“ჩემსა და ჩემს შეყვარებულს შორის ერთი ბიჭი მურმანის ეკალივით ჩადგა”

"ჩემსა და ჩემს შეყვარებულს შორის ერთი ბიჭი მურმანის ეკალივით ჩადგა"გამარჯობათ! მე 18 წლის გოგო ვარ. ზაფხულში გავიცანი ბიჭი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. სულ მასზე ვფიქრობ, მისთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ. მასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ჩვენ შორის მურმანის ეკალივით დგას მისი ძმაკაცი, რომელსაც ჰგონია, რომ მატყუარა გოგო ვარ, შეყვარებულს მივატოვებ და გულს ვატკენ.

ალბათ იკითხავთ, ასეთი უნდობლობა რითი დავიმსახურე. 15 წლის ვიყავი, როცა ერთი ბიჭის მიმართ სიმპათია გამიჩნდა. ეს სიყვარული კი არა, ბავშვური გატაცება იყო. ის ბიჭი და ჩემი შეყვარებულის ძმაკაცი ერთმანეთს იცნობენ. მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ შორის სიყვარული არ ყოფილა, უბრალო ფლირტი იყო, მაგრამ მაინც არ მეშვება.

შეყვარებულის მეგობარი მეუბნება, გუშინ სხვა გიყვარდა და დღეს ჩემი ძმაკაცი როგორ გიყვარსო. ვიფიცები, რომ მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ მის თავში მაინც არაფერი შედის. უცებ მოვა ხოლმე და ყურში ჩამსისინებს, მატყუარა ხარო.

მეგობარს მარტო არ ტოვებს, სულ ერთად დადიან. ვატყობ, რომ აკონტროლებს, ჩემთან ზედმეტად არ გაიხსნას. აშკარად თვალყურს მადევნებს, არ უნდა, რამე გამოეპაროს და მარტო დარჩენის საშუალებას არ გვაძლევს.

არ ვიცი, როგორ გავაგებინო, რომ მისი ძმაკაცი სიცოცხლეს მირჩევნია. მკაცრად რომ დაველაპარაკო, შეიძლება თავის მეგობარს ყველაფერი სხვანაირად უამბოს და ერთმანეთს სამუდამოდ დაგვაშოროს.

მინდა, აქედან მივმართო, რომ ბედნიერების საშუალება მომცეს. ძალიან მიყვარს და შეყვარებულს თუ დამაშორებს, შეიძლება სიცოცხლეც აღარ მომინდეს. ამას ვერაფრით გადავიტან!

“სარკის” ერთგული მკითხველი