122 წლის ჟანა კალმანი: ,,ახალგაზრდობა – ეს სულის მდგომარეობაა და არა სხეულის”

122 წლის ჟანა კალმანი: ,,ახალგაზრდობა - ეს სულის მდგომარეობაა და არა სხეულის"ჟანა ლუიზა კალმანი ბედის ნებიერა აღმოჩნდა.  იცოცხლა 122 წელი და 164 დღე. ის საფრანგეთში, ორლიში დაიბადა. როცა ეიფელის კოშკი ააგეს, 14 წლის იყო. სწორედ ამ დროს შეხვდა ვან გოგს.

-ის ჭუჭყიანი იყო, ცუდად ეცვა და სახე  შეჭმუხნილი ჰქონდა, – იხსენებდა ინტერვიუში მადამ  ჟანა კალმანი.

85 წლის ასაკში ისწავლა ფარიკაობა. 100 წლისა პირველად დაჯდა ველოსიპედზე.

114 წლის ასაკში ჟანა ფილმში გადაიღეს, 115 წლისამ თეძოს ოპერაცია გაიკეთა, ხოლო 117 წლისამ დაანება თავი მოწევას და არა იმიტომ, რომ თავს ცუდად გრძნობდა, არამედ მხედველობა დააკლდა და უხერხულად გრძნობდა თავს, როცა ყოველ წუთს სხვას სთხოვდა, მოეკიდებინა მისთვის.

90 წლის ჟანამ, რომელსაც შთამომავალი არ დარჩა, 47 წლის იურისტთან, რაფრისთან, გააფორმა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, მისი სახლი სიკვდილის მერე დარჩებოდა ადვოკატს, სამაგიეროდ ადვოკატი მას ყოველთვიურად გადაუხდიდა იმდენს, რაც სახლის ფასს შეადგენდა. მაგრამ ბედმა ღიმილი ვერ შეიკავა და ადვოკატი არათუ უხდიდა 30 წლის განმავლობაში, არამედ თავად გარდაიცვალა 77 წლის ასაკში და ფულის გადახდა მის ქვრივს მოუწია.
მადამ ჟანას გამონათქვამები:
მე ბებერი ვიყავი უკვე ასი წლის წინ;
მე ერთი ნაოჭი მაქვს და იმაზეც ვზივარ;
მე ღვინოზე ვარ შეყვარებული;
ახალგაზრდობა – ეს სულის მდგომარეობაა და არა სხეულის. ამიტომაც მე ჯერ კიდევ გოგონა ვარ, უბრალოდ, უკანასკნელი 70 წელია, ცუდად გამოვიყურები;

ღმერთს დავავიწყდი;

ყოველთვის გაიღიმეთ. ასე ვხსნი მე ჩემი დღეგრძელობის საიდუმლოს;

თუკი რაიმე არ გამოგდით, ნუ იდარდებთ ამაზე;

უდიდესი სურვილი მაქვს სიცოცხლის და მაქვს კარგი მადა, განსაკუთრებით მიყვარს ტკბილეული;

არასოდეს ვისვამ წამწამების ტუშს, რადგან ყოველთვის ცრემლებამდე ვიცინი;

ცუდად ვხედავ, ცუდად მესმის და თავსაც არ ვგრძნობ კარგად, მაგრამ ეს არაფერია;

მგონია, რომ სიცილისგან გარდავიცვლები;

ყველა შესაძლებელი სიტუაციიდან სიამოვნებას ვიღებდი, ვიცავდი მორალის პრინციპებს და არაფერს ვნანობ. გამიმართლა.

ერთ-ერთი ინტერვიუს შემდეგ კორესპონდენტმა დამშვიდობებისას ჟანას მიმართა:

-შევხვდებით! იქნებ მომავალ წელსაც…

მადამ კალმანმა უპასუხა:

-რატომაც არა? თქვენ არც ისე ცუდად გამოიყურებით!

120 წლის იუბილეზე როცა ჰკითხეს, როგორი იქნება მომავალი, გენიალურად უპასუხა:
– ძალიან მოკლე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018