდაპირ უთხრა, ძალიან კარგი ქალბატონი ბრძანდებით, თუმცა კლასმა ვერ მიგიღოთ და ეს კლასი უნდა დატოვოთ-მეთქი.

შესაძლოა, ვიღაცას ეს უზრდელობად მოეჩვენოს, მაგრამ ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ამ ქალის დამცირება ვერ ავიტანე.

– სკოლაშიც პოპულარული გოგონა იყავით?

– სხვათა შორის, სკოლის პერიოდშიც საკმაოდ პოპულარული ვყოფილვარ, თუმცა მე სულ სხვანაირად აღვიქვამ პოპულარობას.

ჩემს ცხოვრებაში პოპულარობა პირველი სამსახურიდან, ჟურნალ “ბომონდიდან” დაიწყო, სადაც ვწერდი მოდაზე, თუმცა მანამდე თავად შევქმენი მოდის ბლოგი. მოგვიანებით ტელევიზიაში გადავინაცვლე.

– და დაიწყო სკანდალებიც, რომელთა პროვოცირებას თავად ახდენდით. ჭორებს, მითქმა-მოთქმას როგორ იღებთ, როგორ მოქმედებს თქვენზე?

– არასდროს ვაქცევ ყურადღებას. ჩემ უკან კარი იხურება და იმ კარის იქით რა ხდება, არასდროს ვინტერესდები. მე რომ ყველას დავუთმო დრო და ნერვები, საკუთარი თავისთვის აღარ დამრჩება.

– არადა ეს ბევრს დააკომპლექსებდა.

– მეც საკმაოდ ბევრი კომპლექსი მაქვს. ყველაზე დიდი კომპლექსი გამიჩნდა სკანდალში გახვევის შემდეგ (მკერდის გამოჩენას გულისხმობს, ავტ.). საზოგადოებაში გასვლა აღარ მინდოდა.

ცოტა ხნის წინ მეგობართან გულწრფელი საუბრები მქონდა და მაშინ მივხვდი, რომ გარემომ რაღაც დოზით დამაკომპლექსა. იყო პერიოდი, როდესაც არსად დავდიოდი, ხალხთან კონტაქტსაც კი ვერიდებოდი.

კომპლექსები დღესაც მაქვს. მაგალითად, თუ რაღაც არ მაქვს წესრიგში, გარეთ საერთოდ არ გავალ. შესაძლოა ეს იყოს სამოსი ან რომელიმე დეტალი, ანდა უბრალოდ განწყობა. არის მომენტი, როდესაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამოვიყურები, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ შეიძლება ფოტოს დავხედო და ვიფიქრო, რომ ყველაზე საშინლად გამოვიყურები. ასეთი ვარ – ძალიან კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ.

დღეს რომ ვუყურებ ძველ გადაცემებს, სადაც ვმონაწილეობდი, ვაკრიტიკებ საკუთარ მანერას, ჟესტიკულაციას, ჩაცმულობასაც კი.

– რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს – ეთანხმებით ამ გამოთქმას?

– დიახ. რაზეც ვფიქრობდი, რომ მომკლავდა, რაღაც პერიოდის შემდეგ სწორედ მან გამაძლიერა ასმაგად. ვფიქრობ, დრო ყველაფრის მკურნალია. ის საშუალებას გვაძლევს, ჩავფიქრდეთ, გავაანალიზოთ მოვლენა და საჭიროების შემთხვევაში ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.

– რა იყო ის, რამაც ასე იმოქმედა თქვენზე?

– გარემო და ისევ გარემომ გამაძლიერა. შეგნებულად აღარ ვიხსენებ, რა ემოციები მქონდა მაშინ, რადგან ძალიან ცუდ შეგრძნებებთან ასოცირდება.

– როდესმე სამაგიეროს გადახდაზე, შურისძიებაზე თუ გიფიქრიათ?

– არ ვიცი, ეს ჩემი კარგი თვისებაა თუ არა, მაგრამ, ადამიანმა რაც უნდა დამიშავოს, არ შემიძლია სამაგიერო გადავუხადო. დუმილით და სამაგიეროს არგადახდით ხშირად ვიჩაგრები, მაგრამ, დაე, ჩათვალონ, რომ დამჩაგრეს, სამაგიეროდ მე ვიცი, რომ ბოროტებაზე ბოროტებით არასდროს მიპასუხია. ჩემ გარშემო აგორებულ სკანდალებზე კომენტარი არასოდეს გამიკეთებია და არც მოხდება ასე.

სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებას ჩემზე შეთითხნილი ჭორები მიაწოდეს. ეს იყო თითიდან გამოწოვილი თემები და ალბათ იმისთვის დასჭირდათ, რომ ეს ყველაფერი კარგად მუშაობს. არ შეიძლება აუდიტორია მუდმივად მოწამლული გყავდეს ან მიაწოდო არასწორად შეფუთული ამბავი. პირიქით, მათ გაზრდაზე უნდა მუშაობდე და ნეგატივით არ უნდა მანიპულირებდე.

– ცხოვრების გზაზე ადამიანებს ვიძენთ და ვუშვებთ. ვინმესთან მოგიწიათ დამშვიდობება?

– დიახ. ბევრ ადამიანს ვაპატიე და გავუში. ასე უბრალოდ – ვაპატიე და დავემშვიდობე. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ არის შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვა, რადგან არავის ეპატიება.

– ის ადამიანები რომ შეგხვდნენ ქუჩაში, როგორ მოიქცევით?

– აუცილებლად ვეტყვი გამარჯობას, სალამი ღვთის არის. არ მესმის, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებს რომ იწყებენ. მე თუ რამე დამიშავეს, დისტანციას ვიჭერ. რა საჭიროა ჩხუბი? იმდენჯერ წავაწყდი უსამართლობას არა მხოლოდ ჩემ მიმართ, ზოგადად, რომ ალბათ ოთხტომეულს დავწერდი.

– ვიცი, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობთ. ამიტომ კითხვას სხვანაირად დაგისვამთ: გრძნობების გამო დათმობაზე თუ წასულხართ?

– გრძნობები უმართავია. რა თქმა უნდა, დათმობებზე მეც წავსულვარ. იმ მომენტში ვთვლიდი, რომ იმსახურებდა. რაც უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ძალიან ძლიერი ვარ, ძალიან მაგარი ვარ… სინამდვილეში სიყვარული სულელს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს.

– წარსულში ბევრ შეცდომას ხედავთ?

– ცხოვრებაში რამდენჯერმე გადავდგი ისეთი ნაბიჯი, რაც შეცდომა იყო. ამ ყველაფერს დღევანდელი გადმოსახედიდან გამოუცდელობას ვუკავშირებ. ყოველი დღე ახალი გამოცდილება და ახალი შესაძლებლობაა, მთავარია, არ გაჩერდე და გაიზარდო. ცოდნას დამატებული გამოცდილება საუკეთესო იარაღია.

ნანუკა ოტიაშვილი, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018