რაღაც მაინც დარჩა უთქმელი – შტრიხები  და მოგონებები გივი ციცქიშვილზე

რაღაც მაინც დარჩა უთქმელი - შტრიხები  და მოგონებები გივი ციცქიშვილზეყოველთვის გამორჩეული იყო, თუმცა ამას არასოდეს აღიარებდა, ალბათ, თავმდაბლობის გამო. თავისი ნიჭით, სიკეთით, დიდბუნებოვნებით, გარეგნობით ყველას ხიბლავდა, ამიტომაც იქცა სიცოცხლეშივე ლეგენდად. გივი ციცქიშვილი – მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, მომღერალი, ნამდვილი ინტელიგენტი, შემოქმედებითი, ერთი შეხედვით უბრალო კაცი, მაგრამ სინამდვილეში განძი ოჯახისთვის, ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის და საერთო ჯამში, მთელი ქვეყნისთვის. ასეთები ცოტანი არიან, მაგრამ დიდ კვალს ტოვებენ და მათით მერე ამაყობს მათი შთამომავლობა. ამას წყალი არ გაუვა, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. საქართველოს ისტორია ხომ ასეთ ადამიანებს სათუთად ინახავს და შემდეგ გამოაჩენს ხოლმე, როცა ამის დრო დადგება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე მივიდა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში” და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა საგამომცემლო საქმეს. გამომცემლობის სახელწოდებაში სიტყვა „საბჭოთა” არაფერს ნიშნავდა, ამას ის ეპოქა მოითხოვდა; სინამდვილეში ეროვნული საქმე კეთდებოდა, წიგნები იბეჭდებოდა, რასაც ხელს უწყობდა გივი ციცქიშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს იცვლიდა თანამდებობებს და ყოველთვის იქ იყო, სადაც გამომცემლობას დასჭირდებოდა: იყო რედაქტორი, რედაქციის გამგე, დირექტორის მოადგილე და ა.შ.

თარგმნიდა მხატვრულ ლიტერატურას. მას კარგად იცნობდა მკითხველი და მოუთმენლად ელოდა ახალ თარგმანებს. თავად კი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა როგორც საკუთარ, ისე სხვა ავტორების თარგმანებსა თუ ორიგინალურ ნაწარმოებებს. იყო ბრწყინვალე რედაქტორი, მის რჩევას თუ შენიშვნას ადვილად იღებდა, ითვალისწინებდა ყველა ავტორი, ვისაც გივისთან სამსახურებრივი შეხება ჰქონია.

ზვიად გამსახურდიაც მისი ავტორი იყო. მათი ურთიერთობა საინტერესო და ჰარმონიული გამოდგა. ზვიადმა როცა ფრანგულიდან ნათარგმნი ლექსები მიუტანა გივის, რედაქტორმა გულმოდგინედ წაიკითხა და ჩაასწორა. ზვიადმა შინ წაიღო ნამუშევარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ მივიდა რედაქციაში. გივიმ კიდევ  ერთხელ წაიკითხა და ტაში შემოჰკრა: ყოჩაღ, ზვიად, ეს სულ სხვაა, – სიხარულით შესძახა გივიმ. ზვიადმა გაიღიმა და მიუგო: ეს შენი დამსახურებაა, გივი! ამ პატარა დიალოგიდან ჩანს, თუ რამხელა ბედნიერებაა ორი დიდი ადამიანის თანამშრომლობა და ურთიერთგაგება!

რაულ ჩილაჩავაც გივის ავტორი იყო. მათი თანამშრომლობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. რაულს ხშირად აღუნიშნავს გივის წვლილი მისი სამწერლო ასპარეზზე გამოსვლასა და მყარად დადგომაში. თავის მხრივ, გივიც აღნიშნავდა რაულ ჩილაჩავას უბადლო ნიჭსა და პოეტურ ოსტატობას, მოსწონდა მისი ლექსებიც და თარგმანებიც.

მანანა ფორჩხიძე: „ბატონი გივი ქართული სიტყვის ნამდვილი მოჭირნახულე იყო, უყვარდა კითხვების დასმა და თუ ვუპასუხებდით, ძალიან უხაროდა. ერთხელ მკითხა, აბა, თუ იცი, აპეური რა არისო? როცა ვუპასუხე, შემაქო. განსაკუთრებული იუმორის გრძნობა ჰქონდა; ავტობუსს გავეკიდე და ავახტიო. ხალხი პირდაღებული დავტოვე, როცა სუნთქვაც კი არ ამჩქარებიაო…ბავშვივით უხაროდა. საერთოდ, ძალიან გულწრფელი და ალალი ადამიანი იყო. ყოველთვის მემახსოვრება.”

ლია ბედოშვილი: „მერვეკლასელი ვიყავი, როცა  დედამ გამომცემლობაში წამიყვანა, შენი ლექსები ნაცნობს უნდა ვაჩვენოთ, გამომცემლობის რედაქტორია და ბოლობოლო გვეტყვის, პოეტად ხარ შობილი თუ რაღაცას მატრაკვეცობო… დიდ, თაღებიან შენობაში შევედით… კიბეს გულის კანკალით ავუყევი და კიბისთავს მომღიმარი სიმპათიური გარეგნობის კაცი მოგვეგება: გივი ვარ, ციცქიშვილი, მგონი, არ ვცდები, თქვენ ჩემთან უნდა იყოთო… ხელში 12-ფურცლიანი ცისფერი რვეული მეჭირა, ჩემი 4-5 ლექსით…

კაბინეტში შევედით, სადაც ორი ადამიანი კიდევ დაგვხვდა.ბატონმა გივიმ თავზე ხელი გადამისვა, ეს არისო ჩვენი პოეტი? – იკითხა… დედამ სხაპასხუპით მიაყარა, რომ სამი წლიდან რითმებით ვლაპარაკობდი, რომ შემაშფოთებლად ბევრს ვკითხულობდი, რომ უცნაური ვარ და სხვა ბავშვებს არ ვგავარ, რომ მიყვარს ბუნება და ცხოველები,რომ კარგად კი ვსწავლობ, მაგრამ ძნელად აღსაზრდელი ბავშვი ვარ და ოჯახს უნდა, რომ გაერკვეს, ეს ლექსები მართლა ღირს რამედ თუ რაღაცას „მასხარაობსო”… ვდგავარ… ყველაფერი ტრიალებს… საშინლად ვნანობ, რომ წამოვყევი დედაჩემს და საშინლად მინდა, უკანმოუხედავად გავიქცე…

ლექსები მოიტანეთო? – გივიმ და დედაჩემმა ხელიდან ძლივს გამომგლიჯა რვეული… იქ კი რაღაც 5 ლექსში 4 საქართველოს თავისუფლებასა და ჩაგრულ ყოფას ეძღვნებოდა… ერთი ლექსის წაკითხვაც კი არა ჰქონდა დამთავრებული ბატონ გივის, რომ ფეხზე აღელვებული წამოდგა და ხმამაღლა განაცხადა: “ძალიან მკაცრიც ნუ იქნებით, ქალბატონო თამარ, ეს ბავშვი ნამდვილად პოეტია და პოეზიაში მე თუ რამე გამეგება, დიდ მომავალსაც ვუწინასწარმეტყველებო”. იმ ორმა, ოთახში რომ იყვნენ, “ჩვენც წაგვაკითხე, რაო”… ბატონმა გივიმ ხმამაღლა წაიკითხა ლექსები…ჰოდა, ატყდა გაოცება და შეძახილები, აბა, უყურე შენ, რა ბავშვი ყოფილა და მისთანები… მახსოვს, ერთ ლექსში იყო ასეთი სტრიქონი: “ვალტერში ტყვია ლოდინით გახმა”, ჰოდა, ბატონმა გივიმ, “ მხოლოდ ეს სტრიქონი რომ წამეკითხა, გეტყოდით, რომ ეს ბავშვი პოეტიაო…”

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი სიტყვა ჩემი პოეტობის შესახებ… ასეთი რამ არ ავიწყდება ადამიანს… შემდეგ ავრბოდი ხოლმე გამომცემლობაში ახალ-ახალი ლექსებით. პირველ კურსზე კი, როცა საოცრება მოხდა და “ნობათში” კი არა, პირდაპირ “ცისკარში” დაიბეჭდა ჩემი ლექსები, ისევ ავირბინე გამომცემლობის კიბე, რომ ბატონი გივისთვის ეს ამბავი მეხარებინა, მას კი მაგიდაზე უკვე ედო “ცისკრის” ცინცხალი ნომერი… მე მიხაროდა, რომ გივი ბიძიას (ასე ვეძახდი) იმედი არ გავუცრუე, მას კი ჩემი სიხარული უხაროდა…დიახ, კეთილშობილი, მამულიშვილი და ჩემი დისიდენტური მუშაკობის მესაიდუმლე, ლამაზად ქართველი და დიდად ადამიანი, გივი ციცქიშვილი იყო ჩემი ხელდამსხმელი პოეზიაში, რისთვისაც აქაობაშიც მადლიერი ვარ და იქაობაშიც მადლობას ვეტყვი… “

ეს მოგონებები ზღვაში წვეთია, კიდევ ბევრი რამ არის სათქმელი გივი ციცქიშვილზე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბევრი ადამიანი აღავსო მადლითა და სიხარულით, ბევრი კეთილი საქმე აკეთა, თუმცა ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან, 67 წლის ასაკში… რაღაც მაინც დარჩა უთქმელი და დაუსრულებელი, მთავარი კი ის სიყვარულია, რომელიც დაგვიტოვა და ის წიგნები, რომლებიც თარგმნა, ის ლექსები, რომლებიც დაწერა, ის აზრები, რომლებიც გაგვანდო… ბევრი ავტორი გაახარა, ბევრი ახალგაზრდა დააყენა სწორ გზაზე, ბევრი აზიარა ნამდვილ პოეზიას, ქართულ სიტყვას, მათ შორის მეც…

მანანა ციცქიშვილი