„სარკე“, სალომე მთვრალაშვილი
დაურ ბუავა 28 წლის ახალგაზრდა აფხაზი კაცია, რომელიც აფხაზებისა და ქართველების შერიგებასა და მშვიდობიან, ერთ ოჯახად ცხოვრებაზე საუბრობს. მისი პოზიცია სახალხო დიპლომატიაა. 2 წლის წინ თბილისში ჩამოვიდა და ნახა, რომ აქ მტრები არ ცხოვრობენ. ამ თემაზე ბევრი ვიდეო ჩაწერა, რასაც მის მიმართ აფხაზი პოლიტიკოსებისგან უდიდესი აგრესია მოჰყვა, დაური მტრად შერაცხეს. სამაგიეროდ, დიდი სიყვარული რიგით მოქალაქეებში, აფხაზებსა და ქართველებში მოიპოვა.
ჩვენი ინტერვიუს დროს დაურთან რამდენიმე ქართველი მამაკაცი მოვიდა, ნომერი ჩააწერინეს და ნებისმიერ დროს დახმარებას შეჰპირდნენ. დაურს სჯერა, რომ შერიგების პროცესი უკვე დაწყებულია.
– დაურ, დიდი ხანია, თქვენი ვიდეოები ყველა სოციალურ ქსელში პოპულარულია. მოგვიყევით, რამ გადაგაწყვეტინათ ქართულ რეალობაზე ვიდეოების გადაღება.
– ჩემი მიზანი პოპულარობა ნამდვილად არ ყოფილა. უბრალოდ, ტელეფონი ავიღე და ვიდეოების ჩაწერა დავიწყე აფხაზებისა და ქართველების ძმობაზე და იმ თბილ გარემოზე, რაც ქართველებმა დამანახეს. ამას დიდი აგრესია მოჰყვა. აფხაზეთში მტრად გამომაცხადეს. საკუთარ თავზე გამოვცადე პროპაგანდისტული მანქანა. მივხვდი, რომ დაწყებული საქმე უნდა გამეგრძელებინა.
– ვირტუალურ სამყაროს თავისი მახასიათებლები აქვს. რა არის თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო და არასასიამოვნო ნაწილი?
– ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ ვგრძნობ, როგორ მიჭერენ მხარს სოხუმში, თბილისში, ბათუმში, ვგრძნობ მათ გვერდით დგომას. ყველაზე უსიამოვნოა, როცა მწერენ, რომ არასწორად ვცხოვრობ და ცუდ საქმეს ვაკეთებ.
– როდის დაიწყო აფხაზი ლიდერების მხრიდან თქვენ მიმართ აგრესია? როგორც ვიცი, ეს ყველაფერი უკავშირდება თქვენ მიერ თბილისში წარმოთქმულ ფრაზას – “აქ მტრები არ არიან”.
– აქ რომ ჩამოვედი, ადამიანები გავიცანი, ქუჩებში დავდიოდი, ბევრ რამეს ვაკვირდებოდი და ვთქვი, აქ მტრებს ვერ ვხედავ-მეთქი. ქართველებისგან საცარი სითბო მოდიოდა. აფხაზეთის ამჟამინდელი პოლიტიკოსები კი სულ სხვაგავრად გვიხატავდნენ სიტუაციას. ჩემი სიტყვების გამო ხალხის მტრად გამომაცხადეს, აფხაზების გამყიდველი მიწოდეს. ნარკომოვაჭრედაც კი შემრაცხეს. აქ, თბილისში, ხაშურში, ბათუმში ჩემი თვალით ვნახე, რომ ხელს არავინ გიშლის, არავინ გაწუხებს, პირიქით, თუ გაიგეს, რომ აფხააზი ხარ, ყველანაირად ცდილობენ, გვერდში დაგიდგნენ. საუბრობენ აფხაზების და ქართველების ძმობაზე.
პრობლემა ის არის, რომ აფხაზეთში ძალიან ძლიერი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს. ეს კარგად გათვლილი და მძლავრი მექანიზმია, რომელიც ახალგაზრდებზე მოქმედებს. მეც, სანამ აქ ჩამოვიდოდი, მეგონა, რომ თქვენ ჩემი მტრები იყავით. ჩემთვის ვფიქრობდი: “ჯანდაბა! რომ ჩავალ, იქნებ საერთოდ მომკლან”. ბევრია ჩემი თაობიდან ისეთი, ვინც ჩამოვიდა, გაიგო, რომ აქ მტრები კი არა, ერთმანეთის მოძმეები ვართ, მაგრამ ამას სოხუმში ხმამაღლა ვერ იტყვი იმიტომ, რომ სახლში მოგაკითხავენ. მე საერთოდ სახლში ჩასვლის შესაძლებლობაც აღარ მაქვს.
აი, ასე გვყოფენ ერთმანეთისგან, როცა ჩვენი გაერთიანებით უძლიერესი ძალა შეიძლება შეიქმნას. ზოგადად, კავკასია ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი ძალითა და შესაძლებლობებით. რომ გადავხედოთ ისტორიას, კავკასიაში ორი დამოუკიდებელი მოთამაშეა – საქართველო და რუსეთი. რუსეთი გასაგებია, მას აქვს ადამიანური რესურსი, იარაღი, შემოსავალი, საქართველო კი დიპლომატიითა და ერთიანობით გადარჩა.
– ხომ არ განიხილავთ, რომ ერთ დღეს პოლიტიკოსი გახდეთ?
– ამაზე არასოდეს მიფიქრია. პოლიტიკა, რომელიც დღეს აფხაზეთშია, ბიზნესია და არა ადმინისტრაცია. ღიად რომ ვთქვათ, ისინი არ ზრუნავენ ხალხზე, მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ისინი მხოლოდ ფულის გამომუშავებაზე ფიქრობენ.
ჩემს თავს ვხედავ ჩვეულებრივ ადამიანებში და მათ გარემოცვაში. მაგალითად, მიყვარს მეტროთი სიარული, რადგან იქ შეიძლება ადამიანებს გამოელაპარაკო, გაიცნო, დაუახლოვდე. პოლიტიკას რაც შეეხება, ყველაფერი სხვაგვარადაა. იქ ბევრი ისეთი საქმე ტრიალებს, რომელიც არ არის გულიდან წამოსული და მხოლოდ ვიწრო ინტერესებს უკავშირდება.
მოკლედ, ამას ნამდვილად არ ვგეგმავ და ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში იმდენად მოულოდნელად და თავისით მოხდა, რომ ამაზე ფიქრსაც კი ვერ მოვასწრებდი. თანაც ახლა სხვა საფიქრალი უფრო მაქვს, მაგალითად, აქტიურად ვცდილობ, დავხვეწო ქართულად საუბარი. სახელმწიფო ენაა, ყველას უნდა შეგვეძლოს ამ ენაზე ლაპარაკი.
– როგორ ფიქრობთ, საქართველოს საჯარო სკოლებში უნდა ისწავლებოდეს აფხაზური ენა?
– სხვათა შორის, ასეთი პროექტები უკვე არსებობს გარკვეულ რეგიონებში, მაგალითად, ბათუმში არის სკოლა “ფერი”, სადაც აფხაზური ისწავლება, ახალციხეშიც არის ანალოგიური დაწესებულება. ეს ტენდენცია უკვე დაწყებულია.
დღეს აფხაზურ ენას საფრთხე ემუქრება. ახალგაზრდა თაობის ნაწილი აფხაზურად აღარ ლაპარაკობს, საუბრონენ მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები. მაგალითად, ჩემი ბებია, რომელიც 90 წლის არის, სამ ენაზე ლაპარაკობს – მეგრულად, ქართულად, აფხაზურად. დღეს აფხაზეთში ყველაფრის წარმოება რუსულად ხდება. კონსტიტუციაც კი რუსულად დაწერეს. ვაჭრობაც რუსულად მიმდინარეობს, წარწერების გაკეთება, რეკლამები…
აფხაზურს სკოლაში მხოლოდ მეოთხე კლასამდე ასწავლიან, მერე მოდის რუსული და რუსულად სწავლება ყველაფრის. მშობლებმა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მათ არ შეუძლიათ, ბავშვებს აფხაზურად ასწავლონ. წიგნებიც კი რუსულადაა.
– რამდენი ხნის წინ დაიწყეს აფხაზური ენის ასე შევიწროება?
– ვფიქრობ, კონფლიქტის შემდეგ. იცით, რა მომწონს თბილისში? ყველაფერი ქართულადაა. მაღაზიის სახელები მხოლოდ ინგლისურად კი არ წერია, არამედ ქართულადაც. ასეთ რამეს სხვა ქვეყანაში ვეღარ შეხვდებით, მხოლოდ საქართველოშია. თბილისში ინგლისურის გვერდზე ქართულადაც აქვს შესატყვისი მიწერილი. ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა საკუთარი ენის მიმართ.
– თქვენი აზრით, რა კონკრეტული ნაბიჯები გააუმჯობესებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს და აღადგენს ჩატეხილ ხიდს?
– ჩემი აზრით, დღეს ქართული მხარე საკმაოდ ბევრ ნაბიჯს დგამს ამ მიმართულებით. მაგალითად, აფხაზ ბავშვებს შეუძლიათ უნივერსიტეტებში განათლება უფასოდ მიიღონ. არსებობს ჯანდაცვის დაფინანსებული პროგრამები. ეს უკვე ის ნაბიჯებია, რომლებსაც ხალხი აუცილებლად დაინახავს.
ავიღოთ ელექტროენერგია. როგორც ვიცი, ელექტროენერგიის და-ახლოებით 40% აფხაზეთს უფასოდ მიეწოდება. სად მიდის ეს თანხები? აფხაზ ხალხს ხმარდება? არა, ჩინოსნების ჯიბეში მიდის. ხალხი კი გადასახადს იხდის ყოველთვე. ქართველებს დახმარების ხელი აქვთ გამოწვდილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს რეპრესიული მანქანა, რომელიც ამ პროცესებს აფერხებს მოსკოვის გავლენით.
პირდაპირ ვამბობ ამას: აფხაზეთის დღევანდელი მმართველი აპარატი სათამაშოს ფუნქციას ასრულებს. მათ არ გააჩნიათ საკუთარი აზრი, საკუთარი სიტყვა, არ აქვთ საკუთარი პოლიტიკური შეხედულება. მათ მხოლოდ ფული და რბილი სავარძლები მისცეს. პუტინი იღებს გადაწყვეტილებებს. აფხაზეთიდან რომ ჩამოდიან, აქ სულ სხვა სურათი ხვდებათ, ვგულისხმობ ურთიერთობებს. მეც მჯეროდა, რომ აქ ტანკებზე ისხედით და ელოდებოდით შესაძლებლობას, როდის შემოხვიდოდით ჩვენ გასანადგურებლად. შემდეგ ჩამოდის აფხაზი ახალგაზრდა და სულ სხვა რამ ხვდება, სულ სხვა ურთიერთობას ამყარებს ქართველებთან. რომ ჩამოდიან, გრძნობენ საერთო ფესვებს.
– რა ინფორმაცია გაქვთ, ბევრი აფხაზი ახალგაზრდა სწავლობს ქართულ უნივერსიტეტებში?
– ძალიან ბევრი. პრობლემა ის არის, რომ ამას იქ ხმამაღლა ვერავინ იტყვის. ქართველი ხალხის მიმართ სითბოს ხმამაღლა ვერავინ გამოხატავს. პოლიტიკოსებს ხალხი შეშინებული ჰყავთ. აფხაზეთში არ არის ისეთი თავისუფლება, როგორიც თბილისშია.
– როგორი მდგომარეობაა აფხაზეთში ეკონომიკის თვალსაზრისით?
– საკმაოდ მძიმე. არც განათლების თვალსაზრისითაა ძალიან კარგი მდგომარეობა. ყველა “კაი ტიპი” იურისტია. საკუთარი პროფესიით ძალიან მცირე პროცენტი მუშაობს. ისწავლე ძალიან კარგად, მაინც არავის სჭირდები, თუ მამაშენი გავლენიანი პირი არ არის.
ჩემს პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ. სასწავლებელი რომ დავამთავრე, არმიაში მინდოდა წასვლა, უფრო კონკრეტულად, სპეცდანიშნულების რაზმში მსურდა მოხვედრა. სპორტსმენი ვიყავი და კარგი ფიზიკური მონაცემები მქონდა. 7-8 წელი კარატისტი ვიყავი. ნორმატივები კარგად ჩავაბარე. ზარს ველოდებოდი, მაგრამ არავის დაურეკავს. მხოლოდ თვეების შემდეგ პლაჟზე შემთხვევით შეხვედრილი თანაგუნდელისგან შევიტყვე, რომ ჩემ მაგივრად პატრულის თანამშრომლის შვილი აუყვანიათ სამსახურში.
მარტივად არ დავნებდი, პრემიერმინისტრთან შეხვედრაც კი მოვახერხე. ძალიან მინდოდა ამ საქმის გაკეთება. შევედი მის კაბინეტში, დავულაგე საბუთები – შეხედეთ, ყველაფერი ნორმაშია, გამოცდები ჩავაბარე, ჯანმრთელი ვარ, ყველაფერი წესრიგშია-მეთქი. შემომხედა და მითხრა, არაფრის გაკეთება არ შემიძლიაო. ასე წარმოებს საქმეები აფხაზეთში. რუსეთშიც ასეა. შეგიძლია, მართვის მოწმობა იყიდო. აქ რომ მიხვიდე სააგენტოში და უთხრა, აი, 1000 ლარი და დამიმზადე მართვის მოწმობაო, შეიძლება 1000 წელი ციხეში გამოგკეტონ.
საქმე ის არის, რომ დღეს აფხაზეთის ხელისუფლებას ჭკვიანი და უნარიანი ადამიანები არ სჭირდება. ხალხი გაჭირვების იქით ვერაფერს ხედავს. აფხაზები ბევრი არ ვართ, სიკვდილიანობა კი მაღალია. ახალდაბადებული ბავშვების 8% იღუპება, 1000 ახალშობილიდან 80 ბავშვი იღუპება, რადგან ორსულებისთვის არ არის სათანადო კვებისა და ცხოვრების შესაძლებლობა. მოდებულია ნარკომანია. ავტოავარიაში კვირაში საშუალოდ სამი ადამიანი იღუპება. ამ ყველაფერზე გული მეწვება.
არ ვამბობ, რომ აქ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ წარმოიდგინეთ, აქ მოსახლეობა 4 მილიონამდეა, იქ 250 000 მცხოვრებია და მათგან მხოლოდ 70 000-ია აფხაზი, დანარჩენები რუსები, სომხები და ცოტა ბერძნები არიან.
– ბევრი ვიდეო ჩაწერეთ თქვენ და თქვენმა მეუღლემ სომეხ გოგონაზე, რომელიც ქართულ მუსიკაზე ცეკვის გამო დასაჯეს. გვიამბეთ ამ შემთხვევაზე.
– დიახ. ეს იყო ეროვნებით სომეხი გოგონა, რომელმაც რესტორანში ქართულ მუსიკაზე იცეკვა. ჯერ მას მიაკითხეს, შემდეგ მის ოჯახს. გოგონასაც და მის მამასაც ბოდიშის ვიდეო ჩააწერინეს და გამოაქვეყნებინეს. როცა პოლიტიკოსის შვილმა იცეკვა, მაშინ კი ბოდიში არავის მოუხდია. ამას ვგულისხმობ ხალხის დაშინებაში. ისინი სუსტ წევრებს ირჩევენ, ვისაც არავინ გამოექომაგება.
აფხაზეთში საუბრობენ დამოუკიდებლობაზე, მაგრამ რა დამოუკიდებლობა, როცა არ არსებობს არავითარი დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, არ არსებობს დამოუკიდებელი ვალუტა, საკუთარი კანონი! რუსეთმა რომ ჩაყლაპოს აფხაზეთი, ხალხიც რომ ნელ-ნელა დაიღუპოს, შეიძლება დანარჩენმა სამყარომ ამის შესახებ ვერც გაიგოს.
რუსეთის ხელისუფლება მილიონებს რიცხავს აფხაზეთში, სანაცვლოდ კი ვერაფერს იღებს. რუსები სულელები ხომ არ არიან, გაწეული ხარჯის სანაცვლოდ რომ ვერაფერი მიიღონ? მერე იწყება საუბარი – 180 ჰექტარი მიწა მოგვეცით ბიჭვინთაში, 20 ჰექტარი – გაგრაში და ა.შ. მოკლედ, აფხაზეთის ხელისუფლება იღებს სესხს, მაგრამ ვალს არ აბრუნებს და უწევთ, მილიარდები მიწებით გაისტუმრონ. ჯერ მარტო რკინიგზისთვის 2 მილიარდი რუბლი გამოყო რუსეთმა. ცოტა რაღაც გააკეთეს, მაგრამ ვერაფერი მიიყვანეს ბოლომდე. მოსახლეობისთვისაც არაფერს აკეთებენ. ეს ადგილობრივებს მშვენივრად ესმით, მაგრამ ხელისუფლება მათ კანფეტივით ტკბილი ლოზუნგებით კვებავს – ჩვენ ხომ დამოუკიდებლები ვართ!
რაც შეეხება ქართველების პოზიციას, აქ პირიქითაა საქმე. დახმარების ხელს უწვდიან აფხაზებს და ეუბნებიან, მე გეხმარები იმიტომ, რომ მინდა, კვლავ გავერთიანდეთ და ერთად მშვიდად და ბედნიერად, ერთი ოჯახივით ვიცხოვროთო. ამ თემებზე რომ ვსაუბრობდი, მოღალატედ და გამყიდველად შემრაცხეს.
მსხვერპლი ორივე მხარესაა. მესმის, ჭრილობები ჯერ არ არის შეხორცებული, მაგრამ ჩვენ ერთი მთლიანი ვართ, საერთო ისტორია და წარსული გვაქვს და ლამაზი მომავლის შექმნა ერთად შეგვიძლია.
– თქვენი პოზიციის გამო აფხაზეთში საფრთხე გემუქრებათ?
– ცოტა ხნის წინ ადვოკატს ვესაუბრე. ვუთხარი, ხომ იცი, რომ უკანონო არაფერი ჩამიდენია, სად წერია, რომ უფლება არ მაქვს, ვისაუბრო აფხაზებისა და ქართველების ერთიანობაზე-მეთქი. მიპასუხა, ვიცი, მაგრამ აქ რომ ჩამოხვიდე, შენს დაცვას ვერ შევძლებ და კიდეც რომ შევეცადო, მე შემექმნება პრობლემებიო.
– თქვენი ოჯახის წევრებზე რას იტყვით, რომლებიც აფხაზეთში დარჩნენ, მათაც ხომ არ ავიწროებენ?
– ჩემს ბებიას და ბიძასაც მიაკითხა უსაფრთხოების სამსახურმა და გამოჰკითხა რაღაცები, მაგრამ, საბედნიეროდ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მე ხომ არავის არაფერს ვაძალებ. მე ხომ არ ვეუბნები ბებიაჩემს, წამოდი და ჩემთან ერთად გააკეთე რამე-მეთქი. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვხედავ. ორგანიზაცია “ამრაც”, რაც აფხაზურად “მზეს” ნიშნავს, ამიტომ დავაარსეთ. მინდა, ადამიანებს მივაწვდინო ხმა და გადმოვცე ის, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ. ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება, როდესაც რაიმე პროექტი იგეგმება. პატარა ორგანიზაციაა, რომელიც ინფორმაციას ავრცელებს ინტერნეტით.
ცოტა ხნის წინ მე და ჩემმა პარტნიორმა, მიშა პატაშიძემ, ფილმიც გადავიღეთ. ჩვენი მიზანია, განვაახლოთ აფხაზური წერა ქართული ანბანით. ეს აფხაზურის შენარჩუნებას და გავრცელებასაც შეუწყობს ხელს და ქართველებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში ხელი მიუწვდებოდეთ და გაუმარტივდეთ სწავლის პროცესი. მეტი აქტიურობა და დაინტერესებული ხალხია საჭირო და მერე ყველაფერი მარტივად გამოვა.
– უკვე ორ წელზე მეტია, რაც თბილისში ცხოვრობთ. როგორ მიეჩვიეთ ქართულ რეალობას?
– ყველაფერი ერთნაირი გვაქვს. მე არ მიჭამია აქ რამე ისეთი კერძი, რაც აფხაზეთში არ გვაქვს და ისეთი არაფერი მინახავს აფხაზეთში, რაც აქ არ შემხვედრია. ყველაფერი ერთნაირი ვიცით, ყველაფერში ერთნაირი ტრადიციები გვაქვს.
– და ქართველ გოგონაზეც იქორწინეთ. მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა და სიყვარულის ამბავი.
– ნინო დაახლოებით 3 წლის წინ გავიცანი. რაღაც პერიოდი ერთად მოგვიწია საქმიანობა. ჩვენ შორის თავიდან რომანტიკული არაფერი ყოფილა, ნაპერწკალი ნელ-ნელა გაჩნდა და მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია და თავიდან ინტერვიუს ჩაწერაში დამეხმარა, ვხვდებოდით სხვადასხვა ღონისძიებებზე. მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრების სიყვარული გავიცანი. ყოველთვის იცის, რა თქვას. ქალია, რომელსაც არასოდეს არსად ერიდება საუბრის. იცის, როგორ ილაპარაკოს. თუ სადმე ერთად მივდივართ, მაგალითად, კონფერენციაზე, მე კიდეც რომ ვერ შევძლო ლაპარაკი, ვიცი, იმას იტყვის, რაც სწორია. მას ვენდობი.
28 წლის განმავლობაში პირველად შევხვდი ადამიანს, რომელმაც ასე კარგად გამიგო. ორ დღეში მასწავლა ქართულად წერა და კითხვა. ახლა უკვე მასწავლებელთან დავდივარ, რადგან მითხრა, თავს თუ არ დამანებებ, მოგკლავო. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 20 წლისაა, ხშირად იდეებს მაწვდის, მაგალითად, მისი იდეა იყო ვიდეო – “მე აფხაზი ვარ. ჩამეხუტე, თუ ფიქრობ, რომ ძმები ვართ”.
– ბევრის თვალში გმირი ხართ. როგორ იპოვეთ ძალა საკუთარ თავში, რომ სიმართლე ხმამაღლა გეთქვათ?
– თავიდან ძალიან გამიჭირდა. იყო პერიოდი, როდესაც ოთახიდან გამოსვლა არ მინდოდა, ქუჩაში სიარული არ შემეძლო. ჩემ მიმართ უდიდესი აგრესია წამოვიდა. ძალიან მიმძიმდა ეს ყველაფერი. სახლში ვერ მივდიოდი. ხშირად ხდება ხოლმე ასე, ჩამოსულა თბილისში ბევრი აფხაზი, მოსწონებიათ აქ ყოფნა, მაგრამ, როცა უკან დაბრუნებულან, ისეთი პირობები შეუქმნიათ მათთვის, რომ აფხაზეთში ვეღარ გაჩერებულან.
ერთი სიტყვით, ძალიან მქონდა გული გატეხილი. შემდეგ ჩემი მეუღლე გავიცანი და ყველაფერი შეიცვალა. მხიარული გავხდი. ვერ აღგიწერთ, როგორ მამხნევებს და როგორ მიდგას გვერდში. ჩვენ ერთმანეთის მეგობრები უნდა ვიყოთ მთელი ცხოვრება. ვიცი, რამე ცუდი რომ დამემართოს, ის შეეცდება, დამეხმაროს და ჩემ გვერდით დარჩება. ოჯახი სულ სხვა ძალას გაძლევს. ეს არის კავკასიური ოჯახი!
– როგორ ფიქრობთ, მალე მოხდება ჩვენი, აფხაზების და ქართველების, შერიგება?
– პროცესი ნამდვილად და-წყებულია. ერთი ხალხი ვართ და იმედია, მალე ჩვენი ოჯახი ისევ გაერთიანდება.