სანდრო ბრეგაძე: “მარგველაშვილი პატიმრების შეწყალებაში ფულს იღებს” – “პრეზიდენტი თუ მიჩივლებს, ფაქტებს დავდებ”

სანდრო ბრეგაძე: “მარგველაშვილი პატიმრების შეწყალებაში ფულს იღებს” - “პრეზიდენტი თუ მიჩივლებს, ფაქტებს დავდებ”ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებს და პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციებს ასაჯაროებს.

– ბატონო სანდრო, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება. სოციალური და ეკონომიური ფონის გაუარესებას კრიმინოგენური ვითარების დაძაბვაც დაერთო. რა ხდება? ვერ ართმევს თავს ხელისუფლება დაკისრებულ ვალდებულებებს?

– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ერთი რამ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სრულ პოლიტიკურ ქაოსთან. ეს შეეტყო კრიმინოგენურ სიტუაციას, ეკონომიკურ სიტუაციას, რამაც გამოიწვია სიტუაციის უკიდურესად დაძაბვა და გამწვავება. ეს არის კოლაფსი, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ უწევს მოსახლეობა. კორუფციამ წალეკა ეს ქვეყანა!

– ყველა დონეზეა კორუფცია?

– ყველა დონეზე კორუფცია ყვავის. მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია საკმაოდ სანდო წყაროებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აქვთ გადახდილი თანხა იმისთვის, რომ თავისი პატიმარი, ნათესავი თუ ოჯახის წევრი გამოეყვანათ ციხიდან.

– რისი თქმა გინდათ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ფული ღირს? ეს სერიოზული ბრალდებაა. ამას რით დაამტკიცებთ?

– მე ჰაერზე არ ვისვრი ამ სიტყვებს. კონფიდენციალური წყაროსგან მაქვს ეს ინფორმაცია და ეს უტყუარია. მაქვს თუნდაც იგივე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ასევე ეს რამდენიმე პატიმრის მშობელმა დამიდასტურა, რომ ერთგვარი ტარიფი, რომელიც არსებობს პრეზიდენტთან იმისთვის, რომ მან პატიმარი შეიწყალოს, იწყება 30 ათასი ამერიკული დოლარიდან და ადის 100, 200 და 300 ათას ამერიკულ დოლარამდე.

ტარიფი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი უნდა შეიწყალოს. ე.წ. პრეზიდენტი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულია უამრავი ნარკორეალიზატორი, ყაჩაღი, მკვლელი და სხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული პიროვნება, რომლებიც პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გარეთ არიან გამოსულები. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია კორუფციაშია გახვეული, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ყველა დონეზე კორუფცია ყვავის.

– ანუ თქვენ დამნაშავეების შეწყალების ფაქტს კორუფციით ხსნით? ეს სერიოზული ბრალდებაა.

– ეს ბრალდება არ არის, ეს გახლავთ დაზუსტებული ინფორმაცია იმ პატიმრების მშობლებისა, რომლებმაც თავად გადაიხადეს ფული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ის ფული მივიდა უშუალოდ პრეზიდენტთან. მე გეუბნებით მათ ნაამბობს და არა ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგონილ ჭორს. თავად მითხრეს! მე მიმაჩნია, რომ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით…

– შეწყალების თემით?

– დიახ! უნდა დაიწყოს გამოძიება და თუკი გამოძიება წარიმართება ობიექტურად და პროფესიონალურად, ისინი ძალიან ადვილად დაადასტურებენ და აღმოაჩენენ, რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მექრთამე, რომელიც ცდილობს, რომ პატიმრების შეწყალების ხარჯზე მოიწყოს ცხოვრება!

ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ხელმძღვანელობს სერიოზულ სტრუქტურას, მითხრა, რომ როდესაც მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, მეორე დღესვე ყველანაირი მონაცემები წაშალეს კომპიუტერიდან მისი ოჯახის წევრებზე, რომ ისინი იყვნენ ოფიციალური მომხმარებლები მეტადონის. თუმცა ეს მონაცემები დარჩენილია.

– ამ განცხადებების გამო მარგველაშვილს შეუძლია გიჩივლოთ.

– მე თუკი რაიმე ტყუილს ვამბობ, მიჩივლოს! ამას საჯაროდ ვაცხადებ, თუ მე სიმართლეს არ ვლაპარაკობ, მაშინ მარგველაშვილმა მიჩივლოს სასამართლოში. მე კი მას წარვუდგენ დამამტკიცებელ საბუთებს იმისას, რომ მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრები, მეტადონის პროგრამის წევრები იყვნენ.

მე პრეზიდენტიდან რატომ დავიწყე ამ პრობლემებზე საუბარი? ქვეყნის სათავეში არის ადამიანი, რომელიც არის ნარკომანების, მკვლელების და ნარკობარონების მფარველი და არის მათ გარემოცვაში, შეწყალებული პატიმრის წევრები პირდაპირ ხელს ადებენ მას და აცხადებენ, რომ მასთან მივიდა ქრთამი.

როდესაც ეს ამბავი გახმაურდა, ამის შესახებ ძალიან ბევრმა გაიგო და, ამის მიუხედავად, არაფერი არ ხდება, რომელ ქვეყნის განვითარებაზეა ლაპარაკი?!

– საუბარია, რომ მარგველაშვილს მეორე ვადითაც სურს პრეზიდენტობა და ამისთვის მზადება უკვე დაიწყო. სააკაშვილს არ შევიწყალებო, ისიც განაცხადა.

– ეს ყველაფერი პიარის ნაწილია. ერთმა ტელევიზიამ გააკეთა პრეზიდენტზე კრიტიკული გადაცემა და რუსთავი 2-მა, რომელიც ნაცმოძრაობის პირადი ტელევიზიაა, ორ დღეში პიარგადაცემა მიუძღვნა მარგველაშვილს, რადგანაც ნაციონალური მოძრაობისთვის ყველაზე კომფორტული პრეზიდენტი გახლავთ მარგველაშვილი.

– ბატონო სანდრო, თქვენ საუბრისას ნარკოპოლიტიკა ახსენეთ. საზოგადოებაში ამ თემაზე დიდი დავა მიდის, პარლამენტმა კანონპროექტი შეაჩერა. როგორც გაირკვა, პრეზიდენტი მხარს უჭერს აღნიშნულ კანონპროექტს.

– დაუჭერს მხარს, აბა რას იზამს, მთლიანად ნარკომანების გარემოცვაშია.

– მერწმუნეთ, აუცილებლად გიჩივლებთ პრეზიდენტი ამ განცხადებებისთვის.

– მე გეუბნებით, რომ ვერ მიჩივლებს ის სასამართლოში. მან ზუსტად იცის, რომ თვალებზე ავაფარებ ამის დამამტკიცებელ საბუთებს! უბრალოდ, ქალბატონები არიან ეს ადამიანები და ამიტომ ვარიდებ თავს კონკრეტიკას. ამ ეტაპზე თავს ვიკავებ საჯაროდ მათი სახელების და გვარების დასახელებისგან. თუ სასამართლოში მიჩივლებენ, მერე უკვე საქვეყნოდ და საჯაროდ განვაცხადებ, თუ ვინ არიან ეს პირები.

– ზოგადად ნარკოპოლიტიკაზე რას იტყვით?

– ქვეყანაში, ჩვენს დედაქალაქში და აბსოლუტურად ყველა უბანში მასობრივად იყიდება ნარკოტიკები! ნარკოტიკების გაყიდვამ მიიღო იმაზე უფრო მასშტაბური სახე, ვიდრე ის იყო ედუარდ შევარდნაძის და თუნდაც მხედრიონის მმართველობის პერიოდში. თქვენი გაზეთის მეშვეობით, სხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, მე არაერთხელ მოვუწოდე შს მინისტრს, ბატონ გახარიას და პირადადაც მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ცენტრში არსებობს ოფიციალურად ნარკოტიკების სადილერო ადგილი, ეს არის დინამოს სტადიონთან მდებარე კლუბი “ბასიანი”. მთელმა თბილისმა იცის, რომ ამ კლუბში იყიდება ნარკოტიკი. იქ არის ჩვეულებრივი ნარკოტიკების ბაზრობა.

– ინციდენტი რომ მოხდა, იმ კლუბს გულისხმობთ?

– სწორედ იმას. ეს არის ჩვეულებრივი ნარკობარიგების, ნარკობარონების თავშეყრის ადგილი, სადაც ხდება მასობრივად ნარკოტიკების გაყიდვა. დაცვის წევრები თუ პოლიციელები, რომლებიც ამ ინციდენტში ფიგურირებენ, არიან ამ ნარკობარონების ე.წ. კრიშები. ისინი მფარველობენ ამ ნარკობარონებს. გახარიამ ყველაფერი მშვენივრად იცის. ერთი პოლიციელიც კი არ გაუშვია ამ კლუბში სიტუაციის შესამოწმებლად. მან მშვენივრად იცის, რომ კლუბ “ბასიანში” არის ჩვეულებრივი დახლი, სადაც იყიდება ნარკოტიკები!

– მაშინ რატომ არ რეაგირებენ, თუკი იციან ეს ყველაფერი?

– იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლეს ეშელონებში მიდის დიდი წილი ამ ნარკოტიკების ვაჭრობიდან. კარგით რა, ამის შემდეგ რომელ ნარკოპოლიტიკაზე ვსაუბრობთ?! ან რაში სჭირდებათ ამ ნარკოტიკების ლეგალიზება, ისედაც ლეგალიზებული არ არის?! შსს-ს მაღალჩინოსნებმა პოლიციელებს აუკრძალეს ამ კლუბთან მიკარება და აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება.

ყველაფერი ეს ხდება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. მილიონობით ლარზეა საუბარი. სერიოზული თანხა მიდის მფარველების ჯიბეში.

ახალითაობა.გე