ვინ არის ქალი, რომელიც პიკასოს დაჭრაშია ეჭვმიტანილი

ვინ არის ქალი, რომელიც პიკასოს დაჭრაშია ეჭვმიტანილი,,კურიერის” ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის დაჭრაში მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონი 29 წლის თამთა ჯანჯღავაა. “კურიერმა” ირაკლი ნოზაძის თავდასხმაში მონაწილე თამთა ჯანჯღავას სახლს მიაკვლია. მათივე ინფორმაციით, გუშინ შემთხვევის ადგილზე ორ გოგონასთან ერთად მანქანაში ასევე იმყოფებოდა ერთი მამაკაცი, თუმცა ამას შსს-ში არ ადასტურებენ.

როგორც მეზობლებმა “რუსთავი 2″-ს განუცხადეს, თამთა ჯანჯღავა აღნიშნულ სახლში მამაკაცთან და 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და დაახლოებით ორი კვირის წინ გადავიდა.

მეზობლების თქმით, გოგონა დადიოდა შავი ,,მინი კუპერით”. როგორც ცნობილია, ეს ,,მინი კუპერი” თვითმხილველებმა ნახეს იმ ადგილას, სადაც მანქანაში ჩასვეს ირაკლი ნოზაძე და დაჭრეს.

,,ამ ავტომანქანას ხან ბიჭი მართავდა, ხან გოგო. ისე კი, ცოტა არასერიოზული ხალხის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ… ბებია იყო სასიამოვნო ქალი, ბავშვებს ის უვლიდა”, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

,,გუშინ გვიან ღამით პოლიცია იყო მოსული. რა უნდოდათ არ ვიცი”, – ყვება “რუსთავი 2″-თან მეორე მეზობელი.

,,მამაკაცი ძალიან უსიამოვნო პიროვნება იყო. ერთხელ წყალი ჩამომიშვეს და აქეთ შემაგინა”- ამბობს ,,კურიერთან” მეზობელი.