„ქმარს ბარგი ჩავულაგე და ლიფტთან დავულაგე, რადგან მამაჩემის შეურაცხყოფა არ ვაპატიე”

„ქმარს ბარგი ჩავულაგე და ლიფტთან დავულაგე, რადგან მამაჩემის შეურაცხყოფა არ ვაპატიე"იცით, როგორი მშობლები მყავს? ერთი ადამიანი რომ ვერ იტყვის, ცუდი გამიკეთესო. ყველა, ვინც კი მათ იცნობს, მეუბნება, რომ საუკეთესო დედ-მამის შვილი ვარ. მათი ეს სიკეთე და სახელი ბავშვობიდან ყველგან დამყვება. მამაჩემი არის საოცრად ძლიერი ადამიანი, მაგრამ უზომოდ მშვიდი. ფინანსურად ყოველთვის მყარად იდგა ფეხზე, ყველას ხელს უწვდიდა და ეხმარებოდა, მაგრამ ეს ურთიერთობებზე არ აისახებოდა, არავის აყვედრიდა რამეს, არც ზედმეტ სიტყვას ეტყოდა, არც ზემოდან დაუწყებდა ყურებას. სიკეთეს ისე აკეთებდა, თითქოს ასე იყო საჭირო და ეს მისი მოვალეობა იყო.

დედაჩემიც მხარს უბამდა ყველაფერში. არასოდეს უთქვამს. ოჯახს აკლებ და სხვასთან მიგაქვსო. დედა იყო მამაჩემის სამეგობროს შეკრების სული და გული. სახლში ნამდვილ დღესასწაულებს აწყობდა მათთვის. სახელსა და გვარს რომ ვწერდე, ნახავდით, რამდენი ადამიანი გამოგეხმაურებოდათ რედაქციაში და რამდენი გეტყოდათ, რომ მართლაც საოცარი მშობლების შვილი ვარ, თუმცა ბევრი ისედაც მიხვდება, ამ წერილს ვინ წერს.

მე ამ ორმა ოქრო ადამიანმა ჩვილობის ასაკში მიშვილა. მე მქონდა საუკეთესო ბავშვობა. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, ბედნიერი ბავშვობა ჰქონდაო, ერთ-ერთი მე ვიყავი. უკვე დიდი გოგო ვიყავი, რომ მაინც მამაჩემის მკერდზე ვიძინებდი. ამბობს ხოლმე, მკერდზე მყავხარ გაზრდილიო და მართლაც ასეა.

ასევე მყავდა შესანიშნავი ბაბუა, რომელმაც მოზარდობის ასაკში ძალიან დიდი სიფრთხილით შემომაპარა, რომ ნაშვილები ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მშობლების თანხმობით მოხდა. მათი სურვილი იყო, ტყუილში არ გამეტარებინა მთელი ცხოვრება. თქვენ წარმოიდგინეთ, მშობლებმა ბიოლოგიური დედის ხატი შემიქმნეს. მითხრეს, არაფერში დაადანაშაულო, შეცდომა ყველას მოსდისო. მერე იმდენად დიდი ძალაც აღმოაჩნდათ, რომ დედა გამაცნეს. მასთან პრეტენზია არ მქონია, რადგან თავისი ისტორია ჰქონდა, რომელშიც ვერ გაამტყუნებდი, თანაც, უკვე გითხარით, ჩემმა მშობლებმაც შემამზადეს, რომ არაფერში დამედანაშაულებინა. ჩემი ბიოლოგიური დედა ცოცხალია, მის მეორე ოჯახსაც ვიცნობ, ერთმანეთის მიკითხვა-მოკითხვა დღესასწაულების დროს გვაქვს და მორჩა, ამით ამოიწურება ურთიერთობა. მეც მინდა მათთვის კარგი და ვიცი, რომ მათაც ჩემი სიკეთე სურთ. ჩემს გამზრდელ მშობლებს და ჩემს სანათესაოს, რომლებთან ერთადაც გავიზარდე, ამქვეყნად ვერავინ და ვერაფერი შემიცვლის.

მომავალი ქმარი რომ გავიცანი და შემიყვარდა, მაშინვე ვუთხარი, რომ ჩემი მშობლების სახლიდან ვერასოდეს წავიდოდი. ამიტომ ვინც ჩემ გვერდით იცხოვრებდა, ჩემი მშობლების სიყვარული და პატივისცემაც უნდა შეძლებოდა. ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვეოდა, ამიტომაც ვიქორწინეთ.

თავიდან ყველაფერი რიგზე იყო. ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად და ჩემს მშობლებს პატივისცემით ექცეოდა. ჩემი დედ-მამა სიძეს შვილივით უყურებდა. ბავშვი რომ გაგვიჩნდა, საერთოდ გადაირივნენ, სიხარულით მიწას აღარ აკარებდნენ ფეხს. მერე, არ ვიცი, რა დაემართა ჩემს ქმარს, საერთოდ შეიცვალა. ჩემი მშობლების მიმართ აგრესიას გამოხატავდა. იქამდეც კი მივიდა, რომ მეუბნებოდა, ჩვენს შვილს შენ მიხედე, დედაშენს ნუ უტოვებო. მე ვმუშაობდი, ბავშვს დედა მიზრდიდა და ამის გამო ქმარი სულ ჩხუბობდა, სამსახურს თავი დაანებეო.

ერთხელ მამას დაბადების დღე ჰქონდა. ჩემმა ქმარმა კი მე და ბავშვი სამი დღით ადრე თავის სოფელში წაგვიყვანა. მეგონა, დაბადების დღეზე ჩამოგვიყვანდა, მაგრამ ასე არ მოიქცა, იქ დაგვტოვა. წარმოიდგინეთ, ერთადერთი შვილი და შვილიშვილი რომ გყავს და შენს დაბადების დღეზე არ მოვლენ, რა დაგემართება. მამას ძალიან ეწყინა, მაგრამ სიძისთვის არაფერი უთქვამს.

მშობლები წყენას არ იმჩნევდნენ, სიძეს ყველაფერს უთმენდნენ და იმას უკეთებდნენ, რასაც მხოლოდ საკუთარი მშობელი თუ გაგიკეთებს. სამსახურიც უშოვეს, კარგი მანქანაც უყიდეს. სახლში თბილი კერა ხვდებოდა, გადასახადები მისი საზრუნავი არ იყო და საჭმელ-სასმელი. მამამ თავიდანვე უთხრა, არაფერს მოგთხოვ, არც რამეს მოგაკლებთ, ერთადერთი, რაც შენგან მინდა, ის არის, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იყოსო.

ჩემს მშობლებს მისთვის არასოდეს არაფერი დაუყვედრებიათ და, არ ვიცი, მათ მიმართ ასე აგრესიულად რატომ განეწყო. ისინი სიკეთის გამო შეიძულა, რადგან თავის კომპლექსებს ვერ მოერია. ბოლოს კი მამაჩემის შეურაცხყოფაზე გადავიდა. თავიდან ამას ისე აკეთებდა, მხოლოდ მე ვხვდებოდი, რადგან სიტუაციას ვანეიტრალებდი სახლში. ვთხოვდი, ვაფრთხილებდი, რომ ასე მოქცევა გულს მტკენდა და არ მოვითმენდი.

ერთ დღესაც ქმრის ნათესავები გვეწვივნენ და სუფრა გავშალეთ. ცოტა რომ დალიეს, ქმარმა მამაჩემის დამცირება დაიწყო. თავისი ჭკუით, ამით იმის ჩვენება სურდა, რომ, აი, მის სახლში კი ვცხოვრობ, მაგრამ აქაურობის ბატონ-პატრონი მე ვარ, ეს კაცი არაფერიაო. როგორც გითხარით, მამაჩემი მშვიდი ადამიანია, არაფერი უთქვამს, უბრალოდ, რაღაც მოიმიზეზა და მეზობელთან გავიდა.

ქმარმა ისევ გააგრძელა მამაჩემის დამცირება. ამან მისი ნათესავებიც კი გამოიყვანა წყობიდან, პირდაპირ უთხრეს, ქერის ორმოში ხარ, ძმაო, შეიშნოვეო. იმის ნაცვლად, რომ გონზე მოსულიყო, გინებაზე გადავიდა, მამაჩემზე ათასი შეურაცხმყოფელი რაღაც თქვა.

მე არავისთვის არაფერი მითქვამს, ქმარს არ ავყევი, რადგან სტუმრებსაც პატივი ვეცი და დედაჩემსაც. დედა და მე ცალკე ოთახში გავედით. ნათესავები მალევე წავიდნენ და ჩემი ქმარიც თან გაჰყვა.

დედას ვუთხარი, არაფერი მკითხო ახლა და არც არაფერი დამიშალო-მეთქი. ქმრის ნივთები გადმოვალაგე და ჩანთებში ჩავაწყვე. თუკი რამე ებადა (სხვათა შორის, ყველაფერი ჩვენი ნაყიდი იყო, წინდებიც კი), უკლებლივ ჩავულაგე და კართან დავულაგე.

სახლში გვიან ღამით დაბრუნდა. ზარის რეკვა დაიწყო, რადგან გასაღები არ ჰქონდა წაღებული. მე ტელეფონზე დავურეკე და ვუთხარი, შენი ნივთები დევს მანდ, მანქანას არ წაგართმევთ, შენი იყოს, ეს ყველაფერი ჩაალაგე საბარგულში და აქედან მოუსვი-მეთქი. ყვირილი, გინება დაიწყო. მის ნათესავებს და პატრულს დავურეკე ისე, რომ მისთვის შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს. ნათესავები რომ მოვიდნენ, პირდაპირ უთხრეს, შენი ბრალია ყველაფერი, კიდევ დიდხანს გითმინა, ახლა რაც შეგრჩა, ის მაინც შეირგე და შენს გზაზე წადიო.

მამამ ძალიან ინერვიულა. მითხრა, ნუ დაანგრევ ოჯახს, ცალკე ბინას გიყიდი, შენი ქმარი ჩვენ თუ ვერ გვეგუებაო, მაგრამ უარი ვუთხარი. ვისაც ჩემი მშობლები არ უნდა, ის არც მე მჭირდება! ჩემთვის პირველ ადგილზე შვილი და მშობლები არიან. მათ ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს ან ერთხელ მაინც აატირებს, ჩემ გვერდით არ იქნება! ბევრჯერ სცადა შერიგება, მაგრამ ეს შეუძლებელია. შვილს ვერ დავუშლი მამასთან ურთიერთობას. მიჰყავს და მასთან რჩება კიდეც ბავშვი. იმედია, შვილსაც არ ატკენს გულს და კარგ მამობას გაუწევს. ჩემთან კი ყველაფერი დასრულებულია.

„სარკის“ მკითხველი