,,სარკე”
რეჟისორმა ნანა მჭედლიძემ კინოკომედია ,,პირველ მერცხალში” ნამდვილი ვარსკვლავები შეკრიბა. ფილმში გენიალურ მსახიობებთან ერთად ლეგენდარული ქართველ ფეხბურთელი, ბორის პაიჭაძეზეც მონაწილეობს.
– სცენარის ავტორი ლევან ჭელიძე დარწმუნებული იყო, რომ ფილმს კარგად გავაკეთებდი, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარდა. ამაში ეჭვი არც რეჟისორ რეზო ჩხეიძეს ეპარებოდა, სხვები კი, როცა ქუჩაში მხვდებოდნენ, სიცილით მეუბნებოდნენ, რა იყო, ნანა, კაცი არ მოინახა, ფეხბურთზე ქალი რომ იღებ ფილმსო, – იხსენებდა ნანა მჭედლიძე ჟურნალ “სარკესთან” გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე.
სამწუხაროდ, ამ ფილმის შემქმნელებიდან დღეს უმეტესობა ცოცხალი აღარ არის. ამიტომ უფრო მეტად ფასობს ის ამბები, რომლებიც ნანა მჭედლიძეს და მსახიობ დიმა ჯაიანს ,,სარკესთან” აქვთ მოყოლილი.
ნანა მჭედლიძე: თავიდან მსახიობებმა თქვეს, ფილმი კომედიააო და დაიწყეს კომედიის თამაში – პამპულობა, თვალების პრაწვა. გადავირიე! შევკრიბე და ვუთხარი, გადავიფიქრე, კომედიას არ ვდგამ ან რა გვაქვს საკომედიო, დამოუკიდებლობა ჩვენ არ გვაქვს და ფული, ჩვენს მარგანეცს სხვა ეზიდება, დრამას ვიღებ-მეთქი. მართლაც ისე სერიოზულად დაიწყეს თამაში, რომ ერთმანეთს ცხვირ-პირი დაალეწეს.
მერე, როცა ერთად ვნახეთ ფილმი, ერთ-ერთმა მსახიობმა მითხრა, ქალბატონო ნანა, ჩვენ რომ ფილმს ვიღებდით, ვტიროდით და მაყურებელი რომ იცინის, თუ არის სწორიო.
დოდო აბაშიძე ბუნებით ატამანი იყო და მთელ გუნდს იყოლიებდა. მართალია, რასაც ვეტყოდი, უსიტყვოდ ასრულებდნენ, მაგრამ საწინააღმდეგოს ფიქრობდნენ.
ფინალის გადაღებას ტექნიკურად დიდი მომზადება უნდოდა.ფოთში უკაცრიელ ადგილას ვიღებდით. როგორც იქნა, აპარატურა მივიტანეთ. ჩემი ერთი მხატვარი ბუზღუნებდა, დოდოს რაღაცებს ეუბნებოდა. არადა დოდოს კიდევ გადარევა უნდოდა?!
მითხრა, რა არის, ნანა, რომ გამოგვიყვანე ამდენი ხალხი ამ უკაცრიელ ადგილას და გიჟებივით გვამღერებო. ვუთხარი, დოდო, რომ არ გადავიღო, დამიჭერენ, კარგად იცი, რა ხარჯებია, თუ კარგი არ გამოვა, არ ჩავსვამ და ის იქნება-მეთქი. კარგი, გადაიღე, მაგრამ სისულელეაო, მითხრა.
გურამ ლორთქიფანიძეს ვუთხარი, იმღერე-მეთქი. დაიწყო სიმღერა. დოდო იჯდა. ადგა, მივიდა, გაწია გურამი და თქვა, მე ვიმღერებო. ასე გადავიღე ფინალი. ფილმი რომ ვნახეთ, დოდოს ვკითხე, დოდო, შენთვის რომ დამეჯერებინა, რა მოხდებოდა-მეთქი. დავიღუპებოდითო, მიპასუხა.
მსახიობი დიმიტრი ჯაიანი: ისეთი ჯგუფი იყო, ლეგენდები დადიოდა! ერთ დღეს კინოსტუდიაში მომიწია მისვლა. ბატონმა რეზომ ჩხეიძემ მიცნო და მკითხა, რა ხდება ფოთშიო. რა ხდება-მეთქი, კითხვა შევუბრუნე. რა ვიცი, ლეგენდები დადისო. სადაც დოდო, გიგლა ფირცხალავა და გურამ ლორთქიფანიძე იყვნენ, სხვანაირად არც იქნებოდა.
გიგლა სენაკიდან, ნოსირიდან იყო და ისეთ ამბებს ყვებოდა, გადაღებები გვეშლებოდა. ნანა ყვიროდა, დროზე, თქვე უსინდისოებო, ჩავიდა მზე, დროზე, დროზეო.
დიდი დოდო
– დოდო აბაშიძემ ეს ჯგუფი ისე შეკრა, რომ თვითონაც უხაროდა. წაგვიყვანდა ბიჭებს ზღვაზე და გვეხვეწებოდა, ზურგზე შემადექითო. შევადგებოდით ფეხებით და მასაჟს ვუკეთებდით.
გადაღება გვქონდა იპოდრომზე. ასეთი სცენა იყო – დოდო უნდა წამომდგარიყო და ეთქვა, ეჰ, დავიწყოთ ვარჯიშიო. ნანამ დაიძახა: “მოტორ!”. დოდო არ ადგა. რა იყო, დოდო, რა ხდებაო, ვკითხეთ. მაპატიეთ, ბიჭებო, დედა მომენატრაო, ბოდიში მოგვიხადა. როგორც იყო, ისე ჩაჯდა თავის ცნობილ “მერსედესში” და თბილისში წავიდა დედის სანახავად. დედამისს აკოცა და მეორე დილით დაბრუნდა გადაღებაზე.
ბიძია იპოლიტე
–იპოლიტეს ნარდში ვინმე თუ მოუგებდა, ნარდს ამტვრევდა. მართლა კარგად თამაშობდა, მაგრამ დოდო რისი დოდო იყო, რამე რომ არ მოეფიქრებინა – მეგობრებს მაგნიტიანი კამათელი შეუკვეთა. თამაშის დროს ცვლიდა კამათლებს და როცა დუშაში უნდოდა, ზედიზედ დუშაშს აჯენდა.
40 ნარდი დაიმტვრა ფოთში! როცა დოდო და იპოლიტე სათამაშოდ დასხდებოდნენ, ყველამ ვიცოდით, რომ კონცერტი იწყებოდა, არ იცოდა მხოლოდ იპოლიტემ. მოუგებდა დოდო ერთ ხელს, დაამტვრევდა იპოლიტე ნარდს. მოვიტანდით სხვას, ისევ დაამტვრევდა.
გავიგეთ, სად იყიდებოდა და ვყიდულობდით. ბოლოს გაუმხილეს. ჰაიტ, თქვე მაიმუნებო, კაი, ესენი “ჟულიკები” არიან, მაგრამ თქვენ, ახალგაზრდებმა, რატომ არ მითხარითო.
ყველას ჰგონია, რომ იპოლიტე ისეთივე იყო ცხოვრებაშიც, როგორიც კინოშია, ამ დროს კი უსერიოზულესი ადამიანი გახლდათ. და, იცით, რატომ არის ყველა როლში კარგი? სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერს სერიოზულად, გულით აკეთებდა.
ნათქვამი აქვს, რეჟისორებმა ჩემთან მიმართებაში დიდი შეცდომა დაუშვეს, მე ოტელოც ვარ და ოიდიპოს მეფეცო. ეს გიგა ლორთქიფანიძეს რომ მოვუყევი, სიცილით მოკვდა, ჩემმა მტერმა ნახა იპოლიტე ოიდიპოსშიო, მაგრამ თავად სჯეროდა, რომ დრამატული მსახიობი იყო. ამიტომაც თამაშობდა დრამატულად, რაც უკურეაქციას იწვევდა და გამოდიოდა გენიალური.
განუმეორებელი ლორთქია
– ფილმში იყო ასეთი ეპიზოდი: ლორთქიას უნდა მიეღო ბურთი. მე უნდა გამოვქცეულიყავი, პასი, პასი-მეთქი, დამეძახა და ჩემთვის უნდა გადმოეცა. ბატონი ბორია პაიჭაძე იქვე იდგა და მან შეუგდო ბურთი. ველოდებოდი, მაგრამ ლორთქიამ ბურთი არ მომცა. ნანამ დაიძახა: “სტოპ!”. ლორთქიას უთხრა, რას შვრები, რატომ არ აძლევ ბურთსო. რას ამბობ, პაიჭაძემ პასი მომცა და იმას ჯაიანს როგორ მივცემო. ან რეებს უკეთებდა ვასილ ჩხაიძეს. ვიღაც გოგონებს ეხვეწა, რომ მასთან შესულიყვნენ. შევიდნენ და უთხრეს, ბატონო ვასილ, როგორ გვიყვარხართო. მერე ჩვენ გვეუბნებოდა, არა, ფოთიდან უნდა წავიდე, ვიღაც გოგოები გიჟდებიან ჩემზეო.