„სარკე“, რუსუდან ადვაძე
პოპულარულმა დიზაინერმა ნანუკა ჩხეიძემ ბავშვებისთვის მუსიკალურ-ანიმაციური პროგრამა შექმნა. მისი მიზანია, ბავშვებს სიყვარული დავანახოთ და ისეთი ნახატები თუ მულტფილმები შევთავაზოთ, რომლებიც მათში დადებით ემოციებს გააღვიძებს, მეგობრობას, სიყვარულს, სიკეთეს და რომლებშიც ძალადობას ადგილი არ ექნება.
დიზაინერი წერს ლექსებსაც, ქმნის საბავშვო ნივთებს, აქსესუარებს და სხვა დიდი გეგმებიც აქვს – უნდა, საკუთარი დიზაინით ავეჯიც შექმნას, თუმცა თავის გარშემო მრავლად ხედავს ჩასაფრებულ თვალსაც, რომლებმაც შეიძლება მისი იდეები მიითვისონ. ამიტომაც ყველაფრის ბოლომდე გამჟღავნებას ჯერჯერობით ერიდება. ეტაპზე, რომელიც მის ხელოვნებაში ამჟამად დგას, ნანუკა ჩხეიძე “სარკესთან” ყვება.
ნანუკა ჩხეიძე: მინდა, ბავშვების ხედვა და გემოვნება შევცვალო მხატვრული მიმართულებით თუნდაც ლექსებსა და ნახატებში, რადგან ბავშვობიდან ყალიბდება ადამიანის ფსიქიკა და აუცილებელია, ის იყოს სიკეთესა და სიყვარულზე, სწორ აზროვნებაზე დამოკიდებული.
– რას გულისხმობთ ბავშვების აზროვნების შეცვლაში და როგორ წარმოგიდგენიათ?
– დღეს ძალიან რთულ, აგრესიულ, თუმცა საინტერესო დროში უწევთ ბავშვებს ცხოვრება. აგრესია, რაც ირგვლივ ტრიალებს, აუცილებლად აისახება მათ შინაგან სამყაროზე. ბავშვების ჩამოყალიბების პროცესში დიდ როლს ასრულებს არა მარტო სკოლა და ოჯახი, არამედ გარემო. რატომღაც შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბავშვებზე ნაკლებად ფიქრობენ დიდები ანუ ჩვენ. მათ ხომ ყველაზე ბედნიერად უნდა იგრძნონ თავი და ამ დროს მე ვხედავ დისკრიმინაციას სიმდიდრის და სიღარიბის მიხედვით, რაც ძალიან დამთრგუნველია.
ბავშვები მიჯაჭვული არიან ციფრულ სამყაროზე, უსულო საგნებზე, უაზრო თამაშებზე, რაშიც ირიბად არის ჩადებული ბოროტება. სულ ომი, სულ ჩხუბი, აგრესია… მაგალითად, რატომ უნდა თამაშობდეს 6 წლის ბავშვი ისეთ თამაშს, სადაც ტყიდან გამოსულ ირემს კლავს ისრით და ეს სისხლი მთელ ეკრანზე იშლება?! რატომ უნდა გაუჩნდეს ბავშვს ამის სურვილი?! პირიქით, უნდა ისწავლებოდეს ბუნების სიყვარული, ცხოველების სიყვარული, მათი მოფრთხილება, მათთან მეგობრობა… მე ასე ვფიქრობ და მგონია, რომ ეს უნდა შევცვალოთ.
ბავშვებს ისეთი ნახატები და მულტფილმები უნდა გავუკეთოთ, რომლებიც იქნება მაგალითი მეგობრობის, სიყვარულის, სიკეთის.
კიდევ ერთი საკითხი, რაც მაწუხებს, ეს არის გაურკვეველი ფორმებისა და სახელების ნახატებით ბავშვების ანიმაციები. რაც ამ თემას შევეხე, აღმოვაჩინე სრულიად უემოციო, უინტელექტო საბავშვო ლექსები. არც კი ვიცი, რა ვუწოდო და ეს ლექსები არის სასკოლო სახელმძღვანელოებში. და მერე უკვირთ განათლების დაბალი დონე ახალგაზრდებში.
დიდი ხანია, მინდა, რაღაც ისეთი შევქმნა, რომ ბავშვებისთვის სახალისო, სასიამოვნო, მარტივად აღსაქმელი და ლამაზიც იყოს – ანიმაციები, ნახატები, ლექსები… ეს ყველაფერი ჩემი დიდი ხნის ჩანაფიქრია, რადგან ვხედავ, ბავშვების უმეტესობა ხატვითაც კი ტრაფარეტებით ხატავს. ეს იწვევს შემოქმედებითი უნარების დაქვეითებას, ამიტომ გადავწყვიტე, მათთვის შევქმნა მუსიკალურ-ანიმაციური პროგრამა.
ანიმაციებს მე თავად ვაკეთებ. შევაგროვე საუკეთესო აზრიანი ლექსები და ახლა მაქვს მოლაპარაკებები მასწავლებლებთან, სასკოლო წრეების წარმომადგენლებთან, თუ როგორ მივიტანო ეს ყველაფერი ბავშვებამდე. ვატარებ გამოკითხვებს, რომ გავიგო მათი აზრი, დამოკიდებულება, თუ რა უფრო აინტერესებთ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, რა უფრო მოეწონებათ, რაც საბოლოოდ მოგვცემს იმას, რომ კარგი პროდუქტი შეიქმნას და სწორად მივიდეს ადრესატამდე. ჯერ უნდა გამოიკვეთოს, რა არის უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი.
ეს ყველაფერი სკოლებთან თანამშრომლობით, ბავშვების ჩართულობით უნდა მოხდეს. პატარებთან ერთად უნდა ვხატოთ, ვიკითხოთ ლექსები და ა.შ. ვქმნი მოკლე ანიმაციებს ზღაპრებზე, რომლებიც ახლა უკვე იწერება და მალე წიგნად გამოიცემა. ამ წიგნში ჩემი ნახატები იქნება და მეგობრების ლექსებიც.
– თქვენი ლექსებიც შევა ამ წიგნში?
– დიახ, ჩემიც იქნება და რამდენიმე მეგობრის. მაგალითად, ჟურნალისტ თეონა გოგნიაშვილის საბავშვო ლექსები და გამოცანები. არ მინდა ყველა დეტალზე საუბარი, რადგან პლაგიატები მრავლად არიან ქვეყანაში, რომლებიც ყველაფერს გპარავენ.
– ამ პრობლემას შეეჯახეთ?
– პლაგიატობა გლობალური თემაა. მეც არაერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა, რადგან სრულიად დაუცველი ხარ დღეს ციფრული სივრცის გამო. შეუძლიათ, აიტაცონ შენი იდეა, თავიანთი დაარქვან, თავი მოიწონონ და საკმაოდ სოლიდური შემოსავალიც მიიღონ. არადა იმ შემოსავალს, რომელსაც მე იმავე იდეით მივიღებდი, ქველმოქმედებაში ჩავდებდი, ისინი კი სათავისოდ იყენებენ.
ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და სათაყვანებელი ჩემი ქვეყანაა. ყველაფერი ქართული უზომოდ მიყვარს და მუდამ ვცდილობ, ჩემს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავოს ამ თემას.
ბევრი წლის წინ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვმუშაობდი “ვეფხისტყაოსანზე”. მინდოდა, ისეთი მასალით და ლამაზი ანბანით შემექმნა ეს ხელნაწერი, რაც ჯერ არ გაკეთებულა. ასევე ვმუშაობდი ანბანზე. ეს იდეა თითქმის მთელმა საქართველომ აიტაცა და ახლა ყველა ანბანს ახატავს ფეხსაცმელზეც კი, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია. ეს ისეთი საკრალური თემაა, თუ სულით და ხორცით არ გრძნობ, მხოლოდ მოხატო და მერე ეს ბიზნესად აქციო, ძალიან არასწორი საქციელი მგონია.
ვთვლი, რომ ყველგან ჩემი ქვეყნის ელჩი ვარ. არაერთ ქვეყანაში ჩუქნიან გავლენიან პირებს ჩემს შექმნილ ნამუშევრებს და მეც, ჩემი მხრიდან, ვუგზავნი ქართულ ანბანს ჩემეული ხელწერით, მაგალითად, ქვევრს და სხვა სუვენირებს, ქართულ მოტივებზე შექმნილს. მინდა, ყველამ იცოდეს, როგორი დიდი კულტურის და ისტორიის ქვეყანა ვართ. ანბანის რამდენიმე ვარიანტი გავაკეთე და გავაგზავნე ევროპაში ისე, რომ აქ არავისთვის მიჩვენებია.
– “ვეფხისტყაოსანზე” აღარ მუშაობთ, გადაიფიქრეთ?
– არ გადამიფიქრებია. დაწყებული მაქვს და აუცილებლად გავაკეთებ, თუმცა მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან ყველა ჩასაფრებულია. ერთი სიტყვაც კი უკვე იდეაა, რომელიც შეიძლება მოგპარონ. ეს არის ჩემი დიდი ხნის ჩანაფიქრი და მას ავასრულებ.
– რა არის თქვენი ნამუშევრების ინსპირაციის წყარო?
– ჩემი ინსპირაციის წყაროა ირგვლივ ყველაფერი, მაგალითად, ჭრელი ფოთოლი. ბუნებაში უამრავი ფერი როგორ გემოვნებით ეხამება ერთმანეთს, გრადაცია ყვავილებში… რაღაც კადრი, რომელსაც შეიძლება მოვკრა თვალი. ქუჩაში ადამიანების ჩაცმულობას ვაკვირდები ხშირად.
უამრავი მასალა მაქვს, რომლებსაც წლებია, ვაგროვებ. შეიძლება წლები გავიდეს და ზოგ რამეს არც შევეხო. მერე კი უცებ შევხედო და მომინდეს რაღაც ახლის შექმნა. მასალად ვიყენებ ტყავს, ხეს, ლითონს, ქვებს… ხელოვნების და მასზე ფიქრის გარეშე ერთი დღეც კი არ არის ჩემს ცხოვრებაში. ბევრ რამეს ვსწავლობ, ვვითარდები, სიახლეებს ვეძებ და ვცდილობ, ვიყო მუდამ საინტერესო და არა მომაბეზრებელი ერთფეროვნებით.
– როგორც ვიცი, ბევრს მოგზაურობთ. რას გაძლევთ მოგზაურობა, რამდენად აღვიძებს ადამიანში შემოქმედს და იძლევა ინსპირაციას?
– მოგზაურობა ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო რამაა ამ ცხოვრებაში. პირველ რიგში, საქართველო უნდა მოიაროს ქართველმა და ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, რომ შეიგრძნოს მისი დიდებული ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია. საოცარი ხუროთმოძღვრება, საოცარი სილამაზის ბუნება გვაქვს.
სხვა ქვეყნებში მოგზაურობა არის ახალი აღმოჩენების, ახალი ხედვის, ახალი კულტურის თუ ბუნების საოცრებასთან შეხების საშუალება. ეს კიდევ უფრო გაახლოებს და გაყვარებს დედამიწას, სადაც სხვადასხვა ეროვნების თუ კულტურის ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ ამ ადამიანებს ყველას ერთი საერთო გვაქვს – ჩვენ დედამიწელები ვართ.
ყველგან ერთნაირად უყვართ, უხარიათ, სწყინთ. უბრალოდ, ზოგან ძალიან დიდი ზღვარია სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის, რამაც დამთრგუნა. ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი ფერები, არქიტექტურა, სამზარეულო, ხასიათი თუ ჩაცმულობა აქვს. ამ ყველაფერს როცა ხედავ, იმახსოვრებს გონება. მეხსიერებაში ჩარჩენილი კი, არ იცი, როდის ამოტივტივდება და როდის გამოანათებს შენს ნამუშევრებში.
– ალბათ ძალიან მდიდარი და ფერადოვანი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით პორტუგალიიდან სადაც ახლახან იყავით.
– პორტუგალია ძალიან ფერადი ქვეყანაა თავისი ულამაზესი ხედებით, ძველი ტრამვაით, რომელიც ლისაბონის სავიზიტო ბარათია და ფერადი, ხალისიანი ხალხით. პირველი შთაბეჭდილება ტაქსის მძღოლებმა მოახდინეს ჩემზე. ძალიან კეთილგანწყობილნი არიან თავიანთი ქვეყნის მიმართ და სიამაყით გიყვებიან. ერთმა რომანტიკულად ახსნა, ესაა ჩამავალ მზის სხივებში ფერადად მოელვარე ქალაქიო. სულ მემახსოვრება, როგორი აღფრთოვანებით ყვებოდნენ თავიანთ ქვეყანაზე.
ლისაბონისგან განსხვავებით, მეტი სიძველეებია ქალაქ პორტოში. ეს მდინარის ორივე მხარეს გაშენებული ძველი ქალაქია. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ყოველი ხიდის გადავლისას ახალ ქალაქს აღმოაჩენ. იქ ცოტა უფრო მოწყენილი მეჩვენა მოსახლეობა. არ არის ცხოვრების მაღალი დონე. მომსახურე პერსონალიც უფრო ასაკოვანი ხალხია. როგორც თქვეს, გადინებულია ახალგაზრდობა და ეს მსგავსებაა ჩვენს ქვეყანასთან. იქაც არის ორი უკიდურესობა – სიმდიდრე და სიღარიბე. ქალაქები განსხვავებული არქიტექტურით გამოირჩევა. ფერადი ფილებით არის დამშვენებული ფასადები, რაც ოსმალეთის იმპერიის გავლენაა. ვიწრო ქუჩებიც მათი დანატოვარია და უკვე, როგორც ისტორიის ნაწილი, ფრიად მიმზიდველია ტურისტებისთვის. ოსმალების მრავალწლიანი ბატონობის გავლენა ეტყობა ქვეყნის არქიტექტურასაც.
უცნაური იყო, ერთ-ერთი ხედის დათვალიერებისას ქართველის ხმა რომ მოგვესმა – ქართველები ხართო. ისე გაგვიხარდა… ამ ბიჭმა აგვიყვანა ტაძარში, სადაც ქეთევან წამებულის ფრესკაა. ეს არის განსაკუთრებული ფრესკა და იქ ყველა ძალიან დიდ პატივს სცემს ჩვენს ქეთევან დედოფალს.
ეს არის ლისაბონის გრასას მონასტერი, სადაც ქეთევან დედოფლის ირანში ჩასვლა-წამება და შემდეგ ავგუსტინელი ბერების მიერ წმინდა ნაწილების მეფე თეიმურაზისთვის გადაცემის სცენებია ასახული. ფრესკა შესრულებულია ლურჯი მოჭიქული ფილებით. ამაღელვებელი იყო ამ ყველაფრის ნახვა სამშობლოდან ასე შორს და ძალიან დასაფასებელია, რომ იქაურები დიდი პატივით მოიხსენიებენ ჩვენს საამაყო წმინდანს, ქეთევან დედოფალს!
– როგორია ამ ეტაპზე თქვენი პირადი ცხოვრება, როგორც გეგმავთ, ისე ეწყობა თუ ვერა და რა არის ხელისშემშლელი თუ ხელშემწყობი?
– ცხოვრების არსი არის მიზნები და ოცნებები, რომელთა ახდენამდე მიდიხარ ნაბიჯ-ნაბიჯ დიდი შრომის, თავგანწირვის ფასად და თან ისე, რომ სხვას ზიანი არ მიაყენო. ამ გზაზე ან მარტო ხარ, ან მეგზური მოგყვება. ბევრი რამის დათმობა გიწევს, ბევრ რამეზე უარის თქმა. ისე გამოვიდა, რომ მე მთელი არსით მიბმული ვარ ხელოვნებაზე და სხვა პირადი ინტერესები გვერდზე გადავდე. ალბათ არც შემხვედრია ისეთი ადამიანი, ვინც ამ გზაზე დამემგზავრება, გვერდით დამიდგება და ჩემი მიზნების, ოცნებების ასრულებაში თუ არ დამეხმარება, ხელს მაინც არ შემიშლის.
ჩემი დაკვირვებით, მამაკაცები ეგოისტები არიან. თვლიან, რომ ქალზე მეტად ჭკვიანები არიან, მეტი წარმატების შანსი აქვთ და სულ წინა პლანზე უნდა იყვნენ. რთულია, დღეს იპოვო შენიანი, რომელიც ზუსტად დაინახავს შენს სულს და ერთად გაივლით ცხოვრების რთულ, მაგრამ საინტერესო გზას.
აქვე დავძენ, რომ გემოვნებიანი მამაკაცების დეფიციტია საქართველოში. აღარ არის ის ელეგანტურობა, ის დახვეწილობა, რასაც ადრე ვამჩნევდი. რაც თვალში მომხვდა მოდის დედაქალაქ მილანში, ეს იყო მამაკაცების ჩაცმულობა. გემოვნებიანმა სამოსმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რასაც ჩემთვის პირადად დიდი მნიშვნელობა აქვს.
– როგორ ჩაცმულ მამაკაცს უწოდებდით გემოვნებიანს?
– მამაკაცის გემოვნება, პირველ რიგში, გამოიხატება იმით, როგორ უხამებს ფერებს, სტილს… აუცილებლად გასათვალისწინებელია ეტიკეტი, სად და როგორ იცვამს. მე რაც დავაფიქსირე იტალიაში, ის იყო, რომ ყველა ელეგანტურად გამოიყურებოდა როგორც საქმიანი იმიჯით, ასევე უბრალო სპორტული სტილითაც. გემოვნება ასევე მოიაზრებს მუსიკას – რა მუსიკას უსმენს, უყვარს თუ არა ხელოვნება…