„მინდა, ყოველთვის მოვლილი იყოს“ – რა რჩევებს და შენიშვნებს აძლევდა დედა სალომე ზურაბიშვილს

„მინდა, ყოველთვის მოვლილი იყოს“ - რა რჩევებს და შენიშვნებს აძლევდა დედა სალომე ზურაბიშვილს„სარკე“, რუსუდან ადვაძე, 2008 წელი

სალომე ზურაბიშვილთან და მის დედასთან, ზეინაბ კედიასთან ეს ინტერვიუ მაშინ შედგა, როცა ამჟამინდელი პრეზიდენტი გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გახლდათ. ქალბატონი ზეინაბი თავის სახელოვან წინაპრებზე, ემიგრაციაზე გვიამბობდა. ის საქართველოს პირველი ეროვნული მთავრობის წევრის, მექი კედიას, ქალიშვილი გახლდათ. როცა საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ მექი კედია თანამებრძოლებთან ერთად სამშობლოდან ემიგრაციაში წავიდა, მისი ცოლი ფეხმძიმედ იყო. რამდენიმე თვეში კედიების ოჯახში გოგონა დაიბადა და მას ზეინაბი უწოდეს. ლტოლვილობაში დაბადებული და გაზრდილი ქალბატონი სიცოცხლის ბოლომდე პარიზში ცხოვრობდა.

საქართველოში პირველად 1986 წელს ჩამოვიდა. მაშინ, როცა მისი ქალიშვილი დიპლომატი გახდა და საქართველოში საერთაშორისო კონფერენციას დედასთან ერთად ეწვია. როცა ქალბატონი სალომე ოპოზიციაში იყო, 87 წლის ჭაღარათმიანი ქალბატონი საპროტესტო აქციებზეც დადიოდა. გთავაზობთ დედა-შვილის ინტერვიუს „სარკის“ არქივიდან.
ქალბატონი ზეინაბი:
– 29 დეკემბერს რიყეზე რომ აქცია გაიმართა, იქ ჩემი ხნის არავინ იყო. ერთი კაცი ამბობდა, რა კარგია, ბევრი ახალგაზრდა რომ არის მოსული, მე უკვე დავბერდიო. ვკითხე, რა ხნის ბრძანდებით-მეთქი. მიპასუხა, 77-ისო. ვუთხარი, მე 10 წლით უფროსი ვარ თქვენზე-მეთქი. ხელზე მაკოცა, გაგიჟდა კაცი!
– საქართველოში სპეციალურად ჩამობრძანდით არჩევნებისთვის?
– დიახ, ასეა. მინდოდა, სალომეს გვერდით ვყოფილიყავი. როცა რაღაც ხდება საქართველოში, ყოველთვის ჩამოვდივარ. ვარდების რევოლუციის დროსაც ვიყავი ჩამოსული. ვფიქრობდი, რაღაც ეშველება ჩვენს ქვეყანას-მეთქი, მაგრამ, საუბედუროდ, არ ეშველა. მაშინ სალომე ელჩი იყო. მეუბნებოდა, გარეთ არ გახვიდე, სახლში იჯექიო. კინაღამ ტელევიზორში შევედი, ისე ვუყურებდი. ახლა სალომემ მითხრა, იქნებ ჩამოხვიდეო და ვიფიქრე, რომ ჩემი ადგილი აქ იყო და ჩამოვედი. ჰოდა, დიდ მანიფესტაციაზეც წავედი 29 დეკემბერს.

უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, ალბათ უფრო დავეხმარებოდი სალომეს. მაინც მსიამოვნებს მის გვერდით ყოფნა. მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლა იყო. ემიგრაციაში დავიბადე და მამაჩემს, ჩემს ძმას, ქმარს, ყველას ენატრებოდათ თავისუფალი საქართველო. სამწუხაროდ, არ მოესწრნენ. მე მოვესწარი და ზვიად გამსახურდიას დროს რომ არჩევნები იყო, ჩამოვედი და დამკვირვებელი ვიყავი.
– როგორ ფიქრობთ, რეალურია, რომ თქვენი ქალიშვილის გუნდმა გაიმარჯვოს არჩევნებში და ქალბატონი სალომე პრემიერმინისტრი გახდეს?
– უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, თორემ ცუდადაა ჩვენი საქმე. არ ვიცი, რა გახდება სალომე, მაგრამ…
ქალბატონი სალომე: როგორ არ იცი?! რა არ იცი?!
ქალბატონი ზეინაბი: კი, კი, გახდები!
– ყოველთვის ასეთი კატეგორიულია თქვენი შვილი?
– სალომეს ყოველთვის მაგარი ხასიათი ჰქონდა.
ქალბატონი სალომე: ნუ დაიწყე ისევ! ამაზე მიდის შავი პიარი, რომ ცუდი ხასიათი მაქვს და აღარ მინდა ამაზე საუბარი.
ქალბატონი ზეინაბი: მაგარი ხასიათი არ არის ცუდი. ბავშვობიდან ცოტა ჯიუტი იყო სალომე, თორემ სხვა მხრივ კარგი გოგო იყო. ლამაზი, ხუჭუჭათმიანი ბავშვი იყო, კარგი მოწაფე. ყველაფერს ადვილად ითვისებდა. სამი წლის იყო, უკვე “ვეფხისტყაოსანს” კითხულობდა. ფრანგულ სკოლაში რომ შევიყვანე, სხვა ბავშვებზე ადრე ისწავლა წერა-კითხვა. ყველას უკვირდა, შეხედეთ, ამ პატარა გოგომ ორი ენა იცისო.
ქალბატონი სალომე: არ გინდა სტალინისტური გამონათქვამები. არჩევნები კარზე მოგვადგა და რა დროს ჩემს ბავშვობაზე საუბარია!
– ქალბატონო სალომე, რთულ სიტუაციებში დედის თანადგომა ყოველთვის გჭირდებათ?
ქალბატონი სალომე: მე შევთავაზე, თუ უნდოდა, ამ დროს ჩემ გვერდით ყოფილიყო და მაშინვე მითხრა, როგორ არ მინდა, ახლავე ჩამოვალო. ეს მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი ქვეყნის საქმეა და, რა თქმა უნდა, აქ უნდა ყოფილიყო.
– ქალბატონო სალომე, სურათების გადაღების დროს თქვით, დედა არასოდეს მეფერებაო.
ქალბატონი სალომე: ვხუმრობდი. ჩემი და დედაჩემის ურთიერთობა მხოლოდ ჩვენი საქმეა.
ქალბატონი ზეინაბი: ჩვენ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც აქ არის. უფრო კრიტიკული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. აქ რომ ეუბნებიან ერთმანეთს, მიყვარხარო… აქ ჩემი მეგობრები საოცარი სითბოთი მხვდებიან. ეს საფრანგეთში არ გვაქვს. ერთმანეთი გვიყვარს მე და სალომეს, მაგრამ ვერ გამოვხატავთ ისე, როგორც თქვენ. ბავშვობიდან ძალიან ჯიუტია. მამამისს ჰგავს. მე უფრო რბილი ხასიათი მაქვს. სალომეს თუ რამე უნდა, ბოლომდე იბრძოლებს. თუ უნდა, რამეს მიაღწიოს, ჯიუტი უნდა იყოს.
– თქვენი აზრით, როგორი პრემიერმინისტრი იქნება თქვენი ქალიშვილი?
ქალბატონი ზეინაბი: ძალიან კარგი და მონდომებული, რომ რამე გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის. პოლიტიკაში ამ ბოლო დროს ჩაება, თორემ ადრე მხოლოდ თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავდა.
ქალბატონი სალომე: სწორედ ეგ არის პოლიტიკა. პოლიტიკა ყველას ბინძური და მიკერძოებული ინტერესები ჰგონია, ნამდვილი პოლიტიკა კი ქვეყნის ინტერესებია. სხვა პოლიტიკა არ არსებობს. ეს არც დედაჩემს ესმის და არც სხვა ბევრს. უნდა მივეჩვიოთ, რომ პოლიტიკა სუფთაა და არა ის სიბინძურე, რასაც ახლა ჰქონდა ადგილი. ვიღაც კაცი გამოიყვანეს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, რომელიც ამბობდა, რომ ჩემთან მუშაობა შეუძლებელია. იმ კაცს საერთოდ არ ვიცნობ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან რომ წამოვედი, იმდენი ადამიანი ტიროდა… არა მგონია, მიშა სააკაშვილი და გურგენიძე რომ დატოვებენ თავიანთ სამსახურებს, ვინმე იტირებს.
– როგორი ხელმძღვანელი ხართ?
ქალბატონი სალომე: ძალიან მომთხოვნი ვარ. როცა საქმეა გასაკეთებელი, უნდა იყო მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ.
– დედა მომთხოვნი იყო თქვენ მიმართ?
ქალბატონი სალომე:  არა. ოჯახი სხვაა და საქმე – სხვა. თუ არ ხარ მომთხოვნი, საქმე არ გაკეთდება. მომთხოვნი არ ნიშნავს იმას, რომ ცუდად უნდა მოეპყრო ადამიანებს. ყველაზე მეტს მაშინ იღებ, როცა კარგად ეპყრობი სხვებს და იციან, რომ შენც ისევე ხარჯავ ენერგიას, როგორც ისინი. შეიძლება ჯიუტიც ვიყო, მაგრამ რაც ვარ, ეს ვარ!
– ქალბატონო ზეინაბ, რა რჩევებს აძლევთ შვილს და ითვალისწინებს თუ არა მათ?
ქალბატონი სალომე: რაზე არ მაძლევს! პირველ რიგში, ჩაცმასა და დავარცხნაზე. თვლის, რომ ამაზე მეტი დრო უნდა დავხარჯო. თვითონ ყოველთვის მოწესრიგებულია. ჩემი ქალიშვილიც ასეა, მე ვარ ამოვარდნილი.
ქალბატონი ზეინაბი: მინდა, ყოველთვის მოვლილი იყოს, მაგრამ ამისთვის დრო არ აქვს ხოლმე. ხანდახან ვეუბნები, დღეს არ გამოიყურებოდი კარგად ტელევიზორში-მეთქი. მთავარი ის არის, რას იტყვის და როგორ გააკეთებს, მაგრამ, როცა რაღაცას წარმოადგენ, ეს მნიშვნელოვანია. მე მუდამ თავს ვუვლიდი და ახლაც მიყვარს კარგად ჩაცმა და დავარცხნა. ახლა ხანდახან არ ვარ ხოლმე კარგად. იცით, საქართველოში როცა ვარ, ვერთობი და უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე პარიზში. მთელი ცხოვრება მინდოდა, საქართველოსთვის რამე გამეკეთებინა.
– ხუმრობა უყვარს თქვენს ქალიშვილს?
ქალბატონი ზეინაბი: კი, კარგი იუმორი აქვს. ასე რომ არ იყოს, შეუძლებელი იქნებოდა ცხოვრება. ახლა უნდა, სტიმული მომცეს, მაგრამ ჩემთვის დაგვიანებულია. ცოტა ახალგაზრდა რომ ვიყო, შეიძლებოდა, დუპუტატობაზე სერიოზულად მეფიქრა.
– საქართველოში რა გაკვირვებთ ყველაზე მეტად?
ქალბატონი სალომე: ტყუილი, რომელსაც ტელევიზიით მუდმივად გადმოსცემენ და ამაზე ძალიან ნერვიულობს.
– ქალბატონო სალომე, როგორც ვიცი, ეს ბინა, სადაც ახლა ქალბატონი ზეინაბი ცხოვრობს, თქვენი არ არის. დედა რომ ჩამოდის, თქვენთან ერთად არ არის ხოლმე?
ქალბატონი სალომე: ამჯერად – არა, რადგან ახლა მე და ჯანრი ჯანრის ქალიშვილის პატარა ბინაში ვართ. ჩვენი მომავალი საცხოვრებელი ამჟამად რემონტშია და არც ვიცი, როდის დასრულდება. ეს ბინა, სადაც ახლა დედაჩემია, ჩემს მეგობარს ეკუთვნის და მან შემოგვთავაზა, რომ დედაჩემს აქ ეცხოვრა.
– როგორ მახსოვს, ამ ბინაში ქირით თავად ცხოვრობდით.
ქალბატონი სალომე: კი, მაგრამ მერე ჩემმა პარიზელმა მეგობარმა იყიდა. ჩვენ კი, როგორც იქნა, ჩვენთვის ვიყიდეთ სახლი. პარიზში პატარა ბინა მაქვს, სადაც ახლა დედაჩემი ცხოვრობს. ის ბინა დავაგირავეთ, რომ აქ გვეყიდა სახლი. ძველი, პატარა სახლი ვიყიდეთ სოლოლაკში, რომელსაც ზედ დავაშენეთ რაღაც ნაწილი.
– რა არის თქვენთვის აუცილებელი, თავი რომ კომფორტულად იგრძნოთ?
ქალბატონი სალომე: წიგნები და ბუხარი. ძალიან მიყვარს ბუხარი. ვთვლი, რომ სახლი არ არის თბილი, თუ იქ ბუხარი არ არის.
– ქალბატონო ზეინაბ, პარიზში წახვალთ თუ საქართველოში აპირებთ ცხოვრებას?
ქალბატონი სალომე: საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, სად მიდის?!
ქალბატონი ზეინაბი: არა, მივდივარ. ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები. თუ მეორე ტური გაიმართება, იმასაც დავესწრები და მერე წავალ.
– მარტო ცხოვრება არ გიჭირთ?
ქალბატონი ზეინაბი: არა. მიყვარს თავისუფლად, ჩემთვის ცხოვრება. სალომეს ბიჭი, თეიმურაზი ცხოვრობს ახლა ჩემთან დროებით.
– შვილები როგორ უყურებენ ქალბატონი სალომეს საქმიანობას, რას ამბობენ?
ქალბატონი ზეინაბი: ამაყობენ სალომეთი, მაგრამ თან უნდათ, დედა მათ გვერდით იყოს.
ქალბატონი სალომე: ინტერნეტით ვურთიერთობ ჩემს შვილებთან. ორივეს ძალიან აინტერესებს აქაური ამბები. დიდი ამბით გულშემატკივრობენ დედას.