,,სარკე“, ქეთი დინოშვილი, ლანა კიკნაძე
86 წლის წინ, 7 მაისს, თარხნიშვილების ცნობილ ოჯახში დაიბადა გოგონა, რომელმაც ქართულ საესტრადო მუსიკაში ახალი და მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა – მარიკა კვალიაშვილი. არავის გაკვირვებია, როცა ჯერ სიმღერა დაიწყო და მერე ლაპარაკი. მისი ცნობილი ბებია და დედა – მომღერლები მარო თარხნიშვილი და თამარ თარხნიშვილი, გასტროლებზე ჯერ კიდევ ჩვილ მარიკას სულ თან დაატარებდნენ.
ასე თანდათან მისთვის მუსიკა ცხოვრების ნაწილად იქცა. გაიზარდა და გააცნობიერა, რომ ეს ღვთისგან მინიჭებული მადლი იყო. ამ მადლით არის დღემდე გასხივოსნებული მის გარშემო ყველაფერი – სიყვარული, ორი ვაჟის დედობა, მეგობრობა. მიუხედავად იმისა, რომ გამოსცადა სამყაროში ყველაზე დიდი ტკივილი – შვილის დაკარგვა, მაინც ბედნიერი დედა და ბებიაა. სწამს, რომ ღმერთს მიჰყავს იქით, საითაც საჭიროა.
ცხოვრებისეული სიბრძნე, რომელიც განვლილმა წლებმა მისცა, ქალბატონმა მარიკამ “სარკეს” გაუზიარა.
– ქალბატონო მარიკა, ცხოვრების პირველი ეტაპი ბავშვობაა. მოგვიყევით, როგორ გახსენდებათ ის.
– ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. დედა და ბებია გიორგი სააკაძის შთამომავლები, თარხან-მოურავები გახლდნენ. ამ ოჯახში არაჩვეულებრივი საზოგადოება იყრიდა თავს. ყველა იმ ლამაზი დღის მომსწრე ვარ, რომელიც ამ ოჯახში იმართებოდა. ბავშვობიდანვე აღმებეჭდა ის ლამაზი დღეები, დიდებული ადამიანები. ოჯახის მხრიდან აღზრდა, სწავლა არ დამკლებია. მათ ბევრი რამ მომცეს, მათ შორის – სარწმუნოების სიყვარული.
– ბებიასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ. მასზე წიგნიც გამოეცით.
– ბებიის გარეშე ერთი დღეც არ ვყოფილვარ. ჩემს მშობლებთან ერთად ჩემი აღზრდა მან აიღო საკუთარ თავზე. მამაჩემი, კოტე კვალიაშვილი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი იყო. 40-მდე ფილმის მხატვარი და რამდენიმე გამოფენის ავტორი გახლდათ. ყოველთვის მიხეილ ჭიაურელთან ერთად მუშაობდა. დედა რომ თავისთან წამიყვანდა, ბებია მხოლოდ შუადღემდე ძლებდა უჩემოდ. მერე მორბოდა და ისევ მივყავდი. შთამაგონებდა, როგორი უნდა ვყოფილიყავი, გოგოსთვის დამახასიათებელი რა თვისებები უნდა მქონოდა…
– ბედისწერის გჯერათ?
– მჯერა. ამ ცხოვრებაში ყველაზე რთული ახლობელ ადამიანებთან განშორებაა.
– სწორედ ესაა თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი…
– ძალიან დიდი ტკივილია. მე 21 წლის ვაჟიშვილი მყავს გარდაცვლილი. ეს მთელი ჩემი ცხოვრების ტკივილი, სინანული, დაღია, რომელიც არასოდეს გამივლის. ტრაგიკულად დაიღუპა ჩემი ორმეტრიანი ბიჭი, გურამი. უნიჭიერესი ბავშვი იყო. კარგად ხატავდა. მიუხედავად მისი მოკრძალებული ცხოვრებისა, დღეს ალბათ ბევრი რამ ექნებოდა გაკეთებული, ბევრს მიაღწევდა. ძალიან ვაჟკაცური იყო, მაგრამ ამავე დროს შეეძლო, უკან დაეხია. სხვებს ყოველთვის ბოლომდე ედგა გვერდით…
ასეთი ტრაგედიის შემდეგ ჩემი შვილი უფრო დავიახლოვე. ფიზიკურად ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემში ცხოვრობს, ცოცხლობს, ყველგან ჩემთან ერთადაა. თანდათან მივეჩვიე იმას, რომ ის ისევ ჩემშია. შვილის გარდაცვალებამ დიდი დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას. ღმერთის წყალობა იყო ის, რომ ფეხზე დადგომა შევძელი, სწორედ ჩემმა სიმღერამ გადამარჩინა. რაც მტკიოდა, ჩემს როიალს შევჩიოდი.
– ამდენი ტკივილის მიუხედავად, მყარად დგახართ ფეხზე, თქვენს საქმეს ისევ სიყვარულით და ერთგულად აკეთებთ. სად პოულობთ ძალებს?
– ჩემმა შვილმაც არასოდეს უნდა მნახოს დაცემული, დავარდნილი. არ მიყვარს ნებიერი ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც სიძეები, რძლები ანებივრებენ.