იმედა არაბული საქართველოდან მიდის – ”არ ვიტყვი, დღეს ვის ვაკოცე და ქალის როგორი საცვალი მომწონს”

იმედა არაბული საქართველოდან მიდის - ”არ ვიტყვი, დღეს ვის ვაკოცე და ქალის როგორი საცვალი მომწონს”მსახიობი იმედა არაბული მაყურებელმა 2007 წელს გაიცნო, ის რეალითი შოუ „დასის“ წევრი იყო. ახალგაზრდა, სიმპატიური და ნიჭიერი მსახიობი შეუმჩნეველი არავის დარჩა და ამას მოჰყვა სატელევიზიო გადაცემა „დილა მშვიდობისა, საქართველო“, შემდეგ „მეცხრე არხი“, გახმაურებული სერიალი „ტიფლისი“ და „ჩემი ცოლის დაქალები“.
– იმედა, თქვენს ბოლო პერსონაჟზე გკითხავთ, როდის დაბრუნდება ფროდო „ჩემი ცოლის დაქალებში“?

– ახალი სეზონი 20 მარტს იწყება, ჯერჯერობით არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა ფროდო სერიალში, თუმცა, ვთვლი, რომ ჩემმა პერსონაჟმა საკუთარი თავი ამ ეტაპზე ამოწურა. ამიტომ ამ ხაზის გაგრძელება ხელოვნური იქნება. მეც მაინტერესებდა, დაბრუნდება თუ არა ფროდო სერიალში, მაგრამ სცენარისტებსაც არ აქვთ პასუხი. სატელევიზიო პროექტების პარალელურად, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია თეატრი, მართალია ბევრი როლი არ მაქვს თეატრში, მაგრამ მაინც გამიმართლა.
– მსახიობობის გარდა გიფიქრიათ სხვა პროფესიაზე?
– ბავშვობაში მიყვარდა დეტექტივები და ასტრონომია. სულ მინდოდა, შერლოკ ჰოლმსივით ვყოფილიყავი. ალბათ ახლა რომ ვიყო აბიტურიენტი, ბევრს ვიფიქრებდი, წინ გავიხედავდი და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ისეთ პროფესიას ავირჩევდი, რომელიც უფრო გამომადგებოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს პროფესიაზე ვამბობ უარს. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ვერავინ დამაჯერებს, რომ სხვა საქმეს მოაქვს ასეთი „კაიფი“. მე არ მინახავს მსახიობობა საქართველოში დაფასებული იყოს. ვისურვებ, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.
– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით,  ფეთქებადი და რთული ხასიათი მაქვსო. რაში გამოიხატება თქვენი რთული ხასიათი?

– ამით არ ვამაყობ, რა თქმა უნდა, ეს ხელსაც მიშლის რაღაცებში. ყველას გვაქვს რთული ხასიათი. ხანდახან შეიძლება ემოციები ვერ გავაკონტროლო, ძალიან ემოციური ვარ და მთელი ცხოვრებაა ვცდილობ, ჩემს თავზე გავიმარჯვო. იმასაც რთული ხასიათი დაარქვეს, რომ არ მივდივარ შოუებში და არ ვლაპარაკობ ჩემს პირადზე, რატომ არ ვყვები დღეს ვის ვაკოცე, ვინ მომეწონა და ქალის როგორი საცვალი მომწონს.
– როგორი ქალები მოგწონთ?

– ლამაზები და ჭკვიანები. ჩემზე ჭკვიანიც თუ იქნება და რჩევებს მომცემს, მოხარული ვიქნები. სულელი ქალები არ მომწონს, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, სულელი ქალი მაინც ბუტაფორიაა. ერთი კვირა გავერთობი მასთან და მერე მორჩა.
– საზღვარგარეთ აპირებთ წასვლას, სად და რატომ გადაწყვიტეთ?

– პირველ რიგში, მინდა მივიღო მუშაობის უფლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოდან საინტერესო შემოთავაზებებს არ მივიღებ. თუ საინტერესო შემოთავაზება იქნება და როლი, ჩამოვალ და ვითამაშებ.
ძალიან რთულია ამ პროფესიით საქართველოში ცხოვრება. 15 ქვეყანაში ვარ ნამყოფი გასტროლებით და დასასვენებლადაც, მაგრამ საცხოვრებლად არა და მინდა იქ ცხოვრება ვცადო. მირჩევნია ახლა წავიდე და მერე თუნდაც ვინანო, ვიდრე მომავალში ვინანო, ეს რომ არ ვცადე.

ანუკა მგელაძე, რეიტინგი