რატომ დაარქვა მაია მიქაშავიძემ მეორე ახალ ბინას ბათუმში „კარამელი”
დიზაინერმა დღეგრძელი სიცოცხლის საიდუმლოს მიაგნო - „ცარიელი მაცივარი და ცარიელი კუჭი არის სიმსუბუქე და ბედნიერება"

რატომ დაარქვა მაია მიქაშავიძემ მეორე ახალ ბინას ბათუმში „კარამელი"„სარკე“, ხათუნა მაღრაძე

სამკაულების დიზაინერმა მაია მიქაშავიძემ ბათუმში მეორე ბინა შეიძინა და ახალი ჰობიც გაუჩნდა – ციცქნა ბინების რემონტი. ზღვისპირეთში თავისი სამყარო მოიწყო და მეგობრებიც თან გაიყოლა. ახლა სხვანაირი გან-წყობით ეღვიძება, სამკაულებსაც სხვანაირი ხალისით ქმნის ზღვის პეიზაჟის ფონზე. კიდევ არის მის ცხოვრებაში სიახლე, კვების სხვა რეჟიმზე გადავიდა, რომლის მთავარი პრინციპი ეს არის – ცარიელი მაცივარი და სტაბილური ჯანმრთელობა.

უფრო მეტს ცხოვრების ახალი სტილის შესახებ დიზაინერი „სარკეს“ უყვება.

– ქალბატონო მაია, გამოდის, თბილისში ცხოვრებაზე საბოლოოდ თქვით უარი და ბათუმში გადასახლდით.

– ბათუმი ჩემი ფავორიტი ქალაქია. ახალი ბათუმი რაც გაჩნდა, მას შემდეგ სულ გადავირიე ამ ქალაქზე. რამდენიმე წლის წინ ვიყიდე პატარა ბინა და ძალიან კარგად და კომფორტულად მოვაწყვე. მერე აღმოჩნდა, რომ იგივე კომპანია ჩემი ბინის გვერდით აშენებდა კიდევ უფრო გაუმჯო-ბესებული სტანდარტების კორპუსს, ვიფიქრე, ხუთი კაბა, ოთხი ფეხსაცმელი მაქვს, მეხუთე კაბის და მეექვსე ფეხსაცმლის ყიდვას მირჩევნია, ჩემი ნამუშევარი და დანაზოგი უფრო მნიშვნელოვან საქმეში ჩავდო და ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს დავუტოვო-მეთქი.

ბათუმში პირველად შეძენილი ბინა უკვე ვაჩუქე ჩემს შვილიშვილს, სანდრო გერგიძეს და ახალშეძენილს რომელს ვაჩუქებ, ჯერ არ გადამიწყვეტია. ვნახოთ, ვინ როგორ დაიმსახურებს, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩემი ოთხივე შვილიშვილი საუკეთესოა და ყველა ერთნაირად მიყვარს.

– საკმაოდ ძვირია მშენებარე ბინები ბათუმში, შესაძენად დიდი შრომა დაგჭირდებოდათ.

– როცა ფასი პირველად ვიკითხე, მივხვდი, მის შეძენაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. გულდაწყვეტილი გავუვლიდი ხოლმე გვერდით მშენებარე კორპუსს. ერთ დღესაც სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ამ ახალ კორპუსში დიდი ფართის ბინები შუაზე გაყვეს და 24 კვადრატი იყიდებოდა ისეთ ფასში, რომლის გადახდასაც შევძლებდი.

აქვე უნდა გითხრათ, რომ კორპუსი კომპანია “ენ ბი ჯი”-მ ააშენა, რომლის დამფუძნებელიც ლაშა ჯიჯავაძეა და კომპანიის ხერხემალი პაატა ჯაბნიძეა, რომელსაც მე კაპიტანს ვეძახი. გთხოვთ, რეკლამაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ამ ადამიანებმა ისე გამაბედნიერეს, მინდა, თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან მათ მიმართ მადლიერება გამოვხატო. ეს არის ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი. ისინი უკვე ჩემი პატარა მეგობრები არიან, საოცრად ნიჭიერი ადამიანები. მადლობელი ვარ, რომ მათი დახმარებით ბინის ყიდვის შესაძლებლობა მომეცა.

ამ ბინასთან ერთად ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ჩემი ძველი საცხოვრებლიდან ზღვა არ ჩანდა, ამის გამო გული მწყდებოდა. ახლა ოცნება ავიხდინე. როცა ვწევარ, მაშინაც კი შემიძლია, ზღვას ვუყურო. აქვე მინდა, ყველას ვუთხრა, პატარა ფართს არ შეუშინდნენ. შესაძლებელია, პატარა სივრცე ლამაზ და კომფორტულ ბინად გადააქციოთ.

ჩემთან საძინებელი და მისაღები ერთ სივრცეშია, მაგრამ პატარა ნიშა გავაკეთე და ისე მოვაწყვე, რომ საწოლი თან ჩანს, თან – არა. პატარა, განცალკევებულ საძინებელს ყოველთვის მირჩევნია ისეთი სივრცე, საიდანაც მთელი სახლის დანახვა შემიძლია. სივრცის ათვისების დიდოსტატი გამოვდექი.

– როგორც თქვით, ახალი ბინის შეძენით ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყეთ. ეს, სავარაუდოდ, თქვენს ნამუშევრებზეც აისახება.

– საოცარი ინსპირაცია გაჩნდა. ვუყურებ ზღვას და ისე ვმუშაობ. როგორც გითხარით, პირველ ბინაში ამის შესაძლებლობა არ მქონია. აქ კი სხვანაირი სამკაულები გამოდის. საკუთარ თავს კი არ ვაძალებ, თავისით მეღვიძება დილის 7 საათზე და მუშაობას ვიწყებ. ყოველდღე რამდენიმე ახალ სამკაულს ვქმნი. ოქტომბერში ამერიკაში მივდივარ და მინდა, გარკვეული რაოდენობის ნამუშევრები შევაგროვო.

ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, უამრავი ქვეყანა მაქვს მოვლილი, მაგრამ რატომღაც ამერიკაზე არ მიფიქრია. ჩემი ძმისშვილი, რომელიც იქ ცხოვრობს, ხშირად მეუბნებოდა, პარიზში ათჯერ წასვლასა და ვენეციის ოცჯერ მონახულებას არ გირჩევნია, ერთხელ აქაც ჩამოხვიდეო.

სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ საელჩოსგან ნებართვას მარტივად ვერ მივიღებდი. მაინც ვცადე ბედი. როცა იქ მივედი, ამერიკაში გამგზავრების უამრავი მსურველი დამხვდა. უსაშველოდ გრძელი რიგი იყო. ჩემ წინ 50 ადამიანი უარით გამოისტუმრეს, მე კი პირველივე გასაუბრებაზე დამთანხმდნენ და წარმატებული მგზავრობაც მისურვეს.

სოციალურ ქსელში ამის შესახებ პოსტი რომ გამოვაქვეყნე, ამერიკაში მცხოვრები ჩვენი ქართველი ჟურნალისტი, უნიჭიერესი ლელა ნინუა დამიკავშირდა და მითხრა, რომ იქ ჩემი ნამუშევრებით უნდა ჩავსულიყავი და გამოფენა მოგვეწყო. ეს კარგი მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის. ახლა ყოველ დილით ვდგები და ახალ კოლექციას ვამზადებ.

– 2008 წლიდან აკეთებთ სამკაულებს. წლებს რა მოაქვს, უფრო თავისუფალი ხდება ხელოვანი?

– ჩემი პირველი ნამუშევარი როგორიც იყო, ისეთივეა ახლაც. ამ სფეროში არ გავზრდილვარ. სულ პირველი ჩემი სამკაულები როგორც კი ნახა მარინა კახიანმა, მაშინვე მოისურვა, ფილმში გამოეყენებინა. ამ დროს იღებდნენ სერიალს “გოგონა გარეუბნიდან”, სადაც მარინა გავლენიანი და მდიდარი ქალის როლს თამაშობდა. მისი დიდი დამსახურებაა ჩემი ბრენდის პოპულარობა და კიდევ მხატვარ დადუნა ღლონტის. 3 წელი გადიოდა ტელევიზიით ეს სერიალი და სამი-ოთხი ნივთი ეკეთა მარინას თითო სერიაში. ამით უდიდესი წარმატება მხვდა წილად. ეს იმის ნიშანია, რომ თავიდანვე კარგი იყო ჩემი ნამუშევრები.

– სამკაულის შექმნისთვის იგივე დრო გჭირდებათ, როგორც ადრე?

– დრო ძალიან გაიზარდა. რაც მეტი მასალა გაქვს, გინდა, რომ მეტი და მეტი დეტალი დაამატო და ეს დიდ დროს მოითხოვს. ვიცი, რომ თუ დღეში ორ ან სამ სამკაულს გავაკეთებ, იქიდან ერთი მაინც გაიყიდება. თბილისსა და ბათუმში მაქვს ბუტიკი “ექსკლუზივი”, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა.

– დღეში სამ სამკაულს აკეთებთ?

– თითქმის ყოველდღე, თუ სხვა რაიმე განსაკუთრებული საქმე არ მაქვს. დილით რომ ვდგები, მუზები არ მასვენებენ. ზამთარია თუ ზაფხული, მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ჩემთვის ბედნიერების ჰორმონი.

– როდის ისვენებთ?

– არასდროს! ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ მაქვს სამუშაო, რომელიც მაბედნიერებს. ადრე ასეთი შრომისუნარიანი არ ვიყავი, ახლა შეიცვალა ის, რომ სწორ კვებაზე გადავედი. ბევრ ჩემს მეგობარს ეს ძალიან აღიზიანებს. 3 საათში ერთხელ ვჭამ. 13 კილო დავიკელი და ამ წონას ვინარჩუნებ. რაც მთავარია, დავდივარ ფეხით დღეში 5 კილომეტრს და ვსვამ 2 ლიტრ წყალს. ამან ჩემი ორგანიზმი ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმინდა.

სრულიად სხვა ადამიანი ვარ, აღარ ვიღლები. მოზღვავებული ენერგია მაქვს. ახლა როცა ვიცი, როგორია სწორი კვება, ჩემს კონსულტანტს ვეუბნები, ეს რა ყოფილა, ადრე თურმე ქუჩის ლეკვივით ვიკვებებოდი-მეთქი. ქუჩაში რომ მიუსაფარი ლეკვები დარბიან და ვინც რას მიაწვდის, ყველაფერს ჭამენ, ასე ვიყავი მეც. ეს არის საშინელება!

– 3 საათში ერთხელ კვება დისკომფორტს არ გიქმნით, როცა, ვთქვათ, შეხვედრაზე ხართ ან რაიმე ღონისძიებას ესწრებით?

– პრობლემას არ მიქმნის, რადგან მივხვდი, რომ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. თუ გინდა, დიდხანს იცოცხლო, პირველ რიგში, უნდა იყო დისციპლინირებული ადამიანი. საერთოდ არ მაინტერესებს იმ ჩემი მეგობრებისა თუ მეზობლების აზრი, რომლებიც მეუბნებიან, რა გააწყალე გული, სად უნდა წახვიდე, რაც არის, ის შეჭამე, ამ ერთხელ არაფერი უშავსო. არავითარ შემთხვევაში! მე მინდა, ვიცოცხლო დიდხანს, ვიყო ჯანმრთელი, რომ არ შევაწუხო ჩემი შვილები და შვილიშვილები საკუთარი პრობლემებით და რაც შეიძლება მეტი ტკბილი მოგონება დავუტოვო ჩემზე.

ისეთი მავნე ჩვევები ხომ საერთოდ წარმოუდგენელია ჩემთვის, რასაც სიგარეტი და ალკოჰოლი ჰქვია. ცოტა ვისკი ყინულით შეიძლება მოვწრუპო და ესეც ძალიან იშვიათად.

მინდა, ყველას ვუთხრა, რომ სავსე მაცივარი არის სავსე მუცელი და სიმსუქნე, ცარიელი მაცივარი არის ცარიელი კუჭი, სიმსუბუქე და ბედნიერება. ვისაც უნდა, რომ დიდხანს იცოცხლოს, იკვების წორად, იაროს ფეხით და დალიოს 2 ლიტრი წყალი დღეში.

– თქვენი ბინის თემას დავუბრუნდეთ. სახლებისთვის სახელების დარქმევა გიყვართ, თბილისში გაქვთ “მზის სახლი”. ახალშენაძენს როგორ მოიხსენიებთ?

– “კარამელი” დავარქვი. “კარამელი” არის კანფეტი, რომელსაც შეუძლია ხანგრძლივად მოგანიჭოს ტკბობა. ჩემი ყველა ბინა პატარა და კომფორტულია. არ შემიძლია, მთელი დღე ვხეხო და ვალაგო უამრავი ოთახი. გარდა ამისა, არაეკონომიურია, გათბობასა და კომუნალურ გადასახადებში უამრავი ფული მიდის. პატარა სახლების გათბობაც, გაგრილებაც, დალაგებაც მარტივია.

კიდევ ის მახარებს, რომ ჩემს ახალ კორპუსში 33 მეგობარს ვაყიდვინე ბინა. კომპანიის ხელმძღვანელებს ვეუბნები, ვარსკვლავი უნდა გამიხსნათ-მეთქი.

– გაყიდვებიდან წილი უნდა მოგეთხოვათ.

– ყველას ეგონა, რომ რეალიზატორი ვიყავი. ძალინ ბევრი დრო და ენერგია წაიღო ამან, მაგრამ რატომ დავიხარჯე, იცით? პირველ რიგში, მინდოდა, ამ საუკეთესო კორპუსში ეცხოვრათ ქართველებს. მეორე მიზეზია ის, რომ აქ არ მომეწყინა. ახლა თითქმის ყველა მეგობარი და მეგობრის მეგობარი ახლოს მყავს.

უყურეთ, 26-ე სართულზე ერთი მეგობარი მყავს, 25-ეზე – ორი, 24-ეზე მე ვარ, 23-ეზე კიდევ – სხვა და პირველ სართულამდე ასე გრძელდება. ერთთან ყავას დავლევ, მეორესთან სერიალს ვუყურებ და ა.შ. ოღონდ ერთი დილემის წინაშე კი აღმოვჩნდი: ჩემი მეგობრების უმეტესობას აქ ხომ არ აქვთ ორი ბინა, ერთში იცხოვრონ და მეორე გაარემონტონ, ამიტომ ყველა მე მირეკავს, ნახე, ჩემს ბინაში ხელოსნები თუ მოვიდნენ, ნახე, ავეჯი თუ შეიტანესო. მეც დავრბივარ დარეტიანებული ზევით-ქვევით. ხან მტვირთავებს დავდევ, ხან ხელოსნებს. ასე მირჩევნია, ეს პროცესი დამთავრდება და მერე ყველა ერთად ვიქნებით. ბათუმი ჩემი სიბერის ქალაქია.

– სიბერეზე რატომ ფიქრობთ, პირადი ცხოვრების მოწყობაც არ არის გვიან.

– არიან ქალები, რომლებსაც არ შეუძლიათ მეორე ნახევრის გარეშე ცხოვრება, მე კი განსხვავებული ვარ. როცა მეუღლეს გავშორდი ბევრი წლის წინ, მაშინ ამოვისუნთქე და დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი და ნათელი ეტაპი. მაგ სისულელეში თავს აღარ გავყოფ. წარმოიდგინეთ, რა სიტყვაა “თავისუფალი”. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა ვალდებულებები არ გაქვს, დილით ადგე და ქმარს საუზმე მოუმზადო, პერანგები დაუუთოვო, სამსახურში ღიმილით გააცილო.

– იქნებ ისეთი იყოს, იქით რომ მოგემსახურებათ.

– ასეთი სულ არ მინდა! ისეთი მამაკაცი, მე რომ სახლში შემოვუშვებ ან წავყვები სადმე, ჯერ არ დაბადებულა. სანაცნობოშიც კი არავინ მეგულება მსგავსი. უყურადღებობას არ ვუჩივი. დიდი ვარდებიც მხვდება ხოლმე კიბეებზე, მაგრამ ეს სასაცილოდ არ მყოფნის. თავისუფლება არის ჩემი ბედნიერება!