ინგა ბერაძე: “ამ თემას ათეული წელი ტაბუ ედო, პირველად “სარკეს” ვუმხელ” – როგორ აღმოჩნდა მონატაცები გოგონა გეგელაშვილების ოჯახში

ინგა ბერაძე: "ამ თემას ათეული წელი ტაბუ ედო, პირველად "სარკეს" ვუმხელ" - როგორ აღმოჩნდა მონატაცები გოგონა გეგელაშვილების ოჯახშიიყო დრო, როცა პროფესიულ სცენაზე მდგომი პატარა, ლამაზი, ნიჭიერი მომღერალი გოგონა, ინგა ბერაძე, ყველას ატყვევებდა წკრიალა ხმით. მისი ცნობილი კოპლებიანი კაბა და დიდი ბაფთა საბავშვო მოდადაც იქცა. ინგას წარმატება პიკს აღწევდა. დიდ, სამთავრობო კონცერტებზე ნათია კავსაძესთან დუეტში მღეროდა…

გავიდა წლები და მომღერალი სცენაზე პატარა შვილთან, გიგი გეგელაშვილთან ერთად გამოჩნდა – ეს იყო დედა-შვილის პირველი დუეტი საქართველოში. მათი სიმღერა – “საბრძოლო” (“ჰეი, ბიჭებო”) ლამის საბრძოლო ჰიმნადაც იქცა.

დედა-შვილს ტექსტებს და სიმღერებს ინგას ქმარი, დავით გეგელაშვილი უწერდა. დათო, პროფესიით ფიზიკოსი, შემოქმედებითი უნარით ტოლს არავის უდებდა, მაგრამ ყოველთვის კულისებში იდგა. მერე ინგამ თავადაც შექმნა სიმღერები და მადლიერების ნიშნად მას მიუძღვნა.

გასულ წელს ინგა ბერაძეს სცენაზე დგომის 55 წელი შეუსრულდა. საიუბილეო საღამო 15 ოქტომბერს გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც შემოქმედებითად აიდგა ფეხი. იქვე გაიცნო მისი ერთადერთი სიყვარულიც. მომღერალი იმ მნიშვნელოვან ეპიზოდებზე გვესაუბრა, რომლებმაც მისი ცხოვრება წარმართა.

– ქალბატონო ინგა, ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება იყოს განსაკუთრებული ეპიზოდი, რომელიც განსაზღვრავს მის ბედს. თქვენს შემთხვევაზე გვიამბეთ.

– მთელი ჩემი შემოქმედებითი და პირადი ცხოვრებაც პიონერთა სასახლიდან იღებს სათავეს. 3 წლიდან დავდიოდი ვოკალის წრეზე, უძლიერეს პედაგოგ ციცინო ციცქიშვილთან, რომელსაც მეორე დედად ვთვლიდი.

ერთხელ სასახლეში შეხვედრა გვქონდა ცნობილ საოპერო მომღერლებთან, ზურაბ სოტკილავასთან და მედეა ამირანაშვილთან. შევასრულე ურთულესი სიმღერა – როსინის “ტარანტელა”. დარბაზი ფეხზე წამოდგა. ქალბატონმა მედეამ დიდი წარმატება მიწინასწარმეტყველა. ზურაბ სოტკილავამ კი პატარა თოჯინა, ქონდრისკაცი მაჩუქა: ეს სუვენირი გერმანიიდან ჩამოვიტანე, ბედნიერების სიმბოლოა, ბედნიერებას მოგიტანსო, მითხრა და დღემდე სათუთად ვინახავ.

მაშინ 10 წლის ვიყავი. იმ დღეს მაყურებელთა რიგებში იჯდა 11 წლის ბიჭი, დათო გეგელაშვილი, რომელსაც ერთი ნახვით შევუყვარდი. იმ სასახლის ინტერკლუბში დადიოდა. მერვე კლასში გავიცანი, როდესაც, ციცინო დეიდას რჩევით, დედამ მეც შემიყვანა ინტერკლუბში. ლიდერი, ინტელექტუალური ბიჭი იყო.

სანამ არ ვიქორწინეთ, დათო თავის გრძნობაზე არ დამლაპარაკებია, თუმცა ეს უჭკვიანესი ბიჭი სიყვარულისთვის ათასგვარ სიგიჟეს ჩადიოდა. ძმაკაცების ამალით დამყვებოდა, საშველს არ მაძლევდა, “მაკონტროლებდა”, არავის მაკარებდა. ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა ჩემს თაყვანისმცემლებს. ერთხელ სპორტის სასახლეში გალახვას გადაურჩა – ჩემი უცნობი თაყვანისმცემელი, რომელსაც დათო “წაეჭიმა”, თბილისის ჩემპიონი აღმოჩნდა კრივში.

– მოულოდნელად გათხოვდით – დათოს აქტიურობამ გადაწონა თუ რაიმემ მოახდინა პროვოცირება?

– ამას წინ უძღოდა ერთი შემთხვევა, რომელიც არასდროს გამიჟღერებია. ამ თემას ათეული წელი ტაბუ ედო, ოჯახშიც კი არ ვეხებოდით. პირველად “სარკესთან” ვამხელ.

ერთ ზაფხულს ოჯახთან ერთად ვისვენებდი ქობულეთში, სადაც გავიცანი თბილისელი ბიჭი – თბილი, ყურადღებიანი, კარგი პიროვნება. ჩვენი მეგობრობა თბილისშიც გაგრძელდა. დაუახლოვდა ჩემს ყველა ნათესავ-მეგობარს, მათ შორის – დათოსაც. ყველას თავი შეაყვარა. დედაჩემს შვილივით შეუყვარდა. ასევე უყვარდა დათოც, ჩემს თავს ანდობდა. მეც მიყვარდა მეგობრულად.

18 წლისა მუსიკალურ სასწავლებელს ვამთავრებდი. ნოემბრის ერთ სუსხიან დღეს ნაავადმყოფარი წავედი სასწავლებელში, რის გამოც დედა ნერვიულობდა. იმ ბიჭმა დედა დააიმედა, ინგას მანქანით მოგიყვანთო. მომაკითხა თავისი მანქანით ძმაკაცთან ერთად. ჩაგვსვეს მე და ნანიკო გიორგაძე (ციცინო ციცქიშვილის ქალიშვილი), ნანიკო სახლამდე მიაცილეს, მე კი შარაგზაზე გამაქანეს.

გავცდით თბილისს. ბავშვური ვიყავი, ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. სიმკაცრეში გაზრდილს ეს თავისუფლება, “ველად გაჭრა” მომეწონა კიდეც. გზაში არიებს ვმღეროდი საგამოცდო პროგრამიდან და ვხალისობდი. იმ ბიჭს ვენდობოდი, ვიცოდი, არაფერს დამიშავებდა.

სიმღერ-სიმღერით ჩავედით ზესტაფონში. მერეღა ვიკითხე, აქ რა გვინდა-მეთქი. ბიჭის ძმაკაცმა ამიხსნა, ამ ბიჭს ძალიან უყვარხარ და სურს, დაოჯახდეთო.

დაუჯერებლად მეჩვენა, თამაშად აღვიქვი, თავი კინოგმირად წარმოვიდგინე… მარტო ის ვიფიქრე, დედა როგორ ინერვიულებდა, შინ მისვლას რომ ვაგვიანებდი. ბიჭებს ვთხოვე, სახლში დამარეკვინეთ-მეთქი. სატელეფონო ჯიხურიდან დავურეკე დედას და მხიარულად ვუთხარი – არ ინერვიულო, დედიკო, ზესტაფონში ვართ, მისი ნათესავები გვიმასპინძლებენ და საღამოს დავბრუნდებით-მეთქი.

დედა მიხვდა და შოკში ჩავარდა. სულ ჰქონდა შიში და ალბათ წინათგრძნობაც, არავის მოვეტაცე. მაფრთხილებდა ხოლმე, თუ ვინმემ მოგიტაცა, არ შეშინდე, დედიკო, იმ წუთას შენთან გავჩნდები და გამოგიხსნიო.

ამის შემდეგ დათომ დაურეკა დედაჩემს, წარამარა კითხულობდა ჩემს ამბავს. დედამ შესჩივლა, მიშველე რამე, ინგა მოიტაცესო. თბილისიდან დაიძრა ორი მანქანა. ერთში ისხდნენ დათო და მისი იარაღასხმული ძმაკაცები, მეორეში – ჩემები, ბიძა, დედა… კიდევ კარგი, გორთან დათოს მანქანა მილიციამ გააჩერა და აღარ გამოუშვა.

ამასობაში ზესტაფონში დაგვხვდა იმ ბიჭის მთელი სანათესაო გაშლილი სუფრით. ჩვენს საყვარელ ბიჭს პატარა, ლამაზი მომღერალი გოგონა მოჰყავსო და ისე დამხვდნენ, ვეღარც ვნერვიულობდი, თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ვერ ვაცნობიერებდი რეალობას, რომელშიც ვიმყოფებოდი. იქნებ ეს თავისებური შოკიც იყო. თითქოს ყველაფერი ჩემ მიღმა ხდებოდა, თავგადასავლის ნაწილი ვიყავი.

სუფრის თავში საპატიოდ მჯდომმა უცებ დედაჩემის შეშლილი სახე დავინახე. მყისვე გონს მოვედი. “გიყვარს, შვილო, ეს ბიჭი?” – მკითხა დედამ. მხოლოდ მეგობრულად მიყვარს, არ მინდა მასთან, წამიყვანე-მეთქი, ვუთხარი. დედამ და ბიძამ ხელი ჩამკიდეს… იმ ბიჭს დედაჩემი არ ეჩხუბა, პირიქით, დაუყვავა კიდეც: “ჯერ პატარები ხართ, ნუ იჩქარებთ. რა ვქნა, არ უყვარხარ ინგას, დრო მიეცი”.

ბიჭი ცუდად გახდა, გრძნობდა, სამუდამოდ მკარგავდა. მეც დამენანა, რომ მისი სახით საუკეთესო მეგობარს ვკარგავდი. წლების შემდეგ მანაც შექმნა შესანიშნავი ოჯახი. საოცარია, რომ ამ პატარა თბილისში ამდენი ხნის მანძილზე სანაცნობოში ვეღარსად შევხვდით.

– დათოს და თქვენი ამბავი როგორ წარიმართა ამის შემდეგ?

– ღამით დავბრუნდით თბილისში, მეორე დილას კი დათოს მშობლები მოვიდნენ ჩვენთან. დედა დაიბნა, შეშინდა. “მთელი საბურთალო ფეხზე დგას, ზოგი ამშვიდებს დათოს, ზოგი აქეზებს… ინგას თუ გაგვატანთ, ხალხში ვიტყვით, ვითომ დათომ მოიტაცა და ოჯახსაც შექმნიან!” – უთხრეს დედას დათოს მშობლებმა.

საქმე ის იყო, რომ მონატაცებ გოგოს საზოგადოება ცუდი თვალით უყურებდა, შეიძლებოდა ბოროტი ხმები დაყრილიყო. შინაურებმა ურჩიეს დედას, სანამ მთელ ქალაქს მოედება ინგას მოტაცების ამბავი, ჯობია, დათოს გააყოლოო. დედა დათანხმდა. მე და ჩემი და, ნანა, მორჩილებაში ვიზრდებოდით. ამჯერადაც დედის ნებას მივყევი. დათოს მიმართ სიმპათია მქონდა, მაგრამ ისიც მეგობრულად მიყვარდა.

იმ დილასვე გადაწყდა ჩემი ბედი: 18 წლის გოგო გეგელაშვილების არაჩვეულებრივ ოჯახში, საოცარი სიყვარულის გარემოცვაში აღმოვჩნდი.

– ამ ნაადრევმა ქორწინებამ რომ გაგიმართლათ და ბედნიერებას გაზიარათ, ფაქტია. მეუღლე, რომელთანაც მყარი ოჯახი შექმენით, თანდათან, ურთიერთობაში შეგიყვარდათ?

– დათომ ოჯახურ თანაცხოვრებაში შემაყვარა თავი. ათეულობით წელია, ის არის ჩემი იმედი, ძალა, საყრდენი და ერთადერთი სიყვარულიც. დედამთილ-მამამთილი ბავშვივით მივლიდნენ. დედამთილი ხელით მაჭმევდა დედაჩემის მსგავსად. დედამ იმ დილითაც თავისი ხელით მასაუზმა და ისე გამაყოლა გეგელაშვილებს.

დედამთილი ორი ბიჭის დედა იყო, შვილებზე წინ მაყენებდა, მეფერებოდა, ვნატრობდი, შენსავით ლამაზი გოგონა მყოლოდა და ღმერთმა შენი თავი მაჩუქაო.

დათოს მშობლებს ერთმანეთი უზომოდ უყვარდათ, ერთმანეთს ოჯახში ყველას თვალწინ კოცნიდნენ, ქუჩაში ხელგადახვეულები დადიოდნენ. ამ ურთიერთობით მაკვირვებდნენ (დედამ ობლობაში გაგვზარდა, მის გვერდში მამაკაცი არ მინახავს). ჩემი და დათოს ოჯახური ურთიერთობაც ამ დიდი სიყვარულის მაგალითზე განვითარდა. ერთად გავიზარდეთ, შევეთვისეთ ერთმანეთს, მთლიანობა გავხდით. იმიტომ გვაქვს ასეთი მყარი ოჯახი.

– და მაინც, ცხოვრება დღისა და ღამის მონაცვლეობაა. სიხარულის გვერდით განსაცდელებიც გექნებოდათ.

– სამწუხაროდ, დიდხანს არ დამცალდა ამ ბედნიერებით ტკბობა – ჩემი დედამთილი, ახალგაზრდა, ულამაზესი ქალი, ლამარა ხუხია, 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა გულის შეტევით. ბავშვების უსაყვარლესმა პედაგოგმა მოულოდნელად საკლასო ოთახში დალია სული.

ეს ტრაგედია მძიმედ გადავიტანეთ, განსაკუთრებით ჩემს მამამთილს, გოგის, გაუჭირდა. ღამღამობით მისი საძინებლიდან მესმოდა, როგორ ქვითინებდა. განახევრდა კაცი. 5 წელიწადში ისიც გარდაიცვალა დარდისგან. არადა არ სვამდა, არ ეწეოდა. ტაბახმელის ბიოკომბინატის განყოფილების გამგე იყო, ცნობილი ბიოლოგი.

კარგად მღეროდა. როგორ უყვარდა ლამარას მისი სიმღერა! დამსვამდნენ როიალთან და დათო, მამამისი და მე სამ ხმაში ვმღეროდით. ჩემი დედამთილი ამით ტკბებოდა.

– ამ ტრაგიკული დანაკლისის შემდეგ ცხოვრებამ რა მიმართულება მიიღო?

– ოჯახში სამი ახალგაზრდა, მე, ჩემი ქმარი და მისი ძმა დავრჩით. არ ვიცოდით, როგორ გვეცხოვრა. დათოსთან ერთად შევეჭიდე დამოუკიდებლად ცხოვრებას. მატერიალური პასუხისმგებლობა მთლიანად დათომ იტვირთა. მე ორ კაცს ვუვლიდი. ამ პატარა ხელებით რამდენ საქმეს აკეთებო, გული ეწურებოდა დედას. უმცროსი ძმა, პაატა, ფაქტობრივად დათომ გამოზარდა, დააქორწინა კიდეც.

ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ვმუშაობდი (ტელევიზია, პედაგოგიური ინსტიტუტი…). მქონდა კონცერტები, გასტროლები. დათო ხელს მიწყობდა, არაფერში მზღუდავდა. ბუნებით თავისუფლებისმოყვარე ვარ, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ თავისუფალი. დედაჩემი, ერთი მხრივ, შვილებს ბედნიერად, ხელისგულზე გვაცხოვრებდა, მეორე მხრივ კი, მკაცრად გვზრდიდა. ის თავისუფლება, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, ქმრის ხელში გამოვცადე.

გიგი ქორწინებიდან მეშვიდე წელს მოგვივლინა უფალმა. ალბათ ესეც კანონზომიერად მოხდა – მანამდე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ვიზრდებოდი დათოსთან ერთად, ვსწავლობდით ერთმანეთს, გვიან დავქალდი…

შვილს თავისუფლად ვზრდიდით, არ ვაკომპლექსებდით. გიგი თავის შეცდომებზე გაიზარდა. თამამად ვიტყვი, რომ გამორჩეული შვილია – უზომოდ თბილი, კეთილშობილი, მოსიყვარულე. მართლაცდა “სინათლის ბიჭია”, როგორც ირმა სოხაძემ უწოდა. მისი მეუღლეც, ქეთი ტყეშელაშვილი, შესანიშნავი გოგონაა.

გიგი და ქეთი ცალკე ცხოვრობენ. ჩემი შვილიშვილი, დათუნა, სკოლაში დადის. დათო საოცარი ბაბუაა, ყოველ დილით მიდის ბავშვთან, დღეს არ ჩააგდებს. მის გამოღვიძებას, ღიმილს, პირველ ფრაზებს ესწრება და ამის შემდეგ ერთი სკოლისკენ მიეშურება, მეორე – სამსახურში.

– დედათქვენს, ნაადრევად დაქვრივებულს, მარტოს მოუწია ცხოვრებასთან შერკინება, პატარა შვილების მოვლა-პატრონობაც. ამიტომ გზრდიდათ მკაცრად?

– დედა 25 წლის ასაკში დაქვრივდა, მთელი ტვირთი და პასუხისმგებლობა დააწვა მხრებზე. ძალიან შეშინებული იყო. ულამაზეს ქალს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ არავისკენ გაუხედავს. 20 წელი შავი თავსაბურავით დადიოდა, რომლის ქვეშ იმალებოდა მისი ახალგაზრდული მშვენება.

ახლაღა ამბობს – ნუთუ არავინ მყავდა პატრონი, ესწავლებინა ჩემთვის, შვილების დედა ხარ და შავი თავსაფარი მოიხსენიო. შინაურები ეუბნებოდნენ, თუ ვინმე გაგიცინებს, შენ არ გაუცინოო… ასე დადიოდა გაუცინარი, მკაცრი სახით, მაგრამ ეს სიმკაცრეც უხდებოდა. დედაჩემის მშობლებიც ფრთხილობდნენ, ლამაზი ქალი უქმროდ რომ დარჩა. პატიოსნება მთავარ ფასეულობად ითვლებოდა.

ჩემი მშობლები რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდნენ. მამა, ოთარ ბერაძე, კანის ექიმი, ცნობილი პიროვნება გახლდათ, დედა, ჯანიკო დუნდუა – მეან-გინეკოლოგი. მამა ვაჟკაცური, მოქეიფე, მომლხენი კაცი იყო, შესანიშნავად მღეროდა, ვირტუოზულად უკრავდა მრავალ ინსტრუმენტზე, თვითნაბადი ნიჭი ჰქონდა. დიდუბეში, თავის უბანში, ყველა იცნობდა, ოთარ რამიშვილთან ძმაკაცობდა. მის ნაადრევად წასვლას ვერავინ წარმოიდგენდა.

ახალი წლის ღამე იდგა. მამას ერთ ხელში მე ვყავდი აყვანილი, მეორეში – ნანა და ასე ცეკვავდა. უცებ გული გაუხდა ცუდად. საავადმყოფოში წაიყვანეს. მოწამლული ეგონათ, გამორეცხვები ჩაუტარეს. თურმე ინფარქტი ყოფილა… 32 წლისა გარდაიცვალა. ეს უმძიმესი ტრავმა იყო დედაჩემისთვის. მას შემდეგ ახალი წელი არ უყვარს. ამბობს, მხოლოდ შვილებისთვის ვდგამდი ნაძვის ხეს და ვზეიმობდი, თორემ ახლაც ყურში მაქვს ჩარჩენილი სათამაშოების მსხვრევის ხმა, ოთახიდან ნაძვის ხე რომ გაჰქონდათო.

მაშინ 3 წლის ვიყავი, ჩემი და – 6-ის. დედამ საბავშვო ბაღში რომ შემიყვანა, იქ უთხრეს, ინგას კარგი მონაცემები აქვს და იქნებ სასახლეში ატარო, შენც გულს გადააყოლებო. ასე მიმიყვანა დედამ სასახლეში და ტკივილი ჩემმა სიმღერამ გადაატანინა. ჩემგან რომ შედგა შემოქმედი, მთლიანად დედის დამსახურებაა.

– სწორედ ამიტომაც თქვენი საიუბილეო საღამო, სცენაზე დგომის 55 წელი, მიუძღვენით დედას, ხოლო თქვენს საავტორო სიმღერებს ქმარს უძღვნით.

– ჩემი მეუღლე მთელი ცხოვრება მიძღვნიდა სიმღერებს, დადგა დრო, მეც დავწერო მისთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ტექსტს, ავტორს. ლექსი თვითონ მაწერინებს სიმღერას.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი სასახლის დირექტორ თიკა რუხაძეს, ჩემი ბავშვობის მეგობარ თამრიკო ჭოხონელიძეს (საღამო დები ჭოხონელიძეების სტუდიის ხელშეწყობით გაიმართა), კონცერტმეისტერ ნანა ნებულიშვილს, ყველა ჩემს კოლეგას, მსმენელს და გულშემატკივარს, ვისაც ვუყვარვარ, ვახსოვარ, მაფასებს.

წელს ჩემს გიგისაც შეუსრულდა სცენაზე დგომის 30 წელი. თქვენი ჟურნალიც ხომ იუბილარია – “სარკე” ჩემი საყვარელი ჟურნალია. 20 წელია ერთგულად ემსახურება მკითხველს. მთელი გულით გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ დიდ წარმატებას!

ნანა კობახიძე, ჟურნალი სარკე