ნიკა ლომიძე: “ბოლო პერიოდში მე და ნიტას ძალიან გვიჭირს”

ნიკა ლომიძე: "ბოლო პერიოდში მე და ნიტას ძალიან გვიჭირს"შოუმენ ნიკა ლომიძეს პოპულარობა დიდი ხნის წინ ტელეკომპანია “მაესტროს” დილის გადაცემა “ტოროლამ” მოუტანა, სადაც მისი თანაწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო. დილაადრიან გაღვიძება მაშინ ისე მობეზრდა, რომ მას მერე ამ ტიპის გადაცემაში მუშაობა აღარ უფიქრია. მაგრამ გავიდა დრო და ისევ დილის პირდაპირ ეთერში მოგვევლინა, ამჯერად “რუსთავი 2”-ზე. საერთოდ ამ კომპანიაში მყარად დაფუძნდა – პარალელურად ამავე არხის მთავარი რეჟისორია და ამჟამად მუსიკალურ პროექტ “მხოლოდ ქართულზე” მუშაობს.

თავისი ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე ნიკა “სარკეს” ესაუბრა.

– ნიკა, წლების შემდეგ დაუბრუნდით ტელეწამყვანობას. რა შეგრძნებაა, როცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდებით ეკრანს?

– ტელეეთერი ძალიან მომნატრებია. აქამდე, კარგი გაგებით, ჩემი სარეკლამო კომპანიით ვერთობოდი და ამ საქმეშიც საკმაოდ ჩავეფლე, თუმცა მივხვდი, რომ ტელევიზია მიყვარს. რაც მთავარია, ხალხთან ურთიერთობაა კარგი, მართალია, მათ ვერ ხედავ, მაგრამ ამას გრძნობ.

– რა განსხვავება დაინახეთ იმდროინდელ ტელეეთერსა და ახლანდელს შორის?

– ძალიან დიდი სხვაობაა. იმ დროს ყველაფერი იყო პირველი, ნოვატორული, ახალი და ძალიან საინტერესო. ახლა მივეჩვიეთ, რომ არსებობს ბევრი ტელეკომპანია დაბევრი გადაცემა. რა თქმა უნდა, დიდი სხვაობაა. ახლა მიდის სტანდარტულად, ისე, როგორც ტელევიზიას ეკადრება.

– წლების შემდეგ პირდაპირ ეთერში დაჯდომა თავდაპირველად არ გაგიჭირდათ?

– არა. წამყვანობას ბოლომდე მოწყვეტილი არ ვყოფილვარ – კორპორატიული საღამოები, კონცერტები მიმყავდა. არ გავჩერებულვარ, უბრალოდ ეთერში არ ვიჯექი.

– ისევ ტოროლას გრაფიკში ადვილად ჩაჯექით?

– “ტოროლას” შემდეგ ვთქვი, რომ დილის ეთერში აღარასოდეს დავჯდებოდი. იმდენჯერ გავიღვიძე დილის 6 საათზე, რომ აღარ მინდოდა დილის ეთერი. თუმცა ხომ გაგიგიათ, არასოდეს უნდა თქვა: “არასოდეს”.

მთავარი არის ერთი რამ, რაც ტელევიზიაშიც და ცხოვრებაშიც მახასიათებს – უნდა ვიფიქრო და ვაკეთო საქმე, რომ სხვა იყოს კარგად.

– ამავე დროს ხართ “მხოლოდ ქართულის” რეჟისორი. ეს ახალი საქმიანობაა თქვენთვის თუ ამ სფეროში ადრეც მოგისინჯავთ ძალები?

– რეჟისორის ამპულაში დიდი ხანია ვარ. 7 წელია მარტო რეჟისურით ვარ დაკავებული, ვიღებ სარეკლამო რგოლებს, მუსიკალურ კლიპებს, რამდენიმე საინტერესო ფილმიც გადავიღე.

– თუმცა მუსიკალური ტელეპროექტი რეკლამებისა და ფილმების გადაღებისგან განსხვავდება.

– ასეთი სახის სამუშაოს პირველად ვასრულებ, აქამდე შეხება არ მქონია. ძალიან საინტერესო საქმეა. ვფიქრობ, კარგად მოვერგე როგორც მე, ისე მთელი გუნდი. კარგი პროდუქტი გამოვიდა და იმედი მაქვს, დიდ რეიტინგს დადებს.

– რასაც ელოდით, ის მიიღეთ?

– შედეგი დიდია. არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას, ასეთ დადებით ემოციებს. თურმე საქართველოში მართლა მოგვნატრებია ქართული სიმღერა. უშუალოდ პროექტის ვიზუალური და დრამატურგიული მხარის მიმართაც არ ველოდი ასეთ დადებით ემოციებს.

– პროექტის დასრულების შემდეგ “რუსთავი 2”-ში რეჟისორად დარჩებით?

– კი, რადგან “რუსთავი 2”-ში ამით დაიწყო ჩემი მუშაობა – მთავარი რეჟისორი ვარ და შემდეგ დაემატა ეს პროექტი. ასე რომ, გავაგრძელებ საქმიანობას.

– სარეკლამო საქმიანობას ჩამოშორდით?

– ჩემი სარეკლამო კომპანია შვილივით მყავს გაზრდილი და ზუსტად ვიცი, რომ ვერასდროს დავტოვებ. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობ.

– პარალელურ რეჟიმში ამდენ საქმეს კარგად ართმევთ თავს?

– რა თქმა უნდა. რაც მეტია საქმე, მით უფრო დიდი ენერგია გემატება. ეს ყველაფერი აზარტულია. ძალიან ვგულშემატკივრობ “რუსთავი 2”-ს და მინდა, რომ ისევ ფეხზე დადგეს. უკან არასდროს წასულა, მაგრამ რაღაცები მოაკლდა – გარკვეული მიზეზების გამო მეგა პროექტები არ იყო.

– ცნობილია, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს. მეგაპროექტები როგორ ფინანსდება?

– პროექტი “მხოლოდ ქართული” ცდილობს საკუთარი თავის შენახვას და ჩვენც ვეხმარებით. პროექტზე ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომ შეიძლება “რუსთავი 2”-მა, თუნდაც ფინანსური გაჭირვების პერიოდშიც, გააკეთოს მეგაპროექტი პროფესიონალების ხარჯზე.

– თქვენმა ქალიშვილმა, ნიტამ, გაიმარჯვა პროექტში “შენ შეგიძლია ცეკვა”. ამის შემდეგ ის ცოტა ხნით ნიუ იორკშიც იყო სასწავლებლად. ახლაც რაიმე სიახლე ხომ არ არის მის ცხოვრებაში?

– პროექტის დასრულების შემდეგ ისევე გააგრძელა ცხოვრება, როგორც მანამდე იყო. რაც ყველაზე მთავარია, გამარჯვება თავში არ აუვარდა. ისევ ისეთი ნიტაა, როგორიც პროექტამდე იყო. ნიუ იორკში საზაფხულო სკოლაში იყო და იქაურობა ძალიან მოეწონა. ახლა ცდილობს, ჩააბაროს გამოცდები, მიიღოს დაფინანსება და უცხოეთში წავიდეს სასწავლებლად.

– ისევ ამერიკაში წასვლა უნდა თუ ევროპაში?

– ნიუ იორკი ძალიან შეუყვარდა, ბევრი მეგობარი გაიჩინა, ამიტომ იქ უნდა. ბროდვეი, მიუზიკლები მისია.

– ვიცი, რომ თქვენ განსაკუთრებული მამაშვილობა გაქვთ. ახლა, ამ გადატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, გრჩებათ დრო ნიტასთან ურთიერთობისთვის?

– ბოლო პერიოდში ორივეს ძალიან გვიჭირს, რადგან ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ერთად ვერთობით, ერთად ვატარებთ დროს, ფილმების ერთად ყურება გვიყვარს. ახლა ეს ცოტა მოგვაკლდა, მაგრამ ნიტამაც იცის, რას ვაკეთებ და ორივე გაგებით ვეკიდებით ამ საკითხს.

მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი სარკე