,,იაშვილის კლინიკის ქირურგებს ჩვილის მუცელში დოლბანდი დარჩათ, რის გამოც ღვიძლი გახდა გადასანერგი” – გიორგი ალიბეგაშვილი

,,იაშვილის კლინიკის ქირურგებს ჩვილის მუცელში დოლბანდი დარჩათ, რის გამოც ღვიძლი გახდა გადასანერგი" - გიორგი ალიბეგაშვილისოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელშიც გიორგი ალიბეგაშვილი 2 წლის დისშვილზე, ნენეზე საუბრობს და იაშვილის კლინიკას ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებს.

“ნენე ჯერ მხოლოდ 2 წლის ხდება. ეს არის ბავშვი საოცრება. ფაქტიურად სასწაული შეძლო. დაიბადა 6 თვიანი სულ რაღაც 1.300 გრამი, თუმცა ჯანმრთელი. მოათავსეს იაშვილში ინკუბატორში. 1 თვეში ჩემმა დამ შეამჩნია სიყვითლე (არა ექიმებმა) და ატეხა განგაში. გამოიკვლიეს ბავშვი და დაასკვნეს, რომ სჭირდებოდა ნაღველის ამოღება.

1.500 გრამ ბავშვს ამოჭრეს ნაღველი. გავიდა 6 თვე. ბავშვი ისევ ცუდად შეიქნა, ისევ იაშვილში გააქციეს და 20 დღე უშედეგო მკურნალობის შემდეგ გვითხრეს, ღვიძლი არ მუშაობს და გადანერგვა დასჭირდებაო.

რა თქმა უნდა, საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა პატარა ბავშვზე. ჩემმა დამ ფაქტობრივად მომაკვდავ ნენეს მოჰკიდა ხელი და წაიყვანა საფრანგეთში. ერთთვიანი კვლევების შედეგად ვერ დაუსვეს დიაგნოზი ბორდოში. ბოლოს მოითხოვეს თანხმობა გაჭრაზე. გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დოლბანდი, რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული.

სრულიად დამპალი და, რა თქმა უნდა, ღვიძლი მთლიანად გაფუჭებული. ამის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან სიცხეს ვერ უწევდნენ და წყალი განუწყვეტლივ უდგებოდა მუცელში. გადანერგვას პატარა წონის გამო ვერ ახერხებდნენ. ბოლო-ბოლო პარიზში გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა. და ღვთის წყალობით, დღეს წარმატებით გადის რეაბილიტაციას.

იაშვილის კლინიკა ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით. ფრანგ ექიმებსაც კი არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა გაუკეთდა მათთან. ხო, ნაღველის ამოჭრისას არასწორად ჰქონდათ შეერთებული სადინარები”.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018