„სარკე“, კობა ბრეგვაძე
2023 წლის 19 დეკემბერს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე დაკრძალეს.
ის 1934 წელს თბილისში დაიბადა. მამამისი, დავითი, მეფის რუსეთის ყოფილი ოფიცერი, 30 წელი გადასახლებაში იყო. ოთარი დედამ, ბებიამ და დეიდამ გაზარდეს.
სკოლის შემდეგ პირველი ინსტიტუტი კონსერვატორია იყო, სადაც დირიჟორობას და კომპოზიციას ეუფლებოდა. შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე 2 წელი სწავლობდა. წარმატებული სტუდენტი მალე შეამჩნიეს და გასაიდუმლოებულ სამხედრო პროექტში ჩართვა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა, უნივერსიტეტი დატოვა და “ვგიკ”-ში (საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიული ინსტიტუტი) ჩაირიცხა.
პირველი სადიპლომო ნამუშევარი კომისიამ დაიწუნა. ნაწყენი ახალგზრდა რეჟისორი 2 წლით ჩამოშორდა კინოს და ჯერ თევზსაჭერ გემზე მოეწყო, შემდეგ კი მთელი წელი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ყველაზე მძიმე, ჩამომსხმელ საამქროში მუშაობდა. ამის შემდეგ გადაიღო ფილმი “თუჯი” და ისევ დიდ განსაცდელში მყოფმა დაიცვა დიპლომი.
რეჟისორის შემდგომი თვითმყოფადი ფილმები, რომელთა გადაღებას 5 წელში ერთხელ ახერხებდა, ისევ ძნელად იკვლევდა გზას ფართო ეკრანისკენ. “გიორგობისთვე” მხოლოდ ცკ-ის პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის, ჩარევით გავიდა ეკრანებზე. ასევე მძიმე გზა გაიარეს ფილმებმა “იყო შაშვი მგალობელი” და “პასტორალი” (თუმცა კანის და ბერლინის კინოფესტივალების პრიზები დაიმსახურეს).
გასული საუკუნის 80-იან წლებში იოსელიანმა მოახერხა საფრანგეთში წასვლა, სადაც უკვე ყოველგვარი ცენზურის გარეშე გააგრძელა თავისი მათემატიკურად გათვლილი, თუმცა საოცრად პოეტური ფილმების გადაღება. პარიზში გადაღებული პირველივე სრულმეტრაჟიანი ფილმი “მთვარის ფავორიტები” ვენეციის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.
არაჩვეულებრივი იყო მისი დამოკიდებულება კინოპროცესთან და მსახიობებთან. ის ხშირად “საჭირო” მსახიობის არარსებობის გამო თვითონ ასრულებდა ეპიზოდურ და მთავარ როლებს, მიუხედავად იმისა, რომ მის ფილმებში თამაშს მსოფლიოს საუკეთესო მსახიობები დიდ პატივად მიიჩნევდნენ. სულ ერთი შეხვედრა დასჭირდა ცნობილ ფრანგ მსახიობ მიშელ პიკოლისთან, რომ მას ფილმში “ბაღები შემოდგომით” ქალის უჩვეულო როლი ეთამაშა.
ოთარ იოსელიანს არ უყვარდა პირად ცხოვრებაზე საუბარი. მისი ოჯახის, მეუღლის, ორი შვილისა და შვილიშვილის შესახებ ალბათ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ. მას ყოველთვის სურდა, ყოფილიყო დამოუკიდებელი ყველაზე დამოკიდებულ ხელოვნების სახეობაში ფულის, ხელისუფლებისა და მოდური მიმართულებების გარეშე.
მის შესახებ ორი თაობის წარმომადგენლის, ახალგაზრდა კინორეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილისა და აწ გარდაცვლილი ცნობილი ლიტერატორის, აკაკი ბაქრაძის, მოგონებებს შემოგთავაზებთ.
…
გიორგი ვარსიმაშვილი:
– კინოს გადაღება ყველაზე მეტად ოთარ იოსელიანისგან ვისწავლე. 2009 წელს პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც “შანტრაპას” გადაღებებზე დავიწყე მუშაობა ვიდეო ასისტენტის პოზიციაზე. წარმოიდგინეთ, გადაღების პროცესში რეჟისორის გვერდით ზიხარ, იქ მოდიან ცნობილი მსახიობები და ტექნიკოსები მითითებების მისაღებად.
გადაღებები გვქონდა თბილისში და პარიზში. მე რადგან უკვე პარიზში ვსწავლობდი, ორივე ჯგუფში გამომივიდა მუშაობა. ფილმის პრემიერა შედგა კანის ფესტივალზე და უკვე მეორე კურსის სტუდენტმა გავიარე წითელ ხალიჩაზე. 2 წლის მერე ჩვენთან, უნივერსიტეტში მოვიდა “შანტრაპას” წარსადგენად, წინა რიგში დამინახა და მიკროფონით გამოაცხადა, გიორგიმ და მე გადავიღეთ ეს ფილმიო. მაგრად გავწითლდი, დარბაზმა კი გაუგებარი სახით შემომხედა.
ჩემი სადიპლომო ნამუშევარი “პარიზული ოცნება” რომ გადავიღე, მაშინვე მივეცი დისკი. არ მეგონა, თუ ნახავდა, მაგრამ ერთ კვირაში დამირეკა, მოდიო. ძალიან მოეწონა ფილმი. ერთი სწორი შენიშვნაც მომცა ერთ-ერთი მეორე პლანის გმირის ჩაცმულობაზე. შემდეგ თავის პროდიუსერს ჩემი თანდასწრებით დაურეკა და უთხრა, ძალიან მაგარი ბიჭია, აუცილებლად უნდა დაეხმარო შემდეგი ფილმის გადაღებაშიო.
მერე “ზამთრის სიმღერის” გადაღება დაიწყო. დამირეკა, გამოიარეო. ჰოდა, ასე დავდიოდი მაგ ფილმის გადაღებებზე. სცენას რომ დაამთავრებდა, მოვიდოდა, ხელს გადამხვევდა და მეკითხებოდა, მოგწონსო ან როგორი გამოვიდაო, რამე ხომ არ შევცვალოო, ან არაყს ხომ არ ჩაარტყამო. მანდაც მომცა პატარა როლი ფილმის დასაწყისში. ბოლოს შარშან ვნახე, ძალიან ცუდად იყო და, მგონი, ვერც მიცნო. მოკლედ, ძალიან დიდი ადამიანი დავკარგეთ, ნამდვილი შაშვი მგალობელი.
…
აკაკი ბაქრაძე:
– 1966 წელი იდგა. კინოსტუდია “ქართულ ფილმში” ცხოვრება მშვიდად და მდორედ მიედინებოდა. ოთარ იოსელიანმა დაამთავრა ფილმის “გიორგობისთვე” გადაღება. სტუდიის სამხატვრო საბჭომ ფილმი მოიწონა. დადგა დღე, როცა “გიორგობისთვე” საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლისათვის უნდა ჩაგვებარებინა. ასეთი იყო წესი. “გიორგობისთვის” სანახავად მოვიდა საქართველოს ცკ-ის მდივანი, დევი სტურუა. სხვებიც ახლდნენ, ცკ-ის თანამშრომლები.
ნახეს ფილმი. დიდი აღტაცება გამოიწვია. დ. სტურუამ კარგახანს ილაპარაკა. აქო ფილმის ავტორები, რეჟისორი ოთარ იოსელიანი, სცენარისტი ამირან ჭიჭინაძე, მსახიობები. კინოსტუდია კმაყოფილებით იყო სავსე. ფილმი კინოგაქირავების კანტორას გადაეცა. ყველა მოუთმენლად ელოდა, როგორ მიიღებდა მაყურებელი “გიორგობისთვეს”.
სწორედ აქ მოხდა მოულოდნელი ამბავი. ქალაქში დაიწყო ფილმის დემონსტრირება. მხოლოდ ერთი, დილის სეანსი იყო ნაჩვენები, რომ კინოთეატრ “სპარტაკში” კინოსურათის სანახავად მოვიდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ფილმის ჩვენება ჩვეულებრივ დაიწყო. არავინ ელოდა ქარიშხალს, მაგრამ იგი “გიორგობისთვის” დამთავრებისთანავე ამოვარდა. გამძვინვარებული თავმჯდომარის მოადგილე დარბაზიდან გავარდა. მინისტრთა საბჭოში მისვლისთანავე გასცა განკარგულება, ყველა კინოთეატრში შეწყვიტეთ “გიორგობისთვის” ჩვენებაო.
კინოსტუდიას თავზარი დაეცა. ძველი კმაყოფილების ნამცეციც აღარ დარჩა. როცა მსჯელობა დაამთავრეს, კინოკომიტეტის თავმჯდომარე მომიბრუნდა და მკითხა, რას იტყვიო. მე მივუგე, “გიორგობისთვე” მომწონდა და მომწონს, მისი აკრძალვა შეცდომაა, ამიტომ ფილმის დასაცავად უნდა ვიბრძოლოთ-მეთქი. კინოკომიტეტის თავმჯდომარე გაბრაზდა და დამიყვირა, ნუ გიყვარს ორიგინალობა და თავის გამოჩენა, ჩვენ განკარგულება მოგვცეს, დავიწუნოთ ფილმი და უნდა დავიწუნოთ კიდეც, ამიტომ ვემსახურებით პარტიას; ახლავე უნდა აღიარო, რომ ფილმი არ მოგწონს და ცდებოდი, როცა “გიორგობისთვეს” უჭერდი მხარსო.
თავმჯდომარის მუქარამ წონასწორობა დამაკარგვინა და აღელვებულმა ვუპასუხე, აღმაშფოთებელ თავხედობად მიმაჩნია, რომ რიგით ჩინოსანს შეუძლია, ასე მოექცეს მთელი შემოქმედებითი კოლექტივის ნაშრომს, ჩვენ კი ასე მუნჯურად ვეთანხმებოდეთ მას-მეთქი. თა-ვმჯდომარე ფეხზე წამოვარდა, უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ შეაჩერა საქართველოს ცკ-ის კულტურის განყოფილების გამგემ, დაანებე თავი, ბაქრაძეს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი, ძალას ნუ დაატანო.
თავმჯდომარე ისევ დაჯდა, გამგემ კი გააგრძელა, დღევანდელმა სხდომამ ნათელყო, რომ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტი და კინოსტუდიის სამხატვრო საბჭო იწუნებს ფილმს, არ მიაჩნია მიზანშეწონილად მისი ჩვენება, მე მოვახსენებ ცენტრალურ კომიტეტში თქვენს ამ აზრსო.
ნათელი გახდა, ფილმის გადარჩენისათვის ბრძოლა გართულდებოდა. საქმეს ისე აჭახრაკებდნენ, ისეთ დოკუმენტებს ქმნიდნენ, თითქოს ფილმის აკრძალვას ჩვენ ვითხოვდით და არა ხელისუფლება, მაგრამ არც თენგიზ გორდელაძე და არც მე არ ვფიქრობდით, ბრძოლისთვის თავი დაგვენებებინა და პოზიცია იოლად დაგვეთმო.
არც მოწინააღმდეგეთა ბანაკი იჯდა გულხელდაკრეფილი. მოეწყო პროვოკაციული წერილების ორგანიზაცია. ცენტრალურ კომიტეტში წერილებს აგზავნიდნენ კოლექტიურად და ინდივიდუალურად. ვინ არ აწერდა ხელს ამ წერილებს: პარტიის რაიკომის მდივნები, რაიაღმასკომების თავმჯდომარეები, კომკავშირის რაიკომის მდივნები, მეცნიერებათა დოქტორები და კანდიდატები, გაზეთების რედაქტორები. ჩინიანთ და ხარისხიანთ არც უჩინონი და უხარისხონი ჩამორჩებოდნენ.
კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექტორი თენგიზ გორდელაძე და მე გაოგნებულები ვიყავით. არ ვიცოდით, რა გვექნა…
ერთადერთი გზა დაგვრჩენოდა: უნდა მიგვემართა საქართველოს ცკ-ის პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძისათვის, ხოლო ვიდრე იქამდე მივაღწევდით, სუბორდინაცია არ უნდა დაგვერღვია და ყველა ინსტანცია გაგვევლო. გადავწყვიტეთ, ჯერ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილს ვხლებოდით. ვითხოვეთ მიღება, ვისხედით და ველოდით მინისტრთა საბჭოში გამოძახებას.
1966 წელიც მიიწურა. 1967 წლის იანვარი დადგა. დაგვიძახეს მინისტრთა საბჭოში სამს – თენგიზ გორდელაძეს, კინოსტუდიის პარტკომს და მე. წასვლის წინ თენგიზ გორდელაძემ პარტკომს უთხრა, თუ ფილმის დაცვა არ შეგიძლია ან არ გინდა, მაშინ ნუ წამოხვალო. პარტკომმა იწყინა, რას ჰქვია, არ მინდა და არ შემიძლია, თქვენთან ერთად თავგამეტებული დავიცავ ფილმსო.
წავედით მინისტრთა საბჭოში. მიგვიღეს გივი ჯავა-ხიშვილმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ჩოგოვაძემ. ხეირიანად არც მოგვისმინეს, ისე გამოგიცხადა ჯავახიშვილმა, “გიორგობისთვე” ანტისაბჭოთა, ანტიქართული ფილმია, ჩემი ნება რომ იყოს, ამ ფილმს გავანადგურებდი და რეჟისორს დადგმის უფლებას ჩამოვართმევდიო. ჩვენმა ცდამ, აგვეხსნა ფილმის ავ-კარგი, მისი აზრობრივი მიზანდასახულება, ნაყოფი არ გამოიღო. არაფრის მოსმენა არ სურდათ. მაშინ სასოწარკვეთილმა გორდელაძემ სცადა, მოეშველიებინა მოსკოვი და ჯავახიშვილს უთხრა, მოსკოვში ფილმი ძალიან კარგად მიიღეს და დიდად მოეწონათო. ჯავახიშვილისგან გამაოგნებელი პასუხი მივიღეთ, მოსკოვში საქართველოს ცუდი უხარიათ და, ცხადია, მოეწონებოდათო.
აშკარა იყო, ჩვენი არგუმენტაცია არ ჭრიდა. მაინც არ ვანებებდით თავს დავას. ფილმის აკრძალვა მიზანშეწონილად ჩათვალეს. დამარცხებული დავბრუნდით სტუდიაში.
ფილმის გადარჩენის იმედი დაკარგული მაინც არ გვქონდა. იგი ჯერ კიდევ არ ენახა ვასილ მჟავანაძეს. სანამ ისიც არ დაიწუნებდა “გიორგობისთვეს”, იმედი იყო. ეს დღეც დადგა.
გამოიძახეს ცენტრალურ კომიტეტში ფილმის ავტორები და სამხატვრო საბჭოს რამდენიმე წევრი. შეხვედრას ესწრებოდა დ. სტურუაც. როგორც კი დავსხედით პირველი მდივნის კაბინეტში, მჟავანაძემ უკმეხად გვითხრა, აქ იმიტომ მოგიყვანეთ, რომ მე ვილაპარაკო და არა თქვენო. არ გვჭირდებოდა ეს გაფრთხი-ლება. ყველამ ვიცოდით, რომ თუ მჟავანაძე არ მოგვცემდა ნებას, არავის ჰქონდა ხმის ამოღების უფლება.
მერე მჟავანაძემ დიდხანს, დიდხანს გვიყურა ჩუმად და გვითხრა, ძალიან, ძალიან მაწყენინეთო. ამან დაგვაბნია. ვიფიქრეთ, რომ ალბათ ფილმი არ მოეწონა და უკმაყოფილება ასე გამოხატა. ოთარ იოსელიანი წამოდგა და უპასუხა, ბატონო ვასილ, არავის წყენინება არ მინდოდა, არც მიფიქრია, მე ფილმი გადავიღე, შევეცადე, ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა მოვლენებისადმი და რატომ უნდა იყოს ეს ვისმესთვის საწყენიო.
მჟავანაძემ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. თქვა, მე ახლა ფილმზე არ გელაპარაკებითო. “თქვენ, ამხ. იოსელიანო, იცით, რაც მაწყენინეთ?”. ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დაგვაბნია. ყველა გაშტერებული მივაჩერდით იოსელიანს. ოთარიც გაოგნებული იდგა. ვერ მიმხვდარიყო, რას გულისხმობდა მჟავანაძე. პირველი მდივანი ერთხანს დუმდა. მერე იოსელიანს ჰკითხა: “ამხ. იოსელიანო, ვინ არის ის კაცი, ფილმის დასაწყისში ჯამით ღვინოს რომ სვამს?”.
ცხადია, ყველას გვახსოვდა ფილმის პროლოგში დიდი პლანით გადაღებული ბერიკაცი. მას დაშაშხულ-დაკოჟრებული ხელები ჰქონდა. თასი ეჭირა და ღვინოს ისე სვამდა, თითქოს მღვდელმსახურებას ასრულებსო. ძალიან კოლორიტული და შთამბეჭდავი სახე ჰქონდა იმ მოხუცს. მაგრამ რატომ დაინტერესდა მჟავანაძე ამ ბერიკაცით? ვინ უნდა ყოფილიყო იგი? ჩვენ არ ვიცოდით. მოუთმენლად ველოდით იოსელიანის პასუხს.
ოთარმა თქვა, არ ვიცი, ბატონო ვასილ, მე მჭირდებოდა გლეხები მასობრივი სცენისათვის და ჯგუფის დირექტორმა შემიკრიბა ისინი, მათ შორს იყო ის მოხუციც; მე მომეწონა მისი გარეგნობა და გადავიღე დიდი პლანით, მეტი არაფერი ვიცი; შეიძლება ჯგუფის დირექტორმა იცოდეს, ვინ არის და რა გვარიაო.
მჟავანაძემ არ და-იჯერა იოსელიანის ნათქვამი. თვალები მოწკურა და ოთარს ნიშნისმოგებით უთხრა, იცი, იოსელიანო, იცი, კარგად იცი… ისიც იოსელიანია და შენცო…
ჩვენ ხომ რეტდასხმული ვისხედით, მაგრამ არც ოთარი იყო უკეთეს დღეში. აქეთ-იქით იყურებოდა, არ იცოდა, რა ეპასუხა. ფიცი დაიწყო, ყველაფერს გეფიცებით, არ ვიცოდი, ვინ იყო ის კაციო. მერე მჟავანაძე რომ დაემშვიდებინა, შესთავაზა, თუ ეს კადრი არ მოგწონთ, სულ ამოვჭრი ფილმიდანო. ამის გაგონება და მჟავანაძის სახის გაბრწყინება ერთი იყო. მიამიტად იკითხა, ეს შეიძლებაო. თუ გნებავთ, ახლავე გავიქცევი სტუდიაში, ამოვჭრი და ისე გაჩვენებთ ფილმს, ამით “გიორგობისთვეს” არაფერი დააკლდებაო, დაამშვიდა ოთარმა.
უცებ შეიცვალა მჟავანაძის გა-ნწყობა ჩვენდამი, მეგობრული და შინაურული გახდა. ცნობისმოყვარეობით ვიწვოდით. გვინდოდა, გაგვეგო, რატომ აუმხედრდა ფილმში გადაღებულ ბერიკაცს, მაგრამ კითხვა ვერ გაგვებედა. პირველმა მდივანმა უკითხავად მოგვცა პასუხი.
20-იანი წლების ბოლოს კულაკობის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობდა. მაშინ ქუთაისის მაზრის კომკავშირული აქტივის წევრი მჟავანაძეც ყოფილა და სხვებთან ერთად მონაწილეობდა ქართველი გლეხობის საკუთარი მიწა-წყლიდან აყრასა და ციმბირს გადასახლებაში. დასჯილ გლეხებს შორის ის იოსელიანიც მოხვედრილა, ოთარმა “გიორგობისთვეში” რომ გადაიღო, შემდგომ რის ვაი-ვაგლახით შინდაბრუნებული. საქართველოს ცკ-ის პირველ მდივანს ძველი ნაცნობი ფილმში რომ დაუნახავს, ელდა ეცა, ამას ჩემ წინააღმდეგ აკეთებენ, ამით ქართველ ხალხს ეუბნებიან, აი, ვინ არის მჟავანაძე, ჩვენი გლეხობის მტერი, უდანაშაულო ადამიანებს ციმბირში რომ მიერეკებოდაო.
რა თქმა უნდა, იოსელიანმა ეს არ იცოდა, მაგრამ, ეტყობა, ძველი დანაშაულის გამო მჟავანაძეს სინდისი ქენჯნიდა. ის ეჩვენებოდა, რაც არავის უფიქრია. თავი რომ ემართლებინა და დაემტკიცებინა, ქართველ ხალხს არასოდეს ვმტრობდიო, შემზარავი ამბავი მოგვითხრო.
“აი, ამ ტელეფონით, – და მაგიდაზე მდგარ თეთრ ტელეფონს დაადო ხელი, – დამირეკა ხრუშჩოვმა და მითხრა: ჯარიც მზად არის, ვაგონებიც, ქართველები ციმბირში გადასასახლებლად მოემზადეთო. მე მოურიდებლად და პირდაპირ ვუპასუხე, ნუ გვაშინებთ, ქართველები ციმბირშიაც ქართველებად დავრჩებით-მეთქი. იმავე დღეს მოსკოვში გავფრინდი, ხრუშჩოვს შინ მივაკითხე. მიმიღო. დავუწყე ხვეწნა-მუდარა, ნუ იზამთ ამას, ნუ გაგვრეკავთ ციმბირში-მეთქი. ხრუშჩოვი გაკვირვებული მეუბნებოდა, არ მესმის, რატომ წუხხარ, შენ ხომ ციმბირშიაც ცენტრალური კომიტეტის მდივანი იქნებიო. როცა მუდარით ვერაფერს გავხდი, ფეხებში ჩავუვარდი, მუხლებზე მოვეხვიე.
ამ დროს ოთახში ხრუშჩოვის ცოლი, ნინა პეტროვნა, შემოვიდა. დაჩოქილი რომ დამინახა, გაოცებულმა იკი-თხა, რა ხდებაო. ახლა მას მივვარდი. შევევედრე: გვიშველეთ, განკარგულებაა გაცემული ქართველების ციმბირში გადასახლებისა, გვიხსენით-მეთქი. ეს ქალი უცებ ხრუშჩოვისკენ მიბრუნდა და ყბაში სილა გამეტებით გაულაწუნა. ახლავე დაურეკე სამხედრო მინისტრს, უთხარი, რომ მთვრალი იყავი და არ იცი, რა განკარგულებას იძლეოდიო, უბრძანა. ხრუშჩოვმა მორჩილად აიღო ტელეფონი და დარეკა, ქართველების გადასახლების განკარგულება გაუქმებულიაო”.
ასე შემთხვევით გადარჩენილა ქართველი ხალხი. ვისღა ახსოვდა “გიორგობისთვე”. ყურებჩამოყრილნი, დაჩაგრულნი და დამუნჯებულნი ვი-სხედით. ხელშესახებად ნათელი გახდა, რა უძლური, უსუსური და საცოდავი ხალხი ვიყავით. რა სასაცილო იყო ჩვენი ფაფხური “გიორგობისთვისათვის”. ქართველი ხალხის ყოფნა-არყოფნის საკითხი მდგარა. მთელი ერის ბედ-იღბალი კრემლში მოკალათებული არარაობის ხუშტურზე ეკიდა. რა გვექნა? რა უნდა გვეღონა? როგორც შორეული უპუ, ისე გავიგონეთ მჟავანაძის გადაწყვეტილება, “გიორგობისთვე” კარგი ფილმია, მისი ჩვენება განაახლეთო.
კინოსტუდიაში ნაცემი ძაღლივით წელმოწყვეტილები ვბრუნდებოდით…