“ქალი, რომელმაც ნარკოტიკებისგან მიხსნა, დედაჩემის ლოცვამ მაპოვნინა”

"ქალი, რომელმაც ნარკოტიკებისგან მიხსნა, დედაჩემის ლოცვამ მაპოვნინა"ნარკომანიას არცთუ უსაფუძვლოდ უწოდებენ ჯოჯოხეთის ჭაობს. ის მომაკვდინებელი სენია. როგორც ამბობენ, ნარკოტიკებზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ფიზიკურზე ძლიერია და უფრო ხანგრძლივადაც მიმდინარეობს. მისგან გათავისუფლება ლამის სასწაულს უტოლდება.

ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა კაცი (რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა) რამდენჯერმე ეცადა ამ ჭაობიდან ამოსვლას, მაგრამ უშედეგოდ – ვერ შეძლო. ეს საშინელი ბოროტება ვერც თავისი ძალებით დაძლია და ვერც სხვათა ძალისხმევით.

ახლახან ამ ადამიანში შინაგანი, ფსიქოლოგიური გარდატეხა მოხდა. ქალი, რომელიც სიყვარულით დაუდგა გვერდით და ნარკოტიკებზე მიჯაჭვულობა დააძლევინა, ექიმია. დღეს ერთად ცხოვრობენ. ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ქალი მას დედის ლოცვამ აპოვნინა, ლოცვის შედეგად აღესრულა ეს სასწაულიც.

– ალბათ სინანულმა გადაგაწყვეტინათ, ჩვენთან გესაუბრათ. გმადლობთ, ინტერვიუზე რომ დაგვთანხმდით.

– ახლა სხვა გადმოსახედი მაქვს, ამიტომაც უფრო იოლია ამ თემაზე საუბარი. წარსულისკენ გახედვაც არ მინდა, სინდისი მქენჯნის, რისთვის დავკარგე ამდენი წელი, შევწირე არა მარტო ჩემი ჯანმრთელობა, არამედ ახლობელი ადამიანები, ოჯახის წევრები. ამ დანაშაულს ალბათ ვერასდროს გამოვისყიდი. ახალი ცხოვრება დავიწყე, გამოვსწორდი, მაგრამ დროს ვეღარ დავიბრუნებ, ვერც იმ ადამიანებს, ვისაც სიცოცხლე მოვუსწრაფე.

ერთადერთი, რაც მანუგეშებს, დედის თვალებში სიხარულის ცრემლებია. რამდენი ილოცა ჩემი კარგად ყოფნისთვის! ათ წელზე მეტი ვიყავი წამალდამოკიდებული. თავიდან მოსაწევით დავიწყე, მერე ნემსზე გადავედი. მეგონა, როცა მოვისურვებდი, გადავაგდებდი, პრობლემას ვერ ვხედავდი. ოჯახში ვერ ხვდებოდნენ, არ მეტყობოდა. როცა მიხვდნენ, უკვე გვიანი იყო, წამალზე ვიყავი “შემჯდარი”.

– თავის დროზე რომ მიმხვდარიყვნენ, შეეშვებოდით?

– არ ვიცი, რამდენად დავუჯერებდი… იქნებ უფრო შორს აღარ წავსულიყავი, ამ მდგომარეობაში არც თავი ჩამეყენებინა და არც სხვები. ზოგ ადამიანზე ეგეც არ ჭრის, პირიქით, უარესს ჩადიან მერე…

– არც თქვენმა ახლობლებმა და მეგობრებმა იცოდნენ, რასაც აკეთებდით?

– იცოდნენ მხოლოდ მათ, ვისთან ერთადაც ვიკეთებდი. მოწევას ახლობლები არაფრად თვლიდნენ, საშიშროებას ვერ ხედავდნენ. ხშირად ერთადაც მოგვიწევია. ნემსზე რომ გადავედი, ვმალავდი. ვიცოდი, რა ამბავსაც დამაწევდნენ. ბუნებით მშვიდი და უკონფლიქტო ვიყავი, უსიამოვნებას თავს ვარიდებდი. რომ შევტოპე და გამჟღავნდა, მერე მეგობრებიც დავკარგე, ჭკუა-დარიგებას და ჩხუბს გავურბოდი. მხოლოდ იმათთან ვძმაკაცობდი, ვისთან ერთადაც პრობლემა არ მქონდა.

– პირველად ალბათ სიგარეტით დაიწყეთ. როდის გასინჯეთ?

– მერვე კლასში რომ ვიყავი, პირველად მაშინ მოვწიე სიგარეტი. ჩემს კლასში ბიჭებზე მეტად გოგოები ეწეოდნენ. მახსოვს, დამცინეს, სიგარეტი გასინჯულიც რომ არ მქონდა. განსაკუთრებით ერთისგან მეწყინა, რომელიც მიყვარდა. თამთა ერქვა. მის გამო სწავლას თავს ვაკლავდი, მეგონა, თავს მოვაწონებდი. თავადაც კარგად სწავლობდა, მაგრამ, რა უცნაურადაც უნდა ჩანდეს, ავარდნილ ბიჭებს წინ აყენებდა. ჩემნაირებს “შკოლნიკებს” ეძახდნენ, რაც თითქმის გოიმობას უტოლდებოდა.

ასეთად რომ არ ჩავეთვალე, დავიწყე გაკვეთილების გაცდენა, “ბირჟავიკობა”, სიგარეტის მოწევა. ჩემს ოჯახში მარტო ბიძაჩემი ეწეოდა, ღერებს ვპარავდი და ჩუმად ვეწეოდი, ასე ვთქვათ, ნაფაზის დარტყმაში ვვარჯიშობდი, თანატოლებთან რომ არ შევრცხვენილიყავი.

– ოჯახში ვერ ხვდებოდნენ, ასე რომ იქცეოდით?

– მამას ჩემთვის არ ეცალა, სამსახურით იყო დატვირთული. დედამ იეჭვა, მაგრამ მის მოტყუებას ვახერხებდი, ვეუბნებოდი, სხვები რომ ეწევიან, მათი სუნი მომყვება-მეთქი. მიჯერებდა, მენდობოდა, ოჯახში წესიერ ბიჭად მიცნობდნენ, სანამ მთლად გავფუჭდებოდი და სახელს გავიტეხდი.

– თამთამ მოგიწონათ, მისთვის თავის მოსაწონებლად რასაც აკეთებდით, “დაგიფასათ”?

– შეყვარებულები გავხდით. სკოლის დამთავრების შემდეგ ქორწინებას ვგეგმავდით, მშობლებიც დავიყოლიე, ნიშნობის ბეჭედიც ვუყიდეთ, მაგრამ თამთამ მიღალატა, მოულოდნელად სხვას გაჰყვა – ასაკით უფროს კაცს, რომელთანაც მომავალი აიწყო. იმ კაცს შემდგარი ცხოვრება, ბევრი ფული ჰქონდა. ჩემგან კი რა ხეირი იყო? ერთი ავარდნილი, გზაზე დაუმდგარი ბიჭი ვიყავი. ჩემმა შეყვარებულმა თავისთვის ჭკუა იხმარა, მე კი ასეთად მაქცია.

სხვაგვარად ნუ გამიგებთ: მას კი არ ვაბრალებ, ჩემი ბრალია, თუმცა მისი წვლილიც იყო – ასე მისი სიყვარულის მოსაპოვებლად “ვირჯებოდი”, მერე კი ვეღარ დავამუხრუჭე, ჭაობში გადავეშვი.

– შეყვარებულის ღალატს რთულად გადაიტანდით.

– ძალიან გამიჭირდა. გავბოროტდი, მინდოდა, შური მეძია, რაღაც საშინელება ჩამედინა, მაგრამ გადავრჩი. დარდის გაქარვების მიზნით ნარკოტიკულ მოსაწევს მივეძალე. უსაქმურთა წრეში ვტრიალებდი – ან სვამდნენ, ან ეწეოდნენ, ან წამალზე “ისხდნენ”. ალკოჰოლს ვერ ვიტანდი, ცუდად მხდიდა. მოსაწევი კი გუნებას მიკეთებდა.

– მერე მაგანაც არ დაგაკმაყოფილათ და სერიოზულ, მძიმე ნარკოტიკებზე გადახვედით?

– ნარკოტიკის ყველა სახეობა სერიოზული საფრთხეა, თანდათანობით, ეტაპობრივად გადადიხარ უფრო “მაღალ საფეხურზე”, მეტ შხამს უშვებ ორგანიზმში, თანდათან იკლავ თავს. ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში ადგილს ვერ პოულობენ, დროს ამგვარ “თავშესაქცევში” კლავენ, ზოგი ამით ცდილობს “თვითრეალიზაციას”. ერთხელ თუ შეტოპავ მათ წრეში, ვეღარც გამოეხსნები, კლანივითაა. ამისთვის დიდი ძალა და ნებისყოფაა საჭირო, რომელიც მხოლოდ ერთეულებს აქვთ.

– ოჯახის წევრებმა როდის შეგატყვეს, რომ წამალდამოკიდებული იყავით?

– თავიდან ეს არ აისახება ვიზუალზე, თანდათანობით ხდება. გამოცდილებაა საჭირო, პირველივე ეტაპზე რომ შეგნიშნონ: თვალის გუგები ფართოვდება, შფოთვა გეწყება (არამარტო ნარკოტიკის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ სხვებისგან რაღაც გაქვს დასამალი), თანდათან არაადეკვატური ხდები.

ჩემი ამბავი მშობლებმა ბავშვობის მეგობარი გოგოსგან შეიტყვეს. მას ჩემი შველა უნდოდა, მე კი დამსმენად, მტრად ჩავთვალე და ურთიერთობა გავწყვიტე. მასზე აუგად ვლაპარაკობდი. ყველას ურცხვად ვარწმუნებდი, რა წამალი, რის წამალი, ნარკოტიკებთან რა საერთო მაქვს-მეთქი. აქეთ ვუტევდი – ჩემზე ეგ როგორ იფიქრეთ, როგორ მკადრეთ-მეთქი. სხვისი თვალის ასახვევად ნარკომანებს განვიკითხავდი, ვკიცხავდი, ვაგინებდი კიდეც. საშინელ მატყუარად ჩამოვყალიბდი.

წლების შემდეგ ხასიათიც გამიფუჭდა, აგრესიული გავხდი. არ გეგონოთ, ამგვარი ქცევა მარტო მე მახასიათებდა. ეს არის დაავადება, რომელიც ამ ფორმით მიმდინარეობს. მეგონა, რომ მხოლოდ მოყვარული ვიყავი და არა – ჩამოყალიბებული ნარკომანი და, როცა მოვისურვებდი, წამალს მაშინ გადავაგდებდი. ეს სურვილი კი არ მეძლეოდა, წამალზე უარს ვერ ვამბობდი. არც მოტივაცია მქონდა, რისთვის უნდა გადამეგდო ნარკოტიკი.

– უმუშევარი თუ იყავით, ფულს საიდან შოულობდით ნარკოტიკისთვის?

– როგორ გითხრათ, სხვადასხვა გზებით… ამაზე არ ვისაუბრებ.

– მშობლებმა რა იღონეს თქვენ დასახსნელად?

– თითქმის ყველა საშუალებას მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. შენ თუ არ მოინდომე, ვერავითარი ჩარევა ვერ გიშველის, ვერც მოძღვარი დაგეხმარება და ვერც ფსიქოლოგი. ფიქრი უნდა შეიცვალო, გონება წარმართო შესაბამისად. ამის არც ძალა მქონდა, არც ნებისყოფა, არც სურვილი. მშობლებმა გადაწყვიტეს, ჩემთვის ცოლი მოეყვანათ.

– ცოლის შერთვა გინდოდათ კი?

– არც წინააღმდეგობა გამიწევია. თამთას გათხოვების შემდეგ სულ ვფიქრობდი, ახალი ცხოვრება დამეწყო, ცოლი მომეყვანა, მაგრამ ვერავინ შევარჩიე. პრინციპში, არც ასარჩევად მქონდა საქმე… დედაჩემმა იაქტიურა. გამაცნეს ლიკა, სხვათა შორის, ძალიან კარგი გოგო ფიზიკურადაც და ბუნებითაც. მალე ვიქორწინეთ.

– ლიკამ იცოდა თქვენი მდგომარეობა? არც დასაქმებული იყავით, არც ერთმანეთი გიყვარდათ. უკაცრავად, მაგრამ ასეთი კარგი გოგო როგორ გამოგყვათ?

– ლიკა რაიონიდანაა, თბილისში უნდოდა გათხოვება. მართალია, არ ვმუშაობდი, სამაგიეროდ თვითონ იყო მშრომელი. ერთი შეხედვით, დასაწუნი ბიჭი არ ვიყავი. სახეზე ჩემი მდგომარეობა არ მეტყობოდა. ოჯახიც კარგი მყავდა. მამას შემოსავლიანი სამსახური ჰქონდა. დედაჩემი თაფლად იღვრებოდა.

ლიკამ არ იცოდა ჩემი დაავადება. ჩემები ხავსს ეჭიდებოდნენ, იქნებ გამოსწორდესო! მე კი აზრად არ მომსვლია ლიკას მოტყუება. აკი თავსაც ვიტყუებდი, მჯეროდა, რომ მხოლოდ ნარკოტიკების მოყვარული ვიყავი და არა – მომხმარებელი.

– ცოლის მოყვანის შემდეგ მოინდომეთ, უარი გეთქვათ ნარკოტიკზე?

– ბინა, რომელშიც ვცხოვრობდით, გავაქირავეთ და სხვა უბანში გადავედით, ბიძაჩემის სახლში. მშობლებმა იმ ბუდეს მომაცილეს, სადაც ჭაობში ვეფლობოდი. გარემო შემიცვალეს. სამსახურიც მიშოვეს. ახალი ნამკურნალევი ვიყავი. ახალ გარემოში თავი კაცად, ადამიანად ვიგრძენი.

ლიკა თბილი გოგო აღმოჩნდა, ბუნებით მართალი, წესიერი. პატივს ვცემდი. მის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. იქნებ დამეძლია კიდეც ჩემი დაავადება, რომ არ ყოფილიყო ერთი გარემოება.

– რამ შეგიშალათ ხელი?

– მთავარი უფროსი, ვისთანაც ვმუშაობდი და მასზე დაქვემდებარებული პირები – ისინიც უფროსები, ყველა კაიფობდა. ეს უდიდესი საცდური იყო ჩემთვის, ვეღარ გავუმკლავდი. ისევ დავიწყე… უფროსი “მკრიშავდა” – არც სამსახურის დაკარგვის მეშინოდა, არც პოლიციის.

– ალბათ როგორ გამწარდებოდნენ თქვენი მშობლები! მეუღლესთანაც როდემდე დამალავდით.

– ცოლი ფეხმძიმედ იყო. ანგარიშს არ ვუწევდი. შედეგზეც აისახა. სამწუხაროდ, ავადმყოფი, მახინჯი შვილი შეგვეძინა, მალე მოგვიკვდა. კლინიკაში უკითხავთ ლიკასთვის, ქმარი ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მომხმარებელი ხომ არ არისო. მაშინ დაეჭვდა. გული უსაშველოდ დაუმძიმდა შვილის გამო, ფსიქოლოგიურად გაუჭირდა. ამას დაემატა ჩემი მდგომარეობაც… ჩემებმა სამსახური დამატოვებინეს. ოჯახიც დამენგრა.

– ცოლმა იმიტომ მიგატოვათ, ნარკომანი რომ აღმოჩნდით თუ სხვა მიზეზიც იყო?

– ბავშვის შემდეგ ძალიან აირია. საქმეში მისი მშობლები ჩაერივნენ და წაიყვანეს რაიონში. გამწარებულები იყვნენ ჩემებზე, ქალიშვილს რომ გატანდით, ამხელა რამ როგორ დაგვიმალეთ, დაგვღუპეთო. მის მშობლებს რომ არ დაეძალებინათ, შეიძლებოდა ლიკას ასე ხელაღებით არ მივეტოვებინე, თუმცა მაშინ ცოლ-ქმარს, ორივეს, გვიჭირდა.

– ამხელა მარცხის შემდეგ თქვენი ცხოვრება უარესობისკენ წავიდა თუ მოხდა რამე მნიშვნელოვანი, რამაც შემოგაბრუნათ?

– ყველაზე სულისშემძვრელი ჩემთვის მამაჩემის გარდაცვალება გახდა, რომელიც ამ ამბებს მოჰყვა. ეს უკვე კულმინაცია იყო. გავნადგურდი. დედაჩემი მორწმუნე გახდა, სულ ლოცულობდა, წესებს იცავდა, ტაძარს არ შორდებოდა. ზოგი კიცხავდა, იმის ნაცვლად, რომ შვილზე თვალი გეჭიროს, მუდმივად აკონტროლო, ეკლესიაში საათობით დგახარ და ვინ იცის, ამ დროს შენი შვილი რას აკეთებსო.

არავის უგდებდა ყურს, ლოცვაში ათენებდა და აღამებდა. შინ რომ დამჯდარიყო, დავუჯერებდი, დავემორჩილებოდი თუ რა?.. სწამდა, რომ ღმერთი შეისმენდა მის ლოცვას. ასეც მოხდა. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სწორ გზაზე დედის ლოცვამ დამაყენა.

– თქვენში ეს გარდატეხა როგორ, რა ფორმით მოხდა?

– მკურნალობა რომ დავიწყე, ერთი საოცარი, შესანიშნავი ქალი გავიცანი, ექიმი, თამრიკო. არ ვიცი, რით დავიმსახურე მისი სიმპათია. ზოგადად კეთილი, მზრუნველი ადამიანია, მაგრამ ჩემ მიმართ განსაკუთრებულად განეწყო. თავიდან დედასავით მომიდგა (ჩემზე გაცილებით უფროსია). მერე ჩვენ შორის გრძნობა გაჩნდა. ახლა ერთად ვართ, მის გვერდით თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ძველი ცოდვების სიმძიმე მაწევს, ჯანმრთელობის პრობლემაც დამრჩა.

ნარკოტიკი გადავაგდე, მუშაობა დავიწყე და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად ვიცხოვრო. ძალიან მაგარი ადამიანია. უფლის დიდი წყალობაა, მას რომ შევხვდი. თამრიკო დედაჩემის ლოცვამ მაპოვნინა, მან კი ჩემში ფსიქოლოგიური გარდატეხა მოახდინა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის!

– გისურვებთ ჯანმრთელობას და დადებითი პოზიციის შენარჩუნებას!

– დიდი მადლობა!

ნანა კობახიძე, სარკე