„ყოფილი ქმრის ცოლი, რომელსაც ცუდი დიაგნოზი დაუსვეს, არ მებრალება“

„ყოფილი ქმრის ცოლი, რომელსაც ცუდი დიაგნოზი დაუსვეს, არ მებრალება“„სარკე“

რასაც ახლა დავწერ, არ დამიწყოთ გაკრიტიკება და მორალის კითხვა, ასე და ისე არ შეიძლებაო. მე ისე გამამწარეს, არავის დავინდობ, ვინც აწი გზაზე გადამეღობება. ვისწავლე, რომ თურმე არავის უნდა დაუთმო, ასი თვალი და ყური უნდა გქონდეს გამობმული, რომ არავინ დაგიბრიყვოს.

ახლახან გავიგე, რომ ჩემი ყოფილი ქმრის ცოლს საშვილოსნო ამოაჭრეს ცუდი დიაგნოზის გამო. ის ადამიანები, ვინც ეს ამბავი მომიტანეს, ელოდნენ, რომ შემებრალებოდა, მაგრამ არა, ვუთხარი, რომ ჩემმა ცოდვამ უწია. მორალის კითხვა დამიწყეს, კი, შენ გაწყენინა, მაგრამ ღმერთის საწყენი მაინც არ უნდა თქვაო. მის მიმართ სიბრალულის გამოხატვა დაიწყეს, ამიტომ ჩემი სახლიდან მივაბრძანე.

არ მაინტერესებს არავინ! მორჩა, ვერავინ მატარებს თავის ჭკუაზე და არც არავის გრძნობებს და სენტიმენტებს გავითვალისწინებ. ამ ქალმა ბედნიერება წამართვა, ცხოვრება წამართვა, სიყვარული წამართვა და თურმე ახლა უნდა მეცოდებოდეს! არა და არა!..

ჩემს მომავალ მეუღლეს უნივერსიტეტში შევხვდი. ერთმანეთი იქ შეგვიყვარდა. ჩვენ შორის ნამდვილი გრძნობა იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობდი. 17 წელი სიყვარულით ვცხოვრობდით. წინააღმდეგობები კი გვქონდა, მაგრამ ისეთი – არა, რომ ოჯახის დანგრევაზე გვეფიქრა. ქმარი რომ ფეხზე დამდგარიყო და წელგამართული ოჯახი გვქონოდა, ყველაფერს ვაკეთებდი, უამრავ რამეს ვითმენდი. როცა ვიფიქრე, რომ უკვე ყველაფერი რიგზე იყო, სწორედ მაშინ მომიხდა ცხოვრების თავიდან დაწყება.

თურმე ჩემს ქმართან ურთიერთობა გააბა ქალმა, რომელიც ძველ მეგობრად გამაცნო ერთ-ერთ სუფრასთან. მერე აღმოჩნდა, რომ სკოლის ასაკში გრძნობები ჰქონდათ და მათაც ძველი სიყვარული გაიხსენეს. ის არ გათხოვილა, შინაბერა იყო და რატომღაც ჩემი ბედნიერების ხარჯზე მოინდომა ოჯახის შექმნა.

ქმარმა მითხრა, მთელი ცხოვრება ის მიყვარდა და ახლა, როცა ჩემ გვერდითაა, მასზე უარს ვერ ვიტყვიო. წარმოიდგინეთ, ქალისთვის ასეთი სიტყვების მოსმენა როგორი შეურაცხმყოფელია! ახლაც, რომ მახსენდება, სიძულვილისგან და სიმწრისგან სხეულზე ეკლებს მაყრის. გაგიჟებული იმ ქალს მივეჭერი. მას კი არც შერცხვა, ისე მიპასუხა, შენ წინაშე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, შეყვარებული წამართვი, ახლა კი სამაგიერო გადაგიხადე და ქმარი წაგართვიო…

იქ რომ ჩემები არ ყოფილიყვნენ, აუცილებლად მოვკლავდი. იმ დღეს გონება ისე მქონდა დაბინდული, ბევრი რამ არ მახსოვს, რას ვაკეთებდი და რას ვეუბნებოდი. ქმარმა ჩემს ძმას უთხრა, ბავშვობის სიყვარულზე უარს ვერ ვიტყვი, შენს დას ვერ დავუბრუნდებიო. წარმოიდგინეთ, ეს ხდებოდა პანდემიის პერიოდში. ჩემი ქმარი და ის ქალი ამანაც კი ვერ შეაჩერა, რომ იქნებ მე და ჩემს შვილებს რა დაგვჭირვებოდა.

ყველას ეგონა, რომ წავიქცეოდი, მაგრამ ამ დარტყმამ გამაძლიერა, მის გარეშე მშვენივრად ვძლებ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ უდანაშაულო ადამიანების გამწარება არავის შერჩენია. ვიცოდი, ჩემი შვილების, უცოდველი ბავშვების ცრემლებს ღმერთი არავის შეარჩენდა და ასეც მოხდა, განსაცდელი დაატყდათ თავს. იმ ქალს ასე ძალიან თუ უყვარდა, 42 წლის ასაკში გაახსენდა?! არა, შვილები, ოჯახი უნდოდა და გამოუვიდა?! არა!

რაც იყო, იყო. წარსულს ვეღარ დავიბრუნებ და არც მივტირი, მაგრამ არავინ გამიბედოს იმის თქმა, ყოფილ ქმარს უნდა აპატიოო. მუხლებზე რომ დამიჩოქოს, ჩემს შვილებს ახლოს მაინც არ გავაკარებ! რა თქმა უნდა, ახლა მოუნდება შვილებთან ურთიერთობა, მაგრამ ყველა ჩემი მტერი იქნება, ვინც მეტყვის, რომ ქმრის ნებას უნდა დავყვე.

„სარკის“ ერთგული მკითხველი