„სარკე“, რუსუდან ადვაძე
ქვარტი – ასე დაარქვეს ქართველი ექიმის, პოეტისა და მთარგმნელის, ნინო ქოქოსაძის, უჩვეულო ნახატებს, რომლებიც ქვებით არის შესრულებული. ქვებში დანახული მოძრაობები ნინო ქოქოსაძის გატაცებად ცოტა ხნის წინ იქცა. ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე უჩვეულო ქვების დანახვამ მასში განსაკუთრებული ნიჭი გააღვიძა. ქვებით შექმნა “თავისუფლება”, “მონა იზა”, “კატოს მერანი”, “სარკევ, სარკევ…” “ქვაბურთი” და ა.შ. ახლა კი გეგმავს “ქვარტში” შესრულებული ნამუშევრებით გამოფენა მოაწყოს.
ნინო ქოქოსაძე ამჟამად ისრაელში იმყოფება და “სარკეს” თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე აღთქმული მიწიდან უყვება:
– ორი ქვეყნის მოქალაქე ვარ – ისრაელის და საქართველოსი. ჩემი მეუღლე ებრაელი იყო. არის სასწავლო პროგრამა, რომელსაც “ნალე” ჰქვია. როდესაც ჩემი გოგონა 13 წლის გახდა, ისრაელში სასწავლებლად ამ პროგრამით წამოვიდა. აქ დაამთავრა სკოლა, მერე სამხედრო სამსახური გაიარა… მე ნახევარ წელს საქართველოში ვატარებ, ნახევარს – ისრაელში. ჩემი ორი შვილი საქართველოში ცხოვრობს, ერთი – ისრაელში.
20 წელზე მეტი აქტიური ექიმი ვიყავი, სასწრაფოში, რეანიმაციაში ვმუშაობდი, ბოლოს კი – ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში. დაიხურა ის პროგრამა, რომელშიც მე ვიყავი და სამსახურის გარეშე რომ დავრჩი, ისრაელის მოქალაქეობა მივიღე. ისედაც ხშირად ჩამოვდიოდი აქ ბავშვთან. ბოლოს გადავწყვიტე, მოქალაქეობა ამეღო. როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე გავხდი, სწორედ მაშინ დაიწყო პანდემია და გზები ჩაიკეტა, რის გამოც 2 წელი ვეღარ ჩამოვედი საქართველოში. ახლა კი თავისუფლად დავდივარ.
– ექიმად მუშაობის დრო როგორ გახსენდებათ?
– სასწრაფოს ექიმი ვიყავი გასული საუკუნის 90-იან, ძალიან მძიმე წლებში. ეროვნული მოძრაობა, მიტინგები, კომენდანტის საათები, როდესაც მხოლოდ ჩვენ, სახანძრო და პოლიცია გამოვდიოდით ქუჩაში. კომენდანტის საათის დროს თუ ვინმეს ქუჩაში დარჩენილს დავინახავდით, რომელიც სახლში მისვლას ვერ ასწრებდა, ჩავისვამდით და მიგვყავდა. ასე ბევრი გადავარჩინეთ.
ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი და, იმ სიმძიმისა და სირთულეების მიუხედავად, რომ მკითხოთ, რომელი პერიოდი იყო ჩემთვის ყველაზე კარგი, ისევ იმ დროს დავასახელებდი. ჩემი მეუღლეც სასწრაფოში მუშაობის დროს გავიცანი, ერთად ვმუშაობდით და ბევრი თავგადასავალიც გვქონდა. მაშინდელ მოგონებებს ახლაც ვწერ პერიოდულად.
– პოეტური კრებულის ავტორი ხართ… როდიდან წერთ?
– “მინიმა” ჰქვია ჩემს კრებულს. 2012 წელს დაბეჭდა “საუნჯემ”. ბავშვობიდან ვწერ. სულ მინდოდა, უნივერსიტეტში ლიტერატურის, ფილოლოგიის კუთხით ჩამებარებინა, მაგრამ მაშინ სამედიცინო ინსტიტუტი იყო ძალიან პრესტიჟული და დედა მეხვეწებოდა, მეც ექიმი გამოვსულიყავი. ის და ბებიაც ექიმები იყვნენ. დამჯერი ბავშვი ვიყავი – დავუჯერე და სამედიცინოზე ჩავაბარე. ეს რომ ჩემმა ქართულის მასწავლებელმა გაიგო, გამებუტა.
ბევრს ვწერდი ჩემთვის და არც მიფიქრია, წიგნად გამოცემა. ინტერნეტის ეპოქა რომ დადგა, ჩემი ნაწერები ერთ ლიტერატურულ საიტზე ფსევდონიმით გამოვაქვეყნე. მომაქციეს ყურადღება, მოეწონათ. მახსოვს, პირველი მიხო მოსულიშვილი გამომეხმაურა. “ლიტერატურული პალიტრის” რედაქტორი იყო და მომწერა, თუ შეიძლება, გამოვაქვეყნოო. ძალიან გამიხარდა და ვუთხარი, რატომაც არა-მეთქი.
ამის მერე ყველა მთხოვდა, წიგნი გამომეშვა. “მინიმაში” მინიმალისტური, პატარ-პატარა ლექსებია. ძალიან მიყვარდა იაპონური პოეზია, ტანკა და ჰაიკუ. “მინიმა” ამის ქართული შესატყვისია. ახლა პატარა ლექსებს არქმევენ მინიმებს. მინიმალისტური პოეზია უძველესია და ყოველთვის იყო, მაგრამ ქართულ პოეზიაში მას მინიმა არ ერქვა, ჩემს ლექსებს ერქვა მინიმა. კი არ მწყინს, მიხარია. შეიძლება არც იციან, რომ მე ვარ მისი ავტორი, მაგრამ კარგია, რომ ასე გავრცელდა. ახლა უფრო დიდი ლექსების წერაზე გადავედი.
– მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწევით. ლექსს თავადაც უნდა წერდე, თარგმანი რომ შეძლო?
– როცა ასაკი გემატება, თუ ლექსის წერის ტექნიკას ფლობ, ძალიან ადვილია თარგმანი. სამწუხაროდ, ინგლისური არ ვიცი, რუსულ ენას ვფლობ სრულყოფილად. ძალიან მიყვარს მაიაკოვსკის პოეზია და დავიწყე მისი თარგმნა. ორი წიგნი გამოვეცი – მაიაკოვსკის ლექსები და პოემები, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
ამის შემდეგ ხშირად ჩავდიოდი ბაღდათში, მაიაკოვსკის მუზეუმში. მეპატიჟებოდა მუზეუმის დირექცია და მოსწონდათ ჩემი ნათარგმნი. მაიაკოვსკის ცუდად იცნობდნენ ქართველი ახალგაზრდები. დაუმახინჯეს ბიოგრაფია და საბჭოეთის პოეტად წარმოადგინეს და რაც მართლა გენიალური ჰქონდა, თითქოს დამალული იყო, არ იცნობდა ქართველი მკითხველი. მე კი მიხაროდა, რომ ახალგაზრდებისგან ბევრ წერილს ვიღებდი, რომ მაიაკოვსკი გაიცნეს და მადლობებს მიხდიდნენ.
– ერთ ლექსში წერთ:
“მე კი უბრალოდ, მომენატრა ვინმე “ასეთი”:
– “რომ წამოხვალ, პური წამოიყოლე…”
რამდენად კავშირშია თქვენი ლექსები თქვენს პირადულ, რეალურ ამბებთან?
– რეალურია, კი. თავიდან, როდესაც ლიტერატურულ საიტზე ფსევდონიმით ვაქვეყნებდი, ყველას ეგონა, რომ კაცი ვიყავი. ამ დროს ჩემი მეუღლე იყო ახალი გარდაცვლილი. იმის გადმოსახედიდან, მისი პირით ჩემს თავს ვუწერდი ამ ლექსებს. ამიტომაც ვეგონე ყველას კაცი. მე კი არაფერს ვამბობდი. რომ მნახეს, ზოგმა არც დაიჯერა, რომ ეს მე ვიყავი. ამ ლექსებმა მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული სტრესის გადატანა გამიადვილა. თითქოს ის მიწერდა ჩემს ლექსებს.
“აქ, კარადაში, შენს ეულად დარჩენილ კაბას,
გავიხადე და მოვახურე ჩემი პერანგი…”
ხომ ვერ წარმოიდგენთ, რომ ეს ქალის დაწერილია? კაცის დაწერილს ჰგავს. ჩემი მეუღლე მოიქცა ასე და ეს მითხრა. მისი ნათქვამი დავწერე. საერთოდ, რაც უნდა დაწერო, თუნდაც უცხო პლანეტაზე წერდე, შენს თავს მაინც გაურევ იმ ნაწერში. არასოდეს ვიტყუები ლექსში.
ზოგი ლექსი კი ისე მაქვს დაწერილი, არასოდეს რომ გამომიცდია – მაგალითად, სუროგატ დედაზე დავწერე. სხვის ტყავში შეძრომაც შეიძლება, ოღონდ აუცილებლად უნდა განიცადო. იმას თუ არ განიცდი, ძალიან ადვილად მიხვდება მკითხველი და არანაირი ფასი არ აქვს.
ერთხელ თვითმფრინავში მოვხვდი, სადაც მამებს ძალიან ბევრი პატარა ბავშვი მიჰყავდათ ერთი ქვეყნიდან მეორეში. როგორც ჩანდა, სუროგატმა დედებმა გააჩინეს და მამებს მიჰყავდათ. მეტის დაკონკრეტება არ მინდა… მე დავწერე ქალის სიტყვებით, მე მარწმუნებდნენ, რომ აღარ იქნებოდა ჩვენ შორის კავშირი, როგორც კი დაიბადებოდი, მაგრამ სიზმარში ვნახე, რომ სადაც ხარ, სიეტლში, ხელი გაგეჭრა და თეთრ თოვლზე ჩვენებური ყაყაჩოები გაიშალნენ-მეთქი. მეტაფორული ლექსია… ნაყოფი ხომ ჭიპლარით, დედის სისხლით იკვებება. შეიძლება სისხლის ჯგუფი არ დაემთხვეს, მაგრამ მაინც საიდუმლო კავშირი მგონია დედასა და შვილს შორის.
თარგმანში კი, იცით, როგორ არის? არ შეიძლება თარგმნო ავტორი, რომლის ბიოგრაფიასაც არ იცნობ. თარგმნა მსახიობობაა – სხვა ადამიანის ტყავში უნდა შეხვიდე და მისი განცდებიც განიცადო. სხვაგვარად კარგი თარგმანი არ გამოგივა. როცა ვთარგმნიდი, აბსოლუტურად ყველაფერი წავიკითხე მაიაკოვსკის შესახებ. ისეთი შეგრძნებები მქონდა, თითქოს ვხედავდი, როგორ წერდა, როგორ აზროვნებდა. ერთი პერიოდი ჩაცმითაც კი ისე ვიცვამდი, როგორიც სურათებზე იყო გამოსახული.
პასტერნაკს ვთარგმნიდი, “ზამთრის ღამეს” და იქ აქვს – სანთელი ანგელოზივით ფრთებს გაშლისო… ქარი უბერავს კუთხიდან და სანთლის ალი ჰგავს, ანგელოზი რომ ფრთებს შლის და ხურავს. სანთელი ავანთე და კარი გავაღე, რომ დაებერა ქარს და ეს დამენახა. ამით იმის თქმა მინდა, რომ განცდის გარეშე არაფერს ვაკეთებ.
– ქვარტი როგორ გაჩნდა?
– ქვარტი მხატვარმა გია ქემოკლიძემ დაარქვა ჩემს ნამუშევრებს და მეც მომეწონა. თავიდან მე პლაჟის ფაზლებს ვეძახდი, რადგან პლაჟზე ვაწყობდი.
ახალი გაჩენილია ქვარტი. ისრაელში რომ ჩამოვედი და პანდემია დაიწყო, პლაჟზე შეიძლებოდა მხოლოდ გასვლა. ხმელთაშუა ზღვაზე გავდიოდი და იქიდან დაიწყო ყველაფერი. სანაპიროზე ქვით ნახატებს ვქმნიდი. ადამიანებს აკრძალული ჰქონდათ ჩახუტება, ხელის ჩამორთმევა… ეს ქვები კი ისეთი იყო, სულ ერთმანეთს ეხუტებოდნენ. პანდემიისას სულ ისეთი ნამუშევრები შევქმენი – ჩახუტება, ერთად ყოფნა, ორი ფიგურა ერთად. თითქოს რაც ცხოვრებაში არ იყო, ქვაში არსებობდა.
დავდიოდი სანაპიროზე და ქვებს დავცქეროდი. ერთხელ კი ქვაში ჩაჭედილი ოქროს ბეჭედი ვიპოვე ალმასის თვლით და ჩავთვალე, რომ ზღვის ღმერთმა, პოსეიდონმა, მაჩუქა, რადგან მოეწონა ჩემი ნამუშევრები.
როცა საქართველოში წამოვედი, წამოვიღე ეს ნამუშევრები. სულ 200-მდე ნამუშევარი მაქვს, საქართველოში 40-მდე ჩამოვიტანე და მხატვრებმა რომ ნახეს გალერეაში, ყველას ძალიან მოეწონა. მინდოდა, გამოფენა გამეკეთებინა, მაგრამ გია ქემოკლიძემ მითხრა, ამის ასე გამოფენა არ შეიძლება, კარგი ჩარჩოები უნდა გაუკეთდესო. ახლა ჩარჩოებს ვაკეთებ, სხვა ნამუშევრებსაც ვქმნი და გავაკეთებ გამოფენას. ასევე მინდა, ჩემი ნამუშევრების კატალოგიც დავბეჭდო.
აქ სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვანაირი ქვებია. ხაიფაში, სადაც მე ვცხოვრობ, უფრო სახეებია, მრგვალი ქვებია. სხვა ქალაქში კი ტანი, ხელები, ფეხები შეგიძლია ნახო. რომ ვუყურებ, თითქოს ქვაში ვიჭერ ან მოძრაობას, ან სახის გამომეტყველებას, ხელს, ფეხს….
– სახელებს არქმევთ – “თავისუფლება”, “მონა იზა”, “კატოს მერანი”, “სარკევ, სარკევ…”, “ქვაბურთი”. როგორ ჩნდება ეს სახელები?
– ეს სახელებიც იქიდან მოდის, რაც პირველად დავინახე. “თავისუფლებაში” გადახსნილი მკერდი და ხელებია დანახული… იცით, ეს როდის გავაკეთე? მიტინგები რომ იყო თბილისში და გოგონა რომ წყლის ჭავლთან იდგა. ზუსტად ასე ჰქონდა მკერდი გახსნილი. ეს მოძრაობა დავინახე ერთ ქვაში. დანარჩენი სახელები უფრო იუმორისტულია.
ერთ ნამუშევარს თქვენი ჟურნალივით “სარკე” ჰქვია. ქალი სარკეში იყურება და ზუსტად მისი ანარეკლი ჩანს იმ ქვაში. ერთ ნამუშევარს კი “კატოს მერანი” დავარქვი. სინამდვილეში ტატო ბარათაშვილის მერანის ასოციაციაა. მონა ლიზას მაგივრად “მონა იზაა” და ა.შ. ვერთობი ამით, სათაურების მოფიქრება მიყვარს.
– ხატავთ კიდეც?
– არ ვხატავ, მაგრამ ვიცი, რომ შემიძლია ხატვა. ბავშვობიდან დარწმუნებული ვარ, რომ თუ ფუნჯს და ტილოს ავიღებ ხელში, აუცილებლად გამომივა, მაგრამ არცერთხელ ამიღია ხელში ფუნჯი. ფანქრით კი ადამიანების სახეების ხატვა გამომდის. ქვებითაც მხოლოდ ადამიანებს ვაკეთებ.
– პოსეიდონის ბეჭედს ატარებთ?
– კი, მიკეთია. იცით, ისე ლამაზად იყო ქვაში ჩასმული, მისი იქიდან ამოღება არ მინდოდა. ისეთი ფორმა ჰქონდა ამ ქვას, ვერ გამოვიყენებდი, არც აეროპორტში გამომატანდნენ. ამიტომ გავტეხე ქვა და ამოვაცალე. სულ მიკეთია.
– ქვაში როგორ მოხვდა ეს ბეჭედი, როგორ ფიქრობთ?
– სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ძალიან ძველია. მეორე მხრიდან ამ ქვაში ხელნაკეთი ლურსმანი იყო ჩარჭობილი. მე-18 საუკუნის მერე ხელით ლურსმანს აღარ აკეთებდნენ. არ ვიცი, როგორ მოხვდა… ალბათ რომელიმე დაღუპულ გემში იყო ლურსმნებით დაჭედებული სკივრი, სადაც ეს ბეჭედი იდო. მხოლოდ პაწაწინა ნაწილი ჩანდა ამ ბეჭდისა, დანარჩენზე ქვა იყო ჩალექილი.
– ქართული ქვები არის თქვენს ქვარტებში?
– არა, რადგან აქ ზღვის ნაპირზე ვცხოვრობ და მანდ რომ ჩამოვდივარ, ისე მაქვს მობეზრებული ზღვა, არ მივდივარ ზღვაზე. რაც ამ ქვებით ნამუშევრების გაკეთება დავიწყე, საქართველოში ზღვაზე არც ვყოფილვარ, თორემ ალბათ მანდაც ვიპოვიდი რამეს.
– რამდენი შვილი გყავთ?
– სამი – ერთი ვაჟი და ორი გოგონა. უფროსები, ვაჟი და ერთი გოგონა, საქართველოში ცხოვრობენ და დაოჯახებულები არიან, პატარა კი ისრაელში სტუდენტია. 6 შვილიშვილი მყავს. ჩემს გოგონას 4 შვილი ჰყავს, ვაჟს – 2.
– ისრაელში ცხოვრება მოგწონთ?
– კარგი ქვეყანაა და ხალხი კანონმორჩილია, სჯერათ მთავრობისა და ჯანდაცვის. ექიმი აქ ძალიან დიდი ავტორიტეტია. საქართველოში რომ ყველაფერს ექიმებს აბრალებენ, ამას აქ ვერავინ გაბედავს, ისე სწამთ მათი. პრობლემები აქაც არის, რადგან ცოტა რთული კლიმატია და მიჭირს ამის ატანა. აქ ყველას ნორმალური ხელფასი აქვს და არავის უჭირს საჭმელი, სასმელი თუ ჩასაცმელი.
ჩვენს ქვეყანას არ ვაფასებთ და ამ დროს ძალიან ბევრი პლუსი აქვს. საქართველოში ადვილია სახელმწიფო სერვისების მიღება, რაც აქ ძალიან რთულია, ბევრად ბიუროკრატიული სისტემაა. რასაც მანდ ერთ საათში გააკეთებენ იუსტიციის სახლში, აქ შეიძლება ერთი თვე და ერთი წელიც კი დასჭირდეს. საბანკო სისტემაც ჩვენთან უფრო მოქნილი და განვითარებულია. აქ მივხვდი, საქართველოში რა არის კარგი.