კონსტანტინე კარანაძე – “მაიმუნი, ცოტა ხულიგანი-ბანდიტი ბიჭი ვარ, საყვარელი, კეთილი, კარგი გოგოები მომწონს”

კონსტანტინე კარანაძე - "მაიმუნი, ცოტა ხულიგანი-ბანდიტი ბიჭი ვარ, საყვარელი, კეთილი, კარგი გოგოები მომწონს”კონსტანტინე კარანაძემ პროექტ ”მხოლოდ ქართულში” მაყურებელს თავი ორიგინალური სიმღერით დაამახსოვრა და ფინალში გასვლას მოახერხა. ეს ინტერვიუ კონკურსის საწყის ეტაპზეა ჩაწერილი.

– კონსტანტინე, ვიცით, რომ ბებიამ გთხოვათ, პროექტში გასულიყავით. გაუჭირდა თქვენი დათანხმება?

– პროექტში ჩართვა მარტივად გადავწყვიტე, რადგან ან მასში მონაწილეობა უნდა მიმეღო, ან უსახლკაროდ ვრჩებოდი. ამ არჩევნის წინაშე ბებიამ დამაყენა – “დამემუქრა”, თუმცა ამ მუქარის შემსრულებელიც იყო.

თბილისში კასტინგები ორი დღის განმავლობაში, დილის 11 საათიდან ტარდებოდა. პირველ დღეს არ მივედი, რადგან პროექტში გასვლაზე არ ვფიქრობდი. მეორე დღეს, 4 საათზე, ისევ ჩემს ოთახში ვიწექი. ამ დროს ჩემმა გრენდაიზერმა ბებიამ შემოაღო კარი, რომელიც ძალიან საყვარელი და მკაცრია და მითხრა, თუ არ წახვალ, სახლში არ შემოხვალო. მოკლედ, კასტინგზე სრულიად უპრეტენზიოდ გავედი, მაგრამ ჩემი ნამღერი მოეწონათ და შემდეგ ტურში გადამიყვანეს.

– შესარჩევ ტურში ჟიურის შეფასებამ, მგონი, ცოტათი დაგაბნიათ.

– ძალიან დავიბენი. კონკურსები არ მიყვარს, არც შეჯიბრი და საერთოდ ასეთ საკითხებში არაამბიციური ვარ, მომღერლობაზეც კი არ მაქვს პრეტენზია. უბრალოდ, მიყვარს მუსიკა და არამხოლოდ სიმღერა, დაკვრაც. არ ვთვლიდი, რომ მაინცდამაინც, პროექტში უნდა გავსულიყავი, მაგრამ, რომ გადამიყვანეს, ძალიან გამიხარდა.

მინდა აღვნიშნო, რომ საერთოდ არ ვნერვიულობდი, შევტანტალდი, ვიმღერე და გამოვტანტალდი. უბედნიერესმა გავქუსლე სახლისკენ, სადაც შემიშვებდნენ.

ძალიან გამიხარდა ნიჭიერი მომღერლებისა და მუსიკოსების გაცნობა. ისე გავიზარდე, რომ არ მყოლია მეგობარი, ვინც მღეროდა. ასე უცებ რომ შევიძინე უამრავი მეგობარი, ვინც უკრავს და მღერის, ეს ჩემთვის შოკი იყო.

კონკურსზე გასვლა არასდროს მიფიქრია. ოთახში ბებიას თუ ვუმღეროდი ხოლმე. როცა რაღაცას დავაშავებ, მასთან შევდივარ, ვუმღერი და მერე ლბება. ახლა ვთვლი, რომ კონკურსი კარგი ყოფილა. ზვიად ბოლქვაძესთან, ნუკრი კაპანაძესთან, პედაგოგებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. პროექტი თურმე იმისთვის არსებობს, რომ მუსიკოსი, მომღერალი ძალიან გაიზარდოს. ამიტომ ჩემი დამოკიდებულება კონკურსებისადმი მკვეთრად შეიცვალა.

– სახლში რომ მიხვედით, ბებია როგორი ემოციებით შეგხვდათ?

– ბებო ტიროდა. ტელეფონით რომ დავურეკე და ვახარე, მითხრა, გავქვავდიო. ისეთი ბედნიერია, ახლაც ტირის ხოლმე. 83 წლის ქალი გავახარე, ამაზე მაგარი რა უნდა ვქნა ცხოვრებაში? ერთადერთი საშუალება, რომ ამ ასაკში ბებია ასე ძალიან გამეხარებინა, მუსიკა იყო. რაღაცნაირად მოვახერხე, ოცნება ავუსრულე და იმ დიდ სცენაზე დავდექი, სადაც ლეგენდარული ადამიანები იდგნენ. ეს ძალიან უხარია და ტირის ხოლმე.

– რა ასაკიდან მღერით, როდიდან შემოვიდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?

– 5 თუ 7 წლის ვიყავი, როცა ბებიამ ანსამბლში მიმიყვანა. ჩემი პედაგოგი ქეთინო ფალავანდიშვილი გახლდათ, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი. იქ ცოტა ხანი ვიარე, არ დავრჩი.

15 წლის ასაკში კი გავიაზრე, რომ მუსიკა მიყვარდა და მისი კეთება მინდოდა. 15 წლისამ რომ ავიღე ხელში გიტარა, მაშინ მივხვდი, სულ უნდა მჭეროდა ხელში და მუსიკის გარეშე არ შემეძლო.

– მუსიკალური განათლება არ გაქვთ?

– სამწუხაროდ – არა. არც შვიდწლედი დამიმთავრებია, თუმცა, როცა თეატრალურში ჩავაბარე, მომდევნო წელს მომინდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუსიკაზე მესწავლა. ამიტომ შევიცვალე ფაკულტეტიც და უნივერსიტეტიც და ილიაუნიში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, კონკრეტულად კი მუსიკაზე გადავედი. ახლა აკადემიური ავიღე. მოკლედ, მცდელობები მაქვს, რომ მუსიკალური განათლება მივიღო, რადგან ეს მუსიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– შესრულების განსხვავებული, თქვენებური მანერა გაქვთ. ეს თავისთავად მოვიდა თქვენთან თუ დიდი ძიების შემდეგ?

– როგორი ხასიათიც მაქვს და როგორი ადამიანიც ვარ, სიმღერებსაც ისე ვმღერი.

– მაინც როგორი ხართ?

– კი იცით უკვე, როგორიც ვარ – მაიმუნი, ცოტა ხულიგანი-ბანდიტი ბიჭი ვარ. სიმართლე გითხრათ, სიდინჯე არ მიყვარს, თავქარიანი და ცანცარა ვარ, მაგრამ ყოველთვის – არა. ჩემს ხასიათს მუსიკაში, სიმღერაში ყოველთვის ვიყენებ. არ ვთვლი, რომ ავტორისეული ვერსია უნდა ვიმღერო. გიტარაზე სიმღერის აკორდს რომ ავიღებ და დაკვრას ვიწყებ, ეს მუსიკა როგორც შემოვა ჩემში, ხასიათში როგორც გამიჯდება, ისე ვმღერი. ალბათ ეს არის ის, რაზეც ამბობენ, განსხვავებულად მღერისო. მოკლედ, როგორიც მე ვარ, ისე ვმღერი, ეს არის და ეს.

– რამ გადაგაწყვეტინათ ქუჩაში გასვლა და სიმღერა?

– ქუჩაში სიმღერა 4 წლის წინ დავიწყე. ჩემმა მეგობარმა თემო ანდრიაძემ შემომთავაზა, მოდი, გარეთ გავიდეთ, “ვიღადაოთ”, ვიმღეროთ და ხალხის რეაქცია ვნახოთო. ვერც კი წარმომედგინა, რომ ეს ფულის შოვნის საშულება იქნებოდა ან რამე მსგავსი, უბრალოდ სიამოვნებისთვის გავედი. დღის განმავლობაში ქუჩაში ათასობით ადამიანი დადის და უამრავ მსმენელთან დავამყარე კონტაქტი. მათგან საოცარ რეაქციებს ვგრძნობდი.

დედა პატარა ბავშვს ხურდას რომ მისცემს, მერე ის პატარა ტანტალით რომ მოვა და ჩააგდებს, მოხუცი რომ მოვა და გეტყვის, შვილო, გენაცვალეო, ეს ძალიან ემოციურია. იმ მომენტში, როცა პირველად გავედი, იმდენად ბედნიერი ვიყავი, თითოეულის სახე, თითოეულის კომენტარი მახსოვს. რაც უნდა წარმატებას მივაღწიო, არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ზოგჯერ მაინც არ გავიდე ქუჩაში და ცოცხლად არ ვიმღერო. ეს ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა.

ქუჩის მუსიკოსი შემარქვეს და ვთვლი, რომ სულიერად ნამდვილად ქუჩის მუსიკოსი ვარ, რადგან ჩემთვის მთავარი სცენა მაინც ქუჩაა.

– სად მღერით ხოლმე ან პირველად სად იმღერეთ?

– პირველად ფილარმონიის მიწისქვეშა გადასასვლელში ვიმღერე, მერე რუსთაველზე, მეტროსთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში, ასევე ვმღეროდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელში. ის თანხა, რაც გამოვიმუშავე, დავაბანდე და გიტარა, მიკროფონი, დინამიკი ვიყიდე და უკვე მიწისქვეშა გადსასვლელიდან მაღლა ამოვედი, რომ უფრო ხარისხიანად, კარგი ჟღერადობით მემღერა.

ბოლოს მარჯანიშვილზე, აღმაშენებელზე ვმღეროდი. ახლა უფლება არ მაქვს, რომ ქუჩაში ვიმღერო და არც დრო მაქვს. პროექტი რომ დამთავრდება, რა თქმა უნდა, ისევ გავალ.

– რა გამოცდილება მოგიტანათ ქუჩაში სიმღერამ?

– უდიდესი გამოცდილება მივიღე. არ მრცხვენია, როცა ვმღერი, რადგან არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ნოტს თუ სხვანაირად ავიღებ, ეს სირცხვილია. მთავარი ემოციაა, ამ ემოციას კი ხალხი გრძნობს. ეს არის ჩემთვის გამოცდილება. როცა ადამიანები გისმენენ, აღარ გეშინია, იცი, როგორ იმღერო, რა სიამოვნებს ხალხს და შენ.

– თურმე მიმტანადაც მუშაობდით. როგორც ჩანს, ბევრ სფეროში ეძებდით საკუთარ თავს.

– ხალხთან ურთიერთობა ძალიან მაინტერესებს. მხოლოდ მეტროთი ვმგზავრობ. მიყვარს, მეტროში რომ ჩავალ და ხალხს ვაკვირდები. კომუნიკაბელური ვარ და მსიამოვნებს, სხვადასხვა ტიპის, გარეგნობის, ხასიათის, ნიჭის ადამიანები რომ არსებობენ. მიმტანადაც მიმუშავია, გიდიც ვიყავი, გიტარაზე დაკვრას და სიმღერასაც ვასწავლიდი, უამრავი რამ მიკეთებია.

– სულ ბებიას ახსენებთ, მშობლები სად არიან?

– მშობლები, ბებია, ყველანი ერთად ვცხოვრობთ. დაც მყავს და ძმაც. ძმა ჩემზე 2 წლით უფროსია. ის და დედაჩემი ემიგრანტები არიან. ჩემი ძმა ვარშავის უნივერსიტეტში წარმატებული, ნიჭიერი სტუდენტია, მკვლევარია. ჩემი და 26 წლისაა, მყავს დისშვილიც. ასე მრავლად ვართ ხოლმე სახლში, როცა დედა და ძმაც ჩვენთან არიან.

ამჟამად დედაც და ძმაც ვარშავაში არიან. დედაჩემი კონკურსამდე ერთი თვით ადრე გაემგზავრა, ტირის, რომ მცოდნოდა, ასე მოხდებოდა, საერთოდ არ წავიდოდიო.

მამაჩემს რაც შეეხება, ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, მაიორია, პოლიციის თანამშრომელი იყო, 20 წელი ემსახურა საქართველოს. უაღრესად განათლებული და ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია.

დედაჩემს რაც შეეხება, თუ რამის ნიჭი მაქვს, სიმღერა შემიძლია და მუსიკალური ვარ, ვთვლი, რომ ეს დედისგან მაქვს. ის პიანისტია, ათწლედიც აქვს დამთავრებული. ბებიაჩემსაც არ დავუკარგოთ შრომა, თორემ, როგორც ვახსენე, სახლში არ შემიშვებს, სიმღერაზე პირველად სწორედ მან მიმიყვანა.

– თქვენი პირადი ცხოვრებაც ისეთივე საინტერესოა, როგორიც მუსიკალური?

– ერთი რამის თქმა შემიძლია, ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. პირადზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ.

– შეყვარებული ხართ თუ არა, არ გვეტყვით?

– ამის თქმისგან თავს შევიკავებ. სახელს ვერ დავარქმევ, მაგრამ ამ ეტაპზე ბედნიერი ვარ. შეიძლება გოგონა მოგწონდეს და ძალიან მარტივად თქვა, რომ მოგწონს. სიყვარულს რაც შეეხება, ჯერ შეყვარებული არ ვყოფილვარ.

– როგორი გოგონები მოგწონთ?

– გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა აქვს. ადრე სულ სხვანაირი ვიყავი, ურთიერთობასთან დაკავშირებით, სულ სხვანაირი შთაბეჭდილება, ზერელე ერთდღიანი ან ერთკვირიანი დამოკიდებულება მქონდა. ახლა უფრო დავსერიოზულდი. საყვარელი, კეთილი, კარგი გოგოები მომწონს.

ეკა ლემონჯავა, სარკე