რატომ ისურვა წმინდანმა მეფემ გელათის კარიბჭეში დაკრძალვა – ცრუ მითი დავით აღმაშენებლის შესახებ
„მას ჰქონდა რაღაც საოცარი, საშიში და საზარელი უნარი - გულთამხილველობა"

რატომ ისურვა წმინდანმა მეფემ გელათის კარიბჭეში დაკრძალვა - ცრუ მითი დავით აღმაშენებლის შესახებ„სარკე“, ნანა კობახიძე

ისტორია მრავალ საიდუმლოს ინახავს. მეცნიერები მათ ამოხსნას წლების განმავლობაში ცდილობენ. ქართველებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ქართველ მეფეთა ცხოვრება, წარმოშობა, მათი ფარული თუ გაცხადებული საქმეები და მიზნები.

არიან თუ არა ბაგრატიონთა გვარის ქართველი მეფენი ბიბლიური დავითის შთამომავლები, რატომ ისურვა დავით აღმაშენებელმა გელათის ტაძრის კართან დაკრძალვა – აქვს თუ არა ამ ფაქტს ბიბლიური საფუძველი, რა ცოდვებს ინანიებს დავით მეფე თავის ანდერძში, ასევე მისი გულთამხილაობის ნიჭის, ვარსკვლავთმრიცხველობით გატაცების, ზოგადად ბაგრატიონთა სიმბოლიკის საკითხებზე დიდიხანია მუშაობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლია წერეთელი, რომელიც გახლავთ ავტორი სახისმეტყველური ნაშრომისა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და ანდერძის შესახებ. მეცნიერმა “სარკეს” ბევრი რამ უამბო დიდ ქართველ მეფეზე.

– ქალბატონო ლია, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ცნობილი ვერსია, რომლის თანახმადაც, დავით აღმაშენებელმა გელათის კარიბჭესთან დამარხვა შთამომავლობის წინაშე ცოდვების გამოსყიდვის მიზნით ისურვა?

– მეოცე საუკუნეში შექმნილია მითი, რომლის თანახმადაც, დავით აღმაშენებელი თავს ისე ცოდვილად გრძნობდა, რომ მან ისურვა კარიბჭესთან დამარხვა, რათა შემდგომმა თაობებმა, შთამომავლებმა გულზე ფეხი დაადგან, სამარეზე ფეხით გადაუარონ. სინამდვილეში წერილობითი წყარო – დავითის შიომღვიმისადმი ანდერძი – სრულიად განსხვავებულია ამ ვერსიისგან. ანა კალანდაძის ცნობილი ლექსი ,,ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან”, რომელიც პოეტური შედევრია, მეოცე საუკუნეში შექმნილ ამ ცრუ მითზეა ამოზრდილი. როდესაც დავითის შიომღვიმისადმი ანდერძზე ვმუშაობდი, აღმოვაჩინე, დავითის ანდერძი სინამდვილეში სრულიად განსხვავდება ჩვენს თანამედროვეობაში შექმნილი მითისგან.

სინამდვილეში დავითის ანდერძი ძალიან მკაცრი და უშეღავათოა შთამომავლების მიმართ და გულისხმობს მრავალ აკრძალვას, მტკიცე სარწმუნოებას, თითოეული ადამიანის გა-ფრთხილებას და ახლავს “წყევლა-კრულვიანი საკითხავი” მათ მიმართ, ვინც დაარღვევს მეფის ანდერძს. მეოცე საუკუნეში, როცა ეს ცრუ მითი შეიქმნა, უკვე დაკარგული იყო ღრმად სულიერი ხედვა. საყოველთაო ღვთისმებრძოლობის ხანაში ეს არც გასაკვირია. ხალხს ახსოვს, რომ დავით აღმაშენებელს დაწერილი აქვს “გალობანი სინანულისანი”, სადაც მეფე ძალიან ღრმად ინანიებს თავის ცოდვებს. ამასთან, უცნაურად ეჩვენება, რომ მეფე გელათის კარიბჭეშია დაკძალული და ასე შეიქმნა ზეპირი მითი, რომელსაც მეფის ნამდვილ ანდერძთან კავშირი არა აქვს.

– რატომ ისურვა მეფემ გელათის ტაძრის კარიბჭესთან დაკრძალვა, ამის შესახებ თქვენ რა მეცნიერული მოსაზრება გაქვთ?

– თვითონ სახელწოდება “გაენათი”, “გელათი” მომდინარეობს ბიბლიური დავით წინასწარმეტყველისა და სოლომონ მეფის მიერ აგებული იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭის სახელწოდებიდან და აღნიშნავს სამოთხის კარს. ამ კარიბჭით დავითის ქალაქში შესვლა იყო შესაძლებელი, ეს ის ადგილია იერუსალიმში, სადაც დავითის ციხე-კოშკი იყო აღმართული. დავით აღმაშენებელი, როგორც ბაგრატიონი მეფე, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი და მისი მოსახელე, გელათს მოიაზრებს ახალ იერუსალიმად, საფლავის ლოდზე ისურვებს “ფსალმუნთაგან” სტრიქონების წარწერას: “ესე არს განსასვენებელი ჩემი”.

დავით წინასწარმეტყველის 131-ე ფსალმუნში, საიდანაც ამოღებულია ეს სტრიქონები, ნათქვამია – ჩემს შემდგომ ნაშობნი თუ შეასრულებენ ჩემს ანდერძს და იცხოვრებენ ისე, როგორც მე დავიბარე და რასაც მე უფალი მავალებდა, მათ ექნებათ ტახტი უკუნისამდე.

დავით აღმაშენებელი, როგორც დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი მეფე, საქართველოში სამეფოს სწორედ ასეთ მოდელს ქმნის, მასავით ანდერძს წერს და მეორედმოსვლამდე ამ სამეფოს არსებობაც სწამს, თუ მისი მემკვიდრეებიც უერთგულებენ ამ მრწამსს. კარიბჭე-ნაგებობაში მისი დაკრძალვა, მისი ანდერძის აღსრულება და სარწმუნეობრივი მემკვიდრეობა არის სულიერი კარიბჭე ზეციური იერუსალიმისა – ეს არის ის კონტექსტი, რაც დავით აღმაშენებლის ცხოვრება, “შიომღვიმისადმი ანდერძს” და “გალობანი სინანულისანი”-ს განმსჭვალავს.

– რას ემყარება თვალსაზრისი, რომ ბაგრატიონები ბიბლიური დავითის შთამომავლები არიან?

– რწმენა იმისა, რომ ბაგრატიონები ბიბლიური დავითის შთამომავლები არიან, ძალიან მყარია. ეს რწმენა განმსჭვალავს “ქართლის ცხოვრებას”. ეს თითოეული მეფის ცხოვრებაში განსახოვნდება. ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც” მოიხსენიება. დავით აღმაშენებელის ცხოვრება მაინც არის საძირკველი. დავითმა ჩაუყარა საფუძველი სწორედ იერუსალიმის ანალოგს თავისი სახელმწიფოებრივი ღვაწლით. მას სწამს ეს მემკვიდრეობა. შემდეგ ეს რწმენა უკვე თამართან არის გაღრმავებული. ეს მრწამსი “ვეფხის-ტყაოსანში” ღრმად არის გააზრებული.

ეს ბაგრატიონთა სიმბო-ლიკაში კარგად იკითხება. ბაგრატიონების გერბზე გამოსახულია ბიბლიური დავითის შურდული, ქნარი. ბიბლიური დავითის შთამომავლობაზე მეტყველებს ასევე მემატიანის ხატსახოვნება: ბიბლიურმა მეფე დავითმა უსაჭურვლოდ სძლია თავით ფეხამდე აბჯარ-ასხმულ უძლიერეს გოლიათს. მისი მთავარი იარაღი იყო რწმენა, რომ უფალი მფარველობს. მან შურდულით დაამარცხა დაუმარცხებელი გოლიათი. თვით სიტყვითაც კი შეიძლება დაამარცხო მტერი, სიტყვა შეიძლება იყოს მახვილზე ძლიერი.

მემატიანე დავით აღმაშენებელზე ამბობს: “თვით მარტოი წარვიდა ყოვლად უსაჭურვლო ხმლითა ოდენ და თანა წარიტანა წიგნი ღვთისმეტყველნი”, ანუ დავით წინასწარმეტყველის მსგავსად, ისიც მცირერიცხოვანი და ნაკლებად აღჭურვილი ლაშქრით მიდიოდა მტრის წინააღმდეგ, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა ღვთის რწმენა და მფარველობა.

– ბაგრატიონთა გერბზე გამოსახული ლომი რამდენად შეესაბამება ბიბლიურ სიმბოლიკას?

– ლომი სახისმეტყველურად ძალიან საინტერესოა. ის არის ერთ-ერთი აუცილებელი ეპითეტი ქართველ მეფეთათვის, სწორედ იმიტომ, რომ ბიბლიური სიმბოლიკაა. ბიბლია მოგვითხრობს, რომ მამამთავარმა იაკობმა თავისი ძე იუდა დალოცა, როგორც “ლეკვი ლომისა”. სწორედ ამ იუდას შთამომავლები არიან დავითი და სოლომონი და ბაგრატიონთა შტო. ამიტომ “ქართლის ცხოვრებასა” და “ვეფხისტყაოსანში” ლომის სიმბოლიკა ყველა მეფეს მიემართება. ამიტომ უჭირავთ ლომებს ბაგრატიონთა გერბზე სამეფო გვირგვინი.

ლომი თამარ მეფის აუცილებელი ეპითეტია. “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია” – ეს არ არის უბრალო შედარება, ეს ბაგრატიონთა სიმბოლიკას ემყარება, ანუ “ლეკვი ლომისა” არის სამეფო სიმბოლიკა. თამარის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ მას ლომის ლეკვი ჰყოლია გამოზრდილი და ისე უყვარდა ლეკვს, კალთაში თავს ჩაუდებდა ხოლმე. თუ თამარი მასთან არ იყო, ცრემლს გადმოჰყრიდა. ეს სიმბოლიკა ამ ეპიზოდშიც ჩანს.

ქნარიც ძალიან მნიშვნელოვანია ბაგრატიონთა სიმბოლიკაში – არ არსებობს მსოფლიოში სამეფო დინასტია, რომელსაც ჰყოლოდა ამდენი მეფე-პოეტი. როგორც დავით წინასწარმეტყველია ფსალმუნთა მგალობელი, ისე დავით აღმაშენებელი წერს საგალობელს “გალობანი სინანულისანი”.

არასწორია მეოცე საუკუნეში გავრცელებული აზრი, თითქოს დავით აღმაშენებელმა ეს ნაწარმოები, თავისი მონანიება, ხალხს დაუტოვა. ეს ისეთი პოეზია არ გახლავთ, რომელიც მასისთვის, სხვის დასატკბობად იქმნება. ეს არის სულის საგალობელი. დავით აღმაშენებელმა ეს საგალობელი დავით წინასწარმეტყველის ქნარის მემკვიდრეობით, მისი მიბაძვით სრულქმნა. ღვთის წინაშე სულის განსაწმენდელად და ასამაღლებლად, ღმერთთან მისაახლებლად შექმნა. მისი შექმნის იდეა მხოლოდ ამ კონტექსტში უნდა გავიაზროთ. ასევე თამარ მეფის საგალობლები, მათშიც ეს დასტურდება – თამარი წარმდგარი ღვთის წინაშე.

– კონკრეტულად რა ცოდვებს ინანიებს მეფე დავით აღმაშენებელი?

– ამ საგალობლებს განმსჭვალავს ღრმა სინანული ადამიანისა, რომელიც განიცდის ზოგადსაკაცობრიო, ადამისშემდგომ ადამიანის დაშორებას ღმერთთან, ,,ღვთის ხატისაგან” დაკლებას.

მეოცე საუკუნეში მეფე მოაზრებული იყო თავისუფალ, ძლევამოსილ ადამიანად, რომელიც საკუთარ სურვილებს ისრულებს, ხელისუფალი იმით არის ბედნიერი, რომ ყველაფერი მისია, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. ასეთი დამოკიდებულება უცხოა “ქართლის ცხოვრებისთვის”. მეფის ჯვარი გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანებისა. მეფე განასახიერებს და გამტარია ღვთის ნებისა. იგი ღვთის წინაშეა ვალდებული, იყოს ერის წინამძღოლი და არის ჯვარისმტვირთველი. ვალდებულია, იყოს პატრონი ყველა გლახაკისა და უპოვარისა, ანუ იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურამდე სწვდებოდეს მეფის თვალსაწიერი.

დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნებშიც და სახარებაშიც გააზრებულია, რომ გლახაკის მამა არის უფალი. გვაქვს ასეთი ქართული ანდაზაც: ობლის მამა ღმერთიაო, ანუ უფალი მას მფარველობს, ხოლო ვინც ობლისთვის გაიღებს შესაწირს, წყალს და პურს მიაწვდის თუ სიტყვით უპატრონებს – ყველა ეს ადამიანი ქრისტეს მსახურად ითვლება.

“შენ გლახაკთათვის განშიშვლება ბრძანე”, – მიმართავს მაცხოვარს დავით აღმაშენებელი. ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელს საგანგებოდ ქისა ჰქონდა გლახაკთათვის, ყოველდღე ამ ქისიდან აძლევდა შესაწირს და თუ რომელიმე დღეს გლახაკს ვერ შეეწეოდა, ის დღე მისთვის დაკარგულად ითვლებოდა.

უფალი ბრძანებს: თუ თქვენ გლახაკს დაეხმარებით, ამით მე შემეწევით, ანუ გლახაკის სახით მე ვარ თქვენთან მოსულიო. დავითი გლახაკში ხედავს მაცხოვარს და თუ რომელიმე დღეს ვერ განიკითხა, იმ დღეს უფლის წინაშე თავს ცოდვილად მიიჩნევს. “დღეს ვერა მივეც ქრისტეს, ჩემი ცოდვების გამო” – ასეთია მისი სინანულის სიღრმე.

– “ცოდვა სიჭაბუკისა”, რომელსაც დავით აღმაშენებელი თავის ნაწარმოებში “გალობანი სინანულისანი” ახსენებს, გარკვეულწილად ხომ არ უკავშირდება მისი დარღვეული ქორწინების ცოდვას?

– თავისთავად ცხადია, დარღვეულია ქორწინება და მეფე ცოდვად მიიჩნევს. ვასილ ბარნოვი რომანში “ცოდვა სიჭაბუკისა” და შემდეგ კონსტანტინე გამსახურდია თავის რომანში ქმნიან სასიყვარულო სამკუთხედს, ფორმულას, რომ მეფეს, რომელსაც უსიყვარულოდ, პოლიტიკური ინტერესით შერთეს ცოლი, ყივჩაღის ასული შეუყვარდა და მისი ეს ვნება გახდა პირველი ქორწინების რღვევის მიზეზი.

პირველი მეუღლე სამეფო კარს ჩამოშორდა, მონაზვნად აღიკვეცა, ხოლო ყივჩაღის ასული მეფემ ცოლად შეირთო. ეს ითვლება ცოდვად, რომელსაც ინანიებს. წმიდა მამები განსაზღვრავენ, რომ “სიჭაბუკის ცოდვები” ყველამ უნდა მოინანიოს. სიჭაბუკეში ადამიანი დუღს, მას არა აქვს სათანადო განსწავლულობა, გამოცდილება, არა აქვს ახელილი სულიერი თვალი. ამ დროს ის აუცილებლად ჩადის ისეთ ცოდვებს, რომელთაც მხოლოდ მოგვიანებით გააცნობიერებს. დავითიც ალბათ ამ სახის ცოდვებს გულისხმობდა, როცა “სიჭაბუკის ცოდვებს” ინანიებს.

დავით წინასწარმეტყველმა ფსალმუნი დაწერა, როცა გააცნობიერა, რომ ურია ხეთელი მოაკვლევინა, რათა საყვარელი ქალი შეერთო ცოლად. ფსალმუნში წერია: “ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ” და როცა დავით აღმაშენებელი თავის სიჭაბუკის ცოდვებს ახსენებს, ეს ბიბლიური მოდელია.

– მემატიანე მიუთითებს დავით აღმაშენებლის გულთამხილველობის შესახებ. ამაზე რას გვეტყვით, როგორ არის ეს ახსნილი თანამედროვე ისტორიკოსების მიერ?

– დავით აღმაშენებელს ჰქონდა რაღაც საოცარი, საშიში და საზარელი უნარი ღმრთისაგან და ეს იყო მისი გულთამხილველობა. ვერავინ გაიფიქრებდა რამე ცუდს ისე, რომ მეფეს ეს არ სცოდნოდა. მას ერთი შეხედვით შეეძლო ადამიანის გულისნადების ამოცნობა. მემატიანე ამბობს, რომ ამის გამო ვერავინ იკადრებდა, თუნდაც თავის სახლში ცუდი გაეფიქრა ან ეთქვა – ყველას ეშინოდა, იცოდნენ, რომ მეფე ამას შეიტყობდა.

ისტორიკოსები ამ მოვლენას კონკრეტულად, რეალისტურად ხსნიან და იმხანად სახელმწიფოში მეფის მიერ შექმნილ, ძალიან კარგად ორგანიზებულ ფართო საჯაშუშო ქსელს უკავშირებენ, მაგრამ მემატიანე სხვა რამეს გულისხმობს, როცა ამბობს: ,,ყოვლისა საშიშ და საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მასზედა ნიჭი ესე და საკვირველ იყო” და დასძენს, მე ამ თემაზე ვეღარ გავაგრძელებ საუბარს, ვინაიდან ამაზე ლაპარაკი არ შეიძლებაო. აქ მეფის დიდ სულიერ ნიჭზეა საუბარი.

– ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელი გატაცებული იყო ასტროლოგიით. ამ საკითხთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

– “გალობანში” ნახსენებია, რომ მეფე გატაცებული იყო ასტროლოგიით, ვარსკვლავთმრიცხველობით. ამას დავით აღმაშენებელი თავადვე ინანიებს. როგორც ჩანს, მას აინტერესებდა იმ პერიოდში საკაცობრიო ცოდნა, ყველაფერს კითხულობდა, მაგრამ ამის გამო არ უნდა ვიფიქროთ, რომ თითქოს მეფე ქრისტიანულს თმობდა და არასარწმუნოებრივს იზიარებდა. ის მონანიებას გამოთქვამს თავისი ცოდნის წყურვილის გამო, რაც თავის დროზე ფართო თვალსაწიერისთვის სჭირდებოდა. მეფემ ბევრი რამ წაიკითხა და ბევრი რამ იცოდა, რაც აღმსარებლობად, მრწამსად არ მიუღია. იმასაც კი ცოდვად მიიჩნევდა, რომ ამ ცოდნით ინტერესდებოდა. “გალობანი სინანულისანი”-ში გარკვევით წერია – არაფერი მინდოდა, გარდა ჩემი სარწმუნოებისა და მხოლოდ ეს იყო ჩემი საფუძველი და საყრდენიო.