„დედამთილმა მზითევი კატეგორიულად მომთხოვა”

„დედამთილმა მზითევი კატეგორიულად მომთხოვა"„სარკე“
ქუთათურები რომ ძალიან საყვარელი, თბილი ხალხია, ამაში ყველა დამეთანხმება. ბებიაჩემი – მამის დედა, იქაურია, ამიტომ არდადეგები დამეწყებოდა თუ არა, მაშინვე მასთან გავრბოდი. ერთი სული მქონდა, ქუთაისს როდის ვნახავდი. ხშირად ვამბობდი, თბილისზე მეტად მიყვარს-მეთქი. შეყვარებულიც იქ მყავდა და ამ ქალაქის სიყვარულს ეს უფრო მიმძაფრებდა. ერთი სიტყვით, ჩემი საუკეთესო მოგონებები საქართველოს მეორე დედაქალაქს და ქუთათურებს უკავშირდება.
26 წლის ასაკში დიდი სიყვარული მეწვია. ჩემი შეყვარებული ქუთაისელი იყო, იქ ცხოვრობდა. მეგობრები მეუბნებოდნენ, თბილისელი გოგო იქ როგორ უნდა გათხოვდეო, მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ასე გავხდი ქუთათურების რძალი. დედამთილმა პირველივე დღიდან დაიწყო მინიშნებები, რომ ახალ ოჯახში მზითევი უნდა მომეტანა. მაგალითად მომიყვანდა ხოლმე რომელიმე მეზობელს, მისმა რძალმა ესა და ეს მოიტანაო. დრო რომ გავიდა, მისი მინიშნებები უკვე მოთხოვნად იქცა. ეს ისეთი აუტანელი გახდა, რომ ჩემებს შევბედე თქმა, ასეთ დღეში მაგდებენ-მეთქი. დედამ მითხრა, არ ინერვიულო, მაგაზე გულს არ დაგწყვეტო. ვალი აიღეს და ჩემთვის საძინებელი იყიდეს.
თქვენ გგონიათ, დედამთილი ამით დაკმაყოფილდა? არა, დაგვიწუნა! უხეშად მითხრა, ასეთ ავეჯს სახლში არ დავდგამო. მე მაინც შევიტანე ჩემს ოთახში. მან კი ჯიბრით მეორე დღეს სხვა საძინებელი იყიდა, ჩემს ოთახში ის დადგა, ჩემი მზითევი კი რაჭაში, თავის სოფელში წაიღო. არადა მისი ნაყიდი “მოპუჭპუჭებული” საძინებელი სულაც არ მომწონდა, ჩემი ბევრად სჯობდა. დედამ თეთრეულიც მაჩუქა. ჩემმა დედამთილმა სათითაოდ გახსნა და ხარისხი შეამოწმა. რა თქმა უნდა, დაიწუნა.
იმ უბანში მხოლოდ მე არ მქონდა მსგავსი პრობლემა. ახალგაზრდა ქალების 90 პროცენტს მსგავსი რაღაცეები აქვს გამოვლილი. იშვიათია დედამთილი, რომ მზითვის მიტანა არ მოითხოვოს ან რძალს და მის ოჯახს ეს არ აგრძნობინოს. არ ვიცი, რამდენად იცავენ სხვა ტრადიციებს, მაგრამ ეს წესი კი კარგად აქვთ შემონახული, მას დედამთილები გულმოდგინედ იცავენ. ასე რომ, გოგოებო, გაითვალისწინეთ!
„სარკის” მკითხველი