“ბახალა იმიტომ დააპატიმრეს, რომ ირაკლი ქორიძისთვის დაედო ხელი” – მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს და მის ბიზნესპარტნიორს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

"ბახალა იმიტომ დააპატიმრეს, რომ ირაკლი ქორიძისთვის დაედო ხელი" - მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს და მის ბიზნესპარტნიორს უვადო პატიმრობა ემუქრებათცნობილი ექიმების, ქორიძეების, ოჯახის წარმომადგენელს, ირაკლი ქორიძეს, ნარკოვაჭრობა ედება ბრალად, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, მეტსახელით ბახალას, რომელიც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის უკვე იხდის და 8 წელი აქვს მისჯილი, ბრალის დამძიმება და 15 წლიანი ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

2017 წლის 24 იანვარს სამართალდამცავებმა თურქეთიდან მომავალი კატასტროფის ბრიგადის მანქანის მძღოლი ჯაბა ხულორდავა დააკავეს. მას მანქანაში 850 აბი სუბოტექსი უპოვეს.

ხულორდავამ მაშინ განაცხადა, რომ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელის, თემურ ქორიძის, შვილი, ირაკლი ქორიძე იყვნენ გარეული. დაკავებული ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკები თურქეთში მას გიორგი გიორგანაშვილმა მისცა და საქართველოში დაბრუნებულს სუბოტექსის აბები ირაკლი ქორიძისთვის უნდა გადაეცა.

ჯაბა ხულორდავას დაკავებიდან მეორე დღეს, 25 იანვარს, სამართალდამცავებმა თურქეთიდან ტაქსით მომავალი გიორგი გიორგანაშვილი გააჩერეს და 45 აბი სუბოტექსი უპოვეს. ბახალა ამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

სასამართლო პროცესები ერთი წელი გრძელდებოდა, მაგრამ ირაკლი ქორიძე არავის დაუკავებია, რადგან პროკურატურამ, ხულორდავას ჩვენების გარდა, მის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა.

2017 წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. საქმის ძირითად განხილვაზე კი დააპატიმრა, რასაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეთა დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

– ჩემ მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და დაკავებისას მე თან არ მქონია არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება. ასეთი რამ რომ მქონოდა, მე ნამდვილად დავთანხმდებოდი პროკურატურის შემოთავაზებას საპროცესო შეთანხმებაზე, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მკაცრია დღეს არსებული კანონმდებლობა ნარკოდანაშაულის მიმართ და ცხადია, ასეთ დიდ რისკზე არ წავიდოდი.

მთელი ოჯახი დამოკიდებულია ჩემზე. შესაბამისად, დავთანხმდებოდი იმ 1 წელს, რომელსაც მთავაზობდა პროკურატურა და გამოვიდოდი ციხიდან სასჯელის მოხდით… მე რომ რაიმე დანაშაულში მიმიძღოდეს ბრალი, ნამდვილად არ გავრისკავდი არამარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების კეთილდღეობით, – განაცხადა სასამართლოზე გიორგანაშვილმა.

ამის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს “მერსედესის” ფირმის რეანომობილი, რომლის მძღოლს, ჯ.ხ.-ს, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოიღეს უკანონოდ შეძენილი, შენახული და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი 22 აბი.

რეანომობილში მოთავსებული სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან კი ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი. ჯ.ხ.-მ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა, რომ ეს საშუალებები მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გიორგი გიორგანაშვილმა გადასცა, საქართველოში კონკრეტული პირისთვის გადაცემის მიზნით.

ინფორმაციის მიღებისთანავე სამართალდამცველებმა გიორგანაშვილის კვალს მისდიეს და 2017 წლის 25 იანვარს ბათუმიდან თბილისში ტაქსით მიმავალი გაჩხრიკეს. მას ქურთუკის ჯიბიდან ამოუღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების, “ბუპრენორფინის” შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი.

არსებობს ჩვენება, სადაც გიორგანაშვილი ადასტურებს, რომ მას ჩხრეკისას თან ჰქონდა 45 აბი სუბოტექსი.

საბოლოოდ, გიორგანაშვილს 45 აბი სუბოტექსის შემოტანისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხულორდავა, რომელსაც 850 აბი სუბოტექსის ქვეყანაში შემოტანას ედავებოდნენ, 7 წლით ჩასვეს ციხეში, რადგან მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.

.

2018 წლის 30 მარტს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით ლაცაბიძემ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას ამცნეს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი და დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

დაკავებული ირაკლი ქორიძე გახლავთ. შსს-ს ცნობით, ის 2017 წლის იანვრიდან შპს “კატასტროფის მედიცინის ცენტრში” ფაქტობრივად დირექტორის ფუნქციას ასრულებდა და პაციენტებს რეანომობილით მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საზღვარგარეთ.

საჯარო რეესტრის ცნობით, თეიმურაზ ქორიძე “კატასტროფის მედიცინის ცენტრის” დირექტორი იყო. ის გასული წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა. კომპანიაში მისი წილი – 15% მეუღლემ მემკვიდრეობით მიიღო. ამავე კომპანიაში 25% ცნობილ ექიმს, თეიმურაზ ქორიძის ძმას, ამირან ქორიძეს ეკუთვნის, 15% – ლევან ქორიძეს და 25% – დავით ბანცაძეს.

.

ირაკლი ქორიძე ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთხელ უკვე იჯდა ციხეში. 2011 წელს მას სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 300 აბი ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს და 30 წელი მიუსაჯეს.

30 წლიანი პატიმრობამისჯილი ირაკლი ქორიძე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 2014 წელს შეიწყალა და ციხიდან გაათავისუფლა. შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ქორიძე პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას, ბიძაშვილის ყოფილი მეუღლე იყო.

2014 წელს შეწყალების კომისიას შეწყალების შუამდგომლობით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.

“კომიტეტის მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება პოლიტიკური მოტივი ირაკლი ქორიძის მიმართ სამართალწარმოების განხორციელებისას. ირაკლი ქორიძეს შუამდგომლობას ვუწევთ შეწყალების თაობაზე”, – ეწერა ბესელიას ხელმოწერით პრეზიდენტისადმი გაგზავნილ დოკუმენტში.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მაშინ დაადგინა, რომ ქორიძე 2011 წლის მაისის აქციების ორგანიზებაში მონაწილეობდა და იმიტომ იდევნებოდა, ნარკოტიკი კი მას ჩაუდეს.

პროკურატურის მიერ ახალაღმოჩენილი გარემოებებით ირკვევა, რომ ირაკლი ქორიძემ პაციენტი თურქეთში რეანომობილით გაგზავნა. მძღოლი ჯაბა ხულორდავა გახლდათ. ხულორდავას სუბოტექსის აბები გიორგანაშვილმა გადასცა. სამშობლოში ხულორდავა იმავე რეანომობილით დაბრუნდა და ნარკოტიკებიც შემოიტანა. მას ნარკოტიკები ირაკლი ქორიძესთვის უნდა გადაეცა, მაგრამ სამართალდამცავებმა დააკავეს.

ეს ამბავი ხულორდავამ 1 წლის წინ მოყვა სასამართლო პროცესზე, მაგრამ ექსპერტიზამ აღნიშნულ ნარკოტიკებზე გიორგანაშვილის ბიოლოგიური კვალი ვერ დაადასტურა.

.

გამოძიებას აცხადებს, რომ მას ხელთ აქვს ამ სამი ადამიანის, ჯაბა ხულორდავას, გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის, ერთმანეთთან განხორციელებული სატელეფონო ზარების ამონაწერები და საბანკო გადარიცხვები. გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატი გიორგი მახარაძე კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხულორდავასთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია. გიორგი გიორგანაშვილი ამ გაუგებრობაში მხოლოდ იმიტომ მოყვა, რომ ირაკლი ქორიძის ბიზნესპარტნიორი გახლდათ.

გიორგი მახარაძე:

– გიორგი გიორგანაშვილს წარუდგინეს ბრალი ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით. ეს ძალიან სასაცილოა, ვინაიდან ერთი ახალი მტკიცებულებაც კი არ არსებობს საქმეში.

ამ ბრალდებების შესახებ ჩვენ წინა სასამართლო სხდომებზეც მოვისმინეთ. ბრალდების მხარე სულ აპელირებდა, რომ გიორგი გიორგანაშვილი სხვა ქმედებაშიც იყო გარეული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ არ დადგინდა მისი კავშირი იმ საქმესთან.

ახლა კი პროკურატურას ახალი მტკიცებულებები არ მოუპოვებია და აქვს მხოლოდ და მხოლოდ ჯაბა ხულორდავას ჩვენება, რომელმაც ამის სანაცვლოდ მიაღწია ძალიან კარგ საპროცესო შეთანხმებას – მისი ბრალი 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა და ქორიძის და გიორგანაშვილის დასახელებისთვის მხოლოდ 7 წელი მიესაჯა, რაც ძალიან კარგი პირობაა.

პროკურატურა ცდილობს, იმავე “ნარატივით” გავიდეს ფონს ამ საქმეში. სამართალდამცავი ორგანოები, როცა რაღაც საპროტესტო ტალღა წარმოიქმნება, ყურადღების გადატანას სხვა რამეზე ცდილობენ და ახლაც ეს ხდება. საუბარი მაქვს მამუკა ბერძენიშვილის საქმეზე.

მედიის წარმომადგენლები “პირველი არხის” ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ. მამუკა ბერძენიშვილი არის სახელმწიფოს მიერ წარმოებული ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლი და მასთან ერთად ციხეში პირადი მოხმარებისთვის და მინიმალური დოზებისთვის 2000-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს.

ამ საქმეზე დაგროვილი პროტესტის საპასუხოდ გაახსენდათ ეს საქმეც და სურთ, თავიანთი უწყება წარმოაჩინონ ეფექტურ მებრძოლ სამსახურად ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ შეთითხნილი, თეთრი ძაფით ნაკერი საქმეებით ცდილობენ, საზოგადოება თავის ეფექტურ მუშაობაში დაარწმუნონ.

– ქორიძისა და გიორგანაშვილის ურთიერთობაზე რას იტყვით?

– ქორიძე და გიორგანაშვილი ბიზნესპარტნიორები არიან. მათ უნდა გაეხსნათ ელექტროსიგარეტების მაღაზია. ამისთვის ფართიც ჰქონდათ ნაქირავები რუსთაველის მეტროს მიმდებარედ. გიორგიმ სარემონტო სამუშაოებიც ჩაატარა და პროდუქციის შემოტანას ელოდნენ. ნამდვილად არ ვიცი, ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ თუ მერე გაიცნეს, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ნაცნობობა აკავშირებდათ.

– ჯაბა ხულორდავამ რაღა მაინცდამაინც ეს ორი ადამიანი დაასახელა და რატომ ემთხვევა გიორგანაშვილისა და ხულორდავას თურქეთში ყოფნის დღეები ერთმანეთს?

– იმ დღეს ალბათ საქართველოს ათასობით მოქალაქე იმყოფებოდა თურქეთში. ჯაბა ხულორდავამ იმიტომ დაასახელა გიორგი გიორგანაშვილი, რომ ირაკლი ქორიძის მიმართ ყოველთვის ჰქონდათ ინტერესი. გიორგის თავიდანვე სთხოვდნენ, ირაკლი ქორიძე დაესახელებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გაჩხრეკდნენ.

გაჩხრიკეს კიდეც და 45 აბი სუბოტექსიც ჩაუდეს, რომლის გამოც 8 წელი აქვს მისჯილი. ხულორდავამ რატომ დაასახელა გიორგანაშვილი, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

– თავად გიორგი რას ამბობს, როგორ განწყობაზეა?

– ვიხალისეთ ამ ბრალდებაზე, რადგან ერთი ახალი მტკიცებულებაც კი არ არის და პროკურატურას თავისივე გადაწყვეტილების უარყოფა უწევს, როცა თქვეს, რომ ხულორდავასთან გიორგანაშვილის კავშირი არ მტკიცდებოდა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მაშინ ამოღებულ ნარკოტიკებზე ბახალას კვალი არ დადასტურებულა და არც ახლა დასტურდება, რადგან რეალურად არ ჰქონია შეხება.

– გიორგანაშვილი იცნობს ხულორდავას?

– ბახალამ ხულორდავა გაიცნო მაშინ, როცა სასამართლო პროცესზე გამოჩნდა. მანამდე ნანახი ჰყავდა, მაგრამ არ იცნობდა.

– სად ნახა?

– ირაკლისთან, კომპანიაში ნახა, როცა ირაკლის თავის ბიზნესთან დაკავშირებით ხვდებოდა. მერე გაიხსენა, მინახავსო. ისინი თურქეთში ერთმანეთს არ შეხვედრიან. ამის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს, რადგან ფიზიკურად არ შეხვედრიან.

– იმ დღეს გიორგი პარიზიდან ბრუნდებოდა თურმე.

– დიახ და პარიზშიც ელექტროსიგარეტების გამო იყო ჩასული. არკვევდა, სად უნდა შეესყიდათ ეს ელექტროსიგარეტები და სითხე, რომელიც მასში ისხმება.

– ახალგაზრდა მსახიობის გაწირვა რატომ და ვის უნდა სურდეს?

– ირაკლი ქორიძის გამო უნდათ. “პეტრე პავლიაშვილი” რომ ყოფილიყო ქორიძის ბიზნესპარტნიორი, ის აღმოჩნდებოდა ამ სიტუაციაში.

– ცოტა უცნაურია, ქორიძეს ერჩოდნენ, მაგრამ ის კი არა, გიორგანაშვილი დააკავეს დიდი ხნით ადრე…

– დიახ, რადგან სთხოვდნენ, ქორიძისთვის დაედო ხელი. სულ ეს არის.

.

ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ქორიძის ადვოკატი, სალომე ჯანუაშვილი შეგვპირდა, რომ “სარკესთან” ისაუბრებდა, მაგრამ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე