”ამოვედით, ჩავიფიქრეთ შვილი და სურვილი შემისრულდა” – გოგნის კარუგდებელის სასწაული

”ამოვედით, ჩავიფიქრეთ შვილი და სურვილი შემისრულდა” - გოგნის კარუგდებელის სასწაულისაქართველოში წმინდა გიორგი განსაკუთრებულად უყვართ. ქართველი ერი ამ წმინდანის მფარველობას ყოველთვის გრძნობდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს (წმინდანის აღსრულების დღეს) და 23 ნოემბერს (წმინდანის ბორბალზე წამების დღეს). გიორგობას საქართველოს ყველა კუთხეში ზეიმობენ.

იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში, უამრავი მომლოცველი ჩადის კარუგდებელის სახელით ცნობილი ტაძრის მოსალოცად. არსებობს გადმოცემა, რომ ვინც ტაძარს სამჯერ შემოარტყამს წრეს, ის სურვილები აუსრულდება, რასაც ჩაიფიქრებს.

გოგნის მთაზე მდებარე წმნიდა გიორგის სალოცავი მე-7-მე-8 საუკუნეებშია აგებული. ლეგენდის მიხედვით, სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმნიდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა, რომ მასთან მიფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისკენ გაუძღვებოდა.

დავრდომილი მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს, რომელმაც ქვა აპოვნინა. მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი მოკვდა. სწორედ ამ ადგილას ააშენეს სალოცავი, კარიც ჩამოაბეს, მაგრამ იქ მისულებს კარი მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. სოფლის მცხოვრებნი დაუდარაჯდნენ და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა, ამიტომაც უწოდეს კარუგდებელი. ეს სალოცავი საქართველოში ერთადერთია, რომელსაც კარი არა აქვს.

წელს, 6 მაისს, გოგნში ისევ შეიკრიბა ათასობით მორწმუნე. სოფლიდან სალოცავამდე რამდენიმე კილომეტრია და ისინი ამ მანძილს ფეხით გადიან. მრევლის ნაწილი ამ რთულ გზას ფეხშიშველიც კი მიუყვება.

სალოცავში შესაწირი – ფრინველები და წვრილფეხა საქონელი მიჰყავთ. შემდეგ მათ სახურავზე უშვებენ. შეწირული ცხოველები და ფრინველები ხალხს ზემოდან დასცქერიან.

კახეთიდან ჩამოსულმა მარიამ ნანაშვილმა გვიამბო იმ სასწაულზე, რომელიც, წმინდა გიორგის შემწეობით, მათ ოჯახში მოხდა.

– ჩემი ოჯახისთვის უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველი წლის 6 მაისს სოფელ გოგნში უნდა ამოვიდეთ. ხან 6 მაისს მოვდივართ, ხან 5 მაისის ღამეს. მე და ჩემს მეუღლეს 12 წელი შვილი არ გვყავდა. ნათესავმა მითხრა ამ სამლოცველოს შესახებ, ამოვედით, ჩავიფიქრეთ შვილი და სურვილი შემისრულდა. ბოლო 5 წელია ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად მოვდივარ, – გვითხრა ქალბატონმა მარიამმა.

საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის, ლოცვა-კურთხევით, ძველი სალოცავის ახლოს ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო. გაკეთდა სამანქანო გზაც. მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით მიმდინარეობს, რისთვისაც სპეციალური ფონდი შეიქმნა.

სალოცავის წინამძღვარი მამა იოანე (რევიშვილი) გახლავთ, რომელიც “სარკეს” ესაუბრა:

– აქ არის ძველი მონასტერი, რომელსაც ნასაყდრალს ეძახიან. ადრე განდეგილი ბერების საცხოვრებელი იყო. ამბობენ, რომ ამ სალოცავში წმინდა გიორგის თავის ქალა იყო დაბრძანებული. დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობის პერიოდში კი შემოემატა წმინდანის მენჯის ძვალი.

წინაპრებისგან გადმოცემით იცოდნენ მორწმუნეებმა ტაძრის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. აქ უშვილო წყვილებს, დავრდომილებს, დასაოჯახებელ ახალგაზრდებს ხშირად შეხვდებით.

სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ძველი ურთხმელია, გარკვეულწილად ესეც ამ სალოცავის სიძველეზე მიანიშნებს. იშვიათია, ურთხმელის ტყე ასეთი სახით სადმე იყოს შემორჩენილი, რადგან ურთხმელის მასალა ძვირადღირებულია. ამ ტერიტორიას კი ვერ ეხებოდნენ.

მოგეხსენებათ, საღამოს ლოცვის შემდეგ ეკლესიები იკეტება. ამ სალოცავში კი ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა, მოვიდეს, წმინდა გიორგის შესთხოვოს, მოილოცოს. კარუგდებელის დანიშნულება ეს არის.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე