„შვილები თაკილობენ, ნამცხვრების ცხობა რომ დავიწყე”

„შვილები თაკილობენ, ნამცხვრების ცხობა რომ დავიწყე"„სარკე“

მე ვცხოვრობ პატარა ქალაქში, რომელიც ძალიან მიყვარს. აქ დავიბადე და გავიზარდე, ორი შვილიც აქ გავზარდე; აქ შემიყვარდა ბევრი წლის წინ, აქ შევქმენი ოჯახი და მე და ჩემმა ქმარმა სიყვარულით გავიარეთ წლები. ჩემი ტკივილიც აქაურობას უკავშირდება. აქედან მივაბარე მიწას ქმარი და ძმა. ეს ისეთი ტრაგედიაა, რომელსაც ვერც წლები მოერია, ვერც მე მოვერიე, ვერც ვერაფერმა ჩაანაცვლა მათი მოგონებები, სიყვარული. ყოველ წუთში მათთან ვარ, ამქვეყნიდან წავიდნენ, მაგრამ ჩემი გულიდან და გონებიდან – არა.

ჩემი გოგონა თბილისში გათხოვდა. მისი ქმარიც მუშაობს, თვითონაც და ჩემს შვილიშვილებს არაფერს აკლებენ. ჩემმა ბიჭმა ინტერნეტით გაიცნო უცხოეთში მცხოვრები ქართველი გოგო, ერთმანეთი შეუყვარდათ, ცოლად მოიყვანა და ისიც უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად. მეუბნება, რომ თბილისში, მის დასთან ახლოს იყიდის სახლს და იქ ვიცხოვრო. არ უნდა, რომ მარტო ვიყო, მაგრამ უარს ვეუბნები, არასოდეს დავტოვებ ჩემს სახლს, სადაც ამდენი მოგონება მაქვს.

ბიჭიც მიგზავნის ფულს და გოგოც. მეუბნებიან, არაფერი მოიკლოო, მაგრამ მათი ფულის დახარჯვა მიჭირს. თითქოს ხელებზე ცეცხლი მეკიდება, რომ ვხარჯავ. ჯერ პენსიაც არ მაქვს, რომ საკუთარი ფული მქონდეს, ამიტომ გადავწყვიტე, ის გამეკეთებინა, რაც ყოველთვის კარგად გამომდიოდა – ნამცხვრების ცხობა დავიწყე.

თავიდან ჩემი ნაცნობის მაღაზიაში ვაბარებდი და არც არავის ვეუბნებოდი, მაგრამ მერე ისე მოეწონათ, სხვა მაღაზიებმაც მომცეს შეკვეთები, ზოგჯერ დიდი სუფრებისთვისაც მიკვეთენ და ჩემი შემოსავალი გამიჩნდა. მართალია, ამით არ გავმდიდრდები და ავშენდები, მაგრამ ჩემი ჯიბის ფული ყოველთვის მაქვს.

შვილებმა რომ გაიგეს, რასაც ვაკეთებდი, ძალიან ითაკილეს და ცხობა ამიკრძალეს. თავიდან დავუჯერე, გავჩერდი, მაგრამ მერე გავაგრძელე. თქვენ წარმოიდგინეთ, პანდემიის დროსაც არ გავჩერებულვარ. ხომ აღარ შლიდნენ სუფრებს, სახლში ისხდნენ და ეცალათ რაღაცების ცხობისთვის, მაგრამ შეკვეთებს მაინც მაძლევდნენ.

ბიჭი მირეკავს და მეუბნება, თავს მჭრი, მითხარი, რა გაკლია, ხომ გიგზავნი ფულსო. იქით გოგო მტუქსავს, ხალხი იფიქრებს, დაქვრივებულ დედას ვერ პატრონობენო. ვერ მიგებენ, რომ, გარდა იმისა, ჩემი შემოსავალი მაქვს, საქმეს რაღაცნაირად თავს ვაფარებ ტკივილების, მონატრების განსაქარვებლად.

ძალიან მიჭირს ამის დაწერა, მაგრამ მინდა, კიდევ ერთი სიმართლე ვთქვა. ჩემი შვილები ვერ ხვდებიან, რომ მარტო საჭმლის ფული არ არის საკმარისი. არა მარტო ჩემი ქმარი, არამედ დედამთილ-მამამთილი, ჩემი მშობლები, ძმა ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანები იყვნენ. ნათესავებს ერთმანეთთან სულ მისვლა-მოსვლა გვქონდა, ჭირსა და ლხინში ერთად ვიყავით.

მარტო რომ დავრჩი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას უნდა გამოვაკლდე და აღარსად ვიარო. ქელეხებშიც დავდივარ, ქორწილებშიც, დაბადების დღეებშიც და ამ ყველაფერს ფული სჭირდება. მე რომ ორი მიცვალებული გავასვენე სახლიდან, ფულით ბევრი დამეხმარა და, მოგეხსენებათ, ეს ვალია, შენც უნდა დააბრუნო. ჰოდა, ეს არ ესმით ჩემს შვილებს. ვთქვათ, თუ დარეკეს და ან პანაშვიდზე ვარ, ან ვინმეს გასვენებაში, მეუბნებიან, ნეტა, ყველგან არ დადიოდეო. არ ვიცი, ჩემი და ჩემი ქმრის გაზრდილი შვილები ამას როგორ უნდა ამბობდნენ. წესით, ჩვენი ოჯახიდან ასეთი რაღაცები უნდა ესწავლათ, მაგრამ ალბათ დრომ მოიტანა მათი ამგვარი დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცების მიმართ.

მათი მოცემული ფული მართლაც საჭმელში მყოფნიდა მხოლოდ, ასეთ რაღაცებში კი – არა. რამდენჯერაც ვუთხარი ჩემს ბიჭს, ფული გვაქვს დასადები-მეთქი, ისე მცირე თანხა გამომიგზავნა, რომ ვსესხულობდი და ვამატებდი. იქ შვილიშვილებს მინდა პატივი ვცე, იქ – ჩემს მეგობრებს და ხელებში ვერავის მივაჩერდები.

სააღდგომოდ პასკებზე მქონდა ბევრი შეკვეთა. გოგომ გამომიცხადა, ერთკვირიანი შვებულების აღებას ვაპირებდი, მაგრამ მანდ რაღას ჩამოვალო. გული შემიწუხდა, გავაუქმებ ყველა შეკვეთას, აღარაფერს გავაკეთებ, ოღონდ ჩამოდი-მეთქი, მაგრამ უკმეხად მიპასუხა, შენ ფული ყველაფერს გირჩევნია, არასოდეს არაფერი გყოფნისო.

იმდენი ვიტირე და ისე ცუდად გავხდი, ვერც გადმოგცემთ. რა შემატყო, რომ არაფერი მყოფნის?! წელიწადი ისე მოტრიალდება, საკუთარი თავისთვის ერთ რამეს არ ვყიდულობ და ჩემზე ასეთი რამ როგორ უნდა თქვა?! ჩემს ძმას წელს მრგვალი თარიღი შეუსრულდებოდა. კლასელებმა მითხრეს, აღდგომას მის საფლავზე გავალთო. ჩემს რძალს საშუალება არ აქვს, დიდი სუფრა გაშალოს. ადრე გაკვრით ვუთხარი ჩემს ბიჭს, მაგრამ ვითომ ვერც გაიგო. როგორ, მე ოჯახი, ძმა შემერცხვინა და ცარიელი დავხვედროდი მის ძმაკაცებს?!

არ ვიცი, შვილები რა დროს დამშორდნენ ასე და ასე როდის გამიუცხოვდნენ. მათთვის თითქოს არაფერი დამიკლია, სულ ჩავჩიჩინებდი, რა იყო სწორი და რა – არასწორი და მაინც ასეთები რატომ გაიზრდნენ?!.. ღმერთს ვთხოვ, მანამდე წამიყვანოს ჩემს ქმართან და ძმასთან, სანამ შვილების ხელისშემყურე გავხდები.

„სარკის“ ერთგული მკითხველი