„სარკე“
დედაჩემს იმის მერე უფრო ვაფასებ, რაც გავიგე, როგორ ამბობდნენ ქალები უარს შვილებზე, როგორ ტოვებდნენ სამშობიაროებში. ბაბუას და ბებოსაც მას შემდეგ უფრო ვაფასებ, როცა გავიგე, როგორ უყიდდნენ მშობლები შვილებს „უკანონოდ” გაჩენილ ბავშვებს. დღეს უამრავი ადამიანი ეძებს დაკარგულ მშობლებს, დებს, ძმებს, ნათესავებს. ბევრი პოსტი მხვდება სოციალურ ქსელებში ისეთი, სადაც თავიანთ გაშვილებაზე, დაბადების ტრაგიკულ ისტორიებზე წერენ. მადლობა უფალს, რომ მათნაირ მდგომარეობაში არ ვარ, არადა თავისუფლად შეიძლებოდა, დღეს მეც მეძებნა მშობლები და და-ძმა.
ალბათ მიხვდით, რომ მეც “უკანონო” შვილი ვარ. დედამ 18 წლის წინ გამაჩინა. მეუბნება, თავიდანვე ისეთი ლამაზი იყავი, ისე აფახულებდი დიდ წამწამებს, ვიცოდი, რომ შენ გამო მთებს გადავდგამდიო. მართლაც ბევრჯერ გადადგა ჩემ გამო მთები, ჩემთვის ყველაფერი გააკეთა, ახლა კი, 18 წლის გოგოს, უზრუნველი ცხოვრება მაქვს და ჩემი მოვალეობა მხოლოდ სწავლაზე ფიქრია.
დედა როგორც მიყვება, მე ასე დავიბადე: მას და მამაჩემს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ის კაცი (მამის დაწერაც კი უხერხულობას მიქმნის, ამიტომ ნუ გამკიცხავთ, თუ ასე მოვიხსენიებ “ის კაცი”) ძალიან მდიდარი მშობლების შვილი იყო, დედაჩემი კი ხელოსნის ოჯახში იყო გაზრდილი, რაც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თურმე ის კაცი ეუბნებოდა, რომ მშობლების აზრს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და მის ცოლად მოყვანას აპირებდა. ყველას ისე აცნობდა, როგორც საცოლეს. დედამაც დაიჯერა. ასე გადაწყდა ჩემი გაჩენა.
იმ კაცის მშობლებმა როცა გაიგეს, რომ დედაჩემი ორსულად იყო, შვილისთვის უთქვამთ, თუ ეგ ქალი ჩვენს ოჯახში შემოვა, ახლავე ყველაფერს შენს დას და სიძეს გადავუფორმებთ, ჩვენი იმედი ნუ გექნება, სახლიდან წადიო. იმის ნაცვლად, რომ, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ცოლად მოეყვანა, არაკაცურად მოიქცა, ორსულ შეყვარებულს ზურგი აქცია და მარტო დატოვა. ცოტა ხანში კი სხვა ქალი შეირთო ცოლად, რა თქმა უნდა, ისეთი, რომელიც მშობლებმა აურჩიეს.
დედამ აბორტი არ გაიკეთა. ის ნამდვილი გმირია და მისი მშობლებიც ნამდვილი გმირები არიან. თურმე ბაბუამ ძალიან განიცადა, დედას გაებუტა, ეს როგორ გამიკეთეო, მაგრამ ერთხელაც არ უთქვამს, ეგ ბავშვი არ გვინდაო. ჩემი დაბადება არავის მიულოცია ჩემებისთვის, რადგან ქორწინების გარეშე გავჩნდი. ბაბუა კი, იცით, როგორ მოქცეულა? დიდი სუფრა გაუშლია და დედაჩემი სამშობიაროდან რომ გამოიყვანეს, სახლში ძალიან ბევრი სტუმარი დაახვედრა. ბაბუას მათთვის უთქვამს, ესენი ჩემი ერთადერთი შვილი და ერთადერთი შვილიშვილი არიან, ვისაც ისინი არ გინდათ, ესე იგი არც მე გინდივართო. ბევრმა დაგვკარგა, ბევრი კი შემოგვრჩა და დღემდე მოგვყვებიან ერთგულ ადამიანებად.
დედას ჯერ მშობლები ეხმარებოდნენ, 10 წლის წინ კი ემიგრანტი გახდა და თავისი შრომის, ჯანმრთელობის ფასად მეც და თავის მშობლებსაც უზრუნველი ცხოვრება შეგვიქმნა. მან მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა, ოჯახი არასოდეს შეუქმნია. მისთვის მხოლოდ მე ვარსებობ. ძალიან პატარა ვიყავი, როცა დამსვა და ჩემი გაჩენის ამბავი მიამბო. ბოდიში მომიხადა, მითხრა, მაპატიე, მამის გვერდით რომ ვერ იზრდებიო.
მამამ თავის დროზე გვარი არ მომცა. როცა გავჩნდი, დედას უთხოვია, შენი არაფერი მინდა, არასოდეს შეგაწუხებ, ოღონდ შვილს გვარი მიეციო. მამამ კი უთხრა, ოჯახი დამენგრევა, ჩემი ცოლი ორსულად არის და ვერ ვანერვიულებო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ შეუთვალა, ბავშვს გვარი მიეცი, შენი სხვა არაფერი მჭირდებაო, მაგრამ ისევ უარი მიიღო, ერთი ბავშვი უკვე ატარებს ჩემს გვარს და საკმარისიაო. იმის შემდეგ დედას აღარ უთხოვია.
მე დედის გვარს ვატარებ. რადგან ყველაფრის დაწერა მოვინდომე, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბავშვებისგან ბევრი სიმწარე გადავიტანე. ადრე, როცა დაბალ კლასებში ვსწავლობდი, ბავშვები ხშირად მახსენებდნენ, რომ დედის გვარზე ვიყავი, რომ მამა არ მყავდა. ეტყობა, მშობლებისგან იცოდნენ რაღაცები და ძალიან ცუდ სიტყვას მეუბნებოდნენ ხოლმე. მე ეს ყველაფერი გადავიტანე, მეგობრები მაინც გავიჩინე, რომლებმაც ჩემზე ყველაფერი იციან და მათთვის პრობლემა არ არის, ქორწინების გარეშე გაჩენილ გოგოსთან რომ მეგობრობენ.
მამასთან კავშირი არასოდეს მქონია, მაგრამ მის შესახებ ყველაფერი ვიცი, რადგან ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. იმ კაცმა თავისი მშობლების ქონება გამოჭამა, დღეს ოროთახიან ბინაში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. ერთი მდიდარი ნათესავი ჰყავს, რომელიც სამადლოდ ამუშავებს. დედა ახლახან გამომიტყდა, რომ თურმე 3 წლის წინ შეხმიანებია, ჩემს შვილს გვარი უნდა მივცეო. დედამ უარი უთხრა, ჩემი შვილის ცხოვრებაში არასოდეს იქნები, ეგ შანსი დიდი ხანია ხელიდან გაუშვიო.
არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ახლა ძალიან გააქტიურდა ისიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მისი ცოლიც. მითვლიან, რომ ჩემი ნახვა უნდათ. ბაბუამ მკითხა, შენ თუ გინდა, შენს სურვილს წინ არ აღვუდგებითო, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ. არც მისი გვარი მინდა და არც ის, რომ ჩემ გვერდით იყოს. ან მისი ცოლი რაში მჭირდება?! ორი შვილი ჰყავს და არც ერთს მისცა უფლება, რომ და გაეცნოთ, ჩემთან ურთიერთობა ჰქონოდათ. ალბათ ახლა რომ ხედავენ, მათზე მეტი გვაქვს, ჩვენთან დაახლოება იმიტომაც უნდათ.
მათთან ლაპარაკიც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია, ამიტომ იმ ქალს “ფეისბუქში” მივწერე, არ გაბედოთ და ჩემთან არ მოხვიდეთ, მაგ კაცის არც გვარი მჭირდება და არც არაფერი-მეთქი. მან წაიკითხა წერილი, მაგრამ პასუხი არ გამცა.
მე წელს აბიტურიენტი ვარ, ისედაც ბევრი სანერვიულო მაქვს და იმედია, ესენი კიდევ დამატებით არ მომიშლიან ნერვებს. აქედანაც მივმართავ, რომ არ გაბედონ და ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩდნენ!
თქვენი ერთგული მკითხველი