„ახლაც ყურში ჩამესმის მამის სიტყვები – იმ მათხოვარს ცოლად არ გაჰყვებიო”

„ახლაც ყურში ჩამესმის მამის სიტყვები - იმ მათხოვარს ცოლად არ გაჰყვებიო"„სარკე“

ახლახან გავიგე, რომ ჩემი ერთი ნათესავი შვილს გათხოვებას აძალებს. გოგო ტირის, მშობლებს ეუბნება, არ მინდაო, მაგრამ ისინი მაინც თავისას არ იშლიან. ამან ისე გამამწარა, მივედი და თავს უფლება მივეცი, ნათესავისთვის მეთქვა, რომ ცუდად იქცევა. ძალიან გაბრაზდა, მითხრა, ჩემი ოჯახის საქმეში არავის ჩავრევო. წამოვედი, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ. მინდა, ყველა მშობელს ვუთხრა, რომ შვილების ცხოვრებაში არ ჩაერიონ. მათ აქვთ უფლება, ოჯახი იმ ადამიანთან შექმნან, ვინც ძალიან უყვართ. როცა საქმე სიყვარულს ეხება, ვინმეს რჩევა უადგილოა.

ჩემს ამბავს მოგიყვებით, როგორ დავრჩი მარტო იმის გამო, რომ ჩემს პირადში ჩაერიენ და ჩემს დიდ სიყვარულზე უარი მათქმევინეს. სტუდენტი ვიყავი, როცა დიდი სიყვარული მეწვია. ჩემი კურსელის ძმა შემიყვარდა. მალე ისიც გამომიტყდა გრძნობებში და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ძალიან პატიოსანი ოჯახის შვილი იყო. მართალია, დიდი ქონება არ გააჩნდათ, მაგრამ კულტურული, კარგი ადამიანები იყვნენ. მამა ჩვენს ქალაქში ცნობილი კაცი იყო, თანამდებობის პირი. ჩვენი ქალაქის რაიკომის მდივანს რძლად ვუნდოდი. მისი ბიჭი საერთოდ არ მომწონდა და, როგორც მერე აღმოჩნდა, არც მას ვუნდოდი ცოლად, მაგრამ მშობლები ცდილობდნენ ჩვენი ბედის გადაწყვეტას.

ერთ დღეს მამაჩემს გამოვუცხადე, რომ შეყვარებული მყავდა და გათხოვებას ვაპირებდი. მან კი საშინელ დღეში ჩამაგდო. ახლაც ყურში ჩამესმის მისი სიტყვები – იმ მათხოვარს ცოლად არ გაჰყვებიო. რატომ იყო მათხოვარი? იმ რაიკომის მდივანზე ნაკლები ფული რომ ჰქონდათ მის მშობლებს, იმიტომ?

თავიდან წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ მშობლებმა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს. დედამ მითხრა, რაიკომის მდივანი მტრად გადაგვეკიდება და შეიძლება მამაშენი სამსახურიდანაც გაათავისუფლოსო. თანაც იმ პერიოდში მამას ერთი მომჩივანი ჰყავდა. მამა ცუდად გახდა, გულს იტკიებდა და მეუბნებოდა, ეს შენი ბრალიაო.

ამ ყველაფერმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ სიყვარულზე უარი ვთქვი. ვერ წარმოიდგენთ, რა გადავიტანე. ერთხელ კურსელმა მითხრა, ჩემი ძმის ცოდვით ვერ გაიხარებო, რადგან ის ბიჭი ძალიან ცუდად გახდა. მშო-ბლებთანაც კონფლიქტი მოუვიდა, თქვენი ბრალია, დროულად არ მომაყვანინეთო. კურსელის სიტყვები ამიხდა, ვერც გავიხარე.

რაიკომის მდივნის ბიჭმა ცოლად სხვა მოიყვანა. მე არც მინდოდა მისი ცოლობა და დიდად გული არ დამწყვეტია, მაგრამ ჩემი მშობლები გადაირივნენ, მგლოვიარეები გახდნენ. დედაჩემმა დედამისს უთხრა, თუ ცოლად არ მოჰყავდა, რაღას გვაიმედებდითო. იმ ქალმა აქეთ გამოლანძღა, ჩემს შვილს ვინც უნდოდა, ის მოიყვანა, მე ხომ არ დავაძალებდი შენი შვილის შეყვარებასო. მართალიც იყო ის ქალი, შვილი არ აიძულა, მე შევერთე ცოლად, თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა, ჩემი მშობლებისგან განსხვავებით.

სიყვარულის დაკარგვის და ამ ტრავმის შემდეგ სხვაზე აღარ მიფიქრია. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ აღარავინ შემყვარებია, ახლა კი, მით უმეტეს, არავინ შემიყვარდება, ჩემი პირადი ცხოვრება დასრულდა.

მამა ცოცხალი აღარ მყავს, მაგრამ დედაჩემი ხშირად ტირის, გაჰყოლოდი იმ ბიჭს, შვილი მაინც გეყოლებოდა და მერე თუ არ გაგიმართლებდა, გაშორდებოდიო. არაფერსაც არ გავშორდებოდი, რადგან უზომოდ მიყვარდა და მასაც უზომოდ ვუყვარდი და კარგ ოჯახს შევქმნიდით. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც არ მექნებოდა ხინჯად, რომ მშობლებმა ჩემი პირადი წამართვეს. ამას მოხუც დედას ვერ ვეტყვი, ვერ შევახსენებ, იმ ბიჭს რატომაც ვერ გავყევი. ეს მან ისედაც კარგად იცის, მაგრამ ადამიანის ბუნება ხომ ასეთია, რომ შეცდომები სხვებს უნდა დააბრალონ.

„სარკის“ ერთგული მკითხველი