„მამამთილს ჰგონია, რომ მისთვის საჭმელი მენანება”

„მამამთილს ჰგონია, რომ მისთვის საჭმელი მენანება"„სარკე“

საშინელებაა, როცა შეუგნებელ ადამიანებთან გიწევს ცხოვრება. ჩემი მომავალი ქმარი რომ გავიცანი, ვერც წარმოვიდგენდი, მისი ოჯახის წევრებთან ცხოვრება თუ გამიჭირდებოდა. მეგონა, რომ ის იმიტომ იყო ისე კულტურული, განათლებული და შეგნებული, რომ ასეთივე ადამიანების გაზრდილი იყო. რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. ჩემი ქმარი ოჯახში მარგალიტივით არის, ყველასგან განსხვავდება ყველაფრით. მგონია, რომ საკუთარი თავი თავადვე აღზარდა, აბა, სხვანაირად როგორ ვიფიქრო, როცა მშობლებისგან და დისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა.

ქმარი უზომოდ მიყვარს და მის გამო იმაზე მეტსაც ავიტან, ვიდრე ახლა ვუძლებ, თუმცა ეს ყველაფერი ჩემი ნერვების ხარჯზე ხდება. ვერ გეტყვით, რამდენი ხანი გავუძლებ, მაგრამ ვცდილობ, ქმრის ხათრით რაღაც-რაღაცებზე თვალები დავხუჭო. რომ მგონია, რაღაცას შევეგუე და ნერვებს აღარ მოვიშლი-მეთქი, ახალ რაღაცას გამოჩხრეკენ ხოლმე, რაც თავიდან მანგრევს.

რამდენიმე თვის წინ მამამთილმა ინსულტი გადაიტანა. მე პროფესიით ფარმაცევტი ვარ და აფთიაქში ვმუშაობ. მართალია, ექიმის დიპლომი არ მაქვს, მაგრამ სამედიცინო სფერო ძალიან მაინტერესებს, სულ რაღაცებს ვკითხულობ, ახალ ინფორმაციებს ვეცნობი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ფარმაკოლოგიაშიც მაღალ დონეზე ვერკვევი და ამას ყველა აღნიშნავს.

მამამთილი სამსახურიდან რომ დაბრუნდა, თქვა, რომ ძალიან დაიღალა. მაგიდასთან დაჯდა, მაგრამ საჭმელი ვერ შეჭამა. დედამთილმა უთხრა, წადი, დაწექი, დაიძინე და კარგად გახდებიო. არც ამ კაცის სიარული მომეწონა. მაშინვე ხელი მოვკიდე, იქვე, დივანზე დავაწვინე, წნევა გავუზომე და წამლები მივაყარე, თან სასწრაფოს დავურეკე. ინსულტმა გაუარა და ჩემი სწრაფი რეაგირება რომ არა, ალბათ მძიმე ფორმებში ექნებოდა. ექიმმაც აღნიშნა, პირველადი დახმარება დროულად გაგიწევიაო. ის რომ თავის ოთახამდე მისულიყო და დაეძინა, შეიძლება ისე გამხდარიყო ცუდად, კარგა ხანს ვერც გაგვეგო და მერე, არც ვიცი, რა მოხდებოდა.

მამამთილს დიაბეტიც აქვს, ამას დაემატა ინსულტიც და, რასაკვირველია, მეტი მოვლა სჭირდება. ჩემმა ქმარმა მუშაობა აუკრძალა, უთხრა, რომ სახლში უნდა იყოს. მეც ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო, კრიზისული პერიოდი გადალახოს, რომ არ გაუმეორდეს. ამისთვის კი მკურნალობასთან ერთად სწორი კვებაა საჭირო. დიაბეტიანია, ჭარბი წონა აქვს. ეს დედამთილსაც ავუხსენი და მასაც, მაგრამ არ ესმით.

ვცდილობ, მამამთილმა ნაკლებცხიმიანი საჭმელი მიიღოს, პატარ-პატარა ულუფებით და საათების მიხედვით. თავიდან მიჯერებდა, მაგრამ მერე ჩემ მიმართ აგრესიული გახდა. ჰგონია, რომ მისთვის საჭმელი მენანება და ამაში დედამთილიც მხარს უბამს. იმას კი არ პასუხობს, რძალი და შვილი შენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, რომ დიდხანს იცოცხლოო, ასე ეუბნება, გამოჯანმრთელდი, რომ გარეთ გახვიდე, იმუშაო და, რაც მოგინდება, ჭამოო. ვუხსნი, რომ მისი მუშაობა არ გვჭირდება, ახლა მთავარი მისი ჯანმრთელობაა, მაგრამ ვერ იგებს თუ არ იგებს, აღარ ვიცი.

დიეტური კვება უფრო ძვირი რომ ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივი, ამასაც ვუხსნი, მაგრამ მაინც მტერივით მიყურებენ. ამას წინათ მამამთილი აყვირდა, ქათმის ფილე კატებს დაუყარეთ, მე არ მინდაო. იმის ნაცვლად, ცოლს ეთქვა, რომ დიეტური იყო და ის უნდა ეჭამა, უცებ ეუბნება, ჩავალ, ძეხვს და სოსისებს ამოგიტანო. ვუთხარი, რომ არ ეჭმეოდა, მაგრამ აგრესიულად მითხრა, კაცი მთელი ცხოვრება კარგ სმა-ჭამას არის მიჩვეული და ახლა შიმშილით ვერ მოვკლავ, ჩვენს პენსიას დავხარჯავ, არ ინერვიულოო.

ამით პირდაპირ მითხრა, რომ მისთვის საჭმელი მენანება. ქმარი მეუბნება, ყურადღება არ მიაქციოო, მაგრამ გული მტკივა. მართლა არაფერს ვიშურებ, რომ კარგად გახდეს და ამ შეურაცხყოფის ღირსი ნამდვილად არ ვარ. ზოგჯერ საკუთარ თავს ვეუბნები, მივუშვებ თავიანთ ნებაზე და რაც უნდათ, ის ქნან-მეთქი, მაგრამ ეს როგორ გავაკეთო, როცა ვიცი, რომ მისთვის არაფრით შეიძლება. არ მეზარება და ყოველდღე ვუხსნი, რომ შაქარი და ქოლესტერინი უნდა მოიწესრიგოს, თორემ შეიძლება ისევ რისკის ქვეშ დადგეს მისი სიცოცხლე. ამის პასუხად კი ცოლ-ქმარი ცხვირს მიბზუებს.

ერთხელ მე და ჩემი ქმარი სახლიდან გავდიოდით და ყური მოვკარი, დედამთილი ქმარს ეუბნებოდა, ალბათ რესტორანში მიდიან, გაძღებიან და მოვლენო, ანუ ესენი გარეთ კარგ საჭმელებს ჭამენ და ჩვენთვის ენანებათო. დედამთილსაც სულ მაღალი წნევა აქვს, ისიც ჭარბწონიანია და მასაც ვეუბნები, რომ ჯანსაღი საკვები მიიღოს და თურმე სწყინს. ამიტომ ვამბობ, საშინელებაა ასეთ ხალხთან ცხოვრება, წაღმა რომ ეუბნები და უკუღმა იგებენ.

მულიც კი მეუბნება, მიუშვი თავიანთ ნებაზე, რა ნერვებს იშლიო, მაგრამ რანაირად? მამამისი გაზიან სასმელებს ითხოვს და ვასვა?! ყველაზე ცხიმიანი ხორცის ნაჭრები უყვარს და ვაჭამო?! სადილად ერთი ცალი ლავაშის პური არ ჰყოფნის და არ ვუთხრა, რომ არ შეიძლება?! ჩიის თესლი, იცით, რაც ღირს და რომ მივუტანე, ლამის სახეში შემომაყარა, მამაშენს აჭამე ან ჩიტებს დაუყარეო. ჩემთვის ვერ გავიმეტე, მას ვუყიდე და მადლობის ნაცვლად ვირის წიხლები მომაყარა.

ალბათ უნდა ვთქვა, თავში ქვა გიხლიათ, რაც გინდათ, ის ხეთქეთ-მეთქი, მაგრამ მერე საკუთარ თავთან ხომ არ ვიქნები მართალი. არ ვიცი, მეტი რა გავაკეთო, რომ ჩემი სიკეთე მტრობად არ აღიქვან.

„სარკის“ ერთგული მკითხველი