ნინი ქარსელაძემ პრობლემები დედის დახმარებით გადალახა – “ჩემს შეცდომებზე ვერაფერი ვისწავლე”

ნინი ქარსელაძემ პრობლემები დედის დახმარებით გადალახა - "ჩემს შეცდომებზე ვერაფერი ვისწავლე"მომღერალი ნინი ქარსელაძე შემოქმედებითი საქმიანობით აქტიურად არის დაკავებული, ხშირად დადის რუსეთში და იქ კარიერის აწყობას ცდილობს. ამ ყველაფერზე ის “სარკესთან” საუბრობს.

– ნინი, ბოლო პერიოდში რუსეთის ხშირი სტუმარი ხართ. რას უკავშირდება მეზობელ ქვეყანაში თქვენი სიარული?

– რაღაცებს ვაწყობ. რაც ვთქვი წინასწარ, შემდეგ გამიფუჭდა, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ. მარტო იმას ვიტყვი, რომ ეს ჩემს კარიერას ეხება.

– იმიტომ არ გსურთ ლაპარაკი, რომ, ვინც საქართველოდან რუსეთში მიდის კარიერის ასწაყობად, მათ აკრიტიკებენ?

– ამიტომ არ ვიკავებ თავს. ბებია რუსი მყავდა და, სიმართლე რომ გითხრათ, ხალხის აზრი სულ არ მაინტერესებს. პოლიტიკურად რუსეთის მომხრე ნამდვილად არ ვარ. იქ ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი ცხოვრობს და მათ ჩვენს მტრებთან ვერაფრით გავაიგივებ.

– ევროპაში მიიღეთ განათლება, იქ ცხოვრობდით. რატომ იქ არ სცადეთ კარიერის აწყობა?

– ევროპა ტრადიციულად, კულტურულად ჩვენს ქვეყანასთან და ხალხთან ისე ახლოს არ არის, როგორც რუსეთი. ბევრი ფაქტი იყო ისეთი, რამაც ძალიან გამაღიზიანა. ევროპაში მარტო განტვირთვისთვის თუ წავალ, საცხოვრებლად გული არ მიმიწევს.

– თქვენი ეროვნების გამო ან სხვა მიზეზით ბულინგის მსხვერპლი ხომ არ გახდით?

– არა, მსგავსი არაფერი ყოფილა.

– როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად გიკავშირდებოდით, მითხარით, რომ გადაღებები გქონდათ. სად გიღებენ?

– ამჯერად ორ ახალ სიმღერაზე ვმუშაობ და ძველ სიმღერებსაც ახლებურად ვაკეთებ. ასევე არასატელევიზიო გადაღებები მაქვს, ძირითადად ფოტოსესიები.

– ფოტომოდელობა ხომ არ დაიწყეთ?

– არა, უბრალოდ რეკლამებისთვის ვიღებ.

– დედათქვენი, ხათუნა ჟორდანია, როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, რუსეთში წასულიყავით?

– რაც უნდა გადავწყვიტო, ჩემ წინააღმდეგ არასდროს მიდის. იმაში, რომ რუსეთში მივდივარ, უარყოფითს ვერაფერს ხედავს.

– ყოველთვის უჯერებთ დედის რჩევებს?

– ძალიან ხშირად. ცხოვრებამ ბევრჯერ დამანახა, რომ ხათუნა ყველაფერში მართალია. მას იმდენი აქვს ნანახი, რომ თითქმის ყველა სიტუაცია მეორდება, უბრალოდ სახელები არის სხვადასხვა.

– როცა არ გაგითვალისწინებიათ დედის რჩევები, გინანიათ?

– ალბათ ეს ჩემს პირადს ეხება. რაშიც არ დავუჯერე, ვერ გეტყვით, ცხვირი წავიმტვრიე-მეთქი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სასიამოვნოც არ ყოფილა.

– შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლეთ?

– ადამიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენო, ასეთი რამ ჩემთან ახლოს არ არის. არის შემთხვევები, როცა საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობ, სხვის შეცდომებზე სწავლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.

– როცა უსიამოვნო სიტუაციაში ყოფილხართ, ვისგან გიგრძვნიათ თანადგომა?

– ასეთ დროს ჩემი მეგობრები და ხათუნა მედგნენ გვერდში და ძალიან მარტივად გადავლახე ის პრობლემები, რაც იყო.

– უმცროსი და გყავთ – ანასტასია. მას თუ მისცემთ რჩევებს, რომ თქვენი შეცდომები არ გაიმეოროს?

– ჩემს აზრს არასდროს მოვახვევ თავს. შეცდომა უნდა დაუშვას, რომ ისწავლოს, სხვანაირად გამორიცხულია. ერთი ადამიანიც არ ვიცი ისეთი, რომელსაც სხვის შეცდომებზე ესწავლოს რამე, ეს წარმოუდგენელია.

– ანასტასიაც მღერის. ამ საკითხზე თუ გეკითხებათ უფროს დას რჩევებს?

– არა, რადგან ანასტასიას კატეგორიულად არ უნდა სიმღერა. ამას ჩვენი დაძალებით აკეთებს, რადგან საოპერო მონაცემები აქვს.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ პირადზე. ამ მხრივ გაქვთ რაიმე სიახლე?

– ჯერჯერობით არაფერი.

მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”