მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ერთადერთი ვაჟის, ლევან თავართქილაძის ინტერვიუ დედის სიცოცხლეში გამოქვეყნდა „ცხელ შოკოლადში“. ინტერვიუდან ამონარიდებს „ამბები.ჯი“ აქვეყნებს:
-ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი გგონია. ლიკა ყოველთვის ცდილობს, ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ცოტა სხვანაირად გაიზარდა. არ გზღუდავს იმიტომ, რომ თვითონაც უყვარს თავისუფლება. მაგრამ ადრე უფრო იცოდა, თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა მომწონს, მერე იწყებოდა ჩაციება – და ვინ არის? საიდან? რატომ? როგორ? უბრალოდ, როგორც კი ხედავდა, რომ ეს არ მსიამოვნებდა, მაღიზიანებდა, თავს მანებებდა.
დილას ყავით და სიგარეტით იწყებს, მერე ერთი საათი ზის და ფხიზლდება. სპორტული ტიპია, ერთი პერიოდი სულ დარბოდა, ვარჯიშობდა, ბევრს ცურავდა, ხატავდა. მე ლიკას ნახატები უფრო მომწონს, ვიდრე ჩანაწერები; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლმე;
ძალიან მოსაბეზრებელი იყო – ეს ლიკას ბიჭიაა… შენ კი დებილივით დგახარ და იღიმები. პირველად, “ნატვრის ხე” როცა ვნახე, ძალიან ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა, მოკვდა.
რა ვიცი… გავხარო, მეუბნებიან. ლიკა უფრო ჩაკეტილი ადამიანია, მეც ასეთი ვარ. იცი, მახსოვს, რომ დედა სულ მენატრებოდა.
მამაჩემი ფიზიკოსია და სულ სადღაც იყო წასული, თვეობით მიდიოდა. ლიკას იმ პერიოდში გადაღებები ჰქონდა. ამიტომ უფრო ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი.
რა მახსენდება? არაფერი ისეთი. სამუშაოს გამო, თითქმის სულ ცალ-ცალკე იყვნენ, მერე ურთიერთობაც არ ჰქონიათ მაინცდამაინც კარგი. კი, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, დიდი ვიყავი, მაგრამ ჩემი განცდები მაინც მქონდა…
ლიკა? ჯიუტია. თან გააჩნია რა ხასიათზეა. აი, დილით რომ ადგები, უკვე ხედავ, რომ დღეს რაღაც სხვანაირადაა… რა ვიცი… სულ რაღაცებს უშვრება თმებს, შეიჭრის, შეიღებავს რაღაცფრად. უხდება-არ უხდება, მაინც გააკეთებს. ხან სევდიანია, უცებ მხიარული, უცებ ჯიუტი და უცებ შეიძლება… რა ვიცი, კიდევ როგორი. ლიკა ბევრნაირია…