„მძახლები მას შემდეგ შემიყვარდნენ, რაც ვნახე, ჩემი შვილის სიცოცხლისთვის როგორ იბრძოდნენ”

„მძახლები მას შემდეგ შემიყვარდნენ, რაც ვნახე, ჩემი შვილის სიცოცხლისთვის როგორ იბრძოდნენ"„სარკე“

ძალიან მინდა, ეს წერილი თქვენს ჟურნალში მოხვდეს! ადამიანები ხშირად ვცდებით, როცა ერთმანეთს ერთხელ წამოსროლილი ცუდი სიტყვების, მოქმედებების გამო ვაფასებთ და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება მათში ბაჯაღლო გული იმალებოდეს.

ამას, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვამბობ. ძალიან შევცდი, როცა არ მოვითმინე და მძახლებს გული ვატკინე. ვერ გავთვალე და ვერ გავიაზრე ის, რომ შეიძლება იმ მომენტში სიტყვა უბრალოდ წამოისროლეს ან ხასიათზე არ იყვნენ, ან რაღაც ვერ მოითმინეს, მე კი მათ დავემდურე, გავინაპირე. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ადამიანები შეცდომებს კი უშვებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ანგელოზი ხარ და მსგავსი რამ შენ არ დაგმართნია ან არ დაგემართება, ამიტომ მიმტევებელი უნდა იყო, მათში სიკეთის მარცვლები უნდა ეძებო.

ჩემი გოგონა რომ გათხოვდა, ბევრი წყენა შემხვდა. მძახლებთან რომ მივედი ამბის გასაგებად, სად იყვნენ ჩვენი შვილები გაპარული, ძალიან ცუდად შემხვდნენ. სიძის დედა ფერდაკარგული, თავზე თავშალწაკრული იყო – ძალიან ცუდად ვარ, თავი მისკდება, ჩემმა შვილმა ეს რა გამიკეთა, ჩემი თანამშრომლის შვილზე იყო ლაპარაკი, ცოლად ის უნდა მოეყვანა და ახლა რა მეშველებაო. პირკატა მეცა. მის ქმარს მივუბრუნდი და ვუყვირე, ახლავე მოძებნე და ჩემი შვილი მომიყვანეთ, თქვენთან სახვეწარი რა მაქვს-მეთქი. კაციც განერვიულებული იყო და აქეთ მიყვირა, შენი ახტაჯანა გოგო თავად მოძებნე, მე თავი დამანებეო. იმ დღეს ძალიან შეურაცხყოფილი გამომისტუმრეს სახლიდან. ფაქტობრივად გლოვობდნენ ჩემი შვილის მათ სახლში შესვლას.

ჩემს გოგოსაც ძალიან ცუდად დახვდნენ. დედამთილი არც დაელაპარაკა, მამამთილი კი აგარაკზე გაიხიზნა. შვილზე ძალიან გავბრაზდი და ხმას არ ვცემდი. ოჯახმა როცა ჩემი მიპატიჟების სურვილი გამოთქვა, არც მაშინ წავედი მათთან.

თავიდანვე წარმოუდგენლად ცუდი შთაბეჭდილება შემექმნა მათზე და მეგონა, რომ მძახლებთან ლაპარაკს, ურთიერთობას აზრი არ ჰქონდა, რადგან ერთმანეთს ვერასოდეს გავუგებდით.

კორონავირუსი რომ გავრცელდა, სიძე და შვილი ჩემთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მამამთილს გულის ოპერაცია ჰქონდა ახალი გაკეთებული და ხალხთან კონტაქტს ერიდებოდა, მკაცრ იზოლაციაში იყო. ჩემი შვილი და სიძე კი მუშაობდნენ, ხალხთან კონტაქტი ჰქონდათ, ამიტომ ეშინოდათ, სახლში ვირუსი არ მიეტანათ, ამიტომაც ჩემთან გადმოვიდნენ დროებით.

იმის გამოც ვემდუროდი, რომ არ ცდილობდნენ ხელისშეწყობას, ჩემს შვილს ექიმებთან ევლო და დაორსულებულიყო. ვფიქრობდი, რომ ვერ იტანდნენ და ამიტომ მისგან არც შვილიშვილი უნდოდათ.

პანდემია როცა დასრულდა, შვილი და სიძე სახლში დაბრუნდნენ.

ღმერთმა ინება და ჩემი გოგონა დაორსულდა. ისევ ეჭვის თვალით ვუყურებდი მძახლებს, ვფიქრობდი, დიდად აღფრთოვანებულები არ იყვნენ, რადგან სამი შვილიშვილი ჰყავდათ ქალიშვილისგან. ჩემი შვილი მეუბნებოდა, რომ კარგად ექცეოდნენ ოჯახში, მაგრამ მის სიტყვებსაც ყურის იქით ვატარებდი.

სამშობიარო ტკივილები რომ დაეწყო, სამშობიაროში მივვარდი. ჩემი მძახლები უკვე იქ იყვნენ. ცოტა ხანში ექიმებმა შეგვატყობინეს, რომ უმძიმესი მშობიარე იყო. რაც კი გართულება შეიძლება მოჰყვეს მშობიარობას, ჩემს შვილს ყველაფერი დაემართა. მაშინ ვნახე მძახლების სასოწარკვეთილება და ჩემი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად წარმოუდგენელი ბრძოლა. დედამთილი მუხლებზე იდგა და ექიმებს ისე ეხვეწებოდა, გადამირჩინეთო. ისეთ დღეში იყო, დედა ეგონათ. მე გავქვავდი, ვერ ვაზროვნებდი, ლოცვის ძალაც კი არ მქონდა. ჩემი შვილის მამამთილი დარბოდა ექიმთან, მან მოიყვანა ადამიანები, რომ მისი რძლისთვის სისხლი გადაესხათ. ჩემი ანგელოზი გადამირჩინეთო – ამ სიტყვებით ევედრებოდნენ ყველას. ეს არ იყო თამაში, ეს იყო გულწრფელი ბრძოლა, გულწრფელი ემოციები.

ღმერთმა გადაგვარჩინა, ჩემი შვილიც გადარჩა და შვილიშვილიც. მძახლებთან მივედი, ხელები დავუკოცნე და ვუთხარი, მაპატიეთ, რაც გაწყენინეთ, თქვენ შვილი გადამირჩინეთ, ამიტომ ჩემი და და ძმა ხართ, ძალიან მიყვარხართ-მეთქი. რა უნდა მოხდეს, რომ ჩემს სიტყვებს ვუღალატო! მათ შვილი მაჩუქეს. მარტო ამას ვერ მოვერეოდი, ამდენ რამეს ვერ შევძლებდი. მათ გადამარჩინეს. თურმე რამხელა სიყვარულს მალავდნენ გულში, მე კი ამას ვერ ვხედავდი.

„სარკის“ ერთგული მკითხველი