ქეთი ორჯონიკიძე ღამის ცხოვრებას დაემშვიდობა

ქეთი ორჯონიკიძე ღამის ცხოვრებას დაემშვიდობა

მომღერალ ქეთი ორჯონიკიძის გზა შოუბიზნესისკენ “რუსთავი 2”-ის პროექტ “ვარსკვლავების აკადემიიდან” დაიწყო, ახლა კი ამავე არხზე ტელეჟურნალისტიკის სფეროში დგამს პირველ ნაბიჯებს. ახლახან გამოჩნდა დილის გადაცემაში, რომელიც შაბათ-კვირას გადის ეთერში და ამან მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ სიახლეს უყურებს, როგორც შანსს, რომელიც უნდა გამოიყენოს.

– ქეთი, უჩვეულო ამპლუაში ხართ, წამყვანი გახდით. როგორ შეხვდით ამ გამოწვევას?

– “რუსთავი 2”-ზე დაიწყო ჩემი ბლუზ-როკ მომღერლის კარიერა, სადაც გავხდი პოპულარული. ამ არხზე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და ბედნიერი ვარ. ძალიან გამიხარდა, როცა ეს წინადადება შემომთავაზეს, რადგან ამ ტელეკომპანიასთან ასოცირდება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ახლა კი თითქოს დავუბრუნდი ბავშვობას, ოღონდ უკვე სხვა რანგში და სხვა ამპლუაში.

– საინტერესო აღმოჩნდა ჟურნალისტიკა თქვენთვის?

– ძალიან საინტერესოა. ნერვიულობის მიუხედავად, თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბედი ხელს მიწყობს განვითარებაში.

– ტელესახედ თავი ოდესმე წარმოგედგინათ?

– არქეოლოგობა მინდოდა, ქიმიკოსობაც, მაგრამ ამ ოცნებებში ჟურნალისტიკა არასდროს შედიოდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ძალიან კომფორტული და საინტერესო პროფესია ყოფილა. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო.

– ახალმა საქმემ თქვენი ჩვეული რეჟიმი მნიშვნელოვნად შეცვალა?

– აქამდე ჩემი გრაფიკი იყო ასეთი: დღე მეძინა და ღამე მეღვიძა. რა თქმა უნდა, გრაფიკი შეიცვალა, მთლიანად გადმოვეწყე, რადგან თუ რაღაცას ვკიდებ ხელს, მინდა, ყველაფერი კარგად გავაკეთო. ნელ-ნელა ვცდილობ, ჩემი ძილის რეჟიმი დავარეგულირო და გრაფიკში ჩავჯდე.

– ანუ ღამის ცხოვრებას დაემშვიდობეთ.

– პარასკევიდან კვირის ჩათვლით ღამის ცხოვრებას დავემშვიდობე. სიმართლე გითხრათ, კლუბები დიდად არც მიყვარდა, ძალიან იშვიათად თუ წავიდოდი. უბრალოდ მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა. ახლა ჩემი მეგობრები ძალიან გახარებულები არიან ჩემი ახალი საქმიანობით და ყველანაირად ხელს მიწყობენ.

– პირველი გადაცემის შემდეგ რა გითხრეს ხელმძღვანელებმა?

– კარგი გოგო ხარო. მცირე შენიშვნები ჰქონდათ, რაც მეც კარგად ვიცი და ვცდილობ, გამოვასწორო. შეიძლება იდეალურად ვერ ვქნა, მაგრამ პრაქტიკასთან ერთად მოვა გამოცდილება, უფრო დავიხვეწები და ყოველთვის ვეცდები, ის დადებითი მუხტი არ დავკარგო, რაც ჩვენს გადაცემას და წამყვანებს აქვთ. ისეთ პროფესიონალებთან კი, როგორებიც ამ გადაცემაზე მუშაობენ, ეს ნამდვილად გამიიოლდება.

– პირდაპირ ეთერში მუშაობამ თქვენი ჩაცმის სტილის შეცვლა ხომ არ მოითხოვა?

– არ შემიცვლია, ჩემებურ სახეს ვინარჩუნებ. ვერავინ წაგართმევს შინაგან ენერგეტიკას. შინაგანი ენერგეტიკა კი არის ის, რაც ყველაზე მეტად არის ადამიანისთვის დამახასიათებელი.

– გადაცემაში თქვენი გემოვნებით იცვამთ?

– კი. საშუალება მაქვს, ავარჩიო, რა ჩავიცვა და როგორ.

– გადაცემამ თითქოს აკადემიურობა შეგმატათ.

– აკადემიურობა ასაკმა შემმატა. ძალიან დიდი არ ვარ, მაგრამ, როცა ადამიანი იზრდება, ბევრი რაღაც იხვეწება.

– სასიმღერო კარიერაში რა ხდება ახალი?

– აკუსტიკურ გიტარასთან ერთად ვაკეთებ პროგრამას, სადაც შედის როგორც ქავერები, ასევე საკუთარი სიმღერები. ეს აკუსტიკური პროგრამა ნელ-ნელა შეივსება და ბენდთან ერთად გაკეთდება სიმღერები. შემდგომ, უკვე ეს ყველაფერი მზად რომ მექნება, აუცილებლად გავაკეთებ სატელევიზიო პრემიერას. ასე რომ, არ ვჩერდები.

– ამჟამად არსად მღერით?

– სალონური კონცერტები მაქვს პერიოდულად. რაც შეეხება სოლო კონცერტს, ეს უფრო სამომავლო გეგმებში შედის. ამას სჭირდება დიდი დრო, რესურსი, მომზადება.

ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარია, მზად იყო. შეიძლება შანსი მოგცეს ღმერთმა და ვერ გამოიყენო, რადგან იმ მომენტში არ იყო მზად. მაქსიმალურად ვცდილობ, ნებისმიერი გამოწვევისთვის ვიყო მზად.

– გქონიათ ცხოვრებაში შანსი, რომელიც არ გამოგიყენებიათ და გინანიათ?

– რა თქმა უნდა, მქონია შანსი, არ გამომიყენებია, მაგრამ არ მინანია.

– რატომ?

– იმიტომ, რომ, რასაც ვერ შეცვლი, აღარ უნდა ინერვიულო. ისეთი კედელი აღვმართე, თითქოს არც არსებობდა. თუ არ გამოვიყენე ის შანსი, ე.ი. ჩემი არ ყოფილა.

– რა ისწავლეთ ცხოვრებისგან?

– ვისწავლე ის, რომ არ უნდა მივაქციო ყურადღება არავის და არაფერს. კეთილსინდისიერად უნდა ვემსახურო ჩემს საქმეს. ვაკეთო ყველაფერი ისე, როგორც მე ვთვლი საჭიროდ და არა – როგორც სხვა. მინიმუმი, უნდა ვიცხოვრო ისე, რომ სხვას არაფერი დავუშავო, თორემ ჩემს თავს რას დავუშავებ, ეგ მარტო ჩემი საქმეა.

– თქვენს წარმატებაში ვინ ითამაშა ყველაზე დიდი როლი?

– ძალიან ბევრი ადამიანი გვხვდება, ვინც კარგ ან ცუდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. იგივე ქალბატონი მარინა ბერიძე და ის შემოქმედებითი ჯგუფი რომ არ ყოფილიყო, რომელიც “ვარსკვლავების აკადემიის” დროს ჩვენზე მუშაობდა, შეიძლებოდა ვერც გამომემჟღავნებინა ჩემი შესაძლებლობები. მოკლედ, კარგი ადამიანები ცხოვრებაში მარტო მე კი არა, ძალიან ბევრს ხვდებიან. ჩვენ ნებისმიერი დახვედრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

– დაგიკარგავთ ადამიანები?

– როგორ არ დამიკარგავს და მეც დავუკარგივარ მათ. ეს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული დინებაა, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას რეცხავს. არა უშავს, მთავარია, ერთი რომ მიდის, მეორე მოვიდეს ან სასურველია, არ წავიდეს და ბევრი კარგი დაემატოს ერთმანეთს. მარტოობისთვის ყველა მეცოდება.

– მარტოობაში უმეგობრობას გულისხმობთ?

– დიახ. ბედნიერი ვარ, რომ მეგობრებში გამიმართლა. გვერდით მყავს ადამიანები, რომლებსაც თვალდახუჭული ვენდობი.

– სიყვარულისთვის არის ადგილი თქვენს ცხოვრებაში? შეყვარებული ხართ?

– არ ვარ. 100%-ით მაქვს გაცნობიერებული, რომ პირადი ცხოვრება არის მართლა პირადი და კავშირი არ აქვს სხვა რამესთან. მაქვს სურვილი, ხალხს ვაინტერესებდე იმით, რასაც ვაკეთებ და არა იმით, თუ რას ვაკეთებ სახლში. თუ მე იმ დონეზე უინტერესო ვარ, რომ ხალხს მხოლოდ ჩემი პირადი აინტერესებს და სხვა არაფერი, გამოდის, რომ შემოქმედებითად დიდი კრიზისი მქონია. არადა არ მაქვს, პირიქით, ბევრი საინტერესო რამ ხდება.

გიორგი საკარული, ჟურნალი სარკე