ირაკლი კობახიძე – ”ჩვენი ამოცანაა, საერთოდ არ დავარბიოთ აქცია და არ მოკვდეს არავინ ძალის გამოყენებით”

ირაკლი კობახიძე - ”ჩვენი ამოცანაა, საერთოდ არ დავარბიოთ აქცია და არ მოკვდეს არავინ ძალის გამოყენებით””ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ იმ 9 წელზე უკეთესი ვიყოთ, ამოცანა ის კი არ არის, რომ მიტინგის დარბევის დროს 6 კაცის მაგივრად 3 კაცი შემოგვაკვდეს, ამოცანა არის ის, რომ საერთოდ არ დავარბიოთ აქცია და არ მოკვდეს არავინ ძალადობის გამოყენებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება მუშაობს პრინციპით – თუ იქნება გადაცდომა, აქაც ხელი არ უნდა დაეფაროს არავის. „სამწუხაროდ, წარსულზე საუბარი ხშირად გვიწევს, რაც ნამდვილად არ არის კარგი. სჯობს, წინ გავიხედოთ და დღევანდელობაზე და მომავალზე ვისაუბროთ; ეს არის ნამდვილად უკეთესი. სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ მაინც გვიწევს საუბარი 9 წელი, 6 წელი და ა.შ. შედარებაც არასწორია წინა 9 წელთან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ 9 წელზე უკეთესი, ეს იქნებოდა ნამდვილად არაადეკვატური და არაამბიციური მიზანი. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ იმ 9 წელზე უკეთესი ვიყოთ, ამოცანა ის კი არ არის, რომ მიტინგის დარბევის დროს 6 კაცის მაგივრად 3 კაცი შემოგვაკვდეს, ამოცანა არის ის, რომ საერთოდ არ დავარბიოთ აქცია და არ მოკვდეს არავინ ძალის გამოყენებით. ამოცანა ის კი არ არის, რომ ადამიანის უფლება დაირღვეს, მაგრამ იმაზე ნაკლებად, ვიდრე თქვენ არღვევდით, ამოცანა ისაა, რომ საერთოდ არ დავარღვიოთ ადამიანის უფლებები, ეს არის სტანდარტი. ამოცანა ის კი არ არის, რომ დეპუტატი არ შემოგვაკვდეს და არ ვცემოთ, ამოცანა ისაა, რომ საერთოდ არ შევეხოთ პარლამენტის არც ერთ წევრს. მე ნამდვილად მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ყველა საკითხზე განსაკუთრებით ამახვილებთ ყურადღებას, ეს არის ოპოზიციის ამოცანა“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას კითხვების დასმისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველა მათ კითხვას პასუხი პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის შემდეგ გაეცემა.

„მადლობა უნდა გადაგიხადოთ კითხვების დასმისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვაქვს პასუხები ამ კითხვებზე. დარწმუნებული ვარ, როცა მოვა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, ის გასცემს პასუხს. ჩვენ არ გავურბივართ კითხვებს. შეგვიძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე 9 წლის განმვლობაში იყო ხელისუფლება, ჩვენი ამოცანაა არ დავარღვიოთ, არ მოვკლათ; ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ. თუ იქნება გადაცდომა, აქაც ხელი არ უნდა დაეფაროს არავის, ამ სულისკვეთებით მუშაობს ხელისუფლება. ეს დავამტკიცეთ იმით, რომ ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა და უმცირესობას ამ კომისიაში, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ექნება საშუალება დასვას ყველა კითხვა, რომელიც არის დაკავშირებული ამ საქმესთან და მიიღოს პასუხები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.